სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სადისკუსიო დარბაზის შექმნის შესახებ (წერილი მეორე)

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სადისკუსიო დარბაზის შექმნის შესახებ (წერილი მეორე)

იმისათვის, რათა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სადისკუსიო დარბაზმა ღირსეულად დაიწყოს ფუნქციონირება და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პროცესში აღასრულოს ის უდიდესი მისია, რომელთან მიმართებაშიც ჩემი წინა წერილის გარშემო წამოჭრილ დისკუსიაში ჩვენ ყველამ ერთად ჩამოვიყალიბეთ ერთობლივი პოზიცია, ჩემის აზრით, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ სამ უმნიშვნელოვანეს კითხვას გავცეთ კვალიფიციური პასუხი: რას განიხილავს? ვინ განიხილავს? როგორ განიხილავს?

რას განიხილავს?

გამომდინარე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სადისკუსიო დარბაზის დანიშნულებიდან, ბუნებრივია, განსახილველი მასალა უნდა იყოს იმ სპეციფიკისა, რასაც მთლიანობაში გულისხმობს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ურთულესი პროცესი – ანუ განსახილველი მასალა, თეორია უნდა იყოს:

საზოგადოების სახელმწიფოებრივი არსებობისა და ფუნქციონირების ერთიანი სურათის მქონე, რომელიც მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით კონცეპტუალურ საფუძვლად მოემსახურებოდა საზოგადოების ზნეობრივ, სამართლებრივ და სოციალურ მოწყობას.

თავად განსაზღვრება "საზოგადოების სახელმწიფოებრივი არსებობისა და ფუნქციონირების ერთიანი მსოფლმხედველობრივი სურათი" გვიყენებს იმ უზარმაზარ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადისკუსიო დარბაზის წინაშე ამა თუ იმ ავტორის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ესა თუ ის ვარიანტი.

ამიტომ, სანამ ინებებდეს სადისკუსიო დარბაზი ნებისმიერი ვარიანტის ქვეყნის წინაშე  საჯარო განილვას, ჩემის ღრმა რწმენით, გარდაუვალად აუცილებელია გაეცნოს იგი განსახილველად შემოსულ ვარიანტს და კოლეგიალურად მიიღებს რა გადაწყვეტილებას მისი შესაბამისობის შესახებ, მიანიჭოს მას "სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონცეპტუალური საფუძვლების განსახილველი ვარიანტის" სტატუსი.

უკვე ამგვარი სტატუსის მინიჭება უნდა აღნიშნავდეს შეთავაზებული თეორიის ღირსებას, რაც, ფაქტობრივად, ტოლფასია უაღრესად გაჭირვებული ქართული საზოგადოებისათვის სადისკუსიო დარბაზის მიერ მორიგი მაშველი რგოლის გადაგდების მცდელობისა.

ბუნებრივია, ამა თუ იმ თეორიისათვის "საჯაროდ განსახილველი ვარიანტის" სტატუსის მინიჭება გულისხმობს დარბაზის წევრთა მიერ მის წინდაწინ გაცნობას, რათა დარბაზს მიეცეს შესაბამისი დადგენილების გამოტანის შესაძლებლობა.

ნებისმიერი ნაშრომის გაცნობა, დარბაზის წინაშე წარდგენა და მისი თანხმობის მოპოვება, ჩემის აზრით, უნდა მოხდეს სულ ნაკლები, ორი რეცენზენტის საშუალებით, რომლებიც საჯაროდ წარუდგენდნენ სადისკუსიო დარბაზს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონცეპტუალური საფუძვლების კონკრეტულ ვარიანტს საჯარო მსჯელობის საგნად.

სადისკუსიო დარბაზიც ასევე საჯაროდ გამოაქვეყნებდა თავის არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ თეორიისათვის "სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონცეპტუალური საფუძვლების საჯაროდ განსახილველი ვარიანტის" სტატუსის მინიჭების შესახებ.

ჩემი აზრით, სელექციის ამგვარი მექანიზმი ნამდვილად დაიცავდა საზოგადოებრივ აზრს ათასგვარი არასასურველი, ფუჭი და დემაგოგიური სპეკულიაციებისაგან, რის ტექნოლოგიებსაც, როგორც წესი, "ბრწყინვალედ" ფლობენ ჩვენს საზოგადოებაში "სხაპასხუპით ლაპარაკს დაუფლებული" ათასი ჯურის, ეშმაკმა უწყის სად განათლებამიღებული სასაცილოდ ერთ თარგზე მოჭრილი არსებები, რომლებმაც, მოგეხსენებათ, საკმაოდ გააჯერეს ქართული პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცე და დღემდე საკმაოდ მოხერხებულად ცდილობენ ჩასახვის ფაზაშივე ჩაახშონ ერის სულიერებიდან ამომდინარე ხმა.

