როგორც "ალიამ" შეიტყო, 23 მარტს, დღის პირველ საათზე "კინოს სახლში" მხედრიონელებისა და დოდო გუგეშაშვილის შეხვედრა შედგა. შეხვედრამდე მხედრიონელებს თურმე წინასწარ მისდიოდათ შეტყობინებები "ფეისბუქის" გვერდსა თუ მობილურზე. მათ ატყობინებდნენ, რომ იქმნებოდა ასოციაცია, რომელიც მათ შეღავათებსა და დახმარებას ჰპირდებოდა. ასევე, დაურიგეს ბლანკები, რომელშიც დაწვრილებით უნდა ჩაეწერათ თავიანთი მონაცემები.
"ალია" შეხვედრაზე მყოფ ერთ-ერთ მხედრიონელს ესაუბრა:
- არაფერი უთქვამთ განსაკუთრებული. გაწევრიანდით და უფასო იურიდიულ დახმარებას მიიღებთ, რამდენიმე ადვოკატი გვყავს, რომლებიც კანონთან პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციებს გაგიწევთო. ასევე, სამხედრო ჰოსპიტალის აღდგენაზე იყო საუბარი. მეტი არაფერი თქმულა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლების ქება დღეს რამდენჯერმე მოვისმინე.
- თქვენ გაწევრიანდით?
- არა.
- რატომ?
- მითხრეს, აპოლიტიკური ორგანიზაცია ვიქნებითო და რომ მივედი, პოლიტიკური შეფასებებიც მოვისმინე. თუ რამე დახმარება გვეკუთვნის ვეტერანებს, ისედაც უნდა მოგვცენ. მე დღეს ბლანკი შევავსო, გავწევრიანდე და ხვალ ვინმემ მიტინგზე ან სადმე გასვლა მომთხოვოს, ეგ არ მინდა.
- და შეხვედრაზე რაღატომ მიხვედით?
- მაინტერესებდა, რას შემოგვთავაზებდნენ, თანაც ეს მხედრიონელთა შეკრება იყო და ამიტომ მივედი. ერთი ადამიანი გამოიყვანეს სიტყვით, გაიძახოდა "ზვიადისტი" ვარ და თქვენს გვერდით ვარო. შეიძლება, კიდევ ერთი-ორი ვინმე სხვაც ერია, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, 99% იქ მხედრიონელები ვიყავით.
"ალია" დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა:
- ქალბატონო დოდო, რატომ გადაწყვიტეთ ამ ასოციაციის შექმნა?
- გასული წლის მიწურულს გავიარეთ რეგისტრაცია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც იზრუნებს ვეტერანთა უფლებების დაცვაზე. შაბათს (23 მარტს. - თ.კ.) მასობრივად მოხდა ასოციაციაში ადამიანთა გაწევრიანება. ამ ასოციაციაში შედიან ვეტერანები გვარდიიდან, შინაგანი ჯარიდან, ავღანეთის ვეტერანთა კავშირიდან, პოლიციიდან... წინა ხელისუფლების პერიოდშიც გვქონდა ეს იდეა, მაგრამ უშედეგოდ. ახალმა ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინა. ირაკლი ალასანიამ გვითხრა, რომ ვეტერანების საკითხებისა და პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილია სპეციალური დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც საკანონმდებლო კუთხით იმუშავებს. დღეს ვეტერანებს მიზერული დახმარება და შეღავათები აქვთ. კომისიასთან ერთად ვიმუშავებთ: მე, ვახტანგ მაჭავარიანი, რობინზონ ბაბიძე, დავით აფციაური და გენერალი გია თორაძე.
- ხომ არსებობს სხვადასხვა ვეტერანთა ორგანიზაციები და მათი მეშვეობითაც შეიძლებოდა პრობლემების მოგვარება. ეს ასოციაცია რით იქნება განსაკუთრებული, რატომ უნდა გაწევრიანდნენ მაინცდამაინც ამ ასოციაციაში?
- ჩვენთან მოვა ყველა ის ვეტერანი, რომელიც არ არის გაწევრიანებული სხვა ვეტერანთა კავშირში და რომლის უფლებებსაც დაცვა სჭირდება.
- სულ ეს არის?
- ჯერჯერობით, ამით დავიწყებთ, ვმუშაობთ სხვა პროექტებზეც და ვნახოთ...
- ამბობენ, შესაძლოა, რურუა აფინანსებდეთო!
- რომელი რურუა?
- ნიკა რურუა.
- ნიკა როცა კულტურის მინისტრი იყო, მაშინაც არ გვითხოვია მისთვის არაფერი. თან ნიკა არც არასოდეს ყოფილა მხედრიონელი. მისი ძმა, ვახტანგ რურუა იყო ჯაბას პირადი მეგობარი, მაგრამ ნიკა არასოდეს ყოფილა მხედრიონელი, ისევე, როგორც არ ყოფილა არასოდეს მხედრიონელი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა".
- მაშ, ვინ გაფინანსებთ?
- რა გვეტყობა დაფინანსების, ოფისიც არ გაგვაჩნია. არავინ გვაფინანსებს.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც წესი, საკმაო დაფინანსება აქვთ ხოლმე.
- ჯერჯერობით არავინ გვაფინანსებს და მომავალში ვნახოთ.
- შეხვედრიდან გამოსულ ადამიანს ვესაუბრე და როგორც მითხრა, თითქმის ყველა ყოფილი მხედრიონელი იყო, თქვენ კი მეუბნებით, ნებისმიერ ომის ვეტერანს ვაწევრიანებთო.
- ჯერ ერთი, რას ჰქვია ყოფილი მხედრიონელი, მკვდარი იყო? ყოფილი მხედრიონელი არ არსებობს, მხედრიონელი მუდამ მხედრიონელია. თანაც შეხვედრაზე მხედრიონელები ყველაზე მცირე რაოდენობით იყვნენ მოსულები. იქ იყვნენ პოლიციიდან, ავღანეთის კავშირიდან, იყვნენ "ზვიადისტებიც". ეს რომ მხოლოდ მხედრიონელთა შეკრება ყოფილიყო "ზვიადისტები" მოვიდოდნენ შეხვედრაზე? მინდა გითხრათ, რომ გაწევრიანება ახლაც გრძელდება. გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია მოვიდეს. დამირეკეს ახალციხიდან ბიჭებმა, იმათთანაც აუცილებლად ჩავალთ და გაწევრიანდებიან.
- თუ ისეთმა ადამიანმა მოგმართათ, ვისაც წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი, იმასაც გააწევრიანებთ?
- ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცით, ვინ ვინ არის და ვინ რა გააკეთა.
- ანუ? მიიღებთ თუ არა ასოციაციაში?
- შესაძლოა, წლების წინათ დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ არა მძიმე. შეიძლება მანქანა გაიტაცა ან რაიმე მსგავსი. იცით, აქ არის ერთი მომენტი, ეს არ არის ორგანიზაცია "უფრთო ანგელოზთა კრებული". ამ ადამიანებს აქვთ ასოციაციაში გაწევრიანების უფლება.