ვახტანგ ხმალაძე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობისთვის შესაფერის ადამიანად დაასახელა საკუთარი გუნდიდან. ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, ივანიშვილი მას კარგად რომ იცნობდეს, პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატურად არ დაასახელებდა. სანამ ამ თემაზე ვისაუბრებდით, მანამდე ვახტანგ ხმალაძის ცხოვრების ძალიან საინტერესო ამბებს გადავავლეთ თვალი.
- სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ერთი საათიც არ გვეყოფა სალაპარაკოდ. 25-30 წლის რომ ვიყო, არ იქნებოდა ძნელი, მაგრამ 66 წლის ვარ... დათო ბერძენიშვილი ამბობს ხოლმე ჩემზე, ეს ხრესილის ომის ვეტერანიაო (იცინის).
- და მაინც, იქნებ, გვითხრათ, რა იყო თქვენი პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი?
- ერთ ფაქტორს ვერ გამოვყოფ. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ოჯახი, მის მიერ გავლილი გზა. როცა მე დავიბადე, არც დედის, არც მამის მშობლები ცოცხლები აღარ იყვნენ. დედაჩემის მამა 1937 წელს დახვრიტეს, მამაჩემის მამა გადაჰყვა 1924 წლის აჯანყებას, როცა შემდგომ გაქცევა და დამალვა მოუხდა, იმ დროს დაიღუპა. დედა წლინახევრის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამაჩემის დედა მეექვსე შვილზე ფეხმძიმობას გადაჰყვა. ასე რომ, დედა უდედოდ იზრდებოდა, მამაც, პრაქტიკულად, დედის გარეშე გაიზარდა, ორივე მამებმა გაზარდეს. მამას იულონი ერქვა, დედას - თამარი. დედას უცნაური ცხოვრება ჰქონდა გავლილი. მამამისი პოლიტიკური ემიგრანტი გახლდათ, გვარად თუმანიშვილი. 1905 წლის აჯანყების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. თავადი კაცი სოციალისტი გახლდათ და აჯანყებულებს მხარს უჭერდა. ძალიან განათლებული კაცი იყო, დაამთავრა სორბონისა და ბერლინის უნივერსიტეტები. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ცხოვრობდა ნიცაში, საფრანგეთში. პირველი ცოლი გარდაეცვალა, მასთან ქალიშვილი ჰყავდა. პირველი მეუღლის გარდაცვალებიდან საკმაოდ გვიან, 13-14 წლის შემდეგ შეირთო უკრაინელი გენერლის ქალიშვილი, მისგან შეეძინა ვაჟი და ქალი, დედაჩემი. დედა 1917 წელს დაიბადა. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთში თებერვლის რევოლუცია უკვე მომხდარი იყო. 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. როგორც კი ეს მოხდა, საკმაოდ სწრაფად ბაბუაჩემმა თავისი შვილები დატოვა და საქართველოში დაბრუნდა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეეძლო. მისი შვილები პერიოდულად ჩამოდიოდნენ აქ და მერე უკან ბრუნდებოდნენ. 1921 წელს, როცა საბჭოთა კავშირმა ჩაკეტა საზღვრები, ბაბუაჩემი და დედაჩემი, რომელიც იმ დროს აქ გახლდათ და 10 წლის იყო, დარჩნენ საქართველოში და ორი შვილი დარჩა იტალიაში. სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდნენ.
- არ შეხვედრიან ერთმანეთს?
- დედაჩემმა თავისი და-ძმა 1961 წელს ნახა, როდესაც დედის უფროს დას, რომელმაც დედაჩემი გაზარდა და მას დედად მოიხსენიებდა, საქართველოში ჩამოსვლის უფლება მისცეს. დედა კი პირველად უცხოეთში 1964 წელს გაუშვეს. მაშინ ნახა თავისი ძმა. ურთიერთობების აღდგენის უშუალო მონაწილე და მხილველი თავად გახლავართ.
მამაჩემი თბილისის მისადგომებთან იბრძოდა 1921 წელს პაპაჩემთან ერთად. მამა მაშინ 16 წლის გახლდათ. იქ იყვნენ მისი ძმა და ბიძაშვილებიც. ჯართან ერთად უკან დაიხიეს, მერე, როცა გენერალმა მაზნიაშვილმა მოხალისეებს აჭარის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, ყველა შევიდა მაზნიაშვილის ჯარში და იქ იბრძოდნენ. მერე იყო 1924 წლის აჯანყება, რომლის შემდეგაც მამის უფროსი ძმა დაიჭირეს და დეკემბერში დახვრიტეს. აი, ასეთი ისტორია აქვს ჩემს ოჯახს და ბუნებრივია, ამან კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზეც.
