კომპანია „სითი პარკის“ თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციას მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვის იძულებაში ადანაშაულებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ კომპანიაში. „სითი პარკის“ მენეჯმენტი გაფიცული თანამშრომლების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
„სითი პარკი“ თანამშრომლებს და მათ გადაწყვეტილებას დიდი პატივს სცემს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლების ეს ნაწილი რამდენიმე წელია, მუშაობს „სითი პარკში“. „სითი პარკი“ არის კერძო კომპანია და ეს თანამშრომლები სამუშაოს დაწყებამდე და დაწყების შემდეგაც, თანახმა იყვნენ ანაზღაურების იმ პირობებზე, რომელიც გაწერილია კონტრაქტში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ წელიწადზე მეტი ხნის წინ მათმა უმრავლესობამ ითხოვა ანაზღაურების პირობების შეცვლა და მათი მოთხოვნით მოხდა კონტრაქტის ცვლილება.
ახლა კი თანამშრომლების ამ ნაწილმა მოითხოვა ხელფასის გაზრდა და მათი პირობების დაკმაყოფილებამდე, სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. კომპანიამ მათი ამ მოთხოვნის გადახედვისთვის ითხოვა გარკვეული დრო და სამუშაოს გაგრძელება, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
„სითი პარკი“ აგრძელებს მუშაობას და ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი კანონის სრული დაცვით მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სიტუაცია მალე მოგვარდება“, - აცხადებენ „სითი პარკში“.
ცნობისთვის, კომპანია „სითი პარკის“ თანამშრომლები კომპანიის მენეჯმენტს საზოგადოებისთვის ფულის გამოძალვის იძულებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ კომპანიის თანამშრომლების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სააგენტო „პირველს“ განუცხადა და დასძინა, რომ მისი კლიენტები უკვე სამი დღეა, გაფიცულები არიან და მუშაობაზე უარს აცხადებენ.
„როგორც „სითი პარკის“ თანამშრომლები ამბობენ, კომპანიის ხელმძღვანელობა მათ აიძულებდა, გამომძალველებად გადაქცეულიყვნენ და აქტიურად დაეჯარიმებინათ მოქალაქეები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხელფასს არ გადაუხდიდნენ. ასეთ მითითებას ისინი ხელმძღვანელობისგან პირდაპირ იღებდნენ და ამაზე ღიადაც ისაუბრებენ.
მათ აქვთ კონკრეტული მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ ფიქსირებული ხელფასი, როგორც ამას კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს და არ იყვნენ დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანების „გამოჭერაზე“ იზრუნონ. პრობლემას ისიც ქმნის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მათ ხელშეკრულებები ჩამოართვა. ესაა შრომითი უფლების სასტიკი დარღვევა, რასაც რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
საინტერესოა, მართლა გაიზარდა თუ არა ბოლო პერიოდში „სითი პარკის“ მიერ ავტომფლობელების დაჯარიმების შემთხვევები? აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული ადამიანების რაოდენობა გაცილებით აღემატება ბანკების წინაშე დავალიანების გამო მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა რიცხვს.
კომპანია „სითი პარკში“ კი არ ეთანხმებიან მსგავს მოსაზრებას და ამტკიცებენ, რომ ბოლო პერიოდში დაჯარიმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, შესაბამისად, მოსახლეობა ჯარიმებს იმ რაოდენობით იხდის, რამდენსაც წინა თვეებში. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ლევან ტაბიძის განმარტებით, ის აღსრულებაში გადაცემული საქმეების ოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
ბოლო პერიოდში „სითი პარკზე“ სხვადასხვაგვარი შეტევები ხორციელდება. კომპანიის თანამშრომლები პროცესებს შიგნიდან აჩქარებენ, ხოლო საინფორმაციო საშუალებები - გარედან. მაგალითად, ბეჭდურ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფორმაციით, შესაძლოა, „სითი პარკი“ დედაქალაქის პარკირების სისტემიდან გავიდეს. საუბარია კომპანიასთან 15 წლით გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტაზე. ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა უგულავასთან დაკავშირებულ ორგანიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა.
თუმცა, ჯერჯერობით „სითი პარკში“ აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, კონტრაქტის გაწყვეტაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, კომპანია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.