გამოცემა "ევრაზიანეტი" აქვეყნებს მოლი კორსოს სტატიას საქართველოში მოქმედ მთავრობის ფონდებზე, სათაურით "ინვესტიციების ხელშეწყობისთვის პრემიერ-მინისტრი და მისი მილიარდები ერთმანეთს მალე არ დაშორდებიან".
"სად გადის ზღვარი ხელისუფლების მაღალჩინოსნის კერძო ქონებასა და მის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის? - პრემიერის დაპირება მისი ქონების ბიზნეს ინვესტიციებისთვის გამოყენების, სტიქიის მსხვერპლთა კომპენსირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხელშეწყობისთვის ამ განსხვავებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის", - წერს სტატიის ავტორი.
როგორც მოლი კორსო აღნიშნავს, 2012 წლის ოქტომბერში, გაპრემიერების შემდეგ, ივანიშვილმა რამდენჯერმე განაცხადა სამი ახალი საინვესტიციო ფონდის გეგმების შესახებ: ორმილიარდიანი სუვერენული ფონდის, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისა და ვენჩერული ფონდის. პირველი მათგანი სახელმწიფო სტრატეგიული განვითარების პროექტებს მოემსახურება, როგორებიც რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, მეორე ფონდი მიმართულია სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებისკენ, მესამე კი უზრუნველყოფს სახელმწიფო ინვესტიციებს ახალი ბიზნესისთვის.
ამავდროულად, - წერს მოლი კორსო, - ივანიშვილმა ასევე განიხილა გეგმა, გახდეს პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც ასევე ინვესტიციებს განახორციელებს ქართულ ბიზნესში. პირდაპირი ინვესტიციების ფონდი განსხვავებული იქნება სამთავრობო ფონდებისგან, თუმცა, ივანიშვილის მონდომებამ, ესაუბრა ოთხივე ფონდზე ერთად, გაზარდა მოლოდინები, რომ ის სუვერენული ფონდის ნაწილსაც დააფინანსებდა.
თუმცა, მთავრობის მხრიდან ცხადი ინფორმაციის ნაკლებობამ, დაბნეულობა გამოიწვია, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - ეკონომიკური უმოქმედობის ფონზე, სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებრივი ქართველების მცირე რაოდენობა ხედავს ინტერესთა კონფლიქტს პრემიერ-მინისტრთან, რომელიც პირად ქონებას დებს კერძო ან სამთავრობო ფონდებში, რაც დაეხმარება ქართულ ბიზნესს.
"ფორბსის" რეიტინგის მიხედვით, 5,3 მილიარდი დოლარის ქონებისა და სქელჯიბიანის რეპუტაციის მქონე პრემიერმა მარტომ მოახდინა თავისი მშობლიური ჭორვილას განახლება. ივანიშვილმა და მისმა მილიარდებმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩეველზე, თუმცა სადავო საკითხები მაინც არსებობს, - აღნიშნავს მოლი კორსო.
"მე მაინტერესებს, როგორ შოულობენ საინვესტიციო ფონდები თანხებს. როგორც ჩვენ ვიცით, მათი შესაძლო დაფინანსების ერთადერთი ცნობილი წყარო პრემიერ-მინისტრის პირადი ქონებაა", - ციტირებს სტატიის ავტორი ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ეკონომიკური მრჩევლის, ვახტანგ ლეჟავას კომენტარს სუვერენულ ფონდებზე.
თუმცა, - წერს მოლი კორსო, - თავად ივანიშვილი უარყოფს ნებისმიერ კავშირს სამთავრობო ფონდებთან და ირწმუნება, რომ არაფერს მალავს და არც არაფერია დასამალი. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება მთავრობის საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ "ბატონ ივანიშვილს ფონდთან არაფერი აქვს საერთო".
როგორც მოლი კორსო წერს, რაც შეეხება კერძო ინვესტიციების ფონდს, ბაჩიაშვილი მასთან საუბარში აღნიშნავს, რომ "ეს იქნება აბსოლუტურად კერძო ფონდი, რომელიც შეიქმნება "მდიდარი ქართველებისთვის", ვინც ქართულ ბიზნესში "პასიურ" ინვესტორებად იმოქმედებენ".
სტატიის ავტორის თქმით, ბაჩიაშვილი ასევე წინასწარმეტყველებს, რომ დიდი სკანდალი აგორდება, თუ პირდაპირი ინვესტიციების ფონდის რომელიმე ინვესტორი სხვა ინვესტორის სიტუაციით ისარგებლებს. ამის თავიდან აცილებას ემსახურება ევროპის კავშირისა და აშშ-ის მთავრობის ეთიკის კოდექსი, - წერს მოლი კორსო, - თუმცა საქართველოს კანონი არ შეიცავს კონფლიქტის ინტერესებზე ვრცელ განმარტებებს საჯარო მოხელეებისთვის. საქართველოს კანონი ინტერესთ კონფლიქტს განსაზღვრავს "საჯარო მოხელისა და საჯარო მოსამსახურეთა ინტერესებს შორის კერძო ან ქონებრივი ინტერესების" დაპირისპირებად. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ კომპანიის საკონტროლო პაკეტის კონტროლი.
თუმცა, წარსულში ამ მოთხოვნებზე ხშირად ხუჭავდნენ თვალს, - აღნიშნავს მოლი კორსო. ივანიშვილის კერძო ქონება არასდროს იყო მკვეთრად დაშორებული მისი პოლიტიკური კარიერისგან. საპარლამენტო არჩევნებიდან ძალიან მალე, მან განიხილა თავისი ქონება ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ვარიანტად. თუმცა, მისი ეს შეთავაზება დღემდე არ ამოქმედებულა.
როგორც "ევრაზიანეტის" ჟურნალისტი წერს, საქართველოში ხორციელდება სხვა სახის დახმარებებიც. იანვარში, ივანიშვილის დაფუძნებულმა "ქართუ ჯგუფმა" სისრულეში მოიყვანა პრემიერის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება - დახმარებოდა კახეთის რეგიონში დაზარალებულებს, რომელთაც ვენახები დაესეტყვათ. ამისთვის "ქართუ ჯგუფმა" 95 მილიონი ლარი გამოყო 25 800 ოჯახისთვის.
მართალია, ივანიშვილი აღარ ფლობს "ქართუ ჯგუფის" აქტივებს, თუმცა აქციების 8,25% ეკუთვნის მის უფროს შვილს უტას, როგორც ამას საქართველოს ეროვნული ბანკის დოკუმენტები მოწმობს.
თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია უარყოფს ბრალდებას, რომ დაზარალებულთათვის დახმარება ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.
არსებობს ეჭვები, - წერს მოლი კორსო, - რომ ივანიშვილის ჩვევა, ისაუბროს საკუთარი ქონების კავშირზე მთავრობის პროგრამებთან, ყოველ ასეთ განსხვავებას ბუნდოვანს ხდის. ქვეყანაში, სადაც ოჯახებს განიხილავენ კოლექტივად, რომელსაც პატრიარქი მიუძღვება, ივანიშვილის ბიჭის წილი "ქართუ ჯგუფში" პრემიერ-მინისტრის სინონიმად მიიჩნევა. იგივე ეხება მე-9 არხს, რომლის მთავარი მფლობელი ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.
თუმცა, აქამდე ივანიშვილი გადაჭარბებულად მიიჩნევდა მღელვარებას იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებდნენ სხვები მის ორმაგ როლს – პრემიერ-მინისტრისა და კერძო ინვესტორის. "მნიშვნელოვანი არ არის, ვინ რამდენის ინვესტირებას ახდენს და რაში", - ციტირებს ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.