9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. დედასთან ვიზრდებოდით მე და ჩემი უმცროსი და. დედა, რასაკვირველია, მუშაობდა. პატარები რომ ვიყავით, სულ წიგნი ეკავა ხელში და გვიკითხავდა. მოგვიანებით, როცა კითხვა თავად ვისწავლეთ და დედას უკვე აღარ ეცალა, წიგნი ხელიდან აღარ გაგვიგდია. საბნის ქვეშ ფარანს ვანთებდი და დედას რომ არ ენახა, გვიან ღამემდე ვკითხულობდი.
- გაიხსენეთ სკოლის წლები და მასწავლებლები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს თქვენზე...
- იყვნენ კარგი და ცუდი მასწავლებლები, აქ პროფესიონალიზმს ვგულისხმობ და არა პიროვნულ ფაქტორებს. ვსწავლობდი 39-ე სკოლაში, ყოფილ მეორე ვაჟთა სკოლაში. შემდეგ მგონი, მე-3 ექსპერიმენტული დაერქვა. დიდი კლასი არ გვქონდა, სულ 15 კაცი ვსწავლობდით ერთ კლასში. მათი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის, ნაწილთან სკოლიდან მოყოლებული გრძელდება მეგობრობა. კარგი იყო ის წლები, მათ შორის იმითაც, რომ ახალგაზრდები ვიყავით, თავში ცოტა გვიქროდა. იმ დროს, როდესაც მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, იარაღის გამოყენებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, დანის გამოყენებაც კი იშვიათი შემთხვევა იყო და სალაპარაკო ხდებოდა. იყო რამდენიმე ადგილი, სადაც სკოლის გარეთ ვიკრიბებოდით და თუ ვიღაცას ვიღაცასთან ანგარიშის გასწორება უნდოდა, არსებობდა მუშტი და ჩხუბის წესები, მაგალითად, არ შეიძლებოდა ფეხის გამოყენება. ჩხუბი რომ დამთავრდებოდა, ბიჭები ერთმანეთს უნდა გადახვეოდნენ და ამით სრულდებოდა ის ამბავი. თუკი ჩხუბის წესებს ვინმე დაარღვევდა, ის აუცილებლად დაისჯებოდა.
- გოგონას გამო ჩაბმულხართ ჩხუბში?
- არა.
- რატომ?
- არ მჭირდებოდა (იღიმება). ბევრჯერ არც მიჩხუბია. ყოფილა უცნაური მიზეზები. მაგალითად, ერთმა მეორე უსინდისოდ დაჩაგრა, გამოვესარჩლე დაჩაგრულს და ვიჩხუბეთ. სერიოზული მიზეზით არასდროს მიჩხუბია და ყველა მათგანთან დღეს შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.
- პროფესია როგორ აირჩიეთ?
- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მათემატიკა და ფიზიკა, ამოცანების ამოხსნა მიყვარდა, ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ დროს საკმაოდ ცოტა წიგნი იყო, ამოცანათა კრებულები საჯარო ბიბლიოთეკაში მრავლად ინახებოდა. მეცხრე-მეათე კლასში დავდიოდით იქ და ვეძებდით საინტერესო ამოცანებს. ამით სიამოვნებას კლასში რამდენიმე ადამიანი ვიღებდით. ჩვენი კლასიდან მე ფიზიკის ფაკულტეტზე შევედი, სამი - კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც ახალი გახსნილი იყო. ფიზიკოსი გახლავართ. დავამთავრე ასპირანტურა, მუშაობა დავიწყე უნივერსიტეტში, დავიცავი დისერტაცია და 1992 წლის ბოლომდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში ვიყავი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ვკითხულობდი ლექციების სპეცკურსებს. 1992 წელს, როდესაც პარლამენტის წევრად ამირჩიეს, დავწერე განცხადება და წამოვედი უნივერსიტეტიდან. ორივე საქმის ერთად გაკეთება არ გამოდიოდა.
- პოლიტიკის სასარგებლოდ თქვენი არჩევანი რამ განაპირობა?
- რეალობამ, რომელიც იმ დროს ქვეყანაში იყო. 1988 წელს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა დაიწყო. 1989 წელს იყო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები, სადაც შევეცადეთ გაგვეყვანა სამი დეპუტატი, მხოლოდ ორის გაყვანა მოვახერხეთ. ამის შემდეგ იყო 9 აპრილი. მკვეთრად გაიზარდა შესაძლებობა, ხელისუფლებას გაეკეთებინა ის, რაც ჩვენ გვინდოდა. მაშინ თავისუფალი არჩევნების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. საქართველოში არ არსებობდა კაცი, რომელმაც საარჩევნო სამართალი იცოდა. ორი ჯგუფი, რომელიც მუშაობდა აკაკი ბაქრაძის და პარმენ მარგველაშვილის გაყვანაზე, ერთად შეიკრიბა, ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია "დასი", ანუ დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. მოვამზადეთ ცვლილებები საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში, შევიტანეთ ცვლილება, რომელიც რუსეთს არ მისცემდა საშუალებას, გაეუქმებინა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს იურიდიული გასვლის შესაძლებლობა. მაშინ ვხედავდით, გაჩნდა შანსი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოგვეყვანა. ასე სწრაფად თუ მოხდებოდა, ამას ნამდვილად არ ვვარაუდობდით. საქართველოში პოლიტიკოსები არ არსებობდნენ, იყვნენ დისიდენტები, მაგრამ არა პოლიტიკოსები. იყო საკითხები, რომლებზეც არავინ მუშაობდა, მაგალითად, საარჩევნო საკითხებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე.
- ფიზიკოსი კაცი რატომ დაინტერესდით ამით?
- აბა, ვინ უნდა დაინტერესებულიყო? იურისტმა იცის სამართალი, ფიზიკოსმა - ფიზიკა. პოლიტიკა კი სხვა სპეციალობაა, როგორც ცალკე საგანი, ვერ ისწავლება. ვინც პოლიტიკოსობას აპირებს, მას უნდა ჰქონდეს ძალიან ფართო ზოგადი განათლება. თუკი გადახედავთ მაშინდელი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, ვინ ჩაება პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც სოციალისტური სისტემის დაშლა დაიწყო? ყველაზე მაღალი პროცენტი ფიზიკოსებისა იყო და საინტერესოა, რატომ? ფიზიკა არ იყო იდეოლოგიზებული მეცნიერება, ისევე როგორც მათემატიკა და ქიმია, განსხვავებით სამართლის სპეციალობისგან, იდეოლოგიზებული ფაკულტეტები იყო ასევე ეკონომიკისა და ისტორიის ფაკულტეტები. თავისუფლების ხარისხი ფიზიკოსებში, მათემატიკოსებში, ქიმიკოსებში უფრო მაღალი იყო. ამათგან რატომ მაინცდამაინც ფიზიკოსები? - ეს სპეციალობა უფრო ფართო განათლებას მოითხოვს, რადგან ცოცხალი მეცნიერებაა. ფიზიკოსები იყვნენ უფრო თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები და როცა გაჩნდა ამ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის მზად აღმოჩნდნენ, თუმცა ამით არ ვაკნინებ სხვა სპეციალობების მნიშვნელობას. ერთ-ერთი ფიზიკოსი, რომელიც პოლიტიკაში აღმოჩნდა, მეც გახლდით. შეკითხვა შემდეგი იყო, სად უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. მშვიდი მეცნიერული ცხოვრებიდან მშფოთვარე პოლიტიკურ ცხოვრებაში გადავინაცვლე.
- ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რამდენად კომფორტული აღმოჩნდა მშფოთვარე პოლიტიკა?
- კომფორტული არც მაშინ ყოფილა და არც ახლა არის. ეს სიმშვიდე ნერვების ფასად ჯდება. არც ისეთი მშვიდი ვარ, როგორც ჩანს ხოლმე. წონასწორობიდან მეც გამოვსულვარ, მაგრამ იშვიათად.
- ჩვენ არ გვინახავს...
- თქვენ არ გინახავთ, სხვას უნახავს (იღიმება). ისეთი რამეც კი მომხდარა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ალბათ ბევრს ჰქონია აფექტის მდგომარეობა, როცა რეაქცია მოდის არა გონიდან, არამედ ინსტინქტებიდან. იყო შემთხვევა, წლების წინ, როცა პარლამენტში ერთ კაცს სახეში ვლეწე. არ მიფიქრია, უბრალოდ, მომაყენა შეურაცხყოფა და იყო ჩემი მყისიერი რეაქცია. მის ვინაობას არ გავამხელ. ამ ფაქტს მოწმე არ შესწრებია. ეს დერეფანში მოხდა. ხმაურზე ჟურნალისტები გამოცვივდნენ, მაგრამ ფაქტი ვერ ნახეს. იქ რომ ჟურნალისტები ყოფილიყვნენ, მაინც ასეთი რეაქცია მექნებოდა. იყო სიტყვა და მომენტალური რეაქცია. ეს პიროვნულ შეურაცხყოფას უკავშირდებოდა.
