"ნაციონალები" აუცილებლად უნდა გასამართლდნენ!".

"ჰიტლერის ბოლო დღეები იყო და იძახდა, მოსკოვი უნდა ავიღოო, არადა, ბერლინს იღებდნენ. ამას თავისი მომხრეების გულის გასამაგრებლად აკეთებდა. ეს ჩვეულებრივი ტაქტიკაა, ჩვეულებრივი ხერხია. მე მგონია, რომ ყველა დაინახავს, არაფერიც არ იქნება. ხალხის მიზიდვისთვის ინტრიგასაც აძლევს ამ ყველაფერს მერაბიშვილი, მობრძანდით, ვანოს შოუ იქნება ძალიან საინტერესო და იქნება ბევრი სიურპრიზებით სავსეო. ხალხს უყვარს სიურპრიზები და რაღაცა გარკვეული ნაწილი შეიძლება სიურპრიზების სანახავადაც მივიდეს. ჩემი აზრით, მთავარი სიურპრიზი ის იქნება "ნაციონალებისთვის", რომ ხალხის რაოდენობა, რომელსაც ისინი ელიან, არ გადააჭარბებს საშუალო რიცხვს, რომელიც ნებისმიერი საშუალო სიდიდისა და გავლენის პარტიას შეუძლია მიიყვანოს", - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალები" აუცილებლად უნდა გასამართლდნენ!".

"მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე სახიფათო სიტუაცია შეიქმნება. თუ თვითონ რაღაცა პროვოკაცია აქვთ დაგეგმილი, ვიღაცაზე დაარტყმევინებენ ან ასროლინებენ, ან დააჭრევინებენ და ვიღაცა სხვას დააბრალებენ. არ არის გამორიცხული, მათ ეს მოინდომონ, თუმცა, არა მგონია, იმდენად უძლური ან უჭკუოა ეს ხელისუფლება, რომ ამას აჰყვნენ. პოლიცია მაქსიმალურად უნდა იყოს ამ დღეს მობილიზებული, რომ სწორედ პროვოკაცია არ დაუშვას, თორემ მათი შეკრებისთვის ხელის შეშლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.

"გარკვეული დოზით შეიძლება ამნისტიაც გამოცხადდეს, რაღაცა შეწყალებაც მოხდეს, მაგრამ, თუ ავს ავი არ უწოდე და დამნაშავეს დამნაშავე არ დაარქვი, ისე არც კოაბიტაციაა მისაღები, არც თანამშრომლობა და არც მომავლის პერსპექტივა არსებობს. მაშინ აირევა ყველაფერი, დამნაშავე-უდანაშაულო, წესიერი-უწესო, პატიოსანი-უპატიოსნო, სიმართლე-ტყუილი - ეს ყველაფერი დაკარგავს თავის ფასსა და ღირებულებას. ამ ყველაფერს თავისი სახელი იმიტომ ჰქვია, იმიტომ არის ღირებული და იმიტომაა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის, რომ ბოროტს ბოროტი ჰქვია და კეთილს - კეთილი. თუ ასეთი აღრევა მოხდება და ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, მაშინ არანაირი პერსპექტივა არც საზოგადოებასა და არც ხელისუფლებას აღარ ექნება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საპროტესტო აქციებს არ გამოვრიცხავ, თუ არ დაკმაყოფილდა საზოგადოების მოთხოვნა, თუ 100%-ით არა, თუნდაც რაღაცა დონეზე მაინც. კიდევ ვიმეორებ, მთავარია, წარმოჩნდეს ამ რეჟიმის სახე სამართლებრივი კუთხით, რა დააშავა და რა არის მიუღებელი, რას ჰქვია დანაშაული და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ათასობით ადამიანი გასამართლდება. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ან მაქსიმუმ ასი ადამიანი, მაგრამ მათი გასამართლებაც არ ნიშნავს ჯოჯოხეთურ პირობებში ჩაგდებას. ეს ნიშნავს იზოლირებას საზოგადოებისგან გარკვეული დოზით, გარკვეული ვადით. მთავარი ის არის, რომ საზოგადოება ამით მიიღებს იმას, რასაც მოითხოვს", - დასძენს გელა ნიკოლაიშვილი.