"ეს იყო ჯანსაღი აზრის გამარჯვება. ვფიქრობ, ივანიშვილმა და უსუფაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი იყო შედეგის მიღწევა და არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, დაუთმობდა თუ არა უმრავლესობა "ნაციონალებს". მართალი გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ იყო "ნაციონალებისთვის" პრინციპული ამ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება. პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ განაცხადა, რომ უმცირესობის მხარდაჭერის გარეშე ამ ცვლილებას ვერ მიიღებდნენ, რომ უმცირესობის ხმები სჭირდებოდათ. მე მაინც ვფიქრობ, "ნაციონალები" ელოდნენ, რომ უმრავლესობა მათ წინადადებას არ დათანხმდებოდა და, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებაც ჩავარდებოდა, მაგრამ უსუფაშვილმა მათ უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა. ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ სააკაშვილი დარჩა ძალაუფლების გარეშე", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კარგი რა, რაღა დროს სააკაშვილია!".
"რაღა დროს სააკაშვილია? როგორც იქნა, ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოვიდა, ისეთი პროცესები მიდის, როგორიც ხალხს და ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება დ ავის რაში აინტერესებს უკვე წასული, ყოფილი პოლიტიკოსის მოსაზრებები? სააკაშვილის ბოლო განცხადებებმა საბოლოოდ ნათელი გახადეს, რომ ამ ადამიანთან კოაბიტაცია შეუძლებელია. სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი ხალხმა 1 ოქტომბერს გადაწყვიტა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.
"დაძაბულობა, არეულობა ადამიანთა იმ ჯგუფის ინტერესებშია, ვინც უკვე აშკარად მოქმედებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. გამომდინარე აქედან, ამ იდეის ინიციატორი ვერაფრით ვერ იქნება ივანიშვილის მთავრობა. არაერთხელ მითქვამს, ეს გუნდი თავისი პოლიტიკური ცხოვრების დასასრულს ყველანაირად ეცდება, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ვფიქრობ, სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების საკითხის წამოწევა მორიგი პროვოკაციაა. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა სააკაშვილი ამ სათუთ რეგიონს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ისე იყენებს, როგორც დასჭირდება. ამის ნათელი მაგალითი იყო ის ფაქტი, რომ, როგორც გიგლა ბარამიძემ განაცხადა, სააკაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში, თურმე, სამხრეთ საქართველოში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ხმების სანაცვლოდ სტატუსს ჰპირდებოდა. მაშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ფაქტი ერთია, სააკაშვილი ამ სათუთ რეგიონს სახიფათოდ ეთამაშება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს რეგიონალ ენებს, ის ცნობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ სახელმწიფო ენას - ქართულ ენას. შესაბამისად, ვერც სომხურ, ვერც სხვა ენას საქართველოში ვერც სახელმწიფო და ვერც რეგიონული სტატუსი ვერ ექნება. ვინც ეს საკითხი დააყენა, თავადვე ამბობს, რომ მისი განხორციელება მოითხოვს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. როდესაც საუბარია ქვეყნის ძირითად კანონში ასეთი ცვლილების შეტანაზე, ეს უკვე თავისთავად გულისხმობს საფრთხეს. აბსოლუტურად ვეთანხმები ამ საკითხში საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებას, რომ საეჭვო ვითარებაა. არ ყოფილა შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, რომ სომხებს ენის სტატუსის გამო პრეტენზიები ჰქონოდათ და ეს პრეტენზია რაღა მაინცდამაინც ახლა გაუჩნდათ? ყველაფრიდან ჩანს, რომ პროცესი არის ხელოვნურად დაწყებული, რაც მიზნად ისახავს ორ მოძმე ხალხს შორის დაძაბულობის შექმნას. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვის რა როლი მიუძღვის ამ ყველაფერში", - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.