ვინ უნდა განიხილოს?

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სადისკუსიო დარბაზს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ურთულესი პროცესის შესახებ დისკუსიის უნარი, რაც მისი თითოეული წევრის მიმართ აუცილებლად გარკვეული ხასიათის მოთხოვნებს უნდა გულისხმობდეს:

სადისკუსიო დარბაზის წევრი, ჩემი წარმოდგენით, აუცილებლად უნდა ფლობდეს ამა თუ იმ აზრისა თუ თეორიის შესახებ წერილობითი ფორმით საზოგადოების წინაშე თავისი არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის ხელოვნებას. სადისკუსიო დარბაზის წევრის მოღვაწეობა უნდა იყოს მაქსიმუმ, მეცნიერის, მინიმუმ, პუბლიცისტის მოღვაწეობა, რაც, მოგეხსენებათ, სცილდება რაიმე ნაშრომის შესახებ ექსკლუზიური კომენტირების გაკეთების ფორმატს და საკმაოდ შრომატევად საქმიანობას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სადისკუსიო დარბაზის წევრობა შეუძლია ყველა მსურველს მის მიერ მოთხოვნილებათა შესაბამისი დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამგვარი მიდგომა, ერთის მხრივ, საჯარო დისკუსიის მაღალ პროფესიონალიზმს განაპირობებს, რაც, ნამდვილად, მისასალმებელი რამ არის, მაგრამ, მეორეს მხრივ,  ჩვენი საზოგადოების ბევრ აქტიურ, ღრმად ინტელექტუალურ და დიდი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე წევრს უსპობს თავისი სამოქალაქო პოზიციის საჯაროდ გამოთქმის საშუალებას, რაც ყოვლად  დაუშვებელია.

გამოსავლად გთავაზობთ, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სადისკუსიო დარბაზთან პარალელურად ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სამოქალაქო დარბაზი, რომლის დანიშნულებაც იქნებოდა სადისკუსიო დარბაზის მოღვაწეობის, ერთის მხრივ, სამოქალაქო კრიტიკის ცხავში გატარება, ხოლო, მეორეს მხრივ, სადისკუსიო დარბაზისათვის ხელის შეწყობა მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობის აღსრულების პროცესში.

ამგვარი პოზიციონირების შემთხვევაში სამოქალაქო დარბაზს უჩნდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზების რესურსი სადისკუსიო დარბაზის მოღვაწეობისთვის ხელის შეწყობისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საზოგადოებაში დანერგვის მიზნით, რაც, პრინციპში, დამეთანხმებით, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის დამამთავრებელ აკორდს წარმოადგენს.

ანუ, სადისკუსიო დარბაზთან ერთად ჩამოყალიბებულიყო სამოქალაქო დარბაზი. ორივეს ერთობლიობაში შეედგინა "დიდი დარბაზი" ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოთი, რომლის მიზანიც იქნებოდა საგანმანათლებლო და სამოქალაქო მიმართულებების ერთ საგანმანათლებლო-სამოქალაქო მოძრაობად ორგანიზება სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული მასის ჩამოყალიბებისა და, საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის პროცესის დაწყების მიზნით.

როგორ უნდა განიხილოს?

მე აქ ყურადღება უნდა გავამახვილო ჩვენი ერის ერთ ყველაზე დიდ ტრაგიკულ შეცდომაზე, საიდანაც სათავეს იღებს ნებისმიერი უბედურება, რაც კი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, ქართველ ერს თავს გადაგვხდა.

ამ უბედურებას სათავე საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის დისიდენტური ნგრევის ეგზალტირებული პათოსიდან იღებს სათავეს და აგრესიად ამოინთქმება ადამიანისა და საზოგადოებს არსიდან. აგრესიას ნგრევისას, ალბათ, ჰქონდა გამართლება, მაგრამ როგორც კი იწყებ შენებას, უკვე უფლის სამფლობელოში გადადიხარ, სადაც ტაძარია, სადაც სიწმინდეებთან მიმართებაა.

თითოეული ჩვენთაგანისათვის ნაცნობია ტაძარში მოწიწებით ჩურჩული, ამიტომ სამშობლოსა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესთან მიმართებაში სულის იმ მდგომარეობას, რომელიც ადამიანს უნდა ეუფლებოდეს, როდესაც იგი საზოგადოებრივი საქმეების შესახებ საუბრობს, მე "ტაძარში მოწიწებული ჩურჩულის" მდგომარეობას დავარქმევდი.

ტაძარში მოწიწებული ჩურჩულის მდგომარეობა აგრესიას საერთოდ გამორიცხავს, მაგრამ, ამავე დროს, წმინდა ღირებულებებთან დამოკიდებულების პრინციპულობის გამძაფრებას გულისხმობს.

