სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა – კი!.. (ნაწილი პირველი)

სხვისი მისაბაძი რა მჭირს, თვარა – კი!.. (ნაწილი პირველი)

"რუსთაველის დამსახურება ისაა, რომ მან უკვდავი ფორმით გამოხატა დიადი ხალხის სული" (ედმონ ჟალუ)

მესამე ათასწლეულში საქართველო ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად შევიდა როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა. არსებითად, პირველად გვეძლევა საშუალება, რომ დამოუკიდებელი სახით წარვდგეთ განვითარებული მსოფლიოს წინაშე, წარმოვაჩინოთ ჩვენი ისტორია და კულტურა. ამავე დროს მოგვეცა საშუალება სრულფასოვნად დავეუფლოთ მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურს.

მაგრამ ამ ღირებულებათა ურთიერთგაზიარების ნაცვლად, რასაც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ჩვენს შესახებ არსებული ინფორმაციული სიმწირეც, ,,კულტურათა დიალოგი“ მონოლოგს დაემსგავსა. უცხოური კულტურის ,,მკვდარი მიმბაძველობით“ ეროვნული ფასეულობების ჩანაცვლებამ თანდათან მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენი უძველესი კულტურის არა ერთ არსებით მხარეს არათუ უცხოელთათვის, თავად ჩვენთვისაც თანდათან დავიწყებას ვაძლევთ.

ამიტომ თუ ჩემში აუცილებელ მოთხოვნილებად იქცა თავს უფლება მივცე გამოვთქვა თვალსაზრისი, დღეს ქართული სახელმწიფოებრიობისათვის თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან ქართული კულტურის მწვერვალის, რუსთაველის მსოფლმხედველობრივ დამოკიდებულებას, თქვენი მოვალეობაა განმსაჯოთ ამისათვის.

რა არის ევროპა ჩვენთვის?!

მოგეხსენებათ, სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს მოქალაქეობრიობა, მოქალაქეობრიობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. ამდენად, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება არის პირველი და აუცილებელი პირობა დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ მიგვაჩნია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა მრავალასპექტიანი პროცესია. იგი ითხოვს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრიობის იმ მოდელის შექმნას, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იქნება დაფუძნებული, როგორც საკუთარი პოლიტიკური კულტურის განვითარების შედეგი. საამისოდ კი აუცილებელია როგორც ჩვენი, ისე მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების ახლო და უძველესი ისტორიული წარსულის არა ერთი არსებითი მხარის შესწავლა და გამოვლენა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს კვლავაც XI-XII საუკუნეები იწვევს და ეს არც არის შემთხვევითი. შუა საუკუნეთა ქართველობამ ხომ ყველაზე დიდი და შესანიშნავი სიტყვა სწორედ დროის ამ მანძილზე სთქვა. საქართველოს ისტორიისათვის ეს არის მრავალმხრივ ისტორიულ წინააღმდეგობათა და საპირისპირო შეხედულებათა გამოვლენისა და შეჯახების პერიოდი. მან ბიძგი მისცა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძღვრებების აღმოცენებას, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო მაშინდელი საქართველოსთვის. ისეთი მონაპოვრების ისტორიის შესწავლა, როგორიცაა პარლამენტის იდეა, პიროვნების თავისუფლება, სინდისისა და აზროვნების თავისუფლება და სხვა ყველა დროის აქტუალურ თემად რჩება.

დემოკრატია არ არის ისეთი ფენომენი, რაც ერთხელ დამკვიდრებული, შემდგომში თავისით არსებობს და საკუთარ საფუძვლებს ასაზრდოებს, დემოკრატია ვერ იარსებებს მასზე და მის პრაქტიკებზე მუდმივი მსჯელობის გარეშე არა მარტო ახლადდემოკრატიზებად საზოგადოებებში, არამედ თვით დამკვიდრებული ლიბერალური დემოკრატიის შუაგულშიც. ამას მოწმობს ის, რომ დემოკრატიის არსის გააზრებას და მისი თეორიების განახლებას მუდმივად უბრუნდებიან დასავლეთის ყველაზე ღრმა თეორეტიკოსები და ფილოსოფოსები. თანამედროვე ეტაპზე ცალკეულ ერთა პოლიტიკური კულტურის (ფესვების) შესწავლა ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დემოკრატიზაციის პროცესთა ანალიზისას, რამდენადაც საქმე ეხება დემოკრატიისათვის აუცილებელ, საჭირო კულტურულ წინამძღვართა ძიებას, რაც შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ფაქტორად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გეზის ახსნაში. დღევანდელ ვითარებაში ასეთი ცოდნა მით უფრო ღირებულია ჩვენთვის, ქართველთათვის, რამდენადაც საზოგადოება აქტიურ ინტერესს იჩენს ქვეყნის მომავლისა და პოლიტიკურ-სოციალური განვითარების პერსპექტივებისადმი, ამიტომაც თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებას ბევრი რამ შეუძლია აითვისოს და შეისწავლოს არა მარტო სხვათა გამოცდილებიდან, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი ისტორიული წარსულიდან.

XV-XVIII საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის გარემოცულ ციხეებად გადაქცევამ, ქართული კულტურის განკერძოებულმა მდგომარეობამ, ხოლო XIX საუკუნეში სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ, საქართველო მოწყვიტა დროის მდინარებას, ჩამოაშორა მსოფლიო კულტურის ცენტრს და გამოიწვია ის იგნორაცია, რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც ვამჩნევთ ჩვენდამი დამოკიდებულებაში. ეს კი დაახლოებით ასე აღიქმება: ... საქართველოს სურს ევროპის ნაწილი იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. საქართველო შუა აღმოსავლეთს ეკუთვნის. ევროპისა და დასავლური ცნობიერების ნაწილი ის დიდხანს ვერ გახდება, მისთვის ეს არარეალურია. ეს აზრი, ზოგჯერ პირდაპირ ნათქვამი, ასახვას ჰპოვებს იმ მენტორულ ტონშიც, რომელსაც ,,ჩვენმა უფროსმა ევროპელმა ძმებმა“ შეგვაჩვიეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენს "ევროპელობას“ უფრო მეტი კონკრეტული განმარტება სჭირდება.         

