ოფიციალური თბილისი შავი ზღვაში რუსეთის მიერ წვრთნების მოულოდნელად დაწყებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, აღნიშნული წვრთნები არის უჩვეულო, დაუგეგმავი და სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს სცდება.
საგარეო უწყების განცხადების თანახმად, რუსეთის ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ წვრთნებში მონაწილეობს დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, საავიაციო და საზღვაო შენაერთებიდან და ჩართულია 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი. წვრთნები საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სიახლოვეს ტარდება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ წვრთნების ჩატარების ხანგრძლივობის და სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე.
„აღნიშნული წვრთნები არის უჩვეულო, დაუგეგმავი და სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია „ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ“ ვენის 2011 წლის დოკუმენტთან. ამასთან, მასშტაბურობიდან გამომდინარე, წვრთნები ვერ მიიჩნევა მოსალოდნელ საფრთხეზე პროპორციულ რეაგირებად. რუსეთის ქმედება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს ეწინააღმდეგება. საქართველო შეშფოთებულია რუსული სამხედრო შენაერთების მოულოდნელი და პროვოკაციული ქმედებებით, ისევე, როგორც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/საქართველო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღების და/ან პერსონალის გამოყენების პოტენციური საფრთხით. ცალმხრივად განხორციელებული სამხედრო ქმედებები საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ რუსეთი კვლავაც უარს აცხადებს, უპასუხოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წელს ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 7 მარტს ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციით დაადასტურა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქართველო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება უზრუნველყოს და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არგამოყენების მტკიცე რეჟიმის ჩამოყალიბების მიზნით, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებით იქნება გამყარებული.
შეგახსენებთ, რუსული წვრთნების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კერძოდ, 28 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა მოულოდნელი განცხადება შავ ზღვაში სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 მარტს დილას, მოსკოვის დროით 4 საათზე მისცა შესაბამისი დავალება თავდაცვის მინისტრს. პუტინის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვი არ არის ვალდებული, ამის შესახებ მეზობელ ქვეყნებს შეატყობინოს. მათი განმარტებით, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა წვრთნებში 7000-ზე ნაკლები ადამიანი მონაწილეობს, არ არის სავალდებულო მეზობელი ქვეყნების წინასწარ ინფორმირება. 28 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, სამხედრო წვრთნებში ჩართული იქნებოდა სამხედრო-საზღვაო ძალების 36 ხომალდი სევასტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან, ხოლო წვრთნის მიზანია „მზადყოფნისა და კოორდინირებულობის“ შემოწმება.
რუსულ წვრთნებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯრომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ეს წვრთნები საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნების გამოცხადების საპასუხო ნაბიჯია. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეს ქმედება განპირობებულია არა საქართველოსგან საფრთხის წარმოქმნის შიშით, არამედ დასავლეთზე ზემოქმედების მოხდენისთვის და იმის სათქმელად, რომ საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ რეაქცია. დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ როგორც კი საქართველოში სამხედრო სფეროში რაიმე თანამშრომლობა შედგება რუსეთი ყოვეთვის შეშფოთებას გამოხატავს.
„ამ შემთხვევაშიც ესაა პოლიტიკური განაცხადი და პრევენციული მიდგომა, რათა ამით გარკვეულწილად დაფრთხნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია სწორედ საქართველოში ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზანი აქვს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ წვრთნები, რომელთა გამართვას პუტინმა დილის 4 საათზე მოაწერა ხელი, საქართველოსთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ არანაირი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან არ ყოფილა და წვრთნების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ ბრძანებას მოეწერა ხელი.
„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ წვრთნებს, რუსეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით პროტესტი დააფიქსირა და განაცხადა, რომ მათთვის ეს მიუღებელია, თუმცა არ მგონია, რომ რუსული წვრთნები ამასთან დაკავშირებით იყოს გამოცხადებული. წვრთნა ჩვეულებრივად ყოველთვის ხდება ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, რუსული წვრთნები არა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობს და რაც მთავარია, ამ წვრთნებში არ მონაწილეობენ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ოკუპირებული რეგიონებიდან. ამიტომ, მართალია, თავად ეს წვრთნები არასასიამოვნო ფაქტია და მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი საერთაშორისო ნორმებს კიდევ ერთხელ არღვევს, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოს რაიმე საფრთხეს არ უქმნის.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დატვირთვა აქვს ასეთ წვრთნებს. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ წვრთნები უბრალოდ ტექნიკური პროცესი არ არის, არამედ არის რუსეთის სამხედრო პოლიტიკის დემონსტრირება. ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ წვრთნებში საოკუპაციო ძალები არ მონაწილეობენ, ეს წვრთნები არის რუსეთის აგრესიული გზავნილი რეგიონის და მათ შორის, საქართველოს მიმართ.
„ამას კიდევ უფრო ამწვავებს ამ წვრთნების სისწრაფე და დაუგეგმავობა. სამხედრო სფეროს ექსპერტი არ ვარ და ამიტომ ვერ გეტყვით, წვრთნების სტრუქტურა როგორია, მაგრამ როგორც ვიცი, ისიც საკმაოდ შემაშფოთებელია. თავისთავად, ეს ფორმა და ადგილი, სადაც მათ ეს გააკეთეს, არის ნეგატიური გზავნილი საქართველოს მიმართ“, - ამბობს ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ გზავნილიც არ არის, ეს არის გზავნილი თურქეთის, კვიპროსის, ასევე ევროკავშირისა და ზოგადად, დასავლეთის მიმართ, რომ „ეს არის ჩვენი ტერიტორია, სადაც გვაქვს ჩვენი შეხედულებები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში“.
ამიტომ ელენე ხოშტარია მიესალმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოხატულ პოზიციას და ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერ ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.
„როდესაც ურთერთობის დარეგულირებას ცდილობ, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც გრანდიოზული არ მოხდეს და ტერიტორიები არ დაგიბრუნონ, მაგრამ უნდა იყოს განცდა, რომ რუსეთის მხრიდან თუნდაც რაღაც წვრილმან საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულებები იცვლება, რათა ჩავთვალოთ, რომ ჩვენი პოლიტიკა შეიძლება იყოს წარმატებული“, - აღნიშნავს ექსპერტი.
ამიტომ მისი თქმით, როდესაც პასუხად იღებ წვრთნებს შავ ზღვაში, უკვე დასაფიქრებელია, საერთოდ, რამდენად შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება.