„ჩვენ ძალით ჯარში არავინ არ უნდა წავიყვანოთ”

„ჩვენ ძალით ჯარში არავინ არ უნდა წავიყვანოთ”

„ჩვენ ძალით ჯარში არავინ არ უნდა წავიყვანოთ”, - განაცხადა თავდაცვის მინისიტრმა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ მისი სტრატეგია საკონტრაქტო პროფესიულ არმიაზე გადასვლაა.

ირაკლი ალასანიას განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს არა აქვს სურვილი, შესაძლებლობა და მოწოდება, იყოს სამხედრო. ამიტომ მათ ექნებათ სხვა შესაძლებლობა, რომ ქვეყანას გამოადგნენ თავიანთი პროფესიით, თუნდაც თავიანთი სოციალური აქტიურობით.

რაც შეეხება საკონტრაქტო პროფესიულ არმიას, ეს სიახლე დაგეგმილია 2016 წლის ბოლოს, 2017 წლიდან კი სრულად უნდა გადავიდეთ ამ სახის არმიაზე. ამასთან ერთად, წლების განმავლობაში გაიზრდება რეზერვის სისტემა და სამი ტიპის რეზერვი გვეყოლება: საბრძოლო რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო რეზერვი.

ირაკლი ალასანიას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში სრულად შედგეს პროფესიული არმია. კერძოდ, დღეს უკვე 75% პროფესიული არმია გვყავს და ზოგადად, არმიაში წვევანდელების მხოლოდ 30-35%-ია დარჩენილი.

„საქართველოს სჭირდება პროფესიული არმია, პროფესიული სამხედროები. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ, როცა თვენახევრის წინ რეპორტირება გამოცხადდა, უკვე ოთხი ათასზე მეტი მსურველი მოვიდა ჯარში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრის ხედვის ირგვლივ განსხვავებული პოზიციებია. თუმცა ფაქტია, რომ სამხედრო სამსახურში ძალით წაყვანილი ახალგაზრდები ომის დროს შედეგს ვერ იძლევიან. ეს აგვისტოს ომის დროს რეზეტვისტების დემორალიზებამაც გვაჩვენა.

ახალი ინიციატივის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პატარა ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია მცირე პროფესიონალური არმიის შექმნა. ასეთი მოდელი არსებობს შვეიცარიაში, დანიასა თუ ჰოლანდიაში. პირადად იგიც ემხრობა პროფესიონალური არმიის იდეას, მაგრამ აცხადებს, რომ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ვუპირისპირებთ იმ თანაფარდობას, რომელიც ჩვენს ირგვლივაა. ჩვენ რომ ვიყოთ ჰოლანდიის, ფინეთის პირობებში, ან გეოსტრატეგიული არეალის კუთხით ვიყოთ სტაბილური განთავსების სივრცეში, მაშინ პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, მისაბაძია იუგოსლავიის მოდელი, სადაც კარგად მომზადებული პროფესიონალური არმია მოქმედებდა, მაგრამ იგი გაჯერებული იყო ტერიტორიული თავდაცვითი ძალებით და ამან კარგად იმუშავა.

„ფაქტობრივად, ირაკლი ალასანიამ გააჟღერა იუგოსლავიის მოდელი. მართლაც, თუ დამკვიდრდება ის მოდელი, რაც ირაკლი ალასანიამ გააჟღერა, რომ საქართველოს რეზერვი იქნება სამი ტიპის - საბრძოლო რეზერვი, ტერიტორიული და სამოქალაქო რეზერვები, იდეალური და ოპტიმალური იქნება. აქედან მეორე კომპონენტი - ტერიტორიული თავდაცვითი ძალები ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა უზრუნველყონ მოწინააღმდეგის შეკავება. ამის შემდეგ უნდა გატარდეს სამხედრო ოპერატიული და დიპლომატიურ-პოლიტიკური ზომები. სხვათა შორის, ასეთივე მოდელი ჰქონდათ ცხინვალის ე.წ. სეპარატისტულ ძალებს და აგვისტოს ომის პირველსავე ფაზაში, გარკვეულწილად, მოახერხეს ქართული შეიარაღებული ძალების შეჩერება ცხინვალის ცენტრში. თუ ეს სამი ტიპის რეზერვი განხცორციელდება, მაშინ მოიხსნება ჯარში ძალით გაწვევის პრობლემა, მაგრამ ამის შექმნა რთულია. ამას პროფესიონალური კადრები სჭირდება და სამხედრო დოქტრინაა საჭირო“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ამასთან, ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს არ აქვს ფსიქოლოგიური მზაობა, სამხედრო გახდეს. არც იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველანი ომში მიდიოდნენ. ამიტომ, ცხადია, ბევრი ადამიანი აარიდებს ჯარს თავს. თანაც, ომის საშიშროება საერთაშორისო პოლიტიკური კუთხით ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ომი გამოცხადებულია, როგორც არაკანონიერი ქმედება.

რაც შეეხება სააკაშვილის დროინდელ რეზერვს, ვახტანგ მაისაიას თქმით, ეს იყო იძულებითი მობილიზაცია.

„მოყარეს“ ამდენი რეზერვისტი და ამ რეზერვმა ხელი უფრო შეუშალა საბრძოლო ოპერაციის წარმოებას. ამიტომ რეზერვი ტერიტორიულ თავდაცვით ძალებზე უნდა იყოს მორგებული, როგორც ეს იუგოსლავიაში ხდებოდა“, - ასეთია ვახტანგ მაისაიას პოზიცია, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია სწორედ იუგოსლავიის მოდელს მიუძღვნა.

თუმცა აქვე ვახტანგ მაისაიამ ის მინუსებიც განმარტა, რაც ამ სიახლეს ახლავს. კერძოდ, ექსპერტი უსაფრთხოების გეოსტრატეგიულ პირობებს შეეხო და აღნიშნა, რომ თავად ირაკლი ალასანიამ საქართველოს ორი დიდი საფრთხე დაასახელა - რუსეთის სამხედრო ნაწილები და მისი განახლებადი შესაძლებლობა.

ექსპერტის თქმით, დღეს საქართველო და რუსეთი იმყოფებიან სამშვიდობო ზავის პირობებში. ეს კი ნიშნავს, რომ ომის პირობები ისევ ძალაშია და დროებითი ზავია მხარეებს შორის დადებული. თუმცა, რატომღაც, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ფაქტობრივად, რუსეთის ერთი სრულყოფილი არმია, მეოთხე ბაზა ცხინვალშია გახსნილი, საარმიო დაჯგუფება იმყოფება საქართველოს უშუალო ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის, დედაქალაქიდან სულ რაღაც 30-40 კილომეტრის მანძილზე, რაც არის ოპერატიული მოცულობის უშუალო პირველი ზღუდე და ეს ყველაზე საშიში წითელი ზონაა.

„მტერს პირდაპირ ქალაქზე შეუძლია იერიშის მოტანა. გარდა ამისა, სამხედრო ტერორიზმის საფრთხეცაა. ამასთან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, სულ მცირე, ორ-სამჯერ მეტი შეიარაღებული ძალები ჰყავთ, სომხეთის  შეიარაღებული ძალების რაოდენობა დღეს შეადგენს 60-70 ათას ადამიანს, აზერბაიჯანის არმია ითვლის დაახლოებით 130-150 ათას ადამიანს, თურქეთს ჰყავს ყველაზე უძლიერესი არმია, 400 ათასი შეიარაღებული ძალა, ხოლო რუსეთს ჰყავს 2 არმია ჩვენს საზღვარზე და ერთი საარმიო დაჯგუფება. ეს არის 49-ე არმია, სოჭის მიმართულებით, შავი ზღვის გასწვრივ განლაგებული 58-ე არმია, რომელიც, ფაქტობრივად, აგვისტოს ომის პერიოდში გვიტევდა და ერთი საარმიო დაჯგუფება, რომელიც არსებობს აფხაზეთსა და ცხინვალში“, - განმარტა ექსპერტმა.