შესაძლოა, ვიღაცებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს მუდმივად ადრენალინის გამოყოფა, მე არ მანიჭებს, თუმცა როცა რაღაცას იწყებ, შენ მიმართ ნდობა უჩნდებათ, მერე თავად გრძნობ პასუხისმგებლობას და ვეღარ ამბობ უარს ამის გაკეთებაზე. წლების განმავლობაში ასეთნაირად დატრიალდა ეს ყველაფერი. სამი წლის წინ ჩემს მეგობრებს ვუთხარი, არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებ-მეთქი. 1989 წლიდან აქტიურად ვარ ჩაბმული ამ საქმეში, 20 წელზე მეტი გავიდა... ოთხი შვილიშვილი მეზრდება, თავის დროზე ჩემს შვილებს, ქალ-ვაჟი მყავს, სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობდი. დღემდე დანანებით მეუბნებიან, შენ ჩვენთვის არ გეცალაო. მინდა, შვილიშვილებს მაინც მივაქციო ყურადღება, ბოლოს და ბოლოს, დავჯდე და წიგნის წაკითხვით სულიერი სიამოვნება მივიღო. ისეთი ვითარება იყო, პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავდი, მაგრამ 2011 წლის შემოდგომით რა პროცესიც დაიწყო საქართველოში, როდესაც პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ამან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ჩემი გადაწყვეტილებაც. ჩემმა მეგობრებმა, კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ ამ საქმეში ჩემი მონაწილეობა საერთო საქმეს წაადგებოდა. აქ უკვე უარი ვეღარ ვთქვი. შარშან მთელი ზაფხული ქუჩა-ქუჩა დავწანწალებდი ძაღლივით ჩემს თანატოლებსა თუ გაცილებით ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად (იცინის). ხდება ხოლმე ისეც, რომ მოვლენებს შენ კი არ მართავ, ისინი გმართავენ...
- ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ. გვახსოვს, როცა მან თქვა, პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძე წარმომიდგენიაო.
- ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. შემდეგ არაერთგზის გამეორებულა ეს შეკითხვა, მერე გამოიკვეთა მისი პასუხიდან, რომ კონკრეტულად ვახტანგ ხმალაძეზე კი არა, ასეთი ტიპის პოლიტიკოსზე იყო ლაპარაკი. გულწრფელად გეტყვით, ეს მეორე შეფასება ჩემთვის უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. ეტყობა, ბიძინა ბოლომდე არ მიცნობს, არ იცნობს ჩემს ხასიათს. ჩვენ ხომ არ გვაქვს ახლო ურთიერთობა, ამიტომაც დამასახელა.
- რას უნდა იცნობდეს, რომ არ წარმოგიდგინოთ პრეზიდენტად?
- ხომ არ იცის ყველა ჩემი თვისება, დადებითი თუ უარყოფითი? მას ჩემზე შთაბეჭდილება მედიის საშუალებით ჩამოუყალიბდა. გამიკვირდა, როდესაც მან განაცხადა, რომ ძალიან კარგად იცოდა, 1994-1995 წლებში რას ვაკეთებდი. არადა, მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა. პირადად მხოლოდ 2011 წლის ოქტომბერში შევხვდით ერთმანეთს, მას მერე სულ რამდენჯერმე შევხვედრივართ.
- მაინც რა არის ის უარყოფითი თვისება, რაც პრეზიდენტობაში ხელს შეგიშლიდათ?
- მე რატომ უნდა გითხრათ ჩემი უარყოფითი თვისება, თქვენ მოძებნეთ და თქვით (იცინის)!.. პრეზიდენტად თავი არასდროს წარმომიდგენია, ამაზე არ მიფიქრია. ვერასდროს ვერ ვხედავდი ჩემს ადგილს მთავრობაში, მაგრამ ვხედავდი საპარლამენტო მუშაობაში. საერთოდ არ მიყვარს არც სხვისი უფროსობა და არც ის, როცა მე მყავს უფროსი. ძირითადად, მარტო ვმუშაობდი ან ერთი-ორ ჩემს კოლეგასთან ერთად, თუმცა ეს იყო პარტნიორობაზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობა. ამ მხრივ ცხოვრებაში გამიმართლა. თუმცა ცხოვრება არცთუ მარტივია, მომიწია უფროსად ყოფნამ. არასდროს მქონია რაიმე თანამდებობაზე ყოფნის სურვილი.
- პრეზიდენტობაზე უარს იტყოდით?
