ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაბარება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე თითქმის გადაწყვეტილია. მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ქმედებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მავნებლობად არის აღქმული. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილის კომისიაზე მისვლა ნაკლებად მოსალოდნელია, რაც კითხვებს აჩენს – მოხდება თუ არა ზურაბიშვილის დაკავება დანარჩენი პოლიტიკური ლიდერების მსგავსად. ოპოზიცია პროცესს პოლიტიკურ დევნად აფასებს, ხელისუფლება კი - ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე For.ge-თან აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისია მოქმედებს კანონიერად და მის მიზანს წარმოადგენს პასუხების მიღება იმ საკითხებზე, რომლებიც ეჭვს იწვევს ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით. ქადაგიძის თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც საეჭვო აქტივობებში ფიგურირებენ, ვალდებული არიან აგონ პასუხი როგორც კომისიის, ასევე საზოგადოების წინაშე - მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც.
თუმცა, ისევე როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები, ზურაბიშვილის კომისიაზე გამოჩენა თითქმის გამორიცხულია - ოპოზიციის პოზიცია უცვლელია: კომისია „მართულია“ და მიზნად მათ დისკრედიტაციას ისახავს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას ღიად სდებს ბრალს ქვეყნის შიგნით და გარე იმიჯის დაზიანების მცდელობაში. მისნიტრმა ბოჭორიშვილმა 25 ივნისს პარლამენტის კომისიის სხდომაზე პირდაპირ დაასახელა პოლიტიკოსები, რომლებიც, მისი თქმით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებში მუშაობდნენ საქართველოსთვის უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის – უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე.
ერთ-ერთი მათგანია თინა ბოკუჩავა, რომელიც ამ ეტაპზეც სტრასბურგში იმყოფება და, ბოჭორიშვილის თქმით, ევროპელ პარტნიორებს საქართველოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური ლიდერი საგამოძიებო კომისიაზე მისვლას არ გეგმავს.
„ქართული ოცნების“ წევრი, გივი მიქანაძე კი წულუკიანის კომისიაზე ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, სტრასბურგში ეკონტაქტებოდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული.
„პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს 2024 წლის არჩევნებზე, 4 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ (ევროპის) პოლიტიკურ ჯგუფებს იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. მათ გაგზავნეს სტრასბურგში დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე. არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ონიანი.
ეს ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან და ინდივიდუალურ პოლიტიკოსებთან. ეს კომუნიკაციები ძირითადში ხდებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში, თუმცა, რიგ პოლიტიკური ჯგუფების შეკრებაზე მოხდა მათი მიწვევაც, სადაც მათ სრულიად დეზინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
„ამასთან, მათი მხრიდან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა და ეს დასტურდება იმითაც, რომ პოლიტიკოსების ნაწილი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ასამბლეის გენერალურ მდივანს, სადაც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი“, - განაცხადა მიქანაძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით კი ოპოზიციის ქმედებები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას წარმოადგენს. მისი თქმით, საზოგადოება უკვე ხედავს რეალობას და სწორედ ამ მიზეზითაა ოპოზიცია არჩევნებში მუდმივად დამარცხებული.
ოპოზიცია კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ყველა ევროპულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და არა ისინი. მათი შეფასებით, საგამოძიებო კომისია შექმნილია მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციის ევროპელ მოკავშირეებსაც მოუწოდებენ, არ გახდნენ ამ პროცესების მონაწილეები და თავი შეიკავონ საქართველოს ინტერესების დაზიანებისგან.
მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, როცა საჭირო იყო ერთიანობა, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას ეწეოდა, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნისთვის სერიოზულ ზიანს იწვევდა.
საგამოძიებო კომისიის შუალედური ანგარიშით, რომელიც თეა წულუკიანმა წარადგინა, საუბარია 2008 წლის ომის, კორუფციის, ბიზნესის რეკეტის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თქვა, საბოლოო დასკვნა „უმძიმესი“ იქნება.
დეპუტატებმა სხდომის ბოლოს მოითხოვეს განმარტებები იმ პირებზე, რომლებიც გამოძახებას არ ემორჩილებიან. მათ შორის შესაძლოა მოხვდეს სალომე ზურაბიშვილიც. კომისიის ვადა პარლამენტმა ერთი თვით გაახანგრძლივა და დასკვნის წარდგენა 4 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.
