ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია. ორი გიორგის კანდიდატურა ისევ მიუღებელია ოპოზიციისთვის და გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანისთვის ისინი ხმის მიცემას არც მეოთხე ცდაზე აპირებენ, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, რომლებსაც შემდეგ კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების დასამტკიცებლად უკვე ხმები ნამდვილად ეყოფა. კანონის თანახმად, მეოთხე კენჭისყრაზე თამარ ჟვანიას შემცვლელის ასარჩევად 76 ხმა მმართველ გუნდს ისედაც აქვს. ოპოზიციის მთავარი არგუმენტი პროცესისადმი უნდობლობაა, „ქართული ოცნება“ კი თვლის, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ოპონენტებს პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული და პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ცესკოში ამჟამადაც მაღალ პოსტებზე მუშაობენ და ესენი არიან: გიორგი კალანდარიშვილი - ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი; გიორგი სანტურიანი - ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
პრეზიდენტს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ შეურჩია. თუმცა არასამთავრობო სექტორი შედეგით უკმაყოფილო დარჩა.
„შარლ მიშელის შეთანხმების“ მიხედვით, ახლახან განახლებული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე პოსტს 5 წლით დაიკავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (მინიმუმ 100 დეპუტატი).
100 დეპუტატის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ანუ ცესკოს თავმჯდომარის 5-წლიანი ვადით დასამტკიცებლად, პარლამენტს მხოლოდ ორი მცდელობის უფლება ჰქონდა. ორივე ეს შანსი უკვე გამოყენებულია და ახლა უკვე კანდიდატები მუშაობის დროებითი, 6-თვიანი უფლებისთვის იბრძოლებენ.
„ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა თავად იმ პროცედურას, რომლის შექმნაში თვითონაც მონაწილეობდა. ეს აჩენს ეჭვს, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილი აქედანვე ცდილობს თვითმმართველობის არჩევნების გარშემო იგივე კამპანიის აგორებას, რაც შარშან ვნახეთ“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, რითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების არჩევის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პროცედურები, რომლითაც კანდიდატურების შერჩევა წარიმართა, ოპოზიციასთან ერთად არის შეთანხმებული.
„ოპოზიცია არათუ 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს, ის არღვევს საარჩევნო რეფორმის პროცესში მიღწეულ შეთანხმებასაც კი. მარტივად არის საქმე, ჩვენ შევათანხმეთ საარჩევნო რეფორმის პროცესში ის პროცედურები, თუ როგორ უნდა მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა და ამ პროცესის შედეგად წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან არც ერთს არ უჭერენ მხარს. ეს არის დესტრუქცია იმ პროცესის მიმართ, რაც ჩვენ თავად შევათანხმეთ. გამოდის, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, თუ მათი კანდიდატი იქნებოდა. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს თავად იმ პროცედურას, რომლის შექმნაშიც თვითონაც მონაწილეობდნენ. ეს აჩენს ეჭვს, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილი აქედანვე ცდილობს ოქტომბრის არჩევნების გარშემო იგივე კამპანიის აგორებას, რაც ვნახეთ შარშან, ახლავე საძირკველს თხრიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვან, რომ ცესკო- ს თავმჯდომარე არ სარგებლობდა მათი ნდობით და აქედან გამომდინარე არ ენდობიან ამ არჩევნებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეთანხმების დარღვევაში კი ბრალს ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ სდებს. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების თანახმად, კანდიდატებს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია უნდა ჰქონოდათ, თუმცა, მათ არავინ იცნობს და შესაბამისად, არც ასეთი რეპუტაცია აქვთ, რაც უკვე შეთანხმების დარღვევაა.
„კარგი მხარე ამ ისტორიაში არის ის, რომ საარჩევნო ცვლილებების შედეგად, ინსტიტუციურად ისე მოწესრიგდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე, მით უფრო მისი ერთ-ერთი მოადგილე იქნება ოპოზიციური კანდიდატი.
მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსენსუსი ყოფილიყო, შესაძლოა, კანდიდატები, ვისაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, არიან სანდოები, არ ვიცი, შეიძლება კეთილსინდისიერი ხალხია, მაგრამ შეთანხმებაში გვეწერა, რომ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია უნდა ჰქონოდათ, არ აქვთ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია იმიტომ, რომ არ ვიცნობთ. არანაირ შეურაცხყოფას ამ ხალხს არ ვაყენებ, შეიძლება აღტაცებაში მოვიდე მათი საქმიანობით, მაგრამ არ ვიცი მათ შესახებ არაფერი და ეს არის შეთანხმების დარღვევა“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს მიაჩნია, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიცია მანიპულაციის საშუალებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის იტოვებს. ამიტომაც არც საკუთარი კანდიდატურა წარდგინა და არც არსებულს მხარი არ დაუჭირა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოს ოპოზიცია არ ჰყავს, რადგან ეს ადამიანები მხოლოდ მავნებლობით და სახელმწიფოს დაზიანებით არიან დაკავებულები. მისი აზრით, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ 43%-ზე მეტს აიღებს, ამიტომაც ზედმეტად თავი არაფერზე შეიწუხეს და ამასთანავე დაიზღვიეს - როცა არჩევნებს ისევ წააგებენ, 2020 წლის სცენარს კვლავ გაითამაშებენ და იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ოპოზიციას რაც უფრო მეტი ფაქტორი ექნება იმისთვის, რომ ვიღაცას საკუთარი წარუმატებლობა და მუდმივად არჩევნების წაგება გადააბრალოს, მით უფრო უკეთესი. მათ ყოველთვის რაღაცა ბერკეტი სჭირდებათ, რომ წაგებული არჩევნები არ აღიარონ. ამას უკვე წლებია აკეთებენ და ერთი და იგივე სცენარს მიჰყვებიან. თუმცა ვხედავთ, რომ ხალხი ამას უკვე აღარ იჯერებს და ყველა მათი მცდელობა არჩევნების შემდეგ ქვეყანა დესტრუქციულ პროცესებამდე მიიყვანონ, არ გამოდის. ისინი არც არჩევნების ე.წ. გაყალბების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობდნენ, არც ერთ პლენარულ სხდომას საქმის კეთების მიზნით არ დასწრებიან და მომდევნო ნაბიჯი იქნება ის, რომ ცესკოს არჩეული თავმჯდომარე, რომელიც ყველა კანონის შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ისევ გამყალბებლად გამოაცხადონ. თამარ ჟვანიაზე ხომ დადასტურდა, რომ ადამიანს ჩირქი ტყუილად მოსცხეს, ახლაც იგივეს ეცდებიან, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, მცირე პარტიებს მით უმეტეს არ აწყობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. მათ აღარანაირი შანსი არა აქვთ, რომ პარლამენტში ხელახლა მოხვდნენ. ქართველიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არც ერთ სხვა პარტიას და ასევე მათთან შემავალ ბლოკებს, არა აქვთ არც ფინანსური და არც ელექტოლარული რესურსი, რომ ისევ იგივე შედეგი აჩვენონ. ამიტომ ცესკოს ახალი კანდიდატურის მოსაძიებლად და წარსადგენად დიდად თავი არაფერზე შეიწუხეს.
„პატარა პარტიებს როცა საზღვარგარეთ მივლინებების საინტერესო პერსპექტივები დაეწყებათ და საპარლამენტო ცხოვრება კიდევ უფორ გაუტკბებათ, რა თქმა უნდა, სულაც არ ენდომებათ, რომ „ოცნებამ“ 43% ვერ აიღოს. განა იმიტომ, რომ მათი დარდი აქვთ. არა, საკუთარი თავის იმედი აღარ აქვთ. „ნაციონალებთან“ აფილირების შემდეგ, მათ ადამიანური რესურსი ხელიდან აქვთ გაშვებული და ზუსტად იციან, რომ ამ კომფორტს, რასაც პარლამენტარობა და ხალხის ფულით კოტრიალი ჰქვია, ხელს ვეღარ გამოკრავენ. ამიტომაც დიდად აღარ ანაღვლებთ ცესკოს თავმჯდომარე ვინ იქნება. წაგების შემთხვევაში კი სალაპარაკოდ ისევ მიზეზი ექნებათ, მაგრამ ამას აღარც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და აღარც მოსახლეობა მიიღებს“, - ამბობს for.ge-სთან ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი კალანდარიშვილს მიმართ უერთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას ოპოზიცია თან როგორც გამოცდილ და კვალიფიციურ კანდიდატს ისე ახასიათებს და თან მხარს არ უჭერს. ეს კი იმის ბრალია, რომ კალანდარიშვილი მათი წიაღიდან გამოსული კანდიდატი არ არის. ამით ნაცოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაურბის და შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს.
„მთავარი, რაც ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის ირგვლივ უნდა, ისევ კომპრომეტირების მცდელობაა, რაც 2020 წელს უკვე გააკეთეს. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტიების რეიტინგი 7-თვიანი არასწორი პოლიტიკის შედეგად კიდევ უფრო დაეცა. ამიტომ, როცა არჩევნებს წააგებენ, ისევ დაიწყებენ ყვირილს, რომ არჩევნები ცესკოს თავმჯდომარემ გაუყალბა. მათ საკუთარი კანდიდატურა რომ წამოეყენებინათ, ამას მხარს „ოცნება“ ხომ დაუჭერდა. ანუ იძულებული იქნებოდა, რომ არ ჩაეგდო. წაგებული არჩევნების გაყალბებით „გაპრავება“ მათივე წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარით ვერ გამოვიდოდა. ეს პოლიტკური დეჟავუ შემოდგომაზე განმეორდება, მაგრამ ერთია რას ამტკიცებს ოპოზიცია და მეორე რას ამბობენ ნეიტრალური საერთაშორისო დამკვირვებლები. ახლა ხომ ყველა კარგად დარწმუნდა, რომ არაფერიც არ გაყალბებულა და ეს ქვეყნის 7-თვიანი რყევა ტყუილი იყო. რომც იძახონ - „გაყალბდა“, საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა ამათ აღარ დაუჯერებს. ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტსაც არღვევს, რადგან იქ ცესკოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით საუბარია, რომ კონსენსუსი უნდა მოხდეს. ამათთვის კი ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი აღარ არის“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
ჰოოდა სჯობია ეხლავე დაიწყონ მიტინგები... მოიფიქრონ რამე საბაბი და დავიი...... წავიდაააა...................
ბოლო ბოლო იმაზე გააატრაკონ რატო ქუდი არ გახურიათთქო და წავიიიდააა ........
აიყოლიონ ელჩები ლენჩები ასოები და დავიიიი...
სჯობია ეხლავე ე დაიწყონ