- სამი წლის წინ ვთქვი, რომ არჩევნებში არ მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ მივიღე, ასე მოითხოვდა საქმე. ვიღაცები ალბათ პოზიორობაში ჩამითვლიან, მაგრამ თუ საქმე ასე მოითხოვს და არსებულ ვითარებაში იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ იარსებებს უკეთესი გადაწყვეტილება, მეც იმას დავუჭერ მხარს.
- ამ ბოლო წლებში ასეა - სადაც კონსტიტუციას ახსენებენ, იქ ახსენებენ ვახტანგ ხმალაძის სახელსა და გვარს. ეს გსიამოვნებთ, ამაყობთ?
- მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ (იღიმის). როცა რაღაცას გააკეთებ და ფიქრობ, რომ ეს კარგია, მერე კი სხვებიც აფასებენ და გეუბნებიან, ხომ გსიამოვნებს? კავშირი დანაშაულთან კი არა, კონსტიტუციასთან არის და ცხადია, სასიამოვნოა.
- შვილები მსაყვედურობენო, ამბობთ. იქნებ, მათ შესახებ მოგვითხროთ...
- 1989 წლიდან, განსაკუთრებით 1992 წლიდან მოყოლებული, როცა ნინო 7 წლის იყო და ირაკლი - მასზე 1 წლით უმცროსი, ოჯახისთვის, პრაქტიკულად, დაკარგული ვიყავი. მთელი ოჯახი მეუღლის, მანანა მაჩხანელის კისერზე იყო. კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი, დოქტორი, არაერთი გამოცემის ავტორია, დღესაც აგრძელებს მუშაობას ძველი ქართული და ბერძნული ბიბლიური ხელნაწერების კვლევაზე. იმის გამო, რომ ოჯახის გაძღოლა მთლიანად მას უწევდა, მუშაობის დროის მკვეთრი შემცირება მოუხდა. ბავშვების მოვლას რომ თავი დავანებოთ, პარლამენტის წევრობისას ჩემი ხელფასი, დღევანდელ ფულზე რომ გადავთვალოთ, 13 ლარი გახლდათ. ფრაქციის თავმჯდომარე გახლდით. ამით ოჯახს როგორ შეინახავთ, მგონი, გასაგებია. მატერიალური ნაწილიც ჩემი მეუღლის მხრებზე გადავიდა. სანამ პარლამენტის წევრი ვიყავი, ასე გრძელდებოდა. მერე მქონდა სამუშაო, შემოსავალი, რომ ოჯახისთვის მიმეხედა. ამ წლების განმავლობაში ჩემი დროის დიდი ნაწილი მაინც პოლიტიკურ სფეროში მუშაობას მიჰქონდა.
- მეუღლეს არ უსაყვედურია?
- არასდროს უთქვამს, ამ საქმეს თავი დაანებეო. უსაყვედურია, იქნებ, დრო გამოძებნო ბავშვებისთვის, სადმე ერთად წავიდეთო. ჩვენი დაქორწინების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვიყავით შვებულებაში ერთად. 30 წელზე მეტია, ცოლ-ქმარი ვართ, უბრალოდ, ამის დრო არ გვქონია. სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე საერთაშორისო ინსტიტუტ დუბნაში მივდიოდი, რომ წამეკითხა ის, რაც საქართველოში არ მოიპოვებოდა. მერე დაიწყო პოლიტიკური რია-რია და მას მერე შვებულება რა არის, საერთოდ არ ვიცი. სახლში გვიან ვბრუნდებოდი და ხანდახან ვახერხებდით მეგობრის, ბიძაშვილის დაბადების დღეზე წასვლას. შემდეგ, როცა შვილიშვილები შეგვეძინა, ჩვენს შვილებს ხელს ისევ ჩემი მეუღლე უწყობდა.
- დღეს თქვენს უმთავრეს მიღწევად რას მიიჩნევთ?
- ეს არის ჩემი ოჯახი!.. და ის ურთიერთობები, რაც ოჯახში გვაქვს. მეორე არის ის, რომ დღემდე ვმეგობრობ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბავშვობაში დავუმეგობრდი. ერთი წლის წინ გარდაიცვალა ჩემი ყველაზე ძველი მეგობარი... ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ღვთის მადლით, გვერდზე მყავს ის მეგობრები, რომლებთანაც მეორე-მესამე კლასიდან ვმეგობრობ. ზოგიერთი ჩემი მეგობარი ასაკით შვილად შემეფერება, მაგრამ ჩვენი მეგობრობა 20 წელზე მეტს ითვლის. ზოგი მათგანი უკავშირდება პროფესიას, ზოგი პოლიტიკას. და კიდევ ერთი - ქუჩაში სიარულის არ მრცხვენია!..