დღეს მასზე მსჯელობა, პირადად აუცილებლად მიმაჩნია სხვადასხვა მიზეზთა გამო:

1. ჩვენს ევროპელობასთან დაკავშირებით უცხოელების ერთგვარ ირონიულ დამოკიდებულებაზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად ჩვენთვისაც მრავალი რამ გაუგებარი და ბუნდოვანია. როდესაც ევროპული ოჯახის წევრობაზე, ქართულ და დასავლურ ცივილიზაციების მსგავსებაზე ვლაპარაკობთ, ამის დასადასტურებლად ვეყრდნობით მოსაზრებას, რომ ორივე ანტიკური კულტურისა და ბიბლიის ფესვებზეა აღმოცენებული, მაგრამ არის კი ეს საკმარისი მტკიცებულება?

2. რუსთაველს კი ვაღიარებთ ჩვენი კულტურის მწვერვალად, მაგრამ ვისთვის, ან რისთვის დაიწერა "ვეფხისტყაოსანი,“ ამის შესახებ, გარწმუნებთ, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა იცოდეს. სანამ ქართველ კაცს და არა მხოლოდ ქართველს, პოემა რუსთაველისა და თამარის მიჯნურობის ნაყოფად მიაჩნია, ყოველთვის იქნება ილუზორული წარმოდგენები ჩვენსავე ისტორიაზე და კულტურაზე.

ამ პრობლემებს გაუცნობიერებლად შეიძლება დღესაც არ მივანიჭოთ მნიშვნელობა, მაგრამ საკითხი კარგა ხანია სულ სხვაგვარად დგას. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ამავე უნივერსიტეტის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ყოფილი დირექტორის სემუელ ჰანთინგტონის მტკიცებით: „თუ კლასობრივ და იდეოლოგიურ კონფლიქტებში არსებითი იყო საკითხი „ვის მხარეზე ხარ?“ ადამიანს შეეძლო აერჩია, ვის მხარეს იქნებოდა, ასევე შეეცვალა ერთხელ არჩეული პოზიცია. ცივილიზაციათა კონფლიქტში კი საკითხი სხვაგვარად დგას: „ვინ ხარ შენ?“ საქმე ეხება იმას, რაც მოცემულია და ცვლილებას არ ექვემდებარება“.

დიახ, კარგა ხანია უკვე იდეოლოგიის „რკინის ფარდა’’ შეცვალა კულტურის „ხავერდის ფარდამ,“ როგორც ძირითადმა სადემარკაციო ხაზმა. როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად ღერძად რჩება და მომავალში კვლავაც იქნება ურთიერთობა დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ერთი გარემოების აღნიშვნაც, რომელიც კულტურის საკითხების კვლევის აქტუალობასა და მის წინაშე მდგომ ამოცანათა სირთულეზე მეტყველებს. უკვე არავის უკვირს, რომ წმინდა აკადემიური კულტუროლოგიური ნაშრომები პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება ხოლმე. როგორც არაერთგზის აღნიშნულა თვით მეცნიერთა შორისაც დღეს კულტურა, მისი „დაუფლების“ პრეტენზიით თუ „შენარჩუნების“ წადილით ომია და ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას თავს ვერავინ აარიდებს.            

ქვეყნის ურთულესი და უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება დღენიადაგ შეგვახსენებს რომ, მართალია, ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, მაგრამ დეტერმინირებულ სამყაროში, კაცობრიობის ისტორიის არანაკლებ სასტიკ პერიოდში. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები ითხოვს უკეთ გავერკვეთ თუ რა ხელეწიფება პატარა სახელმწიფოს ძალღონეს და რა აღემატება. საჭიროა ქვეყნის სულიერ-პოლიტიკურ გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გააზრებით ღირებულებათა სისტემაში მოყვანა. შემდეგში სწორედ ამ გააზრებაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ გადავწყვეტთ ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს

მართალია, ჯერ კიდევ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებამ, დღის წესრიგიდან მოხსნა ისტორიული კამათი, რომელიც ათას წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა არის თუ არა საქართველო აზიის თუ ევროპის ნაწილი. მაგრამ გვანიჭებს კი ეს უფლებას, რომ რადგან მიგვიღეს ევროპულ ოჯახში, ამით ჩვენ „ევროპელები“ გავხდით. მაშ კიდევ რა გვიშლის ხელს? რა ბარიერი არსებობს რომ ე.წ. „ძმური ქვეყნების“ სრულუფლებიან წევრად ვიგრძნოთ თავი. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში, დროულია გავიხსენოთ, რომ არსებული შეხედულებით მმართველობის თანამედროვე დემოკრატიული ფორმა ისტორიულად ჩამოყალიბდა დასავლეთში და რომ ევროპის თანამეგობრობა ემყარება ევროპული კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის საერთო საფუძვლებს. ე.ი. მათგან განსხვავებული ცივილიზაციისადმი კუთვნილება როგორც ჩვენთვის, ისე ყველა დანარჩენისთვის შესაძლოა ის მთავარი მიზეზი იყოს, რომელიც დასავლური ქვეყნების თვალში საქართველოსაც აკუთვნებდნენ არადასავლურ იერს.

ეს ურთიერთობა პოლიტიკის სფეროში სხვა მნიშვნელობასაც რომ არ იძენდეს, ყურადღებას ნაკლებად მიიქცევდა, მაგრამ, აი რას წერს ამის შესახებ ს. ჰანთინგტონი: "სამყარო, სადაც ხდება ცივილიზაციათა შეტაკება, გარდაუვლად ორმაგი მორალის მქონე სამყაროა: ერთი გამოიყენება "ძმური ქვეყნების“ მიმართ, მეორე – ყველა დანარჩენისათვის“. მოგეხსენებათ, ეს კი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ეკონომიკურ რეგიონალიზმზე. როგორც მსოფლიოს უახლოესი დროის გამოცდილება მიგვანიშნებს, ეკონომიკური რეგიონალიზმი შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ცივილიზაციურ ერთიანობას ემყარება.

