”ცოცხალი მკვდარი” - 36 წლის მამაკაცს არარსებული გვამის გადამალვა აღიარებინეს

”ცოცხალი მკვდარი” - 36 წლის მამაკაცს არარსებული გვამის გადამალვა აღიარებინეს

თელავის პროკურორის მოადგილეს, ზურაბ ჯავახიშვილს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დასდო ბრალი. არადა, არჩევნების შემდეგ, იგი რიგითი პროკურორობიდან დააწინაურეს. მაშინ ჯავახიშვილის დაწინაურება ჟურნალისტებმა მთავარ პროკურორს არ მოუწონეს და ბახუტოვის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება მოსთხოვეს. როგორც ჩანს, ამ მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

36 წლის მწყემსი, ალექსანდრე ბახუტოვი ციხეში სასჯელს ჩაუდენელი დანაშაულისთვის იხდიდა. გაირკვა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი, რომლის განზრახ მკვლელობისთვისაც იგი გაასამართლეს, ცოცხალი ყოფილა და მწყემსად, მთაში იყო წასული.

ამ სკანდალური ფაქტის მიუხედავად, ბახუტოვის ნაცვლად საკანში დამნაშავე პროკურორები და მოსამართლეები აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, - დღემდე არავინ დასჯილა. უფრო მეტიც - მხოლოდ პროკურორ ჯავახიშვილს წაუყენეს ბრალი, მაგრამ არც ის დაუპატიმრებიათ. როგორც ჩანს, მთავარმა პროკურატურამ კოლეგა მაინც დაინდო, მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე პატიმრობის შეფარდების საჭიროება არ არსებობდა, მხოლოდ წინასასამართლო სხდომის დანიშვნის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. მის ბრალეულობაზე პროცესზე მოგვიანებით იმსჯელებენ. წაყენებული ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უცნობია, ამ საქმეზე პასუხისგებაში მიეცემიან თუ არა სხვა პირები. მათ შორის, პროკურორი ქეთევან ჩომახაშვილი, რომელმაც მას შემდეგაც მოითხოვა ბახუტოვის პატიმრობაში დატოვება, როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. დაზარალებული ცოცხალი იყო. მისი მოთხოვნა მაშინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ოშხერელმა დააკმაყოფილა...

აქვე დავძენთ, რომ ე.წ. "ცოცხალი მკვდრის" სახელით გახმაურებული საქმისთვის მხოლოდ ბახუტოვი როდი გაასამართლეს: გვამის გადამალვის ბრალდებით, პატიმრობაში კიდევ სამი პირი - ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი - აღმოჩნდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პროკურორმა ჯავახიშვილმა 2007 წლის 21 ნოემბერს თელავის სასამართლოში, ამ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა - არადა, ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ სოფელში გამოჩნდა ე.წ. "მოკლული" ჩოფიკაშვილი. მართალია, ისინი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს, მაგრამ ბრალი მათთვის არავის მოუხსნია და მხოლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

ამ საქმეში ასევე ფიგურირებს ბახუტოვის გერი, ირაკლი ციციშვილი, რომელიც დაკავებული იყო და ცემით აღიარებინეს ჩაუდენელი დანაშაული. სასურველი ჩვენების მიღების შემდეგ ციციშვილი საქმეში მოწმის სტატუსით გაიყვანეს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
2007 წლის 15 ივნისს ლაშა ჩოფიკაშვილი გაუჩინარდა და ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მალე ძალოვანებმა ალექსანდრე ბახუტოვი დააკავეს, საქმე გახსნილად გამოაცხადეს და ლაშა ჩოფიკაშვილი მოკლულად მიიჩნიეს. მართალია, ოჯახს შვილის ცხედარი არ ჰქონდა, მაგრამ გამოიგლოვა. პროკურატურამაც ოჯახი დაზარალებულად ცნო.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პოლიციამ ბახუტოვზე, როგორც ბრალდებულზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც დადგინდა, რომ 2007 წლის 15 ივნისს მასა და ჩოფიკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ლაშა ჩოფიკაშვილი სწორედ ამ დღიდან გაუჩინარდა... 4 თვის შემდეგ, 20 სექტემბერს, როცა გაირკვა, რომ ლაშა სახლში ჯანმრთელი დაბრუნდა, ბახუტოვი უკვე სასჯელს იხდიდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს განაჩენი 2007 წლის 24 აგვისტოს გამოუტანა. მართალია, მას თავიდან გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი, მაგრამ მალე ბრალი დაუმძიმდა და განზრახ მკვლელობით გაასამართლეს. საყურადღებოა ერთი გარემოება: პროკურატურის მოთხოვნით, ბახუტოვის საქმეზე განაჩენი საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანეს. მაშინ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა, ზურაბ ჯავახიშვილმა სასამართლოს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა და დაკავებულისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამ წინადადებაზე ბახუტოვი რომ არ წასულიყო, მისთვის წაყენებული ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

