სევდია უგრეხელიძის “ნაციონალური” სევდა

სევდია უგრეხელიძის “ნაციონალური” სევდა

მართალია, თბილისის საკრებულოს “ნაციონალი” წევრები მშობლიურ ფრაქციას “პანტა-პუნტით” ტოვებენ, მაგრამ დედაქალაქის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ირწმუნება, პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო:

_ თბილისის საკრებულოში რაც უნდა მოხდეს, მერია, დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუშაობას და პროექტების განხორციელებასაც გააგრძელებს. არის საკითხები, რომლებსაც მხარს ყველა უჭერს და არავის ინტერესშია, რომ თბილისელებს პრობლემები შეექმნათ.

_ ქალბატონო სევდია, ბოლო დროს “ნაციონალები” საკრებულოს ფრაქციას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ და თუ ასე გაგრძელდა, “ნაცმოძრაობა”, ალბათ, უმცირესობაში აღმოჩნდება...
_ ყველაფერი შეიძლება მოხდეს _ ასეთია პოლიტიკური ცხოვრება. მართალია, მთავრობა აცხადებს, რომ პოლიტიკურ პირებზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს და ამას ჩვენი ევროპელი კოლეგებიც გვეუბნებიან, მაგრამ ისეთი კლიმატი იქმნება, რომ ადამიანებმა კონცენტრაცია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაში მოახდინონ და საკრებულოში ოპოზიციური ძალა უჩუმრად დაიშალოს..

_ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2005-2011 წლებში, თბილისის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 288 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა, როგორც “ახალგაზრდა იურისტები” ამბობენ, უცნობია, ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა...
_ ეს, უბრალოდ, ის თანხაა, რომელიც არაფერზე მეტყველებს. არავის დაუმტკიცებია, რომ ეს თანხა დანაშაულებრივადაა გახარჯული. ნახეთ კალაუბანი, აღმაშენებლის პროსპექტი და სხვა აღდგენილი უბნები. ამ თანხით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და სარესტავრაციო სამუშაოები. ისეთი დიდი საქმეებია გაკეთებული, რომ მომეჩვენა, ეს ძალიან ცოტა თანხაა...

_ ქალბატონო სევდია, დედაქალაქის ხუთი რაიონი ათად დაიყო. ამბობენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უგულავას თავისი მხარდამჭერები და “ნაცმოძრაობის” აქტივისტები დაესაქმებინაო...
_ თბილისის ათ რაიონად დაყოფა დანაშაული არაა და ათივე გამგეობაში მხოლოდ 70 საშტატო ერთეული დაემატა.

_ საზოგადოების ნაწილი, “ნაცმოძრაობის”, როგორც რეჟიმის აკრძალვა-გასამართლებას ითხოვს...
_ ერთადერთი რეჟიმი, რომელიც გასამართლდა, ფაშიზმი იყო, მაგრამ მასთან ერთად საბჭოთა რეჟიმიც უნდა გასამართლებულიყო. თუ ჩვენც ამ კუთხით წავალთ, მაშინ საქართველოში ბევრი რამ იქნება გასასამართლებელი. 1992 წელს მოსულმა ხელისუფლებამ ცალკეული პიროვნებები დახოცა და გაასამართლა. შემდეგ კი, როცა მიხვდა, რომ ამას ცუდი შედეგები მოჰყვა, 2000 წელს თანხმობის კომისია შექმნა, ეროვნულ თანხმობაზე პარლამენტმა დადგენილებაც მიიღო _ დაგმო 1992 წლის პუტჩი და მისი შედეგები. ამავე ფორმატში, ამნისტია გამოცხადდა და ციხიდან 63 ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, _ ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე. 300-ზე ძებნა შეწყდა. ამის შემდეგ “ვარდების რევოლუცია” მოხდა და სააკაშვილმა კორუფციაში გარეული მინისტრების დაჭერა დაიწყო, თუმცა მალევე გამოაცხადა, რომ მძიმე დანაშაულების გამოძიება შეწყვეტილიყო და მხოლოდ წინ გვევლო. ეს განცხადება საზოგადოებამ დადებითად შეაფასა. მომხრე ვარ, რომ ყველა დანაშაულებრივი ქმედება განხილვის საგანი გახდეს _ რა გაკეთდა და რა დაშავდა “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს. რეჟიმის გასამართლება კი, სასაცილოა, რადგან საბჭოთა რეჟიმის შემდეგ, ჩვენთან რეჟიმი აღარ ყოფილა, ის, რაც “ნაცმოძრაობამ” დაამყარა, რეჟიმი რომ ყოფილიყო, ხელისუფლებაში სხვა ძალა ვერ მოვიდოდა _ რეჟიმები ხელისუფლებას არჩევნებით არ თმობენ! სამართლიანობის აღდგენაზე რომ საუბრობს “ქართული ოცნება”, რომელი სამართალი აქვს მხედველობაში? _ დედამიწაზე სამართლიანობა არ არსებობს, დედამიწაზე მეუფება ეშმაკისაა, სამართლიანობა კი, ზეცაშია. სამართლიანობაზე საუბარი ფეხების ბაკუნია და მეტი არაფერი!

