„ჩემს დროს ქალიც არ ახტებოდა მაგიდაზე, თუ გაგიჟდებოდა და მაინც ახტებოდა, ხელს არავინ ახლებდა, უბრალოდ, ირონიულად ტაშს დაუკრავდნენ და გაიცინებდნენ“

„ჩემს დროს ქალიც არ ახტებოდა მაგიდაზე, თუ გაგიჟდებოდა და მაინც ახტებოდა, ხელს არავინ ახლებდა, უბრალოდ, ირონიულად ტაშს დაუკრავდნენ და გაიცინებდნენ“

ამ მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭო პირველ საქმეს განიხილავს. თინა ბოკუჩავამ ეთიკის საბჭოში საჩივარი შეიტანა. ის ითხოვს, შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს პასუხისმგებლობა დაეკისროს. საჩივრის შეტანის მიუხედავად, ქალ დეპუტატს ჯეროვანი რეაგირების იმედი არ აქვს, რადგან ეთიკის საბჭოს რამდენიმე წევრმა უკვე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ბოკუჩავას მიმართ და მასზე გადაიტანა ისრები.

თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ მამაკაცმა დეპუტატებმა მასზე სამარცხვინოდ იძალადეს და, როცა იგი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას მისვლას ცდილობდა, ის შალვა პაპუაშვილმა სპიკერატიდან ხელით გაიყვანა, ლევან მგალობლიშვილი კი ძალისმიერად ეცადა, მისთვის ლექსო ლაშქარავას პოსტერი გამოეგლიჯა ხელიდან.

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი სულაც არ ფიქრობს, რომ მისმა თანაპარტიელმა მამაკაცებმა ქალზე იძალადეს. ნინო წილოსანი არ გამორიცხავს, თინა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარისთვის ან საღებავი შეესხა, ან საწამლავი დაესხა, ეს ხომ წარსულში ნაციონალ ქალებს არაერთხელ გაუკეთებიათ?! ასე მოხდა, როცა „ნაცმა“ ქალებმა პარლამენტში დაასხეს საწამლავი და დაწამლეს ხალხი, ასევე, ყველას ახსოვს, როგორ შეეხო ფიზიკურად ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს.

რაც შეეხება ნონა მამულაშვილს, რომელიც, მაგიდაზე ავიდა პლაკატით ხელში, ნინო წილოსანი თვლის, რომ ეს იყო უხამსი ფორმით გამოხატული პოლიტიკური აქტი და ირაკლი ზარქუამაც, ასევე, პოლიტიკური ქმედებით უპასუხა, როცა ეს ქალბატონი ჩამოიყვანა მაგიდიდან, რასაც ნონა მამულაშვილი ჩამოგდებად აღიქვამს.

რას გადაწყვეტს ეთიკის საბჭო და თავად თუ მოიქცნენ ეთიკურად „ნაციონალი“ ქალბატონები?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პირადად იგი ძველი თაობის წარმომადგენელია, იმ თაობის, როდესაც ქალზე ხელის შეხება, უბრალოდ, სირცხვილი იყო. ხელის შეხება არა მარტო სირცხვილი იყო, არამედ დანაშაულიც. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ყველაფერი შესაძლებელია. სოსო ცინცაძის თქმით, იმ ქალს ძმა ჰყავს, ქმარი ჰყავს, ძველი დრო რომ იყოს, ქალის შეხებისთვის მამაკაცს დუელში გამოიწვევდნენ.

„ჩემს დროს ქალიც არ ახტებოდა მაგიდაზე. თუ გაგიჟდებოდა და მაინც ახტებოდა, ხელს არავინ ახლებდა, უბრალოდ, ირონიულად ტაშს დაუკრავდნენ, გაიცინებდნენ და არავინ ჭიდაობას არ დაუწყებდა ქალს. ასევე, სიცილსა და ხუმრობაში შეეძლოთ გაეტარებინათ ჩვენს დეპუტატებს ერთი ქალბატონის მაგიდაზე ახტომაც და მეორე ქალბატონის ტრიბუნასთან მივარდნაც. ეს უფრო ლამაზი და მისაღები იქნებოდა. ეთიკის საბჭოზე ბევრი რამეა განსახილველი. თუმცა, ვთქვათ, ეს საკითხიც განიხილა ეთიკის საბჭომ და დადგენილება გამოსცა, მერე რა მოხდება? ჟურნალისტებსაც აქვთ თავიანთი ეთიკის საბჭო, მაგრამ წულუკიანს ვინმე რამეს მოსთხოვს? ჩემთვის ცუდის მანიშნებელი იყო, როდესაც ორი ყველაზე გამორჩეული ანტილიბერალი, სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრები გახდნენ ვიცე-პრემიერები. ნორმალურ ქვეყნებში სოფლის მეურნეობა და კულტურა არ არის ისეთი წამყვანი სფერო, რომ მათი წარმომადგენლები გახდნენ ვიცე-პრემიერები. ვიცე-პრემიერები ჩვენთანაც ყოველთვის იყვნენ ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. როდის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ვიცე-პრემიერი? სოფლის მეურნეობა ჩვენთან რომელი წამყვანი დარგია? წესით, უნდა იყოს წამყვანი დარგი. ან კულტურა, რომელი წამყვანი დარგია?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ეთიკის საბჭომ, პირველ რიგში, თინა ბოკუჩავას საკითხზე უნდა იმსჯელოს, შემდეგ ნონა მამულაშვილის საქციელზე. მიუხედავად იმისა, რომ ნონა მამულაშვილი ფეხშიშველი ავიდა მაგიდაზე და ეს, რა თქმა უნდა, უფრო კარგი საქციელია, ვიდრე ფეხსაცმელებით ასვლა, მაინც ეს არ იყო ეთიკური საქციელი და ამაზეც ეთიკის საბჭომ უნდა იმსჯელოს.

„შალვა პაპუაშვილის თუ ირაკლი ზარქუას საქციელის ასეთნაირად შეფასება, რომ მათ ქალებზე ძალადობა განახორციელეს, უბრალოდ, სასაცილოა, რადგან პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ იქცეოდნენ ქალი პოლიტიკოსები და როგორ იქცეოდნენ მერე მამაკაცი პოლიტიკოსები. როცა შენ მანდატური გაჩერებს და მანდატური გიძალიანდება, რადგან რაღაცას არღვევ, მაშინ მანდატური არ აღიქმება მოძალადედ და, როცა იმავეს აკეთებს შენი კოლეგა პარლამენტის წევრი, მარტო ის არის მოძალადე? ამიტომ, თუ ღირსეულად მოიქცეოდნენ ქალი დეპუტატები და თავად დაიცავდნენ ეთიკის წესებს, პარლამენტის რეგლამენტს, შინა განაწესს, არავინ არავის შეეხებოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.