მთავრობასა და ქვეყნის მთავარ ეპიდემილოგებსა შორის დიდი დაპირისპირებაა. მძიმე პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები მთავრობისგან შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. ამირან გამყრელიძე პირდაპირ ამბობს, რომ მალე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავენ, რათა ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს. ასეთ პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებენ ხელისუფლებაში. გამოდის, რომ ექიმებსა და მთავრობის წევრთა შორის უკვე დაპირისპირებამ იჩინა თავი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი დაუფარავად განაცხადა, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, მით უმეტეს, როცა შემოტანილია 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ხოლო ჯამში, ერთ თვეში ქვეყანას ექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა.
„ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება აცრების მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი ყოველდღიურად იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილიონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ, რაც იყო შარშან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერს ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროშით. როგორც ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აღნიშნა, შეზღუდვის დაწესება იქნება ფორმალური, თუკი მისი აღსრულება არ მოხდა. თუკი დაწესებული რეგულაციები 80-90%-ით შესრულდება, გაცილებით უკეთესი ეპიდვითარება იქნება.
„ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი, რომელიც ღიაა ყველასთვის, მიუთითებს იმას, რომ ეპიდემიოლოგიური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენებას 95%-ით. ამდენად, ყველაზე ქმედითი და ეფექტიანი საშუალება, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს, ეს არის პირბადის გამოყენება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ამასთან დაკავშირებით დააჯარიმებენ თუ არა. მთავარია აღსრულდეს ეს წესი. დამატებითი შეზღუდვების ფურცელზე გადატანა ვითარებას არ შეცვლის.
მომდევნო ერთი კვირა იქნება პერიოდი, როცა რეკომენდაციების საფუძველზე გარკვეულწილად უნდა გამოსწორდეს სიტუაცია და დიდი თავყრილობები არ გაიმართოს, შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა კი უკვე ითხოვს სხვადასხვა სახის მკაცრ შეზღუდვებს. მაგალითად, პაატა იმნაძის პირადი რეკომენდაციაა, რომ აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდეს.
„აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის კი - იყოს. როცა რამე გადაწყდება, მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვარზე“, - განაცხადა იმნაძემ.
ზოგირეთი შეზღუდვების კონტროლის მექანიზმი კვლავ მოქმედებს ქვეყანაში, მაგრამ მისი გაკონტროლება პრაქტიკურად შეუძლებელია. ამიტომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ იმ ადგილებში, სადაც მობილობა და კორონავირუსის გავრცელების რისკები მაღალია, გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. რასაკვირველია, გამკაცრდეს უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლიც.
„მე პირადად არ ვარ მომხრე სრული ლოქდაუნის, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ, ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს, სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს. უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით“, - განაცხადა გოგინავამ.