"მართლაც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და განსაკუთრებით რეგიონებში, იმისათვის, რომ ხალხის მაქსიმალური რაოდენობა მოიზიდონ 19 აპრილისთვის. მათი ვარაუდით, ეს უნდა იყოს დაახლოებით 60-დან 80 ათას კაცამდე. ძალიან ეფექტურად მუშაობენ ზოგიერთ რაიონში მათი წარმომადგენლები. ერთი კვირის წინ, შაბათ-კვირას, კახეთში ვაკვირდებოდი ამ პროცესს, როგორ ხდებოდა ეს ამბავი და უნდა გითხრათ, რომ ფულს არ აპირებდნენ, მაგრამ ჰპირდებოდნენ 400 ლარიდან ზემოთ, ვინც მოვიდოდა ამ ღონისძიებაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ხალხის ნაწილი 400 ლარის გამო მართლაც წავიდეს მიტინგზე. ზოგი ასე ფიქრობს, რა პრობლემაა, წავალ და ვიდგები, დიდი ამბავი. ნამდვილად რომ ეყოლებათ 3-5 ათასკაციანი ბირთვი, რომლებიც ამინდს შექმნიან ამ აქციაზე, ფაქტია. ეს დაადასტურა კიდეც, მაგალითად, გიგი უგულავას სასამართლო პროცესმა. მთავარი ის არის, ამოცანა რაში მდგომარეობს", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "19 აპრილს "ნაციონალები" დიდ პროვოკაციას მოაწყობენ".
"ის რომ ფინანსური რესურსი აქვთ და მოზიდვაც შეუძლიათ გარკვეული მასისა, ფაქტია. მათი მთავარი ამოცანაა, დასავლეთს დაანახონ, რომ ისინი არიან პოლიტიკური ძალა და კიდევ შეუძლიათ მასის მოზიდვა, რომ ისინი არიან "ქართული ოცნების" შემდეგ ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ძალა საქართველოში და ასევე ანგარიშსაწევი. ეს არის პირველი ამოცანა. გარდა ამისა, მეორე ამოცანა არის ის, რომ ხალხის ერთ დიდ ჯგუფს არ სჯერა იმ აღძრული საქმეებისა, რომლის ინსპირატორიც არის "ქართული ოცნება". აი, ამის დადასტურებაც უნდათ ანუ გარკვეულ მასას არ სჯერა "ნაციონალების" დანაშაულის. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება, შექმნან ექსცესური სიტუაცია, რათა ეფექტურად ივაჭრონ ხელისუფლებასთან. ისინი ხომ დღემდე ხელისუფლებასთან ძალიან ეფექტურად ვაჭრობენ. ხელისუფლება მათ აიძულეს, ფსევდოკოაბიტაციის რეჟიმში ემუშავა და ამის გამო ხელისუფლებამ ბვრი ქულა დაკარგა საზოგადოების თვალში. ამ თავს მოხვეული კოაბიტაციური რეჟიმით მათ ხელისუფლება აიძულეს, დროებით მაინც აეღო ხელი სიმართლის აღდგენაზე. აიძულეს და მიაღწიეს ამას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპნდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"პროვოკაციებს ნამდვილად უნდა ველოდოთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროვოკაციები მოხდება. საზოგადოებაში არსებობს გარკვეული პროცენტი იმ ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ დედამიწის ზურგზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ციხეებში მოხვდნენ უმიზეზოდ, რომლებსაც ცხოვრება დაუნგრიეს, ქონება წაართვეს, ოჯახები დაუნგრიეს. მათ არ აინტერესებთ არც დღვანდელი დღე და არც არაფერი სხვა, გარდა სიმართლის აღდგენისა. ამიტომ არც "ქართულ ოცნებას", არც სამართალდამცავებს ისინი ანგარიშს არ გაუწევენ იმ შემთხვევაში, თუ მათი ყოფილი მეტუსაღეებისა და მათი ოჯახების დამანგრეველების თავხედური საქციელი დაინახეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"გლდანი-ნაძალადევის რაიონის "ნაცმოძრაობის" აქტივისტები კრებაზე პირდაპირ ამბობდნენ, რა მოხდა მერე, ერთხელ გვცემენ, ამით ქვეყანა ხომ არ დაინგრევა, სამაგიეროდ, დასავლეთი დაინახავს, ვინ არიან ესენი და მეტი მხარდაჭერა გვექნებაო. ამას პირდაპი ამბობენ და მსგავსი რამ ორ ადგილას მოხდა, ამ რაიონის ორ სხვადასხვა შეკრებაზე. ამისთვის მზადება მიმდინარეობს. ესენი პროვოკაციის გროსმაისტერები არიან. ეს არის ბოლშევიკებისგან გადაღებული მეთოდოლოგია, რომელიც ამათ უფრო დახვეწეს და სხვა რანგში აიყვანეს. სამოქალაქო დაპირისპირების ფორმატის შექმნა მათი ტაქტიკური ნაბიჯი და სურვილია", - დასძენს მამუკა არეშიძე.