მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9% კი გიორგი გახარიას პარტიას – ასეთია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ – IRI კვლევის შედეგები, რომელიც 2021 წლის 15–30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტმა. კვლევის ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, IRI–ის მიერ შერჩეულ შეკითხვაზე – რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს? ხმები ასე გადანაწილდა – „ლეიბორისტული პარტია“ – 3%; „გირჩი, მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“– 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%; „ლელო“ – 2%; „პატრიოტთა ალიანსი“– 2%; „მოქალაქეები“– 2%; „ერი– ლევან ვასაძე“ – 1%; „ევროპული საქართველო“ - 1%; „ხალხისთვის“ – 1%; „დროა“ – ელენე ხოშტარია 1 –%; „გირჩი“ – 1%; სხვა პარტიები – 1%. გამოკითხულთა 20%–ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 7%–მა პასუხზე უარი განაცხადა.
IRI–ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს. კითხვაზე – „გსურთ თუ არა იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ არჩევნებში, თუ კმაყოფილი ხართ არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით?“ – გამოკითხულთა 61%–ს არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, 31% კმაყოფილია არჩევანის დღევანდელი შესაძლებლობით, 8%–მა კი არ იცის, ან არ აქვს პასუხი კითხვაზე.
კითხვაზე – „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოში გადასინჯული საარჩევნო სისტემის მიღებას?“, გამოკითხულთა 35% ამბობს, რომ მხარს უჭერს, 41%– „ნაწილობრივ“, 11%– „ნაწილობრივ წინააღმდეგია“, 2% –„ნადვილად წინააღმდეგია“, 12%–მა არ იცის/არ აქვს პასუხი კითხვაზე.
გამოკითხულთა 29% მხარს უჭერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, 22% –ნაწილობრივ, 27%–წინააღმდეგია, 12%–ნაწილობრივ წინააღმდეგია, 10%–მა არ იცის/არ აქვს პასუხი კითხვაზე. ამასთან, გამოკითხულთა 75% 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში დიდი ალბათობით მიიღებს მონაწილეობას. 14% სავარაუდოდ მიიღებს მონაწილეობას, 6% ამბობს, რომ სავარაუდოდ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილოებას, 3% სავარაუდოდ არჩევნებზე არ მივა, 2% კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 23% ძალიან ცუდად აფასებს მთავრობის მუშაობას, 28% ნაწილობრივ ცუდად; ძალიან კარგად აფასებს 7%; გამოკითხულთა 38% ნაწილობრივ კარგად. კითხვაზე პასუხი არ აქვს 4%–ს.
IRI კვლევის შედეგების თანახმად, ტრადიციულად ისევ მაღალია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნდობის რეიტინგი. საქართველოს მოსახლეობის 88%–ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი მოსწონს, 58%–ით მეორე ადგილზე არის თბილისის მერი კახა კალაძე, 39% ამბობს, რომ გიორგი გახარია მოსწონს. განსაკუთრებით მოსაწონი პერსონა აღმოჩნდა გამოკითხულთა 40%–ისთვის ირაკლი ღარიბაშვილი, 54% კი ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრი არ მოსაწონს, გაგიკვირდებათ და IRI–ის გამოკითხულთა 2% ამბობს, რომ მისი სახელი არ სმენია.
რეიტინგის მეხუთე ადგილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია იკავებს, ის 39%-ს ძალიან მოსწონს, 54%-ს არ მოსწონს, ნიკა მელიას სახელი არასდროს სმენია გამოკითხულთა 1%-ს. დავით უსუფაშვილი განსაკუთრებით მოსწონს გამოკითხვაში მონაწილეთა 36%-ს, 49%-ს არ მოსწონს, 4%-ს კი მასზე არაფერი სმენია. რეიტინგში მეშვიდე ადგილს ანა დოლიძე იკავებს, ის კვლევაში მონაწილეთა 34%-ს მოსწონს, 46%-ს კი - არა.