ახლა ისიც ვიკითხოთ როგორია ჩვენი ურთიერთობა მათდამი. დასავლეთთან დამოკიდებულებაში საქართველოს უკვე აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. ეს არის მცდელობა მიემხროს დასავლეთს და მიიღოს მისი ფასეულობანი და ინსტიტუტები. ზედაპირულ დონეზე ამის კეთებას საერთაშორისო ურთიერთობათა ენაზე, ჰქვია „მატარებლის კიბეზე შეხტომა“. არსებობს პასუხგაუცემელი კითხვაც – რა არის ევროპა ჩვენთვის, პოლიტიკური თავშესაფარი თუ ისტორიული ადგილი?! მაგრამ, ეს კითხვა ჩვენი საზოგადოების წინაშე დღეს არ დასმულა, მას დიდი ხანია სხვადასხვა თვალსაზრისებიდან განიხილავენ. კითხვას რომ არგუმენტირებულად უპასუხონ, ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულება ემყარება რელიგიურ სარწმუნოებრივ არგუმენტს. მის თანახმად, რადგან დასავლური სამყარო ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება ამდენად საქართველოც, როგორც ერთ-ერთი პირველი ევროპული ქრისტიანული ქვეყანა, მის ცივილიზაციას განეკუთვნება. მაგრამ, ეს რომ უფრო სასურველის რეალობად მიღების ცდუნებაა ჩანს იქიდანაც, რომ ამჟამადაც დასავლეთში გავრცელებული შეხედულებით: ისლამურ, კონფუციურ, იაპონურ, ინდუისტურ, ბუდისტურ და მართლმადიდებლურ კულტურაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ მართლმადიდებლურ კულტურაში თითქმის ვერ პოულობს გამოძახილს ისეთი დასავლური იდეები, როგორებიცაა ინდივიდუალიზმი, ლიბერალიზმი, კონსტიტუციონალიზმი, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფალი ბაზარი, ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან და ა.შ.

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად სწორია ასეთი წარმოდგენები სხვა ცივილიზაციებზე პასუხს თავად ს. ჰანთინგტონიც იძლევა: „დასავლეთს მოეთხოვება სხვა ცივილიზაციათა ფუნდამენტური რელიგიურ და ფილოსოფიურ საფუძვლების უფრო ღრმა გაგება, მან უნდა გაიგოს, როგორ წარმოუდგენიათ ამ ცივილიზაციათა წარმომადგენლებს საკუთარი ინტერესები“.

თუ დღევანდელ სამყაროს გადავავლებთ თვალს, ერთი რამ ცხადია: აუცილებელია "ცივილიზაციათა შეჯახებას“ ,,კულტურათა დიალოგი“ დაუპირისპირდეს.

დავიწყებული ,,ძველი ისტორია

ეს უწინარესად ქართული პოლიტიკური აზრის, ისევე როგორც მთლიანად პოლიტიკურ მოძღვრებათა სისტემის, ჯერ კიდევ სრულიად დაუდგენლობის და შეუსწავლელობის შედეგიცაა. მათზე დროდადრო კიდეც მსჯელობს საზოგადოება, მაგრამ ეს მსჯელობა ახლო წარსულის საკიითხების ახსნასა და სათანადო დასკვნების გამოტანას უფრო ეხება, ვიდრე ძველი და შორეული ისტორიისას. არადა, რიგ საკითხებში გარკვევის საჭიროება, რომლებიც თავისი მნიშვნელობით კარგა ხანია გასცდა წმინდა მეცნიერული კვლევის სფეროს და დიდ ცხოვრებისეულ მოვლენებში გადაიზარდა, მრავალი საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ისტორიისათვის ერთ-ერთი ასეთი კარდინალური საკითხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მკითხველი საზოგადოების გონებრივი ცხოვრების ცენტრში დგას რუსთაველი და მისი პოემაა. ვინაიდან, საზოგადოებრივ-კულტურული განვითარების ყოველ საფეხურს აუცილებლად გააჩნდა თავისი დამოკიდებულება პოემისადმი, სწორედ ამიტომაც „ვეფხისტყაოსანთან“ თვალსაჩინოდ დაკავშირებულია საკითხი ქართული კულტურის განვითარებისა და დონის შესახებ ქვეყნის ისტორიის ცალკეულ პერიოდებში. „ვეფხისტყაოსანი“ რომ საქართველოს უპირველესი ეროვნული განძია და მსოფლიო პოეზიის მწვერვალი ამას ჩვენი დროც ადასტურებს. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი“, როგორც ჰუმანიზმის, ზოგადსაკაცობრიო მაღალი ზნეობრივი იდეების ამსახველი გენიალური ნაწარმოები, საქართველოს სავიზიტო ბარათია თანამედროვე მსოფლიოში. ვისაც არა მარტო თვალით, არამედ გონებით აქვს წაკითხული რუსთაველის პოემა აღმოაჩენს 800 წლის ნაწარმოების თანამედროვე შესაძლებლობებს. თუმცა ისიც ცხადია, რომ მიუხედავად მკვლევართაგან ჩატარებული კოლოსალური სამუშაოებისა და სათანადოდ მიღებული შედეგებისა „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა არ შეიძლება დამთავრებულად ჩაითვალოს. ჯერჯერობით ბევრი რამ კვლავაც ბუნდოვანი რჩება, მთელ რიგ საკითხებში ჯერ კიდევ არაა მიღწეული სრული გარკვეულობა. შეიძლება დავასახელოთ მეცნიერთა გამოკვლევების გრძელი სია, სადაც საკმაოდ საფუძვლიანადაა დამუშავებული რუსთაველის შემოქმედების საკვანძო საკითხები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველ ახალ მკვლევარს თავისი ამოცანაც ხვდება ამ პოემაში და ეს არც არის გასაკვირი. დიდი მოაზროვნე და, კერძოდ, დიდი პოეტი თითქმის ყოველთვის მრავალპლანიანია, სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება მისი დანახვა, სხვადასხვა პოზიციიდან შეიძლება მისი წაკითხვა. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ რუსთაველის პოემის მრავალმნიშვნელობიდან მისი კიდევ ერთი საყურადღებო ასპექტი: „ვეფხისტყაოსანი“, როგორც პირველწყარო შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზროვნებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბრძოლების წარმოჩენისთვის.        

