,,ჩაშვების’‘ ინსტიტუტი ყოფილი მაღალჩინოსნის პირადი სკანდალური წერილები

,,ჩაშვების’‘ ინსტიტუტი ყოფილი მაღალჩინოსნის პირადი სკანდალური წერილები

რა კომპრომატებს აწვდიდნენ ერთმანეთს სამართალდამცავები და ნაციონალების კოორდინატორები მათთვის მიუღებელი პირების შესახებ

სკანდალური წერილები, კომპრომატების ძიება და ე.წ გაჩალიჩებები ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელ პირებზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ძალოვანი უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის პირად წერილებს აქვეყნებს. ჩრდილელის მტკიცებით, ეს არჩევნების წინ შედგენილი მონაცემებია, სადაც, სავარაუდოდ, სამართალდამცავები და ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ერთმანეთს ოპოზიციის მხარდამჭერთა შესახებ ინფორმაციას აწვდიან, იქვე ახსენებენ მაკომპრომეტირებელ ფაქტებს. დეპუტატი ირწმუნება, რომ სკანდალური წერილი მას ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

ოთარ ჩრდილელი: „ეს არის წერილები, რომელსაც ძალოვანი უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, თავის ზემდგომებს, ოპოზიციურად განწყობილ კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტულ ფაქტებს აწვდიდა, თავად ეს ადამიანი კი, ალბათ, აღნიშნულ ინფორმაციას ნაცმოძრაობის კოორდინატორებისა და მხარდამჭერებისგან აგროვებდა. წერილებში ნაცმოძრაობისთვის მიუღებელი პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციაა, აღწერილია მათი წარსული, ამჟამინდელი საქმიანობა... აღნიშნული წერილები წინასაარჩევნო პერიოდშია შედგენილი და წინა წლის მაისით თარიღდება’‘. ჩრდილელის მტკიცებით, სავარაუდოდ, ძალოვანი უწყების თანამშრომლები აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარი საქმიანობისთვის იყენებდნენ. წერილებში საუბარია კოდური სიტყვებით, რა და როგორ უნდა „გაეჩალიჩებინათ“ ამ ადამიანებისთვის, ზიანის მისაყენებლად. „სწორედ მსგავსი ინფორმაციების შეგროვების შემდეგ აშანტაჟებდნენ ნაცმოძრაობისთვის მიუღებელ პირებს. წერილებში საუბარია კოდური სიტყვებით. მაგალითად „შეიძლება გავუჩალიჩოთ „ტბა“, „წყალკანალი“... ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ეს ტერმონილოგია, თუმცა ცხადია, რომ ამ სიტყვებით ერთმანეთს უთანხმებდნენ, როგორ მიეყენებინათ ზიანი ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის“. წერილებში საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ დეპუტატ გია ცაგარეიშვილზეც. თავად ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცხო არ არის, მასა და მის მეგობრებზე ან ოჯახის წევრებზე ინფორმაციას რომ აგროვებდნენ და ამის შესახებ არაერთხელ სმენია: „ნამდვილად არ მიკვირს, რომ ვინმე ჩემზე ან ჩემს ახლობლებზე ინფორმაციას აგროვებდა. ადამიანი, ვისთან ერთადაც წერილებში ვარ ნახსენები, ნამდვილად არ მახსენდება. აქციებზე და კარვებში ბევრი პიროვნება დადიოდა. არ არის გამორიცხული, ვინმე შემოგზავნილი ყოფილიყო. ბევრჯერ გამიგია, რომ ჩემზე ინფორმაცია გროვდებოდა, თუმცა ამას არასოდეს შეუშინებივარ. მე ვიცი ნაციონალების მეთოდები, როგორ მოქმედებდნენ ისინი, როგორ აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ ხალხს... ეს მათი სახეა და ამაში გასაკვირი არაფერია“. წერილში ნახსენებია ასევე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი ბიძა. „ნამდვილად არ ვიცოდი, თუკი მსგავს წერილებში ბიძაჩემის გვარიც ფიგურირებდა, თუმცა ეს გასაკვირი არც არის’‘, _ აცხადებს ხუნდაძე. ოთარ ჩრდილელი კი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული წერილებით გამოძიება დაინტერესდეს. მისი აზრით, ,,ნამდვილად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სხვის ცხოვრებაში ერეოდა“.