_ ამბობთ, მხოლოდ ფაშისტური რეჟიმი გასამართლდაო, თუმცა ე.წ. ციხის კადრების ნახვამ, ნუთუ, ფაშისტები არ მოგაგონათ?…
_ გეთანხმებით, რომ ციხის კადრები ამაზრზენი სანახავი იყო, მაგრამ ვინც დაგეგმა და გადაიღო, ის პირები უნდა გასამართლდნენ. მე, როგორც უფლებადამცველი, პირად აზრს გაგიზიარებთ: ვინც ადამიანის ანატომია იცის, მიხვდებოდა, რომ ცოცხი, იმ პოზაში, ადამიანის ორგანიზმში ვერ შევა და თუ ასე მოხდა, ადამიანი ცოცხალი ვერ გადარჩება.
_ გინდათ თქვათ, რომ ეს კადრები დამონტაჟებული იყო?
_ დადგმული იყო და ეს ვიღაცის შესაშინებლად მოხდა, შენც ასე მოგექცევითო. ეს არანაკლები დანაშაულია, ვიდრე _ წამება. წამებით ვერავინ გამაკვირვებს _ 5 წელი სისხლის სამართლის საქმეებზე ვმუშაობდი და გამსახურდიას მომხრე გვარდიელებს ისეთი წამება აქვთ გადატანილი, რომ ეს კადრები იმასთან ვერც მივა, უბრალოდ, გვარდიელების წამება არ იყო გადაღებული. ზოგს ზურგი ჰქონდა დამწვარი, ზოგს კი, _ ნეკნები დამტვრეული. გაუპატიურება უცხო ხილი არც მაშინ იყო...
_ ქალბატონო სევდია, ადამიანის უფლებადამცველი ხართ და ის, რაც 9 წლის განმავლობაში, ციხეებში ხდებოდა, წესით, უნდა დაგმოთ.
_ რა თქმა უნდა, საშინელი კადრებია, რომელიც ბედუკაძემ გადაიღო და ახლა ეს კაცი ლამის ეროვნულ გმირად შერაცხონ. 1993 წელს საშინლად აწამეს მხატვარი ვახტანგ ნოდია _ ხორცი ამოაჭრეს, ზედ მარილს აყრიდნენ და აიძულებდნენ, რომ გამსახურდია დაეგმო. შეგიძლიათ, ნახოთ ეს სურათი, რომელიც გაცილებით საშინელი სანახავია, ვიდრე _ ციხის კადრები.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ ადამიანის ისეთი დემონიზაცია ხდებოდა, რომ თავიდან, მართლაც, დამნაშავე მეგონა, მაგრამ მისი დანაშაული ჯერჯერობით ვერ მტკიცდება. ამბობენ, მონსტრი იყოო და ველოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბაჩოს რქები ამოუვიდოდა, ვამპირის კბილები, ჩლიქები და კუდი გაეზრდებოდა. დიახ, ველოდი, რაღაც ისეთ მტკიცებულებას დადებდნენ, რომლის გამოც ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ გაწბილებული ვარ _ ხომ უნდა ვიცოდე, რის გამო მოხდა ამ ადამიანის დასჯა? მან პენიტენციალურ სისტემაში ბევრი რეფორმა გაატარა და შრომა წყალში რატომ გადაუყარეს.

_ ქალბატონო სევდია, არ მესმის, რომელ შრომაზე ლაპარაკობთ, როცა, ციხის კადრებს თავი რომ დავანებოთ, ყოფილი პატიმრები კოშმარულ ისტორიებს ჰყვებიან და, სხვათა შორის, თავად სააკაშვილიც არ უარყოფს, რომ ციხის რეფორმამ კრახი განიცადა. ისე, ყველა უბედურების სათავედ ადამიანის უფლებათა დამცველები პრეზიდენტისგან თავის დროზე გამოცხადებულ ნულოვან ტოლერანტობას მიიჩნევენ...
_ ნულოვანი ტოლერანტობა კანონთან შესაბამისობაა.

_ უკაცრავად, რომელ კანონზეა საუბარი, როცა სააკაშვილის მმართველობის დროს მოსამართლეებს გამამართლებელი განაჩენი, პრაქტიკულად, არ გამოჰქონდათ? ნუთუ, თვლით, რომ ყველა, ვისაც იჭერდნენ, დამნაშავე იყო?
_ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, რომელიც საპროცესო შეთანხმებებმა გამოიწვია. საპროცესო შეთანხმებები კი, თინა ხიდაშელთან, დათო უსუფაშვილსა და მერაბ ტურავასთან ერთად დავგეგმეთ. მახსოვს, ბაკურიანში, სემინარზე ბევრი იურისტი იყო და გვიხაროდა, რომ საპროცესო შეთანხმებით კორუფცია მოვსპეთ, მაგრამ საპროცესო შეთანხმება, როგორც ჩანს, არასწორი და მახინჯი ფორმით განვითარდა. ახალმა ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმება სულ რომ მოსპოს, ეს ისევ კორუფციას გამოიწვევს. არ მგონია, საქართველოსთვის გარკვეული ძალების დემონიზაცია კარგი იყოს, ვინაიდან თუ მმართველი ძალა მარტო დარჩება, წინამორბედების ბედს გაიზიარებს. ნათქვამია, რისი ყიდვაც ფულით არ შეიძლება, იმის დიდი ფულით ყიდვა შეიძლებაო. ასე რომ, მოვა კიდევ უფრო დიდი ფული, ან მოხდება სახალხო რევოლუცია. ვხედავ, რომ “ქართული ოცნების” ბევრი წევრი ამას აცნობიერებს და სურს, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს, მაგრამ კოალიციაში არიან ძალიან აგრესიული ძალები, რომლებიც ამას ხელს უშლიან.