როგორც ცნობილია, რუსთაველის ეპოქა დიდი მნიშვნელობის სოციალურ-პოლიტიკური დუღილის ხანა იყო. ნაწილობრივ ეს იმითაც ჩანს, რომ ამ პერიოდის მემატიანენი იმის ნაცვლად, რომ უფრო გარკვევით გვესაუბრებოდნენ თავიანთ დროზე, რიტორიკული მჭევრმეტყველებით, კიდევ უფრო ბუნდოვანსა და გაურკვეველს ხდიან სათქმელს. ვინ იცის, იქნებ ესეც ერთგვარი დიპლომატიური ხერხი იყო, რათა ნაკლებ გამჟღავნებულიყო სინამდვილე. არადა, ეპოქიდან მათ მიერ თვალისმომჭრელად გაშუქებული გვრჩება მხოლოდ საქართველოს საგარეო წარმატებანი. ამ შემთხვევაში გაუგებარია თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დასუსტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ოდესღაც ძლიერი და აყვავებული საქართველო უეცრად განადგურებამდე მიიყვანა. Gგანა დიდი დრო აშორებს ბასიანის გამარჯვებას (1202 წ.) მონღოლთაგან დევნილი ჯალალედინისაგან 1225 წელს გარნისთან ჩვენს დამარცხებას? ცოტა უფრო ადრე ეს სიმწარე პირველად ხომ მონღოლთა მეწინავე 20-ათასიანმა რაზმმა გვაგემა. თუ ლაშა გიორგის 90 ათასიანი ლაშქრის დამარცხებას, ხოლო შემდეგ, მის მიერვე კალკასთან რუსთა და ყივჩაყთა გაერთიანებული მხედრობის განადგურებას, ზოგადად, „მონღოლთა ფენომენით“ ხსნიან, ალბათ, დღესაც გამოუკვლეველია ლტოლვილი ჯალალედინისაგან წინა აზიის უპირველესი ქვეყნის დამორჩილება. აი ეს ყველაფერი-სიდიადე და დაცემა, ბრწყინვალება და სიძაბუნე, ერთსა და იმავე დროს ღონეს აძლევდა ჩვენი ხალხის ახალ წამოწყებათა მძლავრ იმპულსს და, ასევე ბოჭავდა მის სამოქმედო ენერგიას. ცდებოდნენ კი ჩვენი მემატიანენი ქართული სინამდვილის ახსნისას? გვვაქვს კი უფრო მართებული საფუძველი XII საუკუნის საქართველოს არ შევხედოთ თამარ მეფის მემატიანის პოზიციით, თუ გვინდა მისი ისტორიული ახსნა?

როცა ასეთ პრობლემებზე ვფიქრობთ, შეუძლებელია კიდევ ერთმა გარემოებამ არ გაგვაოცოს: გადავიკითხოთ თამარის თანამედროვე ან უშუალოდ მომდევნო ისტორიკოსების ნაწერები, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის ქრონიკები, ჟამთააღმწერლის მატიანე, ჩვენ იქ ერთ სიტყვასაც ვერ ვიპოვით შოთა რუსთაველისა და „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ეს მაშინ როცა XII-XIII საუკუნეთა ისტორიკოსები შოთა რუსთაველზე ბევრად ნაკლებმნიშვნელოვან მწერლებს ასახელებენ. ამას, უნდა ვიფიქროთ, ჰქონდა თავისი სოციალურ-კლასობრივი და პირადი ხასიათის მიზეზები. შოთა რუსთაველის თანამედროვე თამარის ისტორიკოსთა ვინაობა, მართალია, კვლავ ბნელით მოსილი რჩება, მაგრამ მათზე, ისევე როგორც დიდი საისტორიო კრებულის სხვა ავტორთა მედასეობის შესახებ, ვფიქრობთ, მეტი გარკვეულობით შეიძლება საუბარი.

ცნობილია, რომ „ქართლის ცხოვრება“, რომელიც „ყოველი საქართველოს“, „სრულიად საქართველოს“ თანმიმდევრული მქადაგებელია, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში იქმნებოდა. ის არა მარტო მეფეთა წასაკითხი წიგნი იყო, რომ ქვეყნის მართვა შესძლებოდათ, არა მარტო მათი შედგენილია, ვისაც ერთმეფობის განმტკიცება და ცენტრალიზაცია სურდა, არამედ ეს იყო ამასთან ერთად ქართული ფეოდალური ისტორიული აზროვნების გამომხატველი წიგნი, რომელიც ადასტურებდა თავისი დროის დიდ პოლიტიკურ მოვლენებს. აქედან გამომდინარეობს „ქართლის ცხოვრების“ ცალმხრივობა. ამ დიდ საისტორიო კრებულში ვერ მოხვდებოდნენ იმ ავტორთა თხზულებები, რომლებიც სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგენი იყვნენ, ანდა არ ეთანხმებოდნენ მეფის პოლიტიკურ ხაზს. სწორედ ამიტომაა, რომ „ქართლის ცხოვრება“, როგორც „მეფეთა ისტორია“ ფარავს ბევრ საიდუმლოს, მეფის პოლიტიკური ხაზის მოწინააღმდეგე ბანაკიდან გამოსულ ავტორთა ნაშრომებს კი ჩვენამდე არ მოუღწევია. ამიტომაც, ცნობილი ფაქტების სისტემური ანალიზის გარდა, ვფიქრობ, საჭიროა თვით კარგად შესწავლილ წყაროებშიც შეუმჩნეველი ინფორმაციის გამოვლენა, გამოვლენა არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, არამედ გარკვეული, ისტორიული პროცესების ლოგიკური აღდგენით და, აგრეთვე, კონკრეტული რეკონსტრუქციით ისეთი მოვლენების, რომელთა ამსახველი ფაქტობრივი მასალა არ გაგვაჩნია, ან ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც, როცა მასალები დუმს, უნდა ვიხელმძღვანელოთ აზროვნების ისტორიის ნიადაგზე გამოტანილი დასკვნებით.

ყოველ ეპოქას თავისი ისტორია შეეფერება, ყოველი დრო თავისი სინამდვილით თავისთავად კარნახობდა და აშუქებდა წარსულს. ამდენად, ყველა ეპოქაში დამოკიდებულება ისტორიისადმი ტენდენციურია და ნაკლებად სარწმუნო. სინამდვილე, რომელიც თავისთავადი იყო შთანთქმულია წარსულის მიერ და იგი ისტორიულ წიგნებში სრულად არ აისახება. წარსულისაგან არ რჩება ისტორიკოსების მიერ შექმნილი სრული სურათი, ამიტომ საისტორიო მეცნიერება ვერ დაკმაყოფილდება მარტოოდენ მატიანეთა განქექვით, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყოველივე პოლიტიკას უკავშირდება. მაშინ გამოდის, რომ რადგან პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს როგორც სწორი და არასწორი, როგორც რეალური და არარეალური, ასევე ფასდება ისტორიაც. და ამით ენიჭება მას მნიშვნელობა, რადგან პოლიტიკის მიღმა ობიექტური სისწორე კი არ დგას, არამედ - ძლიერება, ეს განსაზღვრავს პოლიტიკასაც. პოლიტიკის ძლიერება კი - ისტორიის სისწორეს. აქედან გამომდინარე, ისტორიკოსის მიერ ობიექტური ისტორიის შექმნას მრავალი საფრთხე და ცდუნება უდგას წინ. მართალია, იგი მოწოდებულია სინამდვილის გამოსახატავად, მაგრამ რეალურად მას უფრო გარკვეული წრეებისა და მთავრობების ინტერესების დამცველად იყენებდნენ. ამაში მდგომარეობს კლიოს მუზის ბუნება, მისი ძალა და სისუსტე. დასასრულს, დავსძენთ იმასაც, რომ არაობიექტური ისტორიის შექმნაში უაღრესად დიდ როლს ასრულებს ისტორიკოსის ფანტაზიაც, გამონაგონებით შეთხზული ამბები. ამიტომ ათასჯერ მომხდარი ისტორიული ფაქტი (ომები, სახელმწიფო გადატრიალებანი) ყოველმა ახალმა თაობამ თავიდანვე უნდა გააცნობიეროს, იქნება კი ამისათვის საკმარისი მარტოოდენ ოფიციალური წერილობითი ისტორია? ალბათ, არა.

