შარლ მიშელის ხელშეკრულების ანულირებად გამოცხადებამდე შეუთანმხდა თუ არა „ოცნება“ თავად შარლ მიშელს და თუ არა, რა რეაქციები შეიძლება დასავლეთიდან ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს? ჯერჯერობით ოპოზიცია, რომელმაც შეთანხმებას ხელის მოაწერა, გადაწყვეტილებას არ იღებს და ამბობენ, რომ ცოტა ხანს დაფიქრება სჭირდებათ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მათ კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან უკვე ჰქონდათ და კონკრეტულ ქმედებებზე მხოლოდ მაშინ გადავლენ, როდესაც მათი მხრიდან განცხადებები გაკეთდება. დაადანაშაულებენ თუ არა ჩვენი პარტნიორები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ თუ პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დააკისრებენ, რომელმაც მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა, ჯერ უცნობია.
„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ხელშეკრულებას ანულირებულად აცხადებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში, პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის.
დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.
ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამ გადაწყვეტილებას კი ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც სენატორი წერს, ეს პასუხისმგებლობის მოხსნაა და, როგორც ჩანს, პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს რიში „ტვიტერზე“.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომლის სათაურია: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“, აზიარებს შემდეგი კომენტარით:
„საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, - წერს ევროპარლამენტარი.
კიდევ ერთ პოსტში კი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ ძალებს აკრიტიკებს.
„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, - აღნიშნავს იგი. ასევე ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოში მოდის.
„კიევში ვარ და საქართველოში მივდივარ“, - წერს ევროპარლამენტარი.
ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ შესაძლოა, „ოცნებამ“ შარლ მიშელი დოკუმენტის პირობებიდან გასვლის შესახებ საქმის კურსში ბათუმში ყოფინისას ჩააყენა. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ არგუმენტად მთელი ოპოზიციის ხელმოწერის არქონა დაასახელეს. თუმცა რა რეაქცია ჰქონდა მიშელს და როგორი ექნება ახლა - ზაქარეიშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს.
„ვფიქრობ, ბათუმში მყოფ შარლ მიშელს „ოცნებამ“ უთხრა, რომ დოკუმენტის ანულირებას აპირებდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მას ხელს არ აწერდა და ვინც ხელი მოაწერა, ნაკისრ ვალდებულებებს ისინიც არ ასრულებდნენ. ვერ გეტყვით, რა რექცია შეიძლება მას ჰქონოდა, მაგრამ კარგი რომ არა, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ამერიკიდან და ევროპიდან საკმაოდ მძიმე შეფასებები იქნება, მაგრამ არჩევნებამდე რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოერიდებიან.
შეხედავენ, თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ხალხმაც ამ ყველაფერზე ხმა არ ამოიღო, ეს ამბავიც შერჩებათ. ახლა „ოცნებას“ ძალიან დიდი გამოცდა ელის და ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს. ხალხი დაღლილია და ოპოზიცია მათ გამოყვანას ვერ შეძლებს. ამიტომაც არ ველი, რომ დიდი რყევები იქნება. შეიძლება რაღაცა პერსონალურ სანქციებზე საუბარი იყოს, მაგრამ კობახიძეს და ღარიბაშვილს მაინც არავინ დაუწესებს. უფრო საპარლამენტო თანამდებობებზე იქნება საუბარი. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვაზეც, მაგრამ სიტუაციის ამ დონემდე გართულებაც ჯერჯერობით არ მგონია მათაც აწყობდეთ. საქმე ისაა, რომ როცა დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა, ფაქტიურად „ოცნების“ საქმე გააკეთა. მათ მისცა იმის თქმის საბაბი, რომ დოკუმენტს მთელი ოპოზიცია ხელს არ აწერდა. თუ „ნაციონალებს“ ქუჩაში ისევ ხალხის გამოყვანის იმედი აქვთ, მაშინ იგივე წრეზე წავლენ, რაზეც 7 თვე იარეს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებაზე რეაქცია იქნება და არაა გამორიცხული გაფრთხილების შემდეგ საუბარი პერსონალურ სანქციებზეც კი იყოს. ჩიტაძე გამორიცხავს, რომ „ოცნებას“ ჯერ კონსულტაციები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან თავად შარლ მიშელთან ჰქონოდა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღო. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება იმდენად ნაჩქარევად არის მიღებული, რომ ევროპიდან რა სახის კრიტიკა და პრობლემები შეიძლება შეექმნათ, არც გააანალიზეს. ამის მიზეზად კი ჩიტაძე შიდა კვლევებს ასახელებს, რომელიც მმართვეელმა გუნდმა ჩაატარა და მიღებული შედეგები არცთთუ საიმედოდ გამოიყურება.
„რა თქმა უნდა, დასავლეთიდან „ოცნების“ მისამართით საკმაოდ მკაცრი რეაქცია იქნება. არ მსურს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საუბარი სანქციებზეც იყოს. ეს სანქციები უფრო მაღალჩინოსნებს დაუწესდებათ და მათ შენგენის ზონაში გადაადგილება გაუჭირდებათ. ეს არის ყველაზე რადიკალური ფორმა. თავიდან როგორც ევროპა, ისე ამერიკა ჯერ განცხადებებით შემოიფარგლებიან და „ოცნებას“ კიდევ გარკვეულ დროს მისცემენ.
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. 3 მილიარდი ევრო უნდა მივიღოთ გრანტის სახით და ეს დახმარება ფაქტია საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს. არ ვამბობ, რომ ასე ხელაღებით შეიძლება რამე გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ „ოცნებას“ საკმაოდ რთული პერიოდი ელის. ეს კი, ფაქტია, წინასაარჩევნო კამპანიასა და განწყობაზე ზეგავლენას მოახდენს. როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება უკიდურეს სიტუაციაში მიიღო. სავარაუდოდ, შიდა კვლევებმა სახარბიელო სიტუაცია არ აჩვენა, ამხელა თავის ტკივილი ამიტომაც გაიჩინეს“, - ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.