რატომ მიიღეს ძალოვანებმა ეს გადაწყვეტილება, უცნობია, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ პოლიციის პირველი მსხვერპლი ბახუტოვის გერი, ირაკლი ციციშვილი იყო. სოფელ ნაფარეულის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ ციციშვილს სასტიკად სცემეს და მისგან მოითხოვდნენ, დაესახელებინა, თუ სად იყო ჩოფიკაშვილის ცხედარი. მას მანამდე სცემეს, სანამ არ თქვა, - ჩოფიკაშვილი ჩემმა მამინაცვალმა ბახუტოვმა მოკლა და მე გვამის დამალვაში ვეხმარებოდიო. არც ბახუტოვი დარჩენილა ცემა-წამების გარეშე. ბოლოს მანაც აღიარა ჩაუდენელი მკვლელობა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა პოლიციისთვის საკმარისი და დაკავებულებს წამებით აიძულებდნენ, გვამის გადამალვის თანამონაწილეებად სხვებიც დაესახელებინათ.

ამგვარად მიღებული "აღიარების" შემდეგ, მკვლელობის ადგილის სანახავად ბახუტოვი სოფელ ფშაველში, ე.წ. "ნაწისქვილარის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიყვანეს. გერისა და მამინაცვლის ცემა ისევ გრძელდებოდა და მათგან გვამის ადგილის დასახელებას მოითხოვდნენ. ბოლოს სამართალდამცავებმა თავადვე დაასკვნეს, - ალბათ გვამი მდინარე სტორში გადააგდესო, და საქმეც ასე დაასრულეს...

ციხეში მყოფმა ბახუტოვმა მოსვენება მას შემდეგ დაკარგა, როცა შეიტყო - ლაშა ჩოფიკაშვილი საკუთარ სახლში ჯანმრთელი იმყოფებაო. 2007 წლის 19 ოქტომბერს მან სახალხო დამცველს აცნობა, - ადამიანი, რომლის განზრახ მკვლელობისთვის სასჯელს ვიხდი, სოფელ ჯუღაანში, მის საცხოვრებელ სახლშიაო.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ჯერ ბახუტოვი მოინახულეს, შემდეგ, მისი მონათხრობის გადასამოწმებლად, სოფელში ჩავიდნენ და იქ მართლაც, ცოცხალი ჩოფიკაშვილი დახვდათ.

ბახუტოვი სასტიკად ნაცემი რომ იყო, ეს დროებითი მოთავსების იზოლატორის ჟურნალითაც დასტურდებოდა - იქ აღწერილი იყო დაზიანებები, რომლებიც მოყვანილ პატიმარს სხეულზე აღენიშნებოდა. ირაკლი ციციშვილი მის წამებაში კონკრეტულ პირებს ასახელებდა და ამბობდა, რომ ნაფარეულის პოლიციაში ყველაზე მეტად, პოლიციელი გოჩა ნოღაშვილი, მეტსახელად თავა აქტიურობდა, სხვებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში უმოწყალოდ გვცემდა მე და ჩემს მამინაცვალსო... "27 ივნისს სამართალდამცავებმა სოფელ კისისხევში, ბახუტოვის ძმისშვილთან წასვლა მომთხოვეს; პოლიცია მარწმუნებდა, რომ ჩემს მამინაცვალს ჩოფიკაშვილი იქ ჰყავდა გადამალული. ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ მანქანაში ჩამაგდეს, ნაფარეულის პოლიციაში წამიყვანეს და განყოფილების უფროსის თანდასწრებით, რეზინის ხელკეტებით სასტიკად მცემეს. წამების შემდეგ კისისხევში ჩამიყვანეს, მაგრამ მამინაცვლის ძმისშვილმა, ზაურ ბახუტოვმა, რა თქმა უნდა, უარყო ჩოფიკაშვილის მათ სახლში ყოფნა", - ამბობდა ციციშვილი.

