ინდოელები საქართველოს კალიებივით მოედვნენ. მოსახლეობა მათ მიმართ აგრესიას უკვე დაუფარავად გამოხატავს. განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა იმ სოფლებში, სადაც აზიელებმა სავარგულები შეიძინეს და სამეურნეო სამუშაოები წამოიწყეს.
დიდი ხმაური იყო გორის რაიონის სოფელ დიცში, სადაც მოსახლეობამ ინდოელებს ხეხილის გაშენებაში ხელი შეუშალა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მესაკუთრეები 140 ჰექტარ მიწის ფართობზე ნერგების დარგვას აპირებდნენ, თუმცა ამოთხრილი მიწები ადგილობრივებმა გადაასწორეს. ადგილზე რაიონის ხელმძღვანელობა და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. დიცელები უკან დახევას არ აპირებენ. ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე ამჟამად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია.
ტირძნისის შს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ქმედების გაგრძელების შემთხვევაში, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
საქმე ისაა, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს დიცის სარეზერვო მიწის ფართობები შპს „მადლის“ დირექტორმა ელგუჯა ახობაძემ იყიდა. 4 დღეში ახობაძემ მიწის ფართობი ინდოელებს მიყიდა. ელგუჯა ახობაძე აცხადებს, რომ ეს მიწები თავადაც სხვისგან შეიძინა.
„მე ეს მიწები შევიძინე კერძო პირისგან, შემდეგ მივყიდე ინდოელებს ყოველგვარი კანონის დაცვით“, - აღნიშნა ახობაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.
აქციის მიმდინარეობის დროს ტირძნისის პოლიციის უფროსი და ინდოელი ინვესტორებიც მივიდნენ. მესაკუთრეები ამტკიცებდნენ, რომ მათ ეს მიწები სრულიად კანონიერად შეიძინეს და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც წარადგინეს. იგივეს ამბობს პოლიციის უფროსი, ის მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდებდა. ამ მოწოდებამ მოსხლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
„ჩვენ აქედან დაშლას არ ვაპირებთ, რას გვიზამთ? მთელ სოფელს დაგვიჭერთ?“ - ეუბნებოდნენ პოლიციის უფროსს.
„თუ დასაჭერები იქნებით, სულ ყველას დაგიჭერთ“, - უთხრა პოლიციის უფროსმა.
სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე და სოფლის მეურენეობის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ხიდაშელიც მივიდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელის განცხადებით, დიცის მიწების უცხოელებზე გასხვისებას ხმაური იმიტომ მოჰყვა, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის ე.წ. საზღვარი და იქმნება საფრთხე, რომ ახალმა მეპატრონემ, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები არაფერს ნიშნავს, შესაძლოა, ეს ფართობები ოკუპანტებს მიყიდოს.
„მოგეხსენებათ, სწორედ ამ ფართობებს ესაზღვრება ის ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია და რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართი გაავლეს. ამიტომ იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ აღელვებას. ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა, მივიჩნევ, რომ ქართველმა კაცმა, ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარე ტერიტორია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაასხვისოს. ფაქტია, რომ დოკუმენტების თანახმად, ინდურ კომპანიებს მიწები კანონის დაცვით აქვთ შეძენილი.
ბევრი კითხვა ჩნდება, რაც შესაბამისი ორგანოების მოკვლევის კომპეტენციაა. თუნდაც ის, რომ შპს „მადლმა“, რომელიც გორშია რეგისტრირებული, აღნიშნული ფართობების შეძენიდან სულ რამდენიმე, 4-5 დღეში გაასხვისა მიწა ინდოელებზე, თუმცა ამ დროისთვის ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია“, - აღნიშნა გიორგი ხიდაშელმა.
პაპუნა კობერიძის განცხადებით, სამართებლივად ამ მიწის მესაკუთრედ ინდოელები ითვლებიან და მათ არანაირი უფლება არ აქვთ გაიყვანონ.
„არსებობს სხვა სამართებლივი საშუალებები და მოსახლეობას შეუძლია ეს გასაჩივროს და პროკურატურაში შეიტანონ განცხადება“, - განაცხადა კობერიძემ.
როგორც გიორგი ხიდაშელი ამობობს, მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით ეს მიწა 28 ნოემბერს აქვს შეძენილი ელგუჯა ახობაძეს და 4 დეკემბერს აქვს გასხვისებული ამ ინდოელ ინვესტორებზე. აქ სხვა რაღაც ხდება საეჭვო და სხვა კომპეტენტური პირების ჩარევაა საჭირო ამ საკითხის უკეთ გამოსაძიებლად“, - აცხადებს ხიდაშელი.
დიცელებმა სოფლის კუთვნილი სარეზერვო სავარგულების და საძოვარი ფართობის გასხვისების შესახებ გუშინწინ შეიტყვეს, როცა ინდოელებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. ადგილობრივები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ არსებული ფართობების უცხოელებზე მიყიდვას, გენოციდის ტოლფასად მიიჩნევენ.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწების აუქციონის წესით ან სხვა ფორმით გაყიდვაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ეჭვობენ, რომ მთელი რიგი დარღვევებით გასხვისდა, რის გამოც, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ.
სოფლის მოსახლეობა პროკურატურაში შესატანად საჩივარსაც ამზადებს, სამართლებრივი დავის დასრულებამდე კი, როგორც თავად განმარტავენ, ინდოელებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.