რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუკი ადრე ასეთ ინიციატივას ცალმხრივად დადებითად აფასებდნენ, დღეს უკვე სხვაგვარი ვითარებაა. კარასინის შემოდგებულ თემას საქართველოში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ამტკიცებს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს.
„მზად ვართ ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება“, - აღნიშნა კარასინმა და დასძინა, რომ ამ საკითხის განსახილველად ქართველ დიპლომატ ზურაბ აბაშიძეს შემოდგომისთვის შეხვდება. შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.
ჩრდილოეთიდან წამოსულ ინიციატივას საქართველოში მალევე გამოეხმაურნენ. „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის აზრით, მოსკოვთან ამ თემაზე სერიოზული საუბარია საჭირო და უპირობოდ არავითარ შემთხვევაში საქართველო არ უნდა დათანხმდეს:
„რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია. რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.
აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის -ევროკავშირის, კერძოდ, ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩართულობით გაფორმდეს ახალი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას.
საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს და აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი. მიგვაჩნია, რომ პროცესი საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა, კერძოდ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნულ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილებდნენ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული ავიაკომპანიები და საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები.
მოლაპარაკების პროცესი უპირობოდ ბრიუსელში უნდა წარიმართოს და ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იურისტების დახმარებით გაფორმდეს ახალი სამმხრივი ხელშეკრულება“, - აღნიშნა ურუშაძემ.
საინვესტიციო ბანკ „ალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი კი ამბობს, რუსეთის მხრიდან ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდა. სექტორმა ახალი ბაზრების ათვისება მოახერხა. ეს გეზი უნდა შენარჩუნდეს და ტურიზმი, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
„2019 წელს რუსი ტურისტების დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში 22% იყო. ანუ ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით მეხუთედი რუსეთზე მოდიოდა. ავიამიმოსვლაზე აკრძალვა რომ არ ყოფილიყო, ისე სწრაფად იზრდებოდა ეს რიცხვები, რომ ალბათ 25%-საც მიაღწევდა. თავიდან მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ შოკური პერიოდი იყო, შემდეგ კი უკვე ალტერნატიულ გზებზე გადაერთნენ რუსი ტურისტები. სახმელეთო და ტრანზიტული გზებით შემოდიოდნენ ქვეყანაში.
ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას ეიფორიით არ უნდა შევხვდეთ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში, მით უმეტეს ასეთ რთულ დროს, მაგრამ ისევ იმ ტენდენციას არ უნდა წავყვეთ, რომ რუს ტურისტებზე გახდეს ტურიზმის ბაზარი ჩამოკიდებული“, - განაცხდა ანალიტიკოსმა.
უშუალოდ ტურისტული სექტორი ამ ინიციატივას ცუდი თვალით უყურებს. „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებს და პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს „კატასტროფად“ აფასებს.
„ვფიქრობ, რომ ეს არის კატასტროფა. უკვე წლებია ვიხვეწებით, რომ ნუ ხარჯავენ ფულს რუსეთზე. გვიხაროდა კიდეც რუსეთმა რომ ჩაკეტა საზღვრები, რადგან ეს უნდა ყოფილიყო ზოგიერთებისთვის ცივი წყალის გადასხმა და გამოფხიზლებაში უნდა დახმარებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის ხალხი საქართველოში, რომელსაც ძალიან უნდა, რომ რუსეთზე იმუშაონ.
თუ გავითვალისწინებთ პანდემიას და იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც დღეს რუსეთს აქვს, ეს იქნება დამანგრეველი. საკითხის მეორე ნაწილი არის პოლიტიკური ვითარება. არ მგონია სწორი, რომ როცა რუსეთს „გაუსწორდება“ ჩაგვიკეტავს ბაზარს და როცა უნდა გაგვიხსნის. მომხრე ვარ, რომ რუსული ბაზარი საერთოდ იყოს ჩაკეტილი და დავანებოთ თავი როგორც ქართველმა ტუროპერატორებმა, ისე ტურიზმის ადმინისტრაციამ“, - განუცხადა „ბიემს“ ასათაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთიდან საქართველოში ჩაფრენა და უკან დაბრუნება მხოლოდ გადაჯდომით და მხოლოდ უცხოური კომპანიების ავიარეისების მეშვეობით არის შესაძლებელი.