„ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ „ნაცმოძრაობას“ აგვისტოს ბოლომდე აძლევდა ვადას და თუ არ მოაწერდა ხელს, ასეთ შემთხვევაში გავიდოდა ამ ხელშეკრულებიდან“

„ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ „ნაცმოძრაობას“ აგვისტოს ბოლომდე აძლევდა ვადას და თუ არ მოაწერდა ხელს, ასეთ შემთხვევაში გავიდოდა ამ ხელშეკრულებიდან“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას. შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ.

შარლ მიშელი ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, მან ყურადღება თანაბრად გაამახვილა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერაზე.

„ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში, დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და გამოიჩინონ ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის მიმართ.

ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს არსებული სიტუაციისა და ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობების განსახილველად“, – აცხადებს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან, იმედგაცრუებული დარჩნენ ევროპარლამენტარები. მარინა კალიურანდის, სვენ მიკსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება. ამასთან, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასევე ევროკავშირ–საქართველოს ურთიერთობებში ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარებას და საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, მიმართულია ძირითადი საკითხებისკენ, როგორებიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის ან პარლამენტში ძალთა გადანაწილების გაუმჯობესება. „ქართული ოცნების“ განცხადებების, რომ შეთანხმებამ მისი მიზანი შეასრულა და შესაბამისად მიაღწია თავის ზღვარს, საპირისპიროდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში და არა მხოლოდ ეპიზოდურად.

არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ პროგრესის შეფერხებაზე. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის, რათა დარწმუნდნენ, რომ შეთანხმება გულდასმით არის შესრულებული, როგორც სიტყვიერად, ასევე არსობრივად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას „ტვიტერში“ ეხმაურება აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, რომლის შეფასებით, ამ ხელშეკრულების ანულირებით საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს.

„ამ ხელშეკრულების და მასში შემავალ დემოკრატიული პრინციპების ანულირებით, საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს. ამ პრინციპებისკენ დაბრუნება არასოდეს არაა გვიან“, – წერს იან კელი.

ევროპარლამენტარებისა და აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, მმართველ პარტიაში არ ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მცდარია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩავთვალეთ, რომ ეს პირიქით, მეტი რისკის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო დემოკრატიისთვის, როდესაც ჩვენ მივიღებდით კონფრონტაციის უზარმაზარ ხარისხს. თავიდან ბოლომდე იმ დესტრუქციული ქმედებების შედეგად და დამოკიდებულების გამო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავლენს.

რომ მქონდეს იმის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება რამე ფორმით მიზნად ისახავს ევროპულ ან დასავლეთ–ევროპულ ორბიტიდან ჩამოცილებას, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნებოდა ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება განსხვავებული იქნებოდა. პირიქით მგონია, რომ ყველაზე მეტად სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტის დატოვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პათოსი არ მოსწონს „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას, რომელმაც მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ამბობს, რომ მიშელისგან არ ყოფილა ვითარების ადეკვატური რეაგირება. ამიტომ, მისი თქმით, უნდა იმოქმედონ ადგილზე, ქვეყნის შიგნით და ამას დაეწევა ადეკვატური რეაქცია პარტნიორების მხრიდან.

„სამწუხაროდ, კვლავ არ იყო პრეზიდენტ მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური და ეს განცხადება, მაგრამ როდესაც ჩვენი საზოგადოება მისცემს ადეკვატურ რეაქციას ამ რეჟიმს შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები იქნებიან საქართველოს დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდამჭერები. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადგილზე და შემდეგ ამ მოქმედებას დაეწევა ადეკვატური რეაქცია ყველა ჩვენი პარტნიორის და პრეზიდენტ მიშელისაც მათ შორის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ამნისტიის კანონის დამტკიცების შემდეგ გეგმავდა ხელმოწერას, თუმცა ახლა შეცვლილი ვითარების ფონზე ეს საკითხი ხელახლა დადგა.

„ჩვენ როცა ვიმსჯელეთ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ნათელი, რომ მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა ამ დოკუმენტისთვის, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებდა მავნებლურ ამნისტიის კანონს, რომელსაც მხარს არ უჭერდნენ მათ შორის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც არ აღასრულა საკუთარი ვალდებულებები და ამნისტიის კანონი მეორე მოსმენის შემდეგ გააჩერა.

პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. მინდა, გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც შედგა აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში, მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ შესვლასთან ერთად ხელმოწერის გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებები პარტიაში მიიღება უმრავლესობით. ახლა თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„შარლ მიშელის ფრაქციის წევრი“ გიორგი ვაშაძე კატეგორიულად მოითხოვს შეთანხმების გარანტორი მხარის მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. ვაშაძე ამბობს, რომ მიშელის განცხადება იყო არასწორი.

„ევროპელი კოლეგების პოზიცია არის ძალიან მკაფიო – ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ არის მიუღებელი. უნდა დაიწყოს დოკუმენტის აღსრულების მექანიზმების ამოქმედება და მათ შორის განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება. ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ გარანტიით, რომ ამერიკა და ევროპა იყო ამ დოკუმენტის შესრულების გარანტორი. შესაბამისად, ჩვენ კი არ გადაგვაგდეს, მათ საგარანტიო სიტყვას პატივი არ სცა „ქართულმა ოცნებამ“ ამას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს და ნამდვილად არ მაინტერესებს „ნაციონაურმა მოძრაობამ“ მოაწერა თუ არ მოაწერა, ჩვენ მოვაწერეთ ხელი მაშინ, როცა შეთანხმება შედგა და მათ შორის პირადად შარლ მიშელი არის პასუხისმგებელი ამაზე.

შარლ მიშელის განცხადება იყო უსუსტესი, ეს იყო არასწორი განცხადება ამ შემთხვევაში. ჩვენი მთავარი სტრატეგია არის ჩვენმა დასავლელმა პარტნირებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებით, ისინი ვალდებულები არიან ჩვენ მიმართ. მე რომ „ქართულ ოცნებას“ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია, მე ვენდე მათ და ვითხოვ მათგან კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციას სტრატეგიას უწუნებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი საქმე გააკეთა. მისი მთავარი დანიშნულება იყო შეწყვეტილიყო პარლამენტის საბოტაჟი და ოპოზიცია შებრუნებულიყო პარლამენტში და მეტ–ნაკლებად სტაბილური ვითარება ყოფილიყო ქვეყანაში.

„ეს ფუნქცია შეასრულა მიშელის დოკუმენტმა და დანარჩენზე ლაპარაკი შეიძლებოდა მას შემდეგ, თუ „ნაციონალურმა მოძრაობა“ მოაწერდა ხელს ამ დოკუმენტს, აიღებდა ვალდებულებებს და ჩაერთვებოდა ამ პროცესში, მაგრამ არ გააკეთეს ასე, არ შეუერთდნენ ამ შეთანხმებას. ამიტომ, უცნაური არის „ქართული ოცნების“ კრიტიკა – რატომ დატოვა ეს შეთანხმება, მაშინ როდესაც თვითონ არ შეუერთდნენ. გაუგებარია ვის აკრიტიკებს ბოკერია, თვითონ არ მოაწერა ხელი და არ შეუერთდა ამ ხელშეკრულებას“, – აცხადებს ანალიტიკოსი.

დავით ზარდიაშვილის განცხადებით, შარლ მიშელი თვითონ იყო ინიციატორი და ამ შეთანხმების მოდერატორი, ცხადია, მას საკუთარი შეხედულება აქვს და ოპოზიციამ რაც არ უნდა თქვას, ეს მიშელის პოზიციას ნაკლებად შეცვლის.

„თავის მოტყუება იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის მოლოდინი, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება შედგა, გარკვეული ზავი მიღწეულია და მყარი მშვიდობა გველოდება წინ. მთავარი, რაც უნდა მომხდარიყო, დეპოლიტიზაცია მასიური პოლიტიკური დაპირისპირების, ეს არ მოხდა. ოპოზიცია ისევ ექსტრემისტულ რეჟიმში დარჩა, ისევ დაპირისპირება აქვს ხელისუფლებასთან, ისევ „რევოლუციის“ გზას ადგას და ამ შემთხვევაში რა შეთანხმებაზე შეიძლება ლაპარაკი? „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმის აქცენტირება, რომ ასეთ ოპოზიციასთან შეთანხმება არ მუშაობს, ვერ შედგება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარიდიაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ დასავლური ღირებულებების და საქართველოს დასავლური არჩევანის ბედი მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტზე არ გადის. მისი თქმით, ეს არის ერთი მცირედი დეტალი მთელი ჩვენი საგარეო არჩევანის და პრიორიტეტის.

„ასე რომ, მე ვფიქრობ, ბატონი კელის საბედისწერო შინაარსის განცხადება, მთლად ბოლომდე სწორი და ადეკვატური არ არის. რაც შეეხება თვითონ ბატონი მიშელის და ევროპარლამენტარების განცხადებებს, იქ მკაფიოდ ჩანს პასუხიმგებლობა საქართველოს ორივე მსხვილი პოლიტიკური პარტიის მისამართით. ევროპა პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებასაც“ რომელიც გავიდა ამ ხელშეკრულებიდან და ანულირებას დაუჭირა მხარი. ასევე პასუხისმგებლობას აკისრებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობა გადაწყვიტა, რომ დანარჩენმა, ყველა ძალამ დაიცვას წესები, დაემორჩილოს წესებს და მე ვიმოქმედებ უწესოდ, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე. ასე რომ, დასავლეთიდან რისხვა ელოდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასაც“. როგორც ჩანს, იან კელი ბოლომდე ვერ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობას ამ საქმეში და ცდილობს მხოლოდ ერთ მხარეს დააკისროს პასუხისმგებლობა“, – ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგვისტოს ბოლომდე აძლევს ვადას და თუ არ მოაწერს ხელს, ასეთ შემთვევაში გადის ამ ხელშეკრულებიდან.