ასეთ შემთხვევაში საზოგადოებაში ისტორიული ცოდნა უფრო მეტად მდიდრდება არაოფიციალური, ოპოზიციური ფორმით. მაგრამ, რა ვუყოთ რომ თამარის ეპოქის საქართველოდან არც მეფის მოწინააღმდეგე დასის ისტორიკოსთა შრომები გვაქვს შემორჩენილი! ასეთ შემთხვევაში თუ მოიძებნება გამოსავალი?

„ამბობენ ათინაში ერთი კერპი მდგარა თურმე ოდესღაც. იგი არც არას ამბობდა, არც თუ რამეს ასწავლიდა, არამედ წამუყოფდა, ანიშნებდა მხოლოდ. ასეთი დიდი მანიშნებელია ჩვენთვის რუსთაველიც” (კ. გამსახურდია).

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლიტერატურას ყველაზე მეტი შეხების წერტილები აქვს ისტორიასთან. მხატვრული სიტყვის ძალას, არცთუ იშვიათად, შესწევს უნარი დაჩრდილოს მშრალი ისტორია. დიდი მწერლის გამონაგონი უკეთ გადმოგვცემს ხოლმე გარდასულ ეპოქათა სუნთქვას. ცხადია, რამდენადაც მნიშვნელოვანია მხატვრული ნაწარმოები, იმდენად უფრო ღრმად არის მასში განჭვრეტილი სამყაროს საიდუმლოება.

საისტორიო ჟანრის ნაწარმოებები, იქნება ეს ისტორიული რომანი, პოემა თუ დრამა, უპირველესად თვით ისტორიკოსებისათვის მრავალ საყურადღებო დეტალს შეიცავს. ამიტომ, ბუნებრივია, მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზი საინტერესო უნდა იყოს.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ისტორიის მკვლევართათვის ლიტერატურული ნაწარმოები პირველწყარო? როგორც პროფ. ბისკი შენიშნავს, შეიძლება ვილაპარაკოთ ამ მნიშვნელობის სამ შემთხვევაზე: მხატვრული ნაწარმოები როგორც წყარო კულტურის ისტორიისათვის, წყარო საზოგადოებრივი ზნე-ჩვეულებისა და ხასიათის შესახებ და ბოლოს, წყარო ისტორიულ-საზოგადოებრივი აზროვნებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბრძოლისა. ამ თვალსაზრისით, შუა საუკუნეების ქართული პოლიტიკური აზრის შესასწავლად მრავალმხრივ მნიშვნელოვან წყაროდ გვესახება რუსთაველის პოემა. „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ცხოვრების ამსახველი ეპოსია, ან, როგორც ნ. ურბნელი შენიშნავდა, ის არის "ხელოვნური მატიანე, ლექსად მოთხრობილი ვრცელი ისტორია ჩვენის ოქროს საუკუნისა". რთულია, დასკვნების გაკეთება, როცა საქმე საზოგადოების პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიის გადმოცემას ეხება მისი ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. საკმარისია ერთი ფაქტიც კი მივიჩნიოთ „წვრილმან“ „არადჩასაგდებ“ შემთხვევად და უკვე წყდება ის ძაფი, რომელიც ყველას და ყველაფერს აერთიანებს. შედეგად გვრჩება აუხსნელი ფაქტების გროვა, ან კიდევ, უფრო უარეს შემთხვევაში, მათი ხელოვნური კავშირები.

პოემის მიზანდასახული შინაარსობრივი შედარება თამარის დროინდელ საისტორიო ნაშრომებთან, როგორც ამას გვიჩვენებს საკითხის შესწავლის ისტორიაც, ყოველთვის გარკვეულ ეფექტს ქმნიდა, ერთბაშად „მოუგერიებელ შთაბეჭდილებას” ახდენდა. პირველ ყოვლისა წინ დგებიან ცალკეული ადამიანები იქიდან (პოემა) და აქედან (ისტორია), ერთმანეთისაგან განსხვავებულნი, მაგრამ თავიანთი „ბიოგრაფიული“ დეტალებით თითქოს იგივენი.

„ვეფხისტყაოსნის“ შედარებამ ქართულ საისტორიო ძეგლებთან, გულდასმითმა შესწავლამ პოემისა და ისტორიული ძეგლების ურთიერთდამმთხვევი ადგილებისა, უეჭველი გახადა, რომ როგორც პოემის ავტორს, ისე „ქართლის ცხოვრების“ ავტორებს (თამარის ისტორიკოსები) თავიანთი ქმნილებების ქარგად XII საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება გაუხდიათ.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ ბაგრატიონმა, ხოლო შემდეგ მ. ბროსემ, ნ. მარმა, მ. ჯანაშვილმა, პ. ინგოროყვამ, ვ. დონდუამ, ა.კიკვიძემ, კ. გრიგოლიამ, ი. აბულაძემ, ივ. ლოლაშვილმა და სხვა მკვლევრებმა დაიწყეს მსჯელობა და შესაბამისად კვლევა-ძიება შოთა რუსთაველის ე.წ. არმოღწეულ თხზულებებზე, „ვეფხისტყაოსნისა“ და „ქართლის ცხოვრების“ ურთიერთ-დამოკიდებულებაზე, ძირითადად ავტორთა ვინაობის გარკვევაზე და არა ძირითად იდეაზე.