ზურაბ ქადაგიძე For.ge-თან ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს – ის იკვლევს ყველა იმ საკითხს, რომელზეც მიაჩნია, რომ პასუხებია გასაცემი. შესაბამისად, სულერთი იქნება კომისიაზე 9 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაბარება მოხდება თუ ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილის. ამაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია, კითხვებზე პასუხი ყველამ უნდა გასცეს.
„ნახევრად ჩატარებული გამოძიების და ზედაპირული შეფასებების საფუძველზე დასკვნის გამოტანა არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად სწორი არაა. აქედან გამომდინარე, თუ კომისიის მიზნობრიობას გავითვალისწინებთ, ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც არსებობს ეჭვები, თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა, უნდა გამოიკითხოს. ეს ადამიანები ეჭვმიტანილნი არიან საბოტაჟსა და პროვოკაციებში ქვეყნის წინააღმდეგ.
პირდაპირ არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, როგორ დადიოდნენ ეს პირები ბრიუსელში და ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, საქართველოში ვიზალიბერალიზაცია გაეუქმებინათ და ხელისუფლების დელეგაციის ლეგიტიმაცია არ ეცნოთ. ჩნდება კითხვა – ვის ვნებდნენ ისინი - ხელისუფლებას, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული? არა – ზიანდებოდა ქვეყანა და ქართველი ხალხის ინტერესები.
პოლიტიკოსები, რომლებიც პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, ვალდებულნი არიან არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის, არამედ საზოგადოების წინაშე გასცენ პასუხები ამ ქმედებებზე“, – აცხადებს ქადაგიძე.
მისი თქმით, თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებში სალომე ზურაბიშვილიც ფიგურირებს, ისიც ვალდებულია მივიდეს კომისიაში და გასცეს პასუხები.
„საუბარი არ არის კონკრეტულ საკითხზე, არამედ – მიზანმიმართულ პოლიტიკურ ინსინუაციებზე, რომლებიც დღემდე გრძელდება. ოპოზიციამ ამოწურა ყველა რესურსი ქვეყნის შიგნით. მათ ამომრჩეველშიც კი ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ და ახლა მავნებლობაზე არიან გადასულები. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს მიაღწიეს დასავლეთიდან ზეწოლით, მაინც აგრძელებენ ამ ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას.
საზოგადოებამ უნდა დაინახოს, ვინ რას წარმოადგენს. ვხედავთ, რომ მათ დაკავებაზე ხალხის რეაქცია პრაქტიკულად არ არსებობს და არც არავინ თვლის, რომ ისინი პოლიტიკურად დევნილები არიან. ისინი არ სცემენ პატივს არც კანონს, არც ქვეყანას და არც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. შესაბამისად, მიიღებენ კანონით განსაზღვრულ პასუხს. რეალურად, მათ მხოლოდ ერთი ბერკეტი დარჩათ – პატრონების წინაშე თავის მოწონება, მაგრამ ესეც მალე ამოიწურება,“ – აღნიშნავს ქადაგიძე.
რაც შეეხება ზურაბიშვილის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებასა და შესაძლო უარის შემთხვევაში პასუხისმგებლობას, ქადაგიძის თქმით, არავის აქვს კანონის წინაშე იმუნიტეტი.
„ყველამ თანაბრად უნდა აგოს პასუხი საკუთარ შეცდომებზე და იმ მავნებლობაზე, რომელიც სახელმწიფოს მიმართ ჩაიდინა. თუ ზურაბიშვილი დაბარებული იქნება და არ გამოცხადდება, მასზე იგივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება, რაც დანარჩენ ოპოზიციონერ ლიდერებზე. ზურაბიშვილი არაფრით განსხვავდება სხვებისგან. თუ კანონი ერთია, ის ყველას ერთნაირად უნდა შეეხოს. კანონი და საქართველოს კონსტიტუცია არც სახელს და არც გვარს არ ითვალისწინებს. არც თანამდებობა ქმნის პრივილეგიას – ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ ექსპრემიერი. როცა კანონის მიხედვით ვალდებული ხარ პასუხი გასცე, პირიქით – შენს ინტერესშიც უნდა იყოს, რომ კანონი არ დაარღვიო“, – აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.
რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას არავინ დაიბარებს