ტაძარში მოწიწებული ჩურჩულის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის წარმოუდგენელია მეორე ადამიანის მიერ აგრესიის ნებისმიერი ფორმით გამოჩენა, უკადრებელის კადრება – ქურდობა, მრუშობა, ცილის წამება, ზიზღი, გაუტანლობა, ეგოიზმი – ყოველივე ის სულიერი ნაგავი, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ასე დაუდევრად აბინძურებდა თავისივე სავალ გზას ამ ბოლო ოცდასამი წლის განმავლობაში.

ხოლო სამშობლო არის ტაძარი, მაკიაველის ფრთიანი ფრაზა, რომ ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაირქვა, კიდევ მთლიანად არ გამოხატავს საგნის არსს, რამეთუ სამშობლო არის ადამიანის კონკრეტული პასუხისმგებლობის ის ზონა, რომელთან მიმართებაში მსახურებითაც ის უფლის მიმართ მსახურების პროცესს აღასრულებს.

არ არის იმაზე მეტი იდეა ადამიანისათვის, ვიდრე უფლის მსახურებაა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის აღესრულება ჩვენი სამშობლოს წინაშე მსახურებით.

ჭეშმარიტად, ნეტარ არიან სამშობლოსათვის თავდადებულნი, ეს თითოეულ ჩვენთაგანზეა ნათქვამი, რამეთუ ჩვენ ვართ ის, ვისი საპატრონოც არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო.

თუ გვინდა, რომ შევქმნათ დარბაზი და დარბაისლები (დარბაზის წევრები) გავხდეთ, (პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ), მაშინ, კეთილიც ვინებოთ და ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ნაგვის არ დაყრისა, რამეთუ დარბაისლობა არ საკადრებელის არ კადრებაა.

ის, ვინც იქნება დარბაზის წევრი, უპირველესად უნდა იყოს ტაძარში ნაგვის დაყრის არ მკადრებელი, ხოლო შემდეგ, მეცნიერიც.

თუ ორივე დარბაზის მოღვაწეობა ამგვარად იქნება ზნეობრივად დაწმენდილი, მაშინ, ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ იქნება მთლად საყრდენგამოცლილი.

ვინ შეიძლება იყოს სადისკუსიო დარბაზის წევრი?

დარბაზის წევრი შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების ნებისმიერი წევრი, რომელიც თავისი მონაცემებითა და პოზიციით დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც დარბაზის წევრობა ავალებს ადამიანს.

დარბაზობა თავისი არსით არის კულტურა, რომელშიც საგანმანათლებლო ხაზი ქმნის სამოქალაქო ხაზსა და, პირიქით, სამოქალაქო ხაზი - საგანმანათლებლო ხაზს.

საზოგადოებრივ ურთიერთობათა მხოლოდ ამგვარი წესი არის შემძლე თავის თავში ცივილიზრბული სახელმწიფოებრიობის აღმოცენებისა.

თავად დარბაზის წევრთა მოღვაწეობის გვარობაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება ქართული საზოგადოების თვალში დარბაზის ავტორიტეტი.

დარბაზის წევრი თავისი სიტყვა-პასუხით, თავისი საქციელით არ შეიძლება მაგალითი არ იყოს ქართული საზოგადოებისათვის, რამაც, ჩემის აზრით, შედეგად დარბაზის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში ისეთი აზრი უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც აღარ მისცემს დარბაზის წევრებს  უფლებას, არ იყოს ისეთი, როგორიც მას ევალება, რომ იყოს.

ალბათ, დამეთანხმებით, ბატონებო, რომ ამგვარი მიდგომა გარდა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესახებ კოლეგიალური მსჯელობისა იმის შესახებ, თუ როგორ არის ამ უდიდესი მიზნის მიღწევა შესაძლებელი, გულისხმობს, აგრეთვე, ამ კოლეგიალური ნააზრევის კოლეგიალურად  ხორცშესხმის პროცესსაც, რაც წარმოადგენს კიდეც ჩვენი თაობის წინაშე მდგარი ამოცანის გადაჭრას.

ჩემი წარმოდგენით ჩვენ ამ პროცესს შეგვიძლია ვუწოდოთ სრულიად ქართველი ერის საზოგადოებრივი ურთიერთობების კრისტალიზაციის პროცესი, რომლის წარმატებით განვითარების პირობებშიც არის შესაძლებელი როგორც ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ისე ახალი სტანდარტის თანამედროვე ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის  ჩამოყალიბება.

შხვანაირად, ვფიქრობ, ჩვენ, ქართველ ერს ხვალინდელი დღის არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია!