ასეთმა დაკვირვებამ არაერთი მკვლევარი მიიყვანა იმ მცდარ დასკვნამდე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ გატარებულია „ქართლის ცხოვრების“ ძირითადი იდეა. საკითხისადმი საზოგადოდ ქართველი ისტორიკოსების დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს ნ. ბერძენიშვილის სიტყვებიც: „განა ამ დროს უგანათლებულესი საზოგადო მოღვაწე, ვთქვათ რომელიმე ეფრემ მცირე, სარგის თმოგველი ან, თუ გნებავთ, შოთა რუსთაველი პრინციპულად სხვა რიგ „ქართლის ცხოვრებას“ დაწერდა? (აკი შესაძლებლად თვლიან და ამ გაგებით სრულიად სამართლიანად, - რომ შოთა რუსთაველი თამარის ეპოქის ერთ-ერთი ისტორიკოსია...)“.

მაგრამ, საკითხავია იქნებოდა კი „ვეფხისტყაოსანი“ გენიალური ქმნილება რომ ის ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიით შეზღუდულიყო?

მიუხედავად სხვა თვალსაზრისებისა, რომელიც იყო და დღესაც არის, კვლავ საკამათოდ რჩება ის, რასაც არისტოტელე პოეტური ეპოსის გამო ბრძანებდა:

„... პოეზია უფრო ფილოსოფიურია და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ისტორია“. რა თქმა უნდა, არც ის იყო შემთხვევითი ამბავი რუსთაველი პროლოგში რომ საგანგებოდ განმარტავს მოტივს, რამაც აიძულა თავისი დიდი პოეტური ძეგლის შექმნა დაეწყო ეპოსის მეშვეობით, როგორც სიბრძნის დარგით. ეს კი მათ გასაგონად იყო ნათქვამი, ვინც პოეტის საქმეს უყურებდა, როგორც გართობას.

თუ თავისთავად ისტორიული მოვლენები „მკვდარი საკუჭნაოებია“, მათ ცოცხალ „აყვავებულ ბაღად“ მხოლოდ ადამიანის სულის ფანტაზიის ძალა გადააქცევს. ეს კი მხოლოდ დიდ ხელოვანთ ხელეწიფებათ. სწორედ ასეთი ლიტერატორი ემსგავსება ადამიანთა მოდგმის მკურნალს, რომელიც კაცობრიობის დიდ საჭიანჭველოს მნიშვნელობას აძლევს და ღრმად, პოეტურად ადიდებს სიცოცხლის გრძნობას იმითაც, რაც ყოველივე უმნიშვნელოდ, გამოუსადეგრად, არაწმინდად, უარყოფითად იყო მიჩნეული მისი თანადროულობის მიერ. იგი იღებს ცნობებს მხოლოდ დიდ საქმეთა და გმირულ სულთა შესახებ. ასეთი ქმნილებები კი წარმოადგენენ მთელ ისტორიას, რომლის მიზანდასახული დასაბუთებაც გამომდინარეობს ადამიანის ძალებიდან.

XII ს-ის საქართველოს ისტორიული სინამდვილის სურათის სრული აღდგენისათვის აუცილებლად უნდა გარღვეულიყო მანკიერი წრე ისტორიის წერისა, როცა ყველაფერი „ქართლის ცხოვრებით“ იწყებოდა და მთავრდებოდა. საჭირო იყო ეპოქალური სიდიადის ადამიანი, ვისაც ექნებოდა ფანტაზია სინამდვილის ჭეშმარიტების წვდომისა, რათა წინ აღდგომოდა დროის ყოვლისშემძლეობას, თავი დაეღწია მოვლენათა მოზღვავებისაგან, რომელიც შთანთქმით ემუქრებოდა, ებრძოლა უმთავრესის უკვდავსაყოფად, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სინამდვილის ნაწილს ჩასჭიდებოდნენ, მოკლებულნი იყვნენ პოეტურობას და ნებით თუ სხვისი კარნახით მას მეტისმეტად ვიწრო მოთხოვნებს უყენებდნენ. მაგრამ რა გზებით შეიძლებოდა თქმულიყო სიმართლე სინამდვილის შესახებ, ოფიციალური იდეოლოგია ხომ მას აუცილებლად აკრძალავდა. საამისოდ რჩებოდა ეზოპეს ენა, რის საშუალებითაც ყველა დროის დიდი მოაზროვნე თავის ეპოქას ელაპარაკებოდა.

რუსთველოლოგიაში არაერთგზის ყოფილა აღნიშნული ის გარემოება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ თავიდან ბოლომდე გრანდიოზულ ალეგორიას წარმოადგენს, რომლის მსგავსი თავისი მასშტაბებით ძალზე იშვიათი მოვლენაა ხელოვნების ისტორიაში. თვით ისეთი მკვლევრებიც კი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით „ვეფხისტყაოსანში“ ალეგორიის ელემენტებს ვერ ამჩნევენ, იძულებული არიან ანგარიში გაუწიონ იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რუსთაველმა ყველასთვის გასაგებ ენაზე დაწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები, ხასიათის ორპლანიანობა, ქვეტექსტურობა მაინც საერთოდ დამახასიათებელია პოემისათვის. როგორც მკვლევართ შეუნიშნავთ, ადამიანთა ურთიერთობის ნიუანსია „ვეფხისტყაოსანში“ ხშირად ნახსენები „ჭრელად ლაპარაკი“. იგი ორჭოფულად ლაპარაკს ნიშნავს, ცარიელი სიტყვებით შენიღბულ სიცრუეს. „მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად“ - მიმართავს ავთანდილი შერმადინს. „ჭრელად“ ელაპარაკება თინათინი ავთანდილს, ავთანდილი - როსტევანს, როსტევანი ავთანდილს და თვით ტარიელი ფარსადანს. ე.ი. „ჭრელად ლაპარაკი“ სასახლის ენაა, რომლის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება.

ამდენად, გასარკვევია: XII-XIII სს-ის საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციის პირობებში, რა უნდა ყოფილიყო აკრძალული, რომ სამეფო კარის ოფიციალურ მეისტორიეთ და მეხოტბეთ გვერდი აევლოთ, ხოლო მის მთქმელს კი სრული აკრძალვის პირობებში უსათუოდ დასჭირდებოდა „ჭრელად ლაპარაკი“.