გამოკითხულთა 31%-ის მოწონება დაიმსახურა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და შესაბამისად, რეიტინგის მერვე ადგილი დაიკავა. იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებსაც პრეზიდენტი არ მოსწონთ, 65%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 30–30%–ის მოწონება დაიმსახურეს გიორგი ვაშაძემ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ვაშაძე გამოკითხულთა 60%-ს, კობახიძე კი 62%-ს არ მოსწონს.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას, 85%-ს საქართველოს ჯარის მუშაობა მოსწონს, რეიტინგის მეორე ადგილზე 80% საქართველოს საპატრიარქო იკავებს. ამასთანავე, საქართველოს ჯარი არ მოსწონს კვლევაში მონაწილეთა 11%-ს, საპატრიარქო კი 14%-ს. გამოკითხულთა 76%-ს მოსწონს იუსტიციის სამინისტროს მუშაობა. მეოთხე ადგილს იკავებს საქართველოს პოლიცია, რომლის მუშაობა 65%-ს მოსწონს, თუმცა მისი მუშაობით 32% უკმაყოფილოა.
კვლევის მიხედვით ქართული მედიის მუშაობით კმაყოფილებას გამოკითხულთა 58% გამოხატავს, მაშინ როდესაც მისი მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა 37%-ს შეადგენს.
გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ–ია, 56% ევროკავშირს მოიაზრებს, 32% უკრაინას, 11% რუსეთს ასახელებს; თურქეთი–10%, სომხეთი –5%, ჩინეთი–4%, ირან–1%, არც ერთ ქვეყანას–3%, შეკითხვას არ პასუხობს, ან უარს ამბობს პასუხზე 4%.
კითხვაზე, რომელი ქვეყნები წარმოადგენენ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, 79% პასუხობს, რომ რუსეთია ქვეყნისთვის საფრთხე. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკური პარტნიორებად გამოკითხულთა 44% ევროკავშირს და აშშ–ს ასახელებს.
რუსეთთან სამომავლო დიალოგს სრულად მხარს უჭერს გამოკითხულთა 56%; ნაწილობრივ მხარს უჭერს 22%, ნაწილობრივ წინააღმდეგია 9%, კატეგორიულად წინააღმდეგია 11%, პასუხი არ აქვს 3%–ს. ხოლო კითხვაზე, როგორ შეაფასებთ არსებული ხელისუფლების მცდელობას, დაალაგოს საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან – ჯამურად, გამოკითხულთა 23% მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას დადებითად აფასებს; 2% ძალიან დადებითად; 21% ნაწილობრივ დადებითად; ეს მცდელობები კატეგორიულად მიუღებელია ჯამურად გამოკითხულთა 70%–თვის; ნაწილობრივ უარყოფითად – 28%, კატეგორიულად უარყოფითად – 42%, ხოლო 7% არ იცის პასუხი კითხვაზე.
გამოკითხულთა 68% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 77%; ნაწილობრივ არ ეთანხმება 6%, კატეგორიულად არ ეთანხმება 11%, პასუხი არ აქვს ან უარი თქვა პასუხზე 6%–მა.
ტრადიციულად, IRI–ის კვლებს არ ენდობა მმართველი გუნდი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგს გაიმეორებს.
„ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი, თუ მათ დავაჯამებთ, 49% გამოდის და მოსახლეობის დანარჩენი 51% რომელ პარტიებს აძლევს მაშინ ხმას, გაუგებარია. არ ვიცი მეთოდოლოგია როგორი იყო. კვლევა მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან კავშირში არაა. კვლევა დღეს გამოქვეყნდა, მიშელის დოკუმენტზე კი წინა კვირას იყო გაკეთებული განცხადება.
მიშელის დოკუმენტის მთავარი ამოცანა იყო დეპოლარიზაცია, სამწუხაროდ, ამ ამოცანას დოკუმენტმა ვერ მიაღწია, რადგან პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, შესაბამისად, როცა ასე ცალმხრივად ხდება დოკუმენტის გაფორმება, ის ვერ მიაღწევს შედეგს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ლელოში“ კი ფიქრობენ, რომ IRI–ის კვლევაც ადასტურებს ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობას. ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ხელისუფლება 43%–ს ვერ მიიღებს, რაც გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„მოქალაქეთა განწყობები აჩვენებს, რომ ხელისუფლების დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაუვალია, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. იმდენად დიდია საზოგადოების უკმაყოფილება და ცვლილების მიღწევის სურვილი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო ვერ შეაჩერებს მოქალაქეებს გააკეთონ არჩევანი მომავლის საქართველოს სასარგებლოდ. ამ არჩევნებზე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ოპოზიციამ მიიღოს 57%–ზე მეტი, რითიც ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ IRI–ის კვლევები ზუსტად ვერ ასახავს პარტიების რეიტინგს, თუმცა, ზოგად ტენდენციებს აჩვენებს. როგორც ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 27.7% შეადგენს, შესაბამისად, იცოდნენ, ხელახალ არჩევნებს ვერ ასცდებოდნენ და სწორედ ამიტომ მოხდა შეთანხმების ანულირება.