კონკრეტული შეთავაზების შესახებ

ამიტომ, კონკრეტულად ვთავაზობ ჩვენს საზოგადოებას

ა) ჩამოვაყალიბოთ სადისკუსიო დარბაზი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესის მეცნიერული მსჯელობის საგნად ქცევის მიზნით.

ბ) ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო დარბაზი, რომლის საშუალებითაც შევძლებდით შეგვექმნა სადისკუსიო დარბაზის მოღვაწეობის გარშემო აქტიური სამოქალაქო გარემო.

გ) ამავე დროს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის კონცეპტუალური საფუძვლების საჯაროდ განსახილველი ვარიანტის სტატუსის მოპოვების ხარისხში ვთავაზობ იმ დარბაზს, რომელიც, პრინციპში, ყველა ნიშნის მიხედვით, უნდა შეიქმნას, ჩემს რომანს "ჯვარ-პატიოსანი", რომელიც შექმნილი მაქვს სპეციალურად ამ დანიშნულებით.

აღმაშენებელისა და თანამედროვე ეპოქათა ღვთაებრივი ანალოგია

სანამ დავიწყებდე რომანის ნაწყვეტების გარკვეული ლოგიკის მიხედვით თქვენთვის დემონსტრირებას, არ შემიძლია რამოდენიმწ სიტყვით არ მოგითხროთ იმ ფრიად საინტერესო და საკმაოდ ღრმა ანალოგიების შესახებ, რომლებმაც თავი იჩინეს დავით აღმაშენებლისა და ჩვენს ისტორიულ ეპოქათა შორის პარალელების გავლებისა და, შესაბამისი ანალიზის გაკეთების პირობებში.

მიუხედავად ამ ორი ისტორიული ეპოქის  ერთმანეთისაგან დაახლოებით ცხრაასი წლით დაშორებულობისა, თავისი ხასიათითა და შინაარსით ქართველი ხალხის წინაშე წამოჭრილი პრობლემატიკათა, მის საწყის სულიერ-სოციალურ მდგომარეობათა, გადასაჭრელ ამოცანათა ხასიათებსა და მოვლენათა განვითარების ლოგიკათა შორის არსებული ანალოგიები ადამიანის გონებას ანცვიფრებს.

ანალოგია კრიზისული მდგომარეობის თვალსაზრისით

ანალოგიურია კრიზისში ჩავარდნილი ქართველი ერის საწყისი მდგომარეობა:

მაშინაც, დაახლოებით ცხრა საუკუნის წინ ქართველი ერის მაშინდელი თაობა "დიდი თურქობის" სახელით ცნობილი, მსოფლიო რუკაზე გეოპოლიტიკური ბალანსის შენცვლელი გარეშე მტრული ძალის საშინელი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის, არამედ თავად ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ,

და ახლაც, ჩვენ, ქართველი ერის თანამედროვე თაობები, ასევე აშკარად უზარმაზარი, მსოფლიო რუკაზე გეოპოლიტიკური ბალანსის შემცვლელი გარეშე მტრული ძალის საშინელი დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდით, რამაც არა მხოლოდ თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის, არამედ თავად ჩვენი, ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის საკითხი დააყენა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ.

შესაბამისად, ანალოგიურია ამ ორი ეპოქის ქართველთა თაობების საწყისი სულიერი განწყობა – ასე მოულოდნელად თავს დამტყდარი საოცრად მზაკვარი, ულმობელი და დაუნდობელი უდიდესი გარეშე ძალის წინაშე უმწეობის განცდამ ნიჰილიზმით განმსჭვალა ქართველი ერის როგორც მაშინდელი, ისე დღევანდელი თაობების სულიერება, ერთნაირად დაამუნათა, ერთნაირად მუხლი დაუდუნა და ერთნაირად ხელი ჩამოაშვებინა.

მის სულს დაუფლებული საშინელი ნიჰილიზმის გამო ქართული საზოგადოება გახდა ბერწი თავისი თავის მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით, რაც მაშინაც, დავით აღმაშენებელის დროს, და ახლაც ქართულ სახელმწიფოებრიობას, როგორც ქართველი ერის მიერ თავისი თავის მოვლა-პატრონობის ერთადერთ ფორმატს, სრული მოსპობით დაემუქრა.