ცხადია, როდესაც საქმე გვაქვს ისტორიის რომელიმე საკითხის შესწავლასთან „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, რასაკვირველია, პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ პოემა, როგორც მხატვრული ნაწარმოები, შეიცავს ცხოვრებისეულ მოვლენებს ავტორის წარმოსახვაში. ჩვენი მიზანია განვიხილოთ სწორედ ეს ნიშანდობლივი მოვლენები, რომელთაც გარკვეული გავლენა მოახდინეს თვით პოემის შექმნის იდეაზე. ამისთვის, ერთი მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ის ისტორიული ცნობები და შეუმჩნეველი ინფორმაცია, რომელიც შემონახულია „ქართლის ცხოვრებაში“, მეორე მხრივ, ეპოქის საერთო მაჯისცემა და, რა თქმა უნდა, საკუთრივ პოემა შექმნილი დიდი მოაზროვნის მიერ, რომელსაც ერთადერთს შეეძლო მხატვრული სიტყვით გადმოეცა მძვინვარე ეპოქის დუღილი.

მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი? რა თქმა უნდა, არა, ვინაიდან საკმაო არაა „ვეფხისტყაოსნის“ მარტოოდენ როგორც პოემის კვლევა. საჭიროა ამასთან ფეოდალურ საზოგადოებაში მისი ადგილის გარკვევაც. საჭიროა ამავე საზოგადოებაში არსებულ წოდებათა წარმოშობისა და თავგადასავლის ბრძოლის შუქზე გარკვევა, საჭიროა ამ ფენათა საზოგადოებრივ ფუნქციათა ჩვენება ფეოდალური საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და ამის ფონზე იმის წარმოჩენა, თუ როგორ აისახა პოემაში სინამდვილე, როგორ იქნა შუა საუკუნეების მიერ ეს სინამდვილე გააზრებული. გაუგო თუ არა ეპოქამ მოაზროვნეს და თუ გაუგო - როგორ?

ძალაუფლების ანატომია XI-XII საუკუნეების საქართველოში

საქართველოს გაერთიანება რთულ პირობებში მიმდინარეობდა და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ამ საყოველთაო არევ-დარევაში სამეფო ხელისუფლება იყო დამცველი წესრიგისა უწესრიგობაში. ხელს უწყობდა ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებასა და ეკონომიკურ აღმავლობას. წარმოადგენდა მრისხანე იარაღს უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთი ქვეყნისათვის აუცილებელ საჭიროებად ითვლებოდა ეროვნული მასშტაბით აზროვნება, ყველაფერი ერთ რწმენას - ერთიან, ძლიერ, განუყოფელ საქართველოსთვის ბრძოლას დამორჩილებოდა, თუნდაც ეს მიზანი სასტიკსა და თვითნება, ოღონდ სამშობლოსთვის უღალატო და თავგანწირულ მეფეს განეხორციელებინა. ამ ჩანაფიქრის მიმდევრებისათვის გამქრალიყო პიროვნული ინტერესი, იგი დაეკავებინა სახელმწიფოებრივად აზროვნებას. ეს ერის მისია იყო და ამიტომ ცალკეული ადამიანები, რარიგ ნიჭიერნი და ინდივიდუალური თვისებებით ყოფილიყვნენ დაჯილდოვებულნი, ამ ამოცანის განხორციელებას უნდა დამორჩილებოდნენ. აი, რა აზრით არ შეიძლება საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი მეფეები, მიუხედავად მათი სისასტიკისა, მივიჩნიოთ ტირანებად.

ეს, რა თქმა უნდა, გიორგი I-საც ეხება, რომელზეც როგორც ისტორიული რომანის "დიდოსტატის მარჯვენას" ერთ-ერთი პერსონაჟის ირგვლივ მსჯელობა თვით დიდი მწერლის სიცოცხლეში დაიწყო და დღესაც გრძელდება. ამითაც ჩანს, თუ რა პრინციპულ მნიშვნელობას იძენს ამ პრობლემის სწორად გადაჭრა. კ. გამსახურდიას განზრახვა თავის უკეთეს გრძნობებსა და განზრახვებში შებორკილი და შეურაცხყოფილი ხელოვანის ტანჯვა, ისტორიული რომანის მიხედვით, საზოგადოებისათვის ყურადღების უმთავრეს საგნად ქცეულიყო, მხოლოდ იმიტომ ვერ განხორციელდა, რომ გიორგი I-ის საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პირობები და ბოლოს, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები გამორიცხავდა დესპოტიზმზე დამყარებულ მმართველობას, ანუ ტირანიას. ე.ი. ისეთ ვითარებას, როცა ხელისუფლის ნება-სურვილი ქვეშევრდომთათვის იძულებით თავსმოხვეული იქნებოდა.

ტირანობა მარტოოდენ ადამიანის ხასიათით არ არის განპირობებული. აქ ჩვენ ისტორიიდან არაერთ მაგალითს ვხედავთ ამ პოზიციის ნათელსაყოფად, რადგან ყოველ გმირს დრო და ვითარება ქმნის, ასეთსავე გარემოებაზეა დამოკიდებული ტირანიის წარმოშობაც. სწორედ დრომ და ვითარებამ უნდა მისცეს კაცს უსაზღვრო ძალაუფლება, რომ საშუალება ჰქონდეს თვითნებობისა და ძალადობაზე დამყარებული ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა.

აი, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო ტირანია. მაგრამ, არა იმ სახელმწიფოში, სადაც პიროვნულად თვით მეფეც არ იყო თავისუფალი. გიორგი I დროისგან დაღდასმული თავის ქვეშევრდომთა მსაგავსად არანაკლებ ტრაგიკული პიროვნება იყო.

კოსტანტინე გამსახურდიას რომანში გამოყვანილი გიორგი I “ერის წყლულთა” მკლავმოუღლელ მკურნალად გვევლინება. მეფე განასახიერებს საერთო ძალისხმევას ქვეყნისას მთელი თავისი სიძლიერით და სისასტიკით. ასეთ პირობებში მეფისადმი მორჩილებაზე თანხმობას, თვით გულამაყი დიდი ხელოვანი არსაკიძეც აცხადებს და ჩვენს წარმოდგენაში ამიტომაც გიორგი I არათუ უტოლდება, აღემატება კიდეც სვეტიცხოვლის შემოქმედს.

XI საუკუნის დასაწყისის საქართველოში არსაკიძის სურვილი ხელოვნების თავისუფლებისათვის, განა იგივე არ იქნებოდა სულერთი რომ ყოფილიყო გიორგი I – თვის სვეტიცხოველს ბერძენი ოსტატები აღაშენებდნენ თუ ქართველები. სწორედ XI საუკუნემ – ქართული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ხანამ შექმნა შუა საუკუნეთა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ტაძრები.