„ფაქტია, რომ IRI–ის კვლევებში რაც იწერება, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მმართველ პარტიაზე, ის არ ხდება ხოლმე. მე მაქვს 2020 წლის მონაცემები, სადაც „ქოცებს“ უწერიათ 33% სინამდვილეში აიღეს 48% და არავინ კამათობდა იმაზე, რომ 43% მაინც ჰქონდათ რეალურად აღებული. ნაცებს ჰქონდათ 15% კვლევებით და რეალურად აიღეს 27%. მაშინ ქოცებში გახარია არ იყო და ახლა არის 9%.
ამ კვლევაში ყველა პარტიის მიმართ ნაკლები პროცენტები წერია, თუმცა, საერთო ლოგიკა, რომ ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო, იმიტომ, რომ კვლევის შედეგებს იცნობდა, მაინც მართებულია, რადგან „ოცნებას“ აქვს 26%, ეს რომ გადავანაწილოთ იმ ლოგიკით, რითაც 48% მიიღეს, დღევანდელი წესით უნდა მიიღონ 27.7% რაც იმას ნიშნავს, რომ მათ იცოდნენ, ვერ ასცდებოდნენ ხელახალ არჩევნებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
IRI–ის კვლევის შედეგებს ენდობიან პარტია „საქართველოსთვის“. პარტიის წევრის კახაბერ ქემოკლიძეს განცხადებით, IRI–ის კვლევით დადასტურდა, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მცირდება. ქემოკლიძე ხაზს უსვამს, რომ მათი პარტია ერთადერთი მზარდი რეიტინგის პარტიაა იმ ფონზე, რომ სხვა პარტიების მხარდაჭერა იკლებს, როგორც სახელისუფლო პარტიის, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების.
„ამის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ დეზინფორმაციის კამპანიის უდიდესი ნიაღვარი მოდის პირდაპირ პარტია „საქართველოსთვის“ და მისი ლიდერისადმი უშუალოდ, ბატონ გიორგი გახარიასადმი სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ წინააღმდეგ ნაწარმოები ტყუილების ციკლის მიუხედავად გამოჩნდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ უკვე აქვს ის შედეგი, რომელიც დღემდე წარმოუდგენელი და მიუღწევადია ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის.
ერთადერთი პარტიაა „საქართველოსთვის“, რომლის რეიტინგიც იზრდება, რაც, საბოლოო ჯამში, მიანიშნებს, რომ სწორედაც ეს პარტია იქნება, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას. ამ რეალობასთან შეგუება მოუწევს, როგორც მმართველ პარტიას, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც“, – ამბობს კახაბერ ქემოკლიძე.
------------------------------------------------------------------------------------------
ბევრად იაფი დაგიჯდებათ და ბევრად უფრო ზუსტ პროგნოზებს მიიღებთ, თუ მიმართავთ ქ-ნ ლელა კაკულიას!
IRI-საგან განსხვავებით, ლელა კაკულია სისტემატურად ეცნობა მასმედიას, კითხულობს ქართულ პრესას (ეს იგრძნობა მის "ნათელხილვებში"), შესაბამისად, თავიდან აიცილებთ ისეთ "შედეგებს", რაზეც მერე მთელი ქვეყანა იცინის... (მახსოვს, 2012-წლის არჩევნებში გიორგი თანგამაძეს რომ ორჯერ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე ივანიშვილს... მახსოვს, დავით ბაქრაძე რომ არაერთხელ დაასახელეთ საქართველოში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად... და სხვ. მსგავსი სირობები!).
თქვენი მიზანი თუ ოპოზიციისთვის ილუზიების შექმნა და მისი მხარდამჭერების გამხნევებაა, ეს შეგიძლიათ უფრო კარგად შეფუთოთ და, საერთოდ, უფრო წვრილი ძაფით იმუშაოთ ხოლმე! :)