შესაბამისად, ანალოგიურია ამ ორი განსხვავებული ეპოქის ქართველთა წინაშე დასმული ამოცანაც – როგორმე გონს მოვიდნენ, მოიცენ თავში ძალა და სიბრძნე, რათა შიშითა და უიმედობით განთითოებულებმა კვლავ აღიდგინონ უფლის მიერ საზოგადოებისათვის ბოძებული ერთადერთი სიბრძნე, რომელიც საზოგადოების ერთობლივ მოღვაწეობას გულისხმობს, ჩამოიყალიბონ იგი ერთმანეთთან ურთიერთობის ყოველივე მათგანისათვის გასაგებ ენად, იქციონ იგი კოლექტიურად პრობლემის დასმის, ამ პრობლემის გადაჭრის შესახებ კოლექტიური მსჯელობის, გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღებისა და მიღებული გადაწყვეტილების კოლექტიურად აღსრულების კანონად, აღიარონ ეს კანონი ეროვნული მოღვაწეობის ერთადერთ საფუძვლად, რომელიც უფლის მიერ მართლმადიდებლობით არის ქართველი ერისთვის დადგენილი, და ასე - უფლის ნებით განმტკიცებულნი და დედა ეკლესიით ნაწინამძღვრებნი კვლავ შეკავშირდნენ, რათა მუხლებიდან წამოიზიდნონ, მტერსაც საკადრისი მიუზღან და მოყვარესაც და გადაარჩინონ ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორც ქართველი ერის მიერ თავისი თავის სრულფასოვანი მოვლა-პატრონობის ერთადერთი ფორმატი.

ანალოგია გადარჩენის შესაძლებლობის თვალსაზრისით

შესაბამისად, ანალოგიურია გადარჩენის შესაძლებლობა, გაჩენილი მაშინ, მეთერთმეტე საუკუნის მიწურულს ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე კაშკაშა ვარსკვლავის – შემდგომში უკვე დიდი დავით აღმაშენებლის, მაშინ კი თექვსმეტი წლის გამოუცდელი მეფის, ხოლო ოცდამეერთე საუკუნეში ბრწყინვალე მამულიშვილის – ბიძინა ივანიშვილის – გამოჩენით.

ძალიან გთხოვთ, პატივცემულო მკითხველო, აღმაშენებელთან ბატონი ბიძინას შედარებას გაუაზრებელ შეფასებად ნუ ჩამომართმევთ, რამეთუ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსაზრისით მოვლენათა განვითარების საწყის ეტაპზე ერთმაც და მეორემაც შეძლო ორი თავისი მნიშვნელობით ისტორიული პრეცედენტის შექმნა:

ა) ეროვნული კატასტროფა დროებით შეეკავებინა და ბ) მიეცა ქართველი ხალხისთვის შესაძლებლობა გონს მოსულიყო, რათა მოეხდინა სათანადო მობილიზება და უკვე გვარიანად შელახული ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძვლიანი განახლებისა და ფეხზე მყარად დადგომის უფლის მიერ ნაბოძები შანსი მაქსიმალურად გამოეყენებინა.

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პირველ ეტაპზე გველეშაპის მარწუხებიდან ქართველი ერის გამოგლეჯვისა და მისთვის განვითარებისათვის აუცილებელი საწყისი პირობების შექმნის თვალსაზრისით ამ ორი პიროვნების დამსახურება თავისი მნიშვნელობით ერთმანეთს არანაირად არ ჩამოუვარდება.

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ისტორიულ ეტაპთა ანალოგიის შესაძლებლობის შესახებ

საწყისი ეტაპის გავლის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო – თუ როგორ გამოიყენებს უფლის მიერ ნაბოძებ შესაძლებლობას ქართველი ერის როგორც დავითის დროის, ისევე ჩვენი დროის ქართველობა.

ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მეთერეთმეტე საუკუნის ქართველთა თაობამ სრულიად გამოიყენა ხსენებული შესაძლებლობა, გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, შრომისა და ბრძოლის უნარიანობა, და ძალთა უკიდურესი დაძაბვით შეძლო ერთი შეხედვით შეუძლებელი – არა თუ გადაიგდო ხსენებული გარეშე ძალის მიერ დადგმული უღელი, არამედ აღადგინა და მოძრაობაში მოიყვანა საოცრად მწყობრი, ტექნიკისა და განათლების ბოლო სიტყვაზე გაწყობილი სახელმწიფოებრივი მექანიზმი.

რას მოვიმარიფათებთ ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის ქართველთა თაობა, როგორ შევძლებთ უფლისგან ბოძებული შესაძლებლობის გამოყენებას და ჩვენი დიდი წინაპრების ნაღვაწთან ანალოგიას არც ამ ეტაპზე მოვიშლით – აი, ის დიდი ამოცანა, რომელიც, ჩემის აზრით,  დგას დღეს ჩვენი, ქართული საზოგადოების წინაშე.

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ამ დამაგვირგვინებელ ეტაპზე გამომდინარე მოვლენათა განვითარების ზოგადეროვნული მასშტაბებიდან ბატონ ბიძინას, როგორც დღევანდელი დღით ქართველი ხალხისთვის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის ბრძოლის სულის ჩამდგმელ ადამიანს, აქვს სრული შესაძლებლობა, გაიმეოროს დავით აღმაშენებელის დამსახურება, თუმცა ეს ეტაპი ახლა დაიწყო და მისი შედარება დიდ დავითთან ჯერ-ჯერობით არაფრით და არანაირად არ შეიძლება.

