თემურ ჭყონიას,

თემურ ჭყონიას, "ზარალასა" და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენს, სასტუმროების გამო, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას?

აჭარაში სასტუმროების სკანდალი მწიფდება. როგორც "ვერსიას" აჭარის მთავრობიდან პრივატულად უყვებიან, 2006 წელს სააკაშვილის მიერ ზარ-ზეიმით გაყიდული სასტუმროების ნაწილი, შესაძლოა, ისევ მთავრობის განკარგულებაში დაბრუნდეს. აჭარის მთავრობამ, ხელშეკრულების მიხედვით, ზღვისპირა ზოლში 21 სასტუმრო რამდენიმე კომპანიას 18 მილიონ ლარად გადასცა. ხელშეკრულების არასრულფასოვნად შესრულების გამო კი, ქონების დაბრუნება, შესაძლოა, რამდენიმე სოლიდურ ბიზნეს კომპანიას მოუხდეს, მათ შორის, "სილქ როუდ ჯგუფსაც". სპეციალური კომისია, რომელიც აჭარის ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში შეიქმნა, ლევან ვარშალომიძის მიერ აჭარის ზოლში სასტუმროების გასხვისების ხელშეკრულებების გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეტთან" საუბრისას აჭარის ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძეც ადასტურებს, თუმცა როგორც მასალებიდან ირკვევა, სასტუმროების უმრავლესობა იპოთეკითაა დატვირთული. "აჭარა ჰორიზონტს ჰოლდინგში" კი აცხადებენ, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებისთვის ხელისუფლებამ ვადა 2019 წლამდე მისცა.

აღნიშნული კომპანია აჭარის სასტუმროების ზოლის შეძენამდე რამდენიმე დღით ადრე ჰოლანდიაში დარეგისტრირდა და მას სასტუმროები - "რედისონი", "მედეა", "მესხეთი" უნდა აეშენებინა. რაც შეეხება "ჰორიზონტს", ის ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ ჰოლანდიურ კომპანიას ოფიციალურად "სილქ როუდ გრუპი" აკონტროლებდა. "სილქ როუდ გრუპის" უკან კი "ზარალა" ანუ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი მოიაზრება.

სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევის საკითხებს მაკონტროლებელი უწყება 2005 წლიდან, ანუ ლევან ვარშალომიძის პოსტზე მოსვლის დღიდან შეისწავლის. სწორედ ამ დროს, ვარშალომიძემ, კულტურულ-რეკრეაციული ზონების გაშენების მიზნით, პირადი ბრძანებით, ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაასხვისა.

როგორც "ვერსიას" წყარო უყვება, აჭარის მთავრობა ქობულეთში მიწის ნაკვეთების ჩუქებისა და გადაცემის ფაქტებსაც სწავლობს. წყაროს თქმით, ადმინისტრაციული წარმოება შპს "საქართველოსთან" ერთად, იმ კვიპროსულ კომპანიასაც შეეხება, რომელსაც მიწის ნაკვეთი ლევან ვარშალომიძემ ბულვარში გადასცა.

რაც შეეხება "საქართველოს", ამ სასტუმროს მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა, რომელიც სააკაშვილის "ლუბიმშჩიკ" ბიზნესმენად ითვლებოდა. სხვათა შორის, სასტუმრო "ჯორჯიან პალასის" მიმდებარე ტერიტორია - 15 ათასი კვადრატული მეტრი ჭყონიამ აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა და მალე ცნობილი გახდა, რომ სანაპიროს მიმდებარე
ტერიტორიაზე კოტეჯები და საცურაო აუზი აშენდებოდა.

ეს ტერიტორია ქობულეთში ერთ-ერთ უნიკალურ ზონად ითვლება. აქ თავის დროზე, ორი სანატორიუმი - "თოლია" და "საქართველო" ფუნქციონირებდა. ფიჭვნარის გაკაფვას დიდი ხმაური მოჰყვა, თუმცა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ეს ფაქტი ვერ გაიხსენა, პრობლემები არ მაქვსო, განგვიცხადა და ტელეფონი გაგვითიშა.