„მაშინ ამხელა აჟიოტაჟი და ქაოსი არ მოჰყვებოდა ამ პროცესს. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის მიუხედავად ხელს ვაწერ ამ ხეშეკრულებასო. გვითხრა, რომ როგორი ველურიც არ უნდა იყოს ჩემი ოპონენტი, მე, მზად ვარ მიშელის შემოთავაზებული წესები დავიცვაო – ასეთი იყო თავიდან „ქართული ოცნების“ პოზიცია და დღეს შეცვალა.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე თავხედურად იქცეოდა და არც მიშელის, არც დეგნანის და ჰარცერის, არც ერთი ჩვენი პარტნიორის შეგონება და მოწოდება არ გაითვალისწინა, თავიდანვე დესტრუქციულ გზაზე დადგა. როგორც ჩანს, ორივე მხარე დესტრუქციულ და რადიკალიზაციის დიღის წესრიგს მიჰყვება და ამითი ორივე მხარე ხეირობს. რადიკალიზაცია და პოლარიზაცია შედის ორივე პოლიტიკური ძალის ინტერესში და ეს გამოიწვევს დანარჩენი ძალების კიდევ უფრო მეტად დასუსტებას და გაქრობას პოლიტიკური ასპარეზიდან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.

Katana . "...იმედგაცრუებული დარჩნენ ევროპარლამენტარები: მარინა კალიურანდი, სვენ მიკსერი და ვიოლა ფონ კრამონი..."
დანარჩენებმა რა თქვეს, მაგრად გვკიდიაო? თუ - გაგ....ათ პატრონიო? :)
*
"აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, რომლის შეფასებით, ამ ხელშეკრულების ანულირებით საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს."

ბრავო!..
მისმა ფავორიტმა "ნაცმოძრაობამ" რომ ფეხებზე დაიკიდა ' შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა 'და შარლ მიშელის მუდარის მიუხედავად, ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, ეს კი არ ყოფილა დასავლეთისთვის ზურგის შექცევა, არამედ "ოცნება" რომ 100-დღიანი ამაო ლოდინის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს, თვითონაც რომ გავიდა ამ ცალმხრივი ხელშეკრულებიდან!

აი, ასეთ არაობიექტურობას და ორმაგ სტანდარტებს მოსდევს დასავლეთით მზარდი იმედგაცრუება, რომლის თვალსაჩინო გამოვლინებაც (თქვენთის თვალსაჩინო!) ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა იყო გაავებული ხალხის მიერ!..
შეუძლებელია, ამას ვერ ხვდებოდეთ, მაგრამ მოქმედებთ, როგორც თქვენი წინამორბედი ნაჩალნიკი საქართველოსი: Cила есть, ума не надо!
3 წლის უკან
GeorgeGot თუ ხელისუფლებას ნაცმოძრაობის გაქრობა უნდა პოლიტიკური ველიდან, რატომღა უთმობს მას ასეთ დიდ ყურადღებას? კატანას აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე.
3 წლის უკან
Katana :
GeorgeGot, არა მგონია, მთლად გაქრობა უნდოდეთ: მერე ვიღათი უნდა დააფრხონ ამომრჩეველი?!.
ამათი ურთიერთობა მაგონებს ამერიკელი ექიმის დამოკიდებულებას თავისი პაციენტისადმი, რომლის არც სიკვდილი აწყობს და არც მთლად მორჩენა, რადგან ორივე შემთხვევაში შემოსავლის წყაროს კარგავს. მას სჭირდება აავადმყოფის შენარჩუნება, როგორც პაციენტისა. ეს - ერთი.

მეორეც, ძალიანაც რომ უნდოდეთ ამათი გაქრობა, ვინ გააქრობინებს! - ხომ ვხედავთ, "დასავლეთი" ქოლგით და პლედით დასდევს ნაცმოძრაობას - ან მზემ არ დაჰკრას, ან არ გაგვიცივდესო!..

(ისე, საქართველოს მოსახლეობის კეთილგანწყობას რომ ნაცების კარგად ყოფნა ურჩევნიათ, ამის შედეგებს აუცილებლად მოიმკიან ესენი ადრე თუ გვიან, როგორც არაერთ ქვეყანაში მოიმკეს!).
3 წლის უკან