მაშ, ასე, ალბათ, დამეთანხმებით, ჩემო ძვირფასო მკითხველო, რომ დავითის ეპოქასთან ანალოგიის სისრულეში მოყვანამდე დარჩა ბოლო, მაგრამ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ეტაპი – ეტაპი უფლის მიერ ბოძებული შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენებისა და სრულფასოვანი, მძლავრი და თვითმყოფადი სახელმწიფოებრიობის აღშენებისა.

გიორგი ჭყონდიდელისა და უფლისწული დავითის საუბარი

– ახლა რაღა ვქნა, მეუფეო გიორგი, – მიმართა უფლისწულმა დავითმა, ჯერ კიდევ მეფედ არ ნაკურთხმა, თავის აღმზრდელს, როდესაც დარბაზის ერმა ჭყონდიდელის ბრძანებით  დარბაზი დატოვა, – რომ არა ვარ მზად   სახელმწიფოს მართვისათვის?!

გიორგი ჭყონდიდელმა დამამშვიდებლად გაუღიმა.

– თექვსმეტი წელი ამა დღისათვის გაფრთიანე, უფლისწულო, და აღზრდაც ჩემგან შენი არა ყოფილა სხვა, თუ არა აღზრდა მეფისა სრულიად საქართველოსი.

მაგრამ როდი დააცხრო და დააკმაყოფილა უფლისწული დავითი თავისი აღმზრდელის თუმცა აზრს არ მოკლებულმა, მაგრამ ზოგადმა სიტყვებმა.

–  შენზე უკეთ ვინ უწყის,  მეუფეო გიორგი, რომ არც კაცის წინაშე შიშს დაუჩაგრავს დღემდე ჩემი გული და არც ხვალინდელი დღის წინაშე პასუხისმგებლობას დაუფრთხია. პირიქით, ვფიქრობ, არ დაუშურებია ჩემთვის მაღალსა ღმერთსა ბოძება მრავალთა ტალანტთა, რამეთუ  გონებისა თვალიც მახვილ მაქვს და სივრცეც ვრცელ, მაგრამ... – გულზე ხელი მიიდო და თქმაში ტკივილმა უჭარბა, – მაგრამ წამალი ქვეყნისა, დღეს ასერიგად  დავრდომილისა და დაგდებულისა, რომ ხელთ არა მაქვს, ვით ვუმკურნალო?!  ქართველ კაცს დაჩლუნგებული ხმალისა პირი როგორ ავულესო და შვილდისა მოლაღებული ლარი როგორ დავუჭიმო?

გიორგი ჭყონდიდელმა, ნუგეშისცემის ნიშნად მისთვის ხელის ხელზე დამდებმა, არ მოიშალა ღიმილი სახეზე.

– არა ხრმალი იმარჯვებს კაცისა მტერთა ზედა, უფლისწულო, და არცა შვილდი, – უთხრა, – არამედ სული.

უფლისწულ დავითის სულს, ასერიგად მშფოთვარეს, აღმზრდელის სიტყვათ გაგონებაზე არანაირი შეღავათი არ მისცემია.

– განა სწორედ სულით დაცემის გამო არ არის, ხალხს მუხლი მუხლად რომ აქვს დღეს მოცელილი და  მკლავი მკლავად დადუნებული?! – მერე ხელები წინ გაიწოდა და უკიდურესი გულისტკივილით ამოადუღა სათქმელი. – შეშინებული როგორ განვაგულადო, მეუფეო გიორგი, და მხდალსა როგორ ჩავუდგა მკერდში მამაცი გული!

ჭყონდიდელმა მოხუცებულის სიბრძნითა და ვაჟკაცური სიმტკიცით გაუყარა ყმაწვილ უფლისწულს თვალი თვალში და:

– ღირსება მიეც! – სათქმელი ხაზგასმული მნიშვნელოვნებით გამოუკვეთა.

უფლისწულმა დავითმა სუნთქვა მოინაცვლა.

– როგორ, მეუფეო გიორგი? – სასოებით ჰკითხა.

– დაადგი ერში მცხოვრებ ყოველ მამაკაცს  უხილავი გვირგვინი მეფობისა საქართველოსი, ამეფე იგი თავის ქვეყანასა ზედა და აპატრონე!

უფლისწულმა დავითმა თითქოს გაიგო, თითქოს ვერა გაიგო რა ჭყონდიდელის მოულოდნელად ნათქვამისა.

– მერე და, გვირგვინოსანმა მეფემ რაღა აკეთოს? – ჰკითხა წარბშეჭმუნვით მცირეოდენად გაოცებულმა.

– მიეცი საქართველოს მოვლა–პატრონობის დიადი მაგალითი და წარუძეხ წინ!