მისივე თქმით, დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობა განსაზღვრულია კანონით, სადაც დაფიქსირებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა 28-32 ათას მებრძოლს შეადგენს, გაწვეულთა და პროფესიონალთა ნაზავის სახით. ამ დროს კი, პროფესიონალური არმია მოითხოვს, რომ ეს კვოტა კიდევ უფრო დაიწიოს. ამიტომ, როცა მოიხსნება საერთო გაწვევის კომპონენტი, კიდევ უფრო დაიწევს ეს ზღვარი და საქართველოსა და მეზობლებს შორის რაციო, ანუ თანაფარდობა, საშუალოდ ერთი ოთხზე იქნება. ამას ემატება საქართველოს ტერიტორიის შიგნით  საბრძოლო შენაერთის არსებობა, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს საბრძოლო ოპერაციები. ამიტომ, მხოლოდ პროფესიულ არმიაზე დაიმედება სარისკოა.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ პირადად მას და მის მეგობრებს ალტერნატიული ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა მოეწყოს ქართული თავდაცვის სისტემა. ეს ხედვა კი ოდნავ განსხვავდება ირაკლი ალასანიას ხედვისგან. თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს დისკუსია და საზოგადოებამ აირჩიოს, რომელი სისტემა უფრო მისაღებია საქართველოსთვის.

„აუცილებელია კომბინირებული დაკომპლექტების წესი. ანუ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ გვყავდეს ძლიერი სწრაფი რეაგირების ძალები შეიარაღებულ ძალებში, სწრაფი რეაგირების კორპუსი, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება და გაძლიერებული ქვედანაყოფი, რომელიც დაკომპლექტდება ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებით. სამხედრო სავალდებულო სამსახური იქნება 6 ან 9-თვიანი, ანუ ძალიან მოკლე ვადიანი. ამასთან, სამხედრო სამსახური უნდა იყოს საყოველთაო“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე და მიიჩნევს, რომ ევროპაში განთქმული პრინციპი - მოქალაქე უნიფორმაში - არის უნიკალური მიგნება, რომელიც აზღვევს საზოგადოებას, რომ სამხედროები ჩამოყალიბდნენ ცალკე კასტად.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა თავის შეიარაღებულ ძალებს განიხილავს, რომ ისინი, პირველ რიგში, არიან მოქალაქეები, რომლებმაც დროებით ჩაიცვეს უნიფორმა.

რაც შეეხება პროფესიულ არმიებს, გიორგი თავდგირიძის თქმით, ასეთი არმიები ჰყავთ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. თუმცა, მათ მაინც აქვთ პრობლემები. იმავე ერაყის ომის დროს ამერიკას ჰქონდა დიდი პრობლემა ამ არმიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, რადგან, როცა ნებაყოფლობითია ჯარში წასვლა, საჭირო რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის მოგროვება ძნელდება ხოლმე. ამერიკელები კი ამას ახერხებენ ჯარში სახელფასო ანაზღაურებით და სოციალური პაკეტებით, რისი ფუფუნებაც საქართველოს არ აქვს. თუმცა ამ მოხალისეებს შორისაც კი საკმაოდ მაღალი იყო დეზერტირობის ხარისხი (10%) და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისგან თავის არიდება.

იმაზე აპელირება, რომ ჩვენ ისტორიულად სამხედრო გამოცდილება გვქონდა და გენეტიკური ექსკლუზივი გვაქვს, გიორგი თავდგირიძის აზრით, დაუშვებელია, რადგან გენეტიკური განსხვავება არ არსებობს და სამხედრო თეორია მოქმედებს როგორც ტანზანიაში, ისე საქართველოსა და გერმანიაში.

რაც შეეხება ბრიტანეთსა და ამერიკას, ეს ორი კლასიკური, პროფესიული არმიის კუნძულოვანი ქვეყანა შეიარაღებულ ძალებს განიხილავს, როგორც სპეციფიკური ოპერაციებისთვის გათვლილ ჯარს და არა საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედ ჯარს. ამიტომ, მათთვის ნებაყოფლობითობა და ფინანსები ტრადიციადაა ქცეული.

