"ნაციონალური მოძრაობა", როგორც მეორე პოლუსი პარლამენტში, არის ძალიან დროებითი მოვლენა"

"ვაშაძის თემა არ იქნებოდა ჩემთვის საინტერესო, რომ არა ის გამაღიზიანებელი რიტორიკა, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში აწარმოებდნენ მისი დაფრთიანებული ადამიანები. "ერისიონი" ლამის მოღალატედ გამოაცხადეს და ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, რასაც ვაშაძე წლების განმავლობაში აკეთებდა. რაც შეეხება პერსონალურად ვაშაძეს, ის ჩემთვის არანაირად აქტუალური პიროვნება არ არის. ამ წერილიდან ერთი მარტივი რამ ჩანს - ეს ყველაფერი იყო დიდი ფარსი, რასაც გველაპარაკებოდა სააკაშვილის ხელისუფლება წლების განმავლობაში. ისინი თავს წარმოაჩენდნენ, როგორც მებრძოლი დავითი გოლიათის წინააღმდეგ. სინამდვილეში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სექტემბერში, ხელისუფლება მზად იყო, სრული კაპიტულაცია გამოეცხადებინა რუსეთთან და დაწოლილ მდგომარეობაში გადასულიყო. არა მხოლოდ ამ წერილიდან გამომდინარე, არამედ ძალიან ბევრი სხვა ფაქტი არსებობს, რომელიც აუცილებლად გამოქვეყნდება", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "თქვენ გაინტერესებთ, ვინ იქნება ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი?".

"ვგულისხმობ "რაო ეეს"-თან გაფორმებულ მემორანდუმზე "ენგურჰესთან" დაკავშირებით. გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ახალი ფაქტი გაჩნდება და საზოგადოება დაინახავს, რა ტიპის სეპარატისტული მოლაპარაკებები მიდიოდა სხვადასხვა ტიპების მხრიდან რუსეთის ხელისუფლებასთან. კონკრეტულად კი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან მებრძოლებად წარმოგვიდგებიან დღემდე. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ძალიან მალე დადგება ამის დროც და ხმამაღლა ვიტყვით, კონკრეტულად ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი აწარმოებდა რუსეთთან მოლაპარაკებებს. ყველაზე იქნება ინფორმაცია, გარწმუნებთ, ეს გვარები გახდება საჯარო და თქვენ ძალიან ბევრ გამაოგნებელ ფაქტს შეიტყობთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"პირდაპირ გეტყვით, - თუ ასე გააგრძელებენ, ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესშია რეალური კრიზისის ინიცირება, რომელიც დამთავრდება საპარლამენტო არჩევნებით. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს განწმენდს პოლიტიკურ ველს "ნაციონალური მოძრაობისგან", ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მაგრამ აქ ვაწყდებით ზუსტად იმ პროგრამას, რასაც ჰქვია სახელმწიფო და პოლიტიკური ინტერესი. გარწმუნებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დრო დადგება, სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობა" ჭრის იმ ტოტს, რაზეც ზის. ისინი მიბარებული არიან "ქართულ ოცნებას" და სწორედ "ქართული ოცნებაა" დღეს ერთადერთი გარანტი იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ერთეული, ჯერ კიდევ არსებობს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქართული ოცნების", როგორც პარტიის გაძლიერება, ეს არის მნიშვნელოვანი და ამ პარტიის ფორმირება ჯერ დასრულებული არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება", როგორც პარტია, გაძლიერდეს და დაიკავოს ის ადგილი, რაც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სეგმენტი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და დიდი იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეს პროცესი დასრულდება. მოვა ის დრო, როცა თვითონ კოალიცია გახდება მულტიპარტიული დემოკრატიის საფუძველი ქვეყანაში. მე ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მეორე პოლუსი პარლამენტში, არის ძალიან დროებითი მოვლენა, რამდენიმე თვის საკითხია. ბუნებრივია, გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ ნიშას დაიკავებენ. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ინიციატორი არ იქნება ხელისუფლება, ეს მოხდება თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით", - ამბობს გია ხუხაშვილი.

"საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს კრიზისმენეჯერი, უდავო ავტორიტეტი და ძალიან წესიერი ადამიანი, ის უნდა იყოს შემრიგებელი, მშვიდი, არ უნდა იყოს აქტიური პოლიტიკოსი. ამ პოსტზე მე უფრო დაღვინებული ადამიანი წარმომიდგენია, წარმომიდგენია ისეთი კანდიდატი, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ამბიცია, არ ფიქრობს პოლიტიკურ კარიერაზე და რომელსაც შეუძლია ხელისუფლების შტოებს შორის კრიზისული ვითარებები განმუხტოს. ასეთი პიროვნება ჩემთვის ყოველთვის ასოცირდება ასაკთან, წესიერებასთან, უამბიციობასთან. ვინ შეიძლება იყოს ეს? ვნახოთ", - დასძენს რესპონდენტი