უფლისწული დავითი, თავისი აღმზრდელისგან ნაქსოვი საფიქრალის ქსელში გახლართული, ჩაქრა, ჩაყუჩდა. კარგა ხანს ხმა–კრინტი აღარ გაუძრავს. თვალები მოეჭუტა და საგონებელში ჩავარდნილი ღონიერი თითებით სახეს იფშვნეტავდა.

ისევ გიორგი ჭყონდიდელმა განაგრძო:

– მონური სულია სახელმწიფოებრიობის პირველი მტერი, შვილო დავით, და ორგვარი მონა არსებობს მონათა სახელმწიფოში ყოველთვის –  ერთი დამმონებელი, მეორე დამონებული; იცოდე, არც ერთი არის ღვთისაგან და არც – მეორე, და ორნივე თავისი ხორცის მაამებლობა–გადარჩენის წყურვილით არიან შეპყრობილნი. ხვალინდელი დღე მონისა, მმსახურებლისა ხორცისა თვისისათვის, ლპობა და ხრწნაა თვისსავე ხორცსა შინა, ხოლო  სამშობლო... – ჭყონდიდელმა ხელი ზეასწია და ხმაში მოწოდების რიხი მოიცა – ხოლო სამშობლო, შვილო დავით,  მარადი ძეგლია თავისუფალი ერის უკვდავი სულისა, აგებული მისთვისვე სიცოცხლითა და სიკვდილით მომსახურე ერთგულ შვილთა მიერ. მხოლოდ შემოქმედება თავისუფალი ხალხისა, განმსჭვალულისა რწმენითა ღვთისა და მსახურებითა თვისისა ერისათვის, არის ულევი ძალა ქვეყანისა. მხოლოდ მას ძალუძს დღეს გაყრა თურქ–სელჯუკთა კიდეთაგან საქართველოისა! მხოლოდ მას ძალუძს მოხდენა სასწაულისა და აღადგენა და გაერთიანება შავ დღეში ჩავარდნილი და დაქუცმაცებული ქვეყნისა! და არა არის რა არსად ძალა მისი დამკავებელი. გინდა აღაშენო დიადი საქართველო? – აღაშენებინე იგი ქართველსა ხალხსა. აღაფრთოვანე იგი მაგალითით შენით და აღგაფრთოვანებს იგი საქციელით თვისით. აპატრონე იგი და უპატრონებ შენ; ამეფე იგი და იმეფებ შენ!  ჩაუდგი მას სული შენი, შემოიდგი შენ ტანი მისი, იერთსისხლხორცეთ სამშობლოსათვის  და იქნება საქართველო!

უფლისწულმა დავითმა, თავისი აღმზრდელის ანთებულებით სათანადოდ აღძრულმა, გამომშრალ ყელში ნერწყვი ძლივთ გადაიდინა. სახედაძაბულს ეტყობოდა ყოველმხრივ  ზომავდა ჭყონდიდელის მიერ გამოთქმულ აზრს, – იმის სიტყვებში საყრდენს ეძებდა.  ავაზასავით ფრთხილმა და ნახტომის წინ სუნთქვაშეკრულმა, ბოლოს, მიუხედავად უზარმაზარი პატივისცემისა, შუბებივით მიაბჯინა მართალი თვალებიდან გამოვარდნილი წვეტიანი მზერა მოხუცებულს და:

– განა ლამაზი სურვილებისთვის კაცი ვისმეს დაუძრახავს, მეუფეო გიორგი?! – ჰკითხა ჯიუტად.

იმას საგანის არსში ჩაძიებულობა სჭირდა  და თავისი ხასიათის სალტეებით  შეკრულს არა და  არ ძალუძდა ბოლომდე არა მდგარიყო თავისი ხედვის სადარაჯოზე. – იქნებ სხვათ უკეთესიცა სდომებიათ! – მერე ჯიუტივე მზერით აჰხედა ჭყონდიდელს მოძალებულ ფიქრთაგან მობურვილი თვალებიდან. – მაგრამ მითხარი, რა ბედენაა ლამაზი სურვილ–მიზანი, თუ თან არ ახლავს იმას აღსრულების სწორი წესი და კანონი!

– არის ასრეთი წესი და არის ასრეთი კანონი, მოქცეული საღვთო სჯულში, რომელსაც ძალუძს აღძრას და წარმართოს სამოქალაქო ცხოვრება ერისა, მოწოდებული საპატრონებლად თავისი თავისა თავისივე თავის მიერ, უფლისწულო. – ჭყონდიდელს შეპყრობილივით უციმციმებდა თვალები.

– რომელ წესსა და რომელ კანონს გულისხმობ, მეუფეო გიორგი?

– დიდ სამოქალაქო ზნეობრივ კანონს, უფლისწულო, არა ვისიმე კაცთაგანის, არამედ თავად უფლის მიერ შექმნილს და დადგენილს კაცთა ცხოვრებისათვის.

– დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი!.. – ფრიად იმტკიცა უფლისწულმა დავითმა. – საღვთო სჯული ხომ შენის მეცადინეობით საძირკვლადა მაქვს გულსა და გონებაში გადგმული, მეუფეო გიორგი, მაგრამ... – გაოცებული იყო და გაკვირვებას ვერა ჰფარავდა –  ეს ამგვარი რამ სიახლე ესე უცებ საიდანღა გაჩნდა. თოთო ბავშვივით  წუხელის ვისმე ხომ არ დაჰბადებია?

გიორგი ჭყონდიდელს აღმზრდელის უპირატესობით გაწყობილი სათნო ღიმილი დაეფინა მარხულობით დაწმენდილ სახეზე.

– არა, შვილო დავით, არა, – უთხრა, თან უარყოფის ნიშნად თავი განზე დინჯად გააქნ–გამოაქნია. –  არაფერი არ არის ისე ძველი ამ ცოდვილ დედამიწაზე, ვიდრე დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონი ქართველთა, როგორც წინაპართაგან გადმოსული ჩვენზე ცხოვრების წესი! – დროებისაგან გაცრეცილი და ყდამომცვდარი მომცრო  წიგნი  ამოაცურა ბერის კაბის ნაკეცებიდან და ყმაწვილ უფლისწულს, შეღერებულს თავისი გატანჯული ქვეყნის სამეფებლად, სასოებით გაუწოდა. – აჰა, შენ, შვილო დავით, რუდუნებითი შრომითა ჩემითა მოძიებული და ამოკრეფილი უძველესი ფოლიანტებიდან და ძალითა გონებისა ჩემისა შექმნილი და ჩამოყალიბებული! –  უთხრა და როცა იმან ჩამოართვა, შემდეგი სიტყვები ისეთი სულამოთქმით ამოუმარცვლა, თითქოს რაღაც ძალზედ დიდსა და მნიშვნელოვანს საიდუმლოს რასმე ეთხოვებოდა. – აჰა, შენ, შვილო დავით,  წმინდაი საიდუმლო ქართველი ერის უკვდავებისა!

უფლისწული დავითი, ატანილი აღმზრდელის სულის სიმხურვალეთი, მოწიწებით დაჰყურებდა თავის უშველებელ ტორებში მოქცეულ მომცრო წიგნს, როგორც საოცრებას რასმე.

– დიდი სამოქალაქო ზნეობრივი კანონის საფუძვლები. – წაიკითხა გარეკანზე წარწერილი წიგნის სათაური არათავისი, მთრთოლვარე და შეცბუნებული ხმით, როგორც ეს რაღაც გამოუცნობი და ძალზედ მნიშვნელოვანი საიდუმლოების წინაშე მდგომს შეეფერებოდა. მერე თავის აღმზრდელს მიაპყრო ორ დიდ დოლაბად ქცეული ორი ნათელი თვალი და გაოგნებულს სახეზე გაოცება ამოეჩეხა. – აქამდე რომ ამის შესახებ არა გითქვამს რა ჩემთვის, მეუფეო გიორგი?

– დღევანდელსა დღესა დაჰკრა ჟამმა შენმა, შვილო დავით! – ჭყონდიდელს ჭკვიან თვალთა წამწამებით შემოხაზული არე   ცრემლმა აუბრწყინა და ბაგენი ოდნავშესამჩნევი თრთოლვით აუთამაშდა. – დღევანდელსა დღესა ინება უფალმა გათენება დილისა  შენისა!

P.S.  ნება მომეცით თითოეულ სცენას დავურთო კომენტარი, რომლის დანიშნულებაც დავითის პერიოდის პრობლემატიკის ჩვენი დროის სინამდვილეში ადაპტირებაში მდგომარეობს.

რათა სიტყვა დიდად არ გამიგრძელდეს, მოყვანილი სცენის ანალიზს შემდგომი წერილისთვის დავიტოვებ, სადაც ჩამოვაყალიბებ ჩემს შეხედულებებს ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პირველსაწყისობრივი ფუძემდებლური პრინცპებისა და ტენდენციების შესახებ.

პატივცემულო საზოგადოებავ, უმორჩილესად ვთხოვთ, საჯაროდ განიხილოთ ჩემს მიერ შემოთავაზებული წინადადებები და იმ შემთხვევაში, თუ დაინახავთ მათში რაციონალურ მარცვალს, მაშინ, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, აღარ დაგვეკარგა დრო და გადავსულიყავით აქტიური კონსულტაციების რეჟიმში, რაც აუცილებელია საქმის რეალური ხორცშესხმისათვის.

ჩემი ელექტრონული მისამართი: jvarpatiosani@gmail.com