ბაგრატი, სვეტიცხოველი, გელათი, ალავერდი, სამთავისი.... მტკიცე, ერთიანი, განუყოფელი საქართველოსთვის ბრძოლის შენაძენია.

სწორედ ამიტომ არ შემცდარან რეცენზენტები და მათთან ერთად მკითხველიც, როცა მეფე გიორგი როგორც წიგნში, ისე ამ ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმშიც გაცილებით მეტი სისრულით აღიქვეს და სხვა გმირთა შორის მეტი სიყვარულით შეიყვარეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ მხნე და სასტიკ მეფეებს გაერთიანებისათვის მებრძოლთ თვით ეკლესიის მსახურნიც უჭერდნენ ხოლმე მხარს და ეხმარებოდნენ ხან საქმით, ხან კიდევ სულიერი გავლენით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული ეროვნული თვითშეგნება და საქართველოს სამეფოს გაერთიანება იდეოლოგიურად ქართულმა ეკლესიამ მოამზადა. მაგრამ, იმავე გაერთიანებისათვის ბრძოლაში თვით ეკლესიას ჰქონდა საკუთარი თვალსაზრისი ე.წ. ცეზარო – პაპიზმის იდეები, რაც შესანიშნავად გამჟღავნდა გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”. ამ კონცეფციის მიხედვით, ქვეყნიერი მეფე და ყველა კაცი ეკლესიას უნდა დაემორჩილოს. ეკლესია თავის თავზე აღიარებს მხოლოდ ქრისტეს ხელმწიფობას.

საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში ეკლესია მთლიანი ფრონტით არ გამოსულა მეფის მხარეზე. მისი გარკვეული ნაწილი მეფის მოწინააღმდეგე აზნაურთა მხარეზეც იბრძოდა. ასეთ სიტუაციაში თვით ეკლესიის დაქვემდებარებისათვის ბრძოლა წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლების იმ საერთო ბრძოლის ნაწილს, რომელიც მიმართული იყო დიდგვარიანი ფეოდალების წინააღმდეგ.

ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში ქართველი მეფეების შემდგომმა წარმატებებმა და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სახელოვანმა გამარჯვებებმა საშუალება მისცა ცენტრალური ხელისუფლების მომხრე, მოწინავე ძალებს და მათ შორის „ქართლის ცხოვრების“ ავტორებს ძირეული ცვლილებები შეეტანათ სამეფო კარის იდეოლოგიაშიც. შემუშავდა ე.წ. „ღმრთისმიერობის“ თეორია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მეფის, როგორც ბელადის შეგნებულ იდეალიზაციას. მისთვის ზეციური ძლიერებისა და უცოდველობის თვისების მინიჭებას. ამ შეხედულებით თუკი მეფე ღმრთისმიერი და ღმერთის სწორია, თავისთავად ცხადია, რომ მისი არც ტახტზე ასვლა და არც ტახტიდან ჩამოგდება ფეოდალთა ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული; უფრო მეტიც, მეფის ნება-სურვილი იგივე ღმრთის ნება-სურვილია, ამიტომ, ყველა მისი ქვეშევდომი, და მათ შორის, დიდი ფეოდალებიც, მეფეს უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და ყველა მის სურვილს ასრულებდეს. ნათქვამიდან ცხადია, რომ მეფის ხელისუფლების ღმრთისმიერობის თეორიის უშუალო მიზეზი რეაქციის დამარცხება და მეფის ხელისუფლების /ე.ი. სახელმწიფოს/ გაძლიერებაა. მაგრამ, ამასთანავე ამ ტენდენციამ ქვეყნის ძლიერების ზრდასთან ერთად შესაბამის დროსა და პირობებში მიიღო უკიდურესი ხასიათიც. ეს შემჩნეული აქვს ივ. ჯავახიშვილს: „რაკი საქართველოს მეფეები და მათი თანამოაზრენი ასეთ შეხედულებას მისდევდნენ, ცხადია მეფეები თავიანთ თავს სრულ თვითმპყრობელებად ჩათვლიდნენ და კეისრობის ძლიერების მოხვეჭასაც მოინდომებდნენ“. შემდეგში სწორედ ასეც მოხდა.

ჯერ კიდევ XVIII ს-ში ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი შარლ ლუი მონტესკიე იკვლევდა იმ პირობებს, რომლებიც ხელს უწყობენ და იწვევენ მმართველობის ამა თუ იმ ფორმის ჯერ განმტკიცებას, შემდეგ გადაგვარებას და ბოლოს დაცემას. დესპოტიას მონტესკიე თვლის მმართველობის ცალკე, დამოუკიდებელ ფორმად. მისი მტკიცებით: "არსებობს სამი სახე მმართველობისა – რესპუბლიკური, მონარქისტული და დესპოტური", "რესპუბლიკური მმართველობა - წერს იგი - არის ის, რომელშიც ერთი მართავს, მაგრამ მყარი დადგენილი კანონებით, მონარქიულ სახელმწიფოში ყველაფერს აკეთებს და განსაზღვრავს კანონთა ძალა, ხოლო დესპოტურ სახელმწიფოში - მართავს ერთი, უკანონო თავისი ნებითა და წადილით და ყველაფერს განსაზღვრავს ხელმწიფის მუდამ შემართული ხელი. ამის შესახებ მონტესკიეს თანამედროვე ვოლტერი, ხოლო შემდეგ კარლ მარქსიც საყვედურობდნენ, რომ მისი კლასიფიკაცია ხელოვნურია, ვინაიდან მონარქია და დესპოტია ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ტყუპებიო. საქართველოს XI-XII საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრება, ვფიქრობთ, მონტესკიეს თვალსაზრისის დასასაბუთებლად სწორედაც რომ სასურველ ნიმუშს წარმოადგენს.

საქართველოს გაერთიანებისა და წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცევის შემდგომ, ქვეყანაში მმართველობის ფორმა განმტკიცების შემდეგ თანდათან იწყებს გადაგვარებას. გიორგი III-ის მეფობის წლებში შეიქმნა პირობები სახელმწიფოში პოლიტიკური წყობის დესპოტიად გადაქცევისა. თუ ბაგრატ III-ის, გიორგი I-ის, ბაგრატ IV-ისა და დავით აღმაშენებლის საქართველოში, ქვეყნის ერთიანობისათვის მებრძოლი პიროვნებისათვის მამოძრავებელი იმპულსია პატივი, გიორგი III-ის სამეფოში მას დესპოტიის შიში თრგუნავს.