„ნიკა მელიასგან განსხვავებით, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე მაინც არიან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები. ამიტომ, აქ საუბარი იქნება, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მყარი ბირთვი დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, მათ ეს არ უნდა ჰქონდეთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ For.ge-ს განუცხადა.
თბილისში, ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება, ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე მერად განიხილება. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. ვის რა შანსები აქვს, როგორ ფიქრობთ?
- „ქართულ ოცნებას“ აღარ გამოუვა აქცენტირება 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე. „ნაცმოძრაობის“ გამარჯვება მიმაჩნია მხოლოდ ორ შემთხვევაში შესაძლებელი: თუკი მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რომელიც მაქსიმუმ 30%-შეადგენს, მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და აქტიური, ხოლო „ქართული ოცნების“ ელექტორატი საკმაოდ პასიური, ამ შემთხვევაში შანსი აქვთ, რომ გავიდნენ და მოიგონ ადგილობრივ არჩევნები.
პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში საუბრობენ, რომ შესაძლოა კახა კალაძემ მოიგოს ეს არჩევნები, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ პირიქით, წააგოს, ვერ აიღოს 43%. რამდენად არსებობს ამის შანსი?
- ის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ეს „ქართულ ოცნებას“ კარგად ესმის. თუ ამდენი აიღო, გამოდის, რომ ადგილი აქვს ტოტალურ გაყალბებას, რასაც დასავლეთი უკვე აღარ შეარჩენს.
ტექნიკური დახმარების მიღების ვადამ გადაიწია, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს, მივიღებთ თუ არა ამ დახმარებას. ევროკავშირმა აამოქმედა სანქციები და, როგორც ჩანს, აშშ-ც აამოქმედებს. ტოტალურ გაყალბებას „ქართულ ოცნებას“ არავინ შეარჩენს.
პოლიტიკური წონის მიხედვით, კახა კალაძის არჩევა არ ნიშნავს, იგი შემდეგ შეიძლება დარჩეს „ქართულ ოცნებაში“. როგორც კი, კახა კალაძე მიიღებს პოლიტიკური ლეგიტიმაციის დონეს, მან შეიძლება დატოვოს „ქართული ოცნება“ და შექმნას თავისი პოლოტიკური ძალა.
რამდენად არის შესაძლებელი, კახა კალაძე ვიხილოთ ