პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პრემიის სახით 537 048 ლარი მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაზე დიდი ოდენობის პრემია 13 თვის განმავლობაში - 47 710 ლარი პროტოკოლის და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროს, ზურაბ დარჩიაშვილზე გასცა. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდზე IDF-ის გამოქვეყნებულ მასალაში.
გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე - 40 013 ლარი.
ბანძელაძეს პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი მოსდევს 38 940 ლარით, თუმცა მისი ვინაობა გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებული არ არის. მიხეილ სააკაშვილის შვიდ მრჩეველთაგან სამმა 13 თვის მანძილზე 17 400 ლარი, ერთმა 19 320, დანარჩენმა ორმა კი 2 000 და 4 000 ლარი მიიღო.
IDF–ის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია პრეზიდენტის სამდივნოს უფროსზე, 32 240 ლარის ოდენობით გაიცა. სულ, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე 537 048 ლარი დაიხარჯა.
თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისი პრესსამსახურის უფროსი 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იმავე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა აიღო პრემიის სახით, – იუწყება IDF.
საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ცნობით, ადმინისტრაციამ 2012 წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებზე სულ 3.040.723,48 ლარი დახარჯა. მაგალითად, პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მოსული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვას წლის მანძილზე 72 294,4 ლარი დასჭირდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციამ 712 301 ლარის ბენზინი და 68 289 ლარის დიზელი დახარჯა.
ამ ინფორმაციას უკვე მოჰყვა ფორუმზე შეფასებები. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილობს და 4 300 შიმშილითა და მოუვლელობითაა გარდაცვლილი, ამ დროს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიებზე ამდენ თანხას ხარჯავენ.
ისიც ირკვევა, რომ 11 თებერვლის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში დასაქმებულია 139 თანამშრომელი, შტატგარეშედ კი 5 თანამშრომელი მუშაობს.
ჩვენ დავინტერესდით, რა აუცილებლობას წარმოადგენს პრემიების გაცემა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი, ხშირად, სწორედ ამ მომჭირნეობით იწონებდა თავს. მით უფრო, როგორც ჩანდა, იგი, თითქოს, საკუთარი რეზიდენციის ჩაბნელებასაც შეგუებული იყო და დაცვისთვისაც ზედმეტი ფულის ხარჯვას არ აპირებდა და ელექტრომობილით გადადგილდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ, არაერთგზის დაპირებულ საპრეზიდენტო რეზიდენციების გაყიდვაზე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ადამიანის მომჭირნეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ნაშოვნ ფულს ხარჯავს იგი. როგორც წესი, საკუთარი შრომით მიღწეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მეტი სიფრთხილით ეკიდება ადამიანი, მაგრამ, როცა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ციდან ცვივა თანხები, მის მიმართ დამოკიდებულება არასერიოზულია.
„ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც ამის უნარი აქვს, რომ იყოს ხელგაშლილი, ოღონდ ხელგაშლილობას დადებითი ნიშანი მაშინ აქვს, როდესაც საკუთარ ნაშოვნს ანაწილებ. ხოლო, თუ სხვის ფულს აბნევ, ამას ჰქვია გაფლანგვა. ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის პრემიებზე გაღებული თანხები ამ სახსრების გაფლანგვაა“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ერთი კაცისთვის საქართველოში კომუნიზმი ყოფილა დამყარებული და ჩვენ ეს ვერ გაგვიგია.
რაც შეეხება ელექტრომობილზე ვითომც ფულის დაზოგვას, სოსო ცისკარიშვილი ინტერესდება, გვითხრას პრეზიდენტმა, თუ რა ღირს ეს ელექტრომობილი და ამის შემდეგ ვიანგარიშებთ, რამდენად მომჭირნე მეურნე კაცის მოსაპოვებელია ასეთი ფუფუნება. თუმცა, ექსპერტი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მეორადი გამოყენების ავტომობილებს ნამდვილად არ იყენებს სააკაშვილი. საერთოდაც, რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებს საჯაროდ, უფრო ნაკლებ საყვედურს დაიმსახურებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მისული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვაზე გაღებულ თანხებს, სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სტუმარიც არის და სტუმარიც. თუ ოფიციალურ დელეგაციებზეა საუბარი, ქართველები სტუმრის მიმართ გულუხვობით ნამდვილად გამოვირჩევით. ხოლო, თუ ექსკურსიებზე მისულ სტუმრებს უმასპინძლდება პრეზიდენტი, ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი „ბარამბოსთვის“ იქნება გამიზნული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პრემიებზე გაღებულმა თანხებმა ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს რუსული ანდაზა გაახსენა, „როცა გაძლევენ, - აიღე...“ იგი მიიჩნევს, რომ პრინციპი აქაც იგივეა.
„რას ვერჩით ბანძელაძეს? ქალბატონისთვის 40 ათასი ლარი ბრწყინვალე შემოსავალია ამ დაქცეულ ქვეყანაში. თუმცა იმავე მრჩევლებმა ისეთი რა ურჩიეს სააკაშვილს, რომ ნახევარ მილიონს აძლევდა? კარგი რჩევა რომ მიეცათ, დღეს სააკაშვილი ბრწყინვალე მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ სწორედ მისმა გარემოცვამ დაღუპა და ქვეყანაც უზარმაზარ ჩიხში შეაყვანინა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ ეს პრემიები წყალში გადაყრილია, რადგან პრეზიდენტის საქმიანობას მრჩევლების რჩევაზე დაფუძნებულის არაფერი ეტყობა.
მისივე თქმით, ძალიან სოლიდურად გამოიყურება ეს თანხები ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, როდესაც მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ხელფასიც კი არ აქვს. ჩვენი ჯანსაღი მუშახელის 73 %-ს არ აქვს ხელფასები და ეს დიდი დიფერენციაციაა ხალხის ფულთან შედარებით, რაც ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვაა. თორემ, პირადად, როგორც დემურ გიორხელიძე ამბობს ნათია ბანძელაძის ან პრეზიდენტის მრჩევლების მიმართ საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან ამ ადამიანებს აძლევდნენ და ისინიც იღებდნენ ამ თანხებს.
ამასთან, ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ მარტო ქართველი მრჩევლების მომსახურებით არ შემოიფარგლებოდა პრეზიდენტი და საინტერესო ისიც იქნება, უცხოელ მრჩეველებს რა თანხები აქვთ მიღებული, რომლის შედეგიც ჩვენი ქვეყნისთვის ნულის ტოლია.
„ჩვენ შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ, რომ ეს თანხები ხალხის ფულის არაეფექტური ხარჯვაა. თორემ, პრეზიდენტს და მის მრჩევლებს მაღალი ხელფასები რომ უნდა ჰქონდეთ, ეს სადავო არაა. უბრალოდ, მათი საქმიანობა რეალური შედეგით და ქართველი ხალხის ანაზღაურების გათვალისწინებით უნდა იყოს განსაზღვრული. ასეთი საშინელი კატასტროფული დისპროპორცია, როცა ზოგიერთს 300-400 ლარი ენატრება თვეში და პრეზიდენტის ირგვლივ ასეთი მაღალანაზღაურებადი თანამდებობებია, რა თქმა უნდა, სოციალურ უსამართლობას იწვევს“, - აცხადებს ექსპერტი.
აქვე პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მისული სტუმრების კვების მომსახურებისთვის გაღებულ თანხებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს 72 ათასი ლარი დაახლოებით 20 ან 30 კაცის ოპერაციას დააფინანსებდა და ათჯერ უფრო უკეთესი ეფექტი ექნებოდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე ზედმეტი ხარჯების წინააღმდეგია და რეგულარი დანამატის გაცემას არასწორად მიიჩნევს. მისი აზრით, პრემიის გაცემის ფორმა არასწორია. ამდენად, იგი იწონებს ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას პრემიების შეზღუდვით გაცემასთან დაკავშირებით.
„არ შეიძლება, ყოველთვიურად მიიღოს ადამიანმა პრემია. ასეთ შემთხვევაში, ორი ვარიანტია, ან რაღაც ექსტრაორდინარულ დავალებებს გაძლევენ გამუდმებით და თანაც, ამ დავალებებს ასრულებ, ან ექსტრაორდინარულ სიტუაციაში მუშაობ. თუ ასეა, მაშინ დაგეგმარება არასწორია და რაღაც არაჩვეულებრივი დავალებები გაიცემა. ზოგადად, პრემია უნდა გენიჭებოდეს რაღაც დამსახურებისთვის. დამსახურება კი ისაა, როცა სამუშაოს ზედმეტად, უფრო მაღალი ხარისხით ასრულებ“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
აქვე იგი ინტერესდება, ამისთანა რა გააკეთეს ამ ადამიანებმა, თუმცა ეჭვობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაღებული პრემიები ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა გაღიზიანება ვერ დაფარა, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრემიებით დავინტერესდით. მან გვირჩია, გაგვეანალიზებინა, ძველი ხელისუფლება უფრო დიდ პრემიებს გასცემდა თუ ახალი?! ამასთან გვთხოვა, უფრო საშინაო ან საგარეო პოლიტიკის შესახებ გვეკითხა მისთვის რჩევები, თუნდაც ეკონომიკის ირგვლივ ჩავძიებოდით, რადგან „პრემიებით გართობა“ დროის ხარჯვა იყო.
როცა ვკითხეთ, მრჩევლებისთვის გაღებული 47 ათასზე მეტი თანხა რამდენად მიზნობრივი იყო, დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ არამიზნობრივი ხარჯი ისაა, როცა საერთოდ არ ფორმდება, როცა აკრძალულია ასეთი ხარჯი და ამის გამო ადამიანს პასუხისგებაშიც აძლევენ.
„თუ პრემიების დონე ვიღაცას აშფოთებს, ეს გასაგებია, იდავეთ ამაზე, რამდენიც გნებავთ. გაიგეთ, ეს პრემიაა და არა ქრთამი. თქვენ გგონიათ, თქვენთვის კომენტარების გაცემის მეტი სხვა საქმე აღარ მაქვს ცხოვრებაში?! აი, ქრთამის შესახებ თუ გაიგებთ რამეს, თქვენთან ერთად მეც აღვშფოთდები. გასაგებია, ვიღაცას ეს პრემიები აღიზიანებს, ვიღაცას არ აღიზიანებს. რა ვქნათ?“
ჩვენ შევახსენეთ დავით დარჩიაშვილს, რომ ადმინისტრაციისთვის გაღებული პრემიები მით უფრო გაუგებარია, როცა პრეზიდენტი გამუდმებით თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს, თუმცა დავით დარჩიაშვილი სხვაგვარად ფიქრობს.
„უბრალოდ, ჩემი მოგვარეა ზურა დარჩიაშვილი და შეიძლება ისიც ჩაწეროთ, ბიძაშვილიაო, მაგრამ მინახავს, თუ როგორ მუშაობს იგი. მე რომ ვიყო პრეზიდენტის ადგილზე ან თუნდაც ივანიშვილის აპარატში რომ მუშაობდეს იგი, დარწმუნებული ვარ, აავსებდნენ პრემიებით პროფესიონალური მუშაობის გამო“.
შესაბამისობაში მოდიოდა თუ არა ამხელა თანხის გაღება პრემიებისთვის საქართველოს მოსახლეობის ანაზღაურებასთან, ამის საპასუხოდ დარჩიაშვილი დაინტერესდა, „თქვენ სოციალისტი ბრძანდებით?"
თუმცა ჩვენგან პასუხად მიიღო, რომ „მე ჟურნალისტი ვარ“. ამის შემდეგ იკითხა, „მაინტერესებს, რა იდეოლოგიის მიმდევარი ხართ-სოციალისტური, კომუნისტური იდეოლოგიის?“
როცა ვუპასუხეთ, რომ აქ სოციალიზმი არაფერ შუაშია და ხალხის ინტერესებია მთავარი, მან აღნიშნა: „სოციალისტურ-კომუნისტური იდეოლოგიით, პრემიებზე თანხების გაღება საშინელებაა და დაუშვებელია, მთელი ფული უნდა რიგდებოდეს ადამიანებზე. თუმცა, ამის შემდეგ სოციალისტური სისტემები უბრალოდ ინგრევა ხოლმე. ნორმალურ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში კი პროფესიონალ მოხელეებს მაღალი ხელფასები და პრემიები აქვთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ მექრთამეობას ებრძოლონ. თორემ შევარდნაძის დროს მინისტების ხელფასები ასი ლარი იყო. როგორ გგონიათ, იმავე ზურა დარჩიაშვილთან მიმართებით უარესად ცხოვრობდნენ თუ უკეთესად? დარწმუნებული ვარ, უკეთ ცხოვრობდნენ“.
ჩვენ ნათია ბანძელაძესთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობდა.