ტურიზმის სექტორში ჩართულმა ბიზნესმენთა ნაწილმა ზაფხულის სეზონი უკვე ჩავარდნილად გამოაცხადა. მათი არგუმენტები საკმაოდ მყარია, მით უფრო, მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და საშინელი უამინდობის ფონზე.
ტურისტული კომპანია „კაუკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე არსებული რეგულაციების და გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ზაფხულის ტურისტულ სეზონს „გაფუჭებულად“ აცხადებს. ამიტომ ტურიზმის 2019 წელთან შედარებაზე შეგვიძლია ხელი ავიღოთ, რადგან ეს ცა და დედამიწაა.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი პრაქტიკულად არ გვაქვს, ან ექსპერიმენტულ ნიშნულზეა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოგზაური და გაქვთ მოგზაურობის საშუალება, არანაირ ლოგიკაში არ ზის ის, რომ წითელი ზონის ქვეყანაში გადაწყვიტოთ მოგზაურობა.
რეგულაციების აღსრულება, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და ა.შ. არავის უცდია. ახლა რეგულაციები ამას აღარ უშველის. ეს სეზონი, ბაზრების შკალის მიხედვით, რიგ შემთხვევაში 0-5%-ზე, რიგ შემთხვევაში კი 15-20%-მდე მაჩვენებელზე იქნება. ესეც ალბათ ისეთი ბაზრების შემთხვევაში როგორიცაა აღმოსავლეთი ევროპა, მეზობელი ქვეყნები და ა.
ფაქტობრივად აგვისტოს რეზერვების ნაწილი გადააქვთ, ნაწილი კი უქმდება. მერე გადატანილი ჯავშნებიც უქმდება ხოლმე. ჩვენი კომპანიის მაგალითზე არ ველით, რომ 2019 წლის მაჩვენებლების 5%-ზე მეტი დატვირთვა გვექნება“, - განაცხადა „საქმის კურსში“ კიკნაძემ.
მისთვის გაუგებარია ზამთრის სეზონის ჩაგდება და ხელისუფლების მიერ ჯარიმებზე გამოცხადებული ამნისტია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
„ზამთრის სეზონის ჩაგდება და ის რაც გავაკეთეთ, დიდი შეცდომაა. რა დასკვნა გამოვიტანეთ ამ ყველაფრიდან - ვერაფერი. გაზაფხულზე კიდევ ვითომ ჭკუასთან მდგომი ნაბიჯები იდგმებოდა, მაგრამ რეალობა დავამთავრეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებით - იმის გამო, რომ გვინდა ვაამოთ საზოგადოებას მეორე ხელით საწამლავი მივუტანეთ და ეპიდემიოლოგიური წესრიგის დარღვევის საშუალება მივეცით. ჯარიმების ამნისტიას ვგულისხმობ.
ადამიანებს, რომ ვცრით, ამასაც ხომ დრო უნდა - ახლა რომ ვაქცინას გაიკეთებ და მეორე დოზა სამ კვირაში უნდა გაიკეთო, შედეგს კიდევ 3 კვირა უნდა ელოდო და ამასობაში მორჩა ეს ზაფხული. ასე რომ, სეზონი გაფუჭებულია“, - განმარტა „კაუკასუს თრეველის“ დამფუძნებელმა.
საზღვაო კურორტებზე ნამდვილად პრობლემაა. ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მფლობელთა ინფორმაციით, სეზონის დასაწყისში მიღებული შეკვეთები გაუქმებულია. ქობულეთში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელი თამილა ბერიძე ამგვარ ვითარებას ადასტურებს.
„თავიდან სეზონი კარგად დაიწყო, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი დამსვენებლების მხრიდან მივიღეთ შეკვეთები, მაგრამ წითელ ზონად გამოცხადებამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ზღვაზე დასვენებისგან ხალხი თავს იკავებს, ერთიმეორის მიყოლებით გაუქმდა ჯავშნები წინა კვირის დასაწყისში. ამას დაემატა უამინდობაც, ამიტომ უკვე დასასვენებლად ჩამოსული ადამიანებიც უკან გაბრუნდნენ.
ამინდზე მეტად შიშის ფაქტორმა იმოქმედა. თავდაპირველი ბევრი ადამიანი მოაწყდა ზღვას, არ იცავდნენ რეგულაციებს, ელემენტარულად, ნიღბის ტარების ვალდებულებას, რაც აისახა კიდეც გაუარესებულ სტატისტიკაზე. კოვიდინფიცირების ფაქტების გამოვლენის მიხედვით აჭარა რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა.
ამ უარყოფითი ფონის მიუხედავად, არ არის გამორიცხული, სიტუაცია შეიცვალოს. ზღვას ყველაზე მეტად აგვისტო-სექტემბერში ჰყავს დამსვენებელი. მაქსიმალურად შევეცდებით მათზე მორგებული პაკეტები შევთავაზოთ მომხმარებელს“, - განაცხადა თამილა ბერიძემ.
როგორც აღმოჩნდა, უამინდობის გამო, მომხმარებლები დროებით ამბობენ უარს ლაშქრობებსა და ექსკურსიებში მონაწილეობაზეც.