წამების შემდეგ, 28 ივნისს საღამოს, პოლიციამ ციციშვილი გაათავისუფლა, თუმცა, მანამდე მას ასეთი შინაარსის ჩვენება მიაცემინეს: "...წავიღეთ ჩოფიკაშვილის ცხედარი და დავმარხეთ 1 მეტრ სიღრმეზე, საგუბურებიდან დაახლოებით 700-800 მეტრზე, რა ადგილის ჩვენებაც შემიძლია"...

გათავისუფლებული გერი პოლიციამ გააფრთხილა, არაფერი ეთქვა ფიზიკურ ძალადობაზე, თორემ უკან შეაბრუნებდნენ. ციციშვილის მტკიცებით, უკვე სექტემბერში მასთან ისევ მივიდა პოლიციელი თავა და აიძულა, სოფელ რუისპირში, ვინმე დურუს ფერმაში სამუშაოდ გაჰყოლოდა, სადაც მას ანაზღაურების გარეშე უნდა ემუშავა. სამი დღის შემდეგ იქიდან გაპარვა შეძლო...

ირაკლი ციციშვილმა ოქტომბერში თელავის პროკურატურაში ნახა "მკვდარი" ჩოფიკაშვილი, რომელიც ირწმუნებოდა, ჩემთვის ხელი არავის უხლია, ჩემი ნებით ცხვარში ვიყავი წასულიო. თუმცა მეორე დღეს ჩოფიკაშვილმა ჩვენება შეცვალა და მოულოდნელად განაცხადა, ბახუტოვმა თავში ჯოხი ჩამარტყაო:
ლაშა ჩოფიკაშვილის განმარტებით, 15 ივნისს იგი ნათან ზათიაშვილის მეცხოველეობის ფერმაში იყო, სადაც ალექსი ბახუტოვთან შელაპარაკება მოუხდა... შემდეგ ალექსი ბახუტოვმა დაუძახა და სიგარეტი სთხოვა. მას სიგარეტი მდინარე სტორის ნაპირთან გამოუტანა და სახლისკენ მობრუნდა. სწორედ ამ დროს გონება დაკარგა. გონზე რომ მოვიდა, უკვე მდინარის ნაპირთან იწვა. შემდეგ სახლში შებრუნდა. იგი ამბობდა, - გამთენიისას, 4 საათზე სამუშაოდ ე.წ. ნაწიდნარის ტერიტორიაზე წავედი და მწყემსად ვმუშაობდიო. 20 სექტემბერს ლაშა ჩოფიკაშვილი თელავში დაბრუნდა. ქუჩაში ნაცნობი - ვინმე არაბული გაკვირვებული სახით შეხვდა და მისგან შეიტყო, რომ სოფელში იგი გარდაცვლილი ეგონათ და დაუსაფლავებიათ კიდეც! სოფელში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მასთან თელავის პოლიციის სამი თანამშრომელი მივიდა, იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და თელავის პროკურატურაში წაიყვანა. სამართალდამცავები 15 ივნისს მასა და ბახუტოვს შორის მომხდარი შელაპარაკებით დაინტერესდნენ. მეორე დღეს ჩოფიკაშვილს კვლავ მიაკითხეს პოლიციელებმა და თელავის საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი განმარტებით, ვენიდან სისხლი აუღეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად, ექიმს გაასინჯეს. ჩოფიკაშვილი ამბობს, - იქ შევიტყვე, რომ კისრის ძვალი "დაზიანებული მქონიაო"...

ალექსანდრე ბახუტოვი ამბობდა: პოლიციელები იარაღის მუქარითა და ცემით მაიძულებდნენ მეთქვა, სად ჩავმარხე ჩოფიკაშვილის გვამი; ნაფარეულის პოლიციის თანამშრომელი - გოჩა, მოკვლითაც მემუქრებოდაო. "დაახლოებით ღამის 11 საათზე დამიკავშირდა ჩემი გერი და ფერმაში შეხვედრა მთხოვა. იქ რამდენიმე პოლიციელი დამხვდა. ხელბორკილები დამადეს და ცემა დამიწყეს. იქვე იყო ჩემი მეუღლე, ინდირა იზორია. მისი მიმართულებით პოლიციელმა გოჩამ რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ გადაგვიყვანეს ნაფარეულის პოლიციაში, სადაც გაგრძელდა ჩემი და ჩემი გერის ფიზიკური შეურაცხყოფა. გაუსაძლისი წამების ფონზე ირაკლიმ აღიარა, თითქოს მე მოვკალი ჩოფიკაშვილი. ცემისა და წამების შემდეგ მეც ვაღიარე მკვლელობა. არაადამიანური მოპყრობით მაიძულეს, გვამის გადამალვის თანამონაწილეებად დამესახელებინა ჩემი ნაცნობი ახალგაზრდები: ასლან გაუარაშვილი, ალექსი ცოციაშვილი და ვეფხო ხაჩოშვილი... ვეღარ ვუძლებდი ფიზიკურ ზეწოლას. ამ დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა ფეხი მუცელში ჩამარტყა, იარაღი მომადო სახეზე და დამემუქრა, ხოლო ნუგზარ ზათიაშვილი ჯოხს მირტყამდა კისერში"... - ამბობდა ბრალდებული.