„სხვათა შორის, ტრადიციულ სამხედრო ქვეყანაში - ავსტრიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომ ავსტრიის არმია გადასულიყო პროფესიულ არმიაზე, მაგრამ ავსტრიელებმა უარი თქვეს პროფესიულ არმიაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამას მოჰყვა სამთავრობო კრიზისი, რადგან აღნიშნული რეფერენდუმი წააგო ლობისტმა ხელისუფლებამ. ამიტომ, ძალიან საფრთხილოა ასეთი განცხადებები. მარტო ის, რომ შეიარაღებულ ძალებში მომწიფდა ასეთი აზრი, საკმარისი არ არის, რომ ის ცხოვრებაში გატარდეს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პროფესიული არმია, მაგრამ ეს გამოიწვევს კასტურობას. ეს პრობლემა ყველგან არსებობდა. როდესაც ჩაკეტილ მხედართა ფენა ყალიბდებოდა, საზოგადოება კარგავდა ჯართან ურთიერთობას და ხალხს არ უწევდა ჯარში მსახური“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე. 

მისი თქმით, როდესაც ქვეყანას გააჩნია ტექნოლოგიური უპირატესობა, მას ნაკლები რაოდენობით ჯარისკაცი სჭირდება. თუმცა, საქართველოს არცერთ თავის მეზობელთან დიდი ტექნოლოგიური უპირატესობა არ გააჩნია, ამიტომ სამხედრო ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადავიდეთ პროფესიულ არმიაზე.

გიორგი თავდგირიძის აზრით, ყველა ყმაწვილი მაინც დედას არის მიჯაჭვული და თუნდაც მოკლე ხნით ჯარში მსახურება არის ის პერიოდი, როცა მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვასწავლით. ამიტომ იგი მიიჩნევს, რომ ჯარში გაწვევა საყოველთაო უნდა იყოს, ვინაიდან ჯარში წამსვლელი არის ბავშვი, ხოლო ჯარგამოვლილი უკვე არის დამოუკიდებელი კაცი. 

გარდა ამისა, გიორგი თავდგირიძის არგუმენტით, ჯარში გაწვევა სამშობლოს წინაშე მოვალეობაა და ეს ძალით გაწვევას არ უნდა ნიშნავდეს. ეს ვალდებულება უნდა მოვიხადოთ, მით უმეტეს, თუ ის მოკლევადიანი იქნება. უფრო მეტიც, ახალგაზრდა კაცს შეეძლება წავიდეს ჯარში, იმსახუროს ექვსი თვე, ამის შემდეგ კიდევ ექვსი თვე, ან ერთი წელი იმსახუროს კონტრაქტით და საკუთარი სწავლის ფული იშოვოს.

„გოგლი-მოგლიზე გაზრდილი ბავშვებისთვის კარგად ჟღერს, რომ მათ არ მოუწევთ ჯარში მსახური, მათ დედიკოებს კი არ მოუწევთ, განებივრებული შვილები ჯარიდან დაიხსნან, მაგრამ სახელმწიფო ყველასია. სისხლში უნდა გვქონდეს გამჯდარი, რომ პირადი ცხოვრების გარდა არსებობს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი აქტიურობები. დააკვირდით ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ უმრავლესობას ქართულ შეიარაღებულ ძალებში არ უმსახურია. არადა, საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში იმიტომ იყო ძლიერი, რომ ჩვენში ვალდებულება კარგად იყო განსაზღვრული. აზნაურმა, თავადმა, გლეხმა იცოდა, რა სიტუაციაში იხდიდა თავის მოვალეობას. სამხედრო ვალდებულებისგან ყველაზე მეტად თავისუფლებოდა გლეხი, სამაგიეროდ, აზნაური (რომელიც მიწის სამუშაოებისგან თავისუფლდებოდა), ვალდებული იყო, გლეხის მშვიდობიანი მუშაობა უზრუნველეყო. ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება იყო. ის, რომ საქართველოში გლეხთა აჯანყებები არ ხდებოდა, სწორედ იმის გამოძახილი გახლდათ,  რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.