ამ საქმის გამო, ყველა დამნაშავე სამართალდამცველის დასჯა მაშინდელმა სახალხო დამცველმა - სოზარ სუბარმა 2007 წელს მოსთხოვა პროკურატურას. მას ასევე მიაჩნდა, რომ სხვა მუხლებთან ერთად, საქმე ტრეფიკინგის მუხლითაც უნდა აღძრულიყო, რადგან ბახუტოვის გერს პოლიციელი სამი დღე ვიღაცის ფერმაში, იძულებით ამუშავებდა. რაც შეეხება პროკურატურას, მაშინ ოფიციალური განმარტება გაკეთდა და, ირაკლი ციციშვილის მიმართვის საფუძველზე, კახეთის პოლიციის სამმართველოში საქმე აღიძრა იძულებით ცრუჩვენების მიცემის ფაქტზე. პროკურატურის განმარტებით, სწორედ ამ ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, გამოძიებამ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ჩაატარა და 2007 წლის 6 დეკემბერს,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა, რომ ბახუტოვისთვის გამოტანილი განაჩენი გაუქმებულიყო და ხელახლა განსახილველად საქმე იმავე სასამართლოს დაჰბრუნებოდა...
2007 წლის 19 დეკემბერს ყველას ეგონა, რომ უზენაესი სასამართლო პატიმრობიდან გაათავისუფლებდა ბახუტოვს, მაგრამ ასე არ მოხდა. პროკურორმა ქეთევან ჩომახაშვილმა სასამართლოზე განმარტა: ვინაიდან ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ბახუტოვმა ჯოხი ჩაარტყა, გენერალურ პროკურატურას სურს, მკვლელობის განაჩენი გაუქმდეს, მაგრამ საჭიროა ხელახლა დადგინდეს, რა დანაშაული ჩაიდინა ბახუტოვმა და ამიტომ მისი საქმე იმავე სასამართლომ ხელახლა უნდა განიხილოსო.

ბახუტოვის ადვოკატი საქმის შეწყვეტას ითხოვდა. - აცხადებდა, ამ საქმეში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, სხვა არგუმენტი არ არსებობსო. ეჭვქვეშ დააყენა ჩოფიკაშვილის ჩვენებაც. საბოლოოდ, ჩოფიკაშვილის პოზიცია ასეთი იყო: "ბახუტოვმა ჯოხი ჩამარტყა, გავითიშე და გონზე 400-500 მეტრის დაშორებით, წყალში მოვედი". ამ პოზიციის აბსურდულობაში დარწმუნებული ადვოკატი აცხადებდა: გამარკვიეთ, თუ გონდაკარგული კაცი მდინარეში ეგდო, რატომ არ დაიხრჩო? როგორ წარმოგიდგენიათ, კაცი მთელი ღამის განმავლობაში წყალში იწვა და გადარჩა? თანაც დადგენილია, რომ იმ მომენტისთვის წყალი ადიდებული იყოო!

სასამართლომ, ყველას გასაკვირად, პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა - ბახუტოვისთვის გამოტანილი განაჩენი გააუქმა, საქმე ხელახლა განსახილველად კვლავ თელავის სასამართლოს ანუ იქ დააბრუნა, სადაც უკანონო განაჩენი გამოიტანეს, და ბრალდებული ისევ პატიმრობაში დატოვა.
ბახუტოვი ციხიდან მხოლოდ 2008 წლის 26 ივნისს, დაკავებიდან ერთი წლის თავზე გაათავისუფლეს. მაშინ არც გვამის დამალვაში მხილებულ 3 პირს გაუსაჩივრებია უკანონო პატიმრობა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ძალოვანი, პროკურორი და მოსამართლე, რომელიც ამ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს, პასუხს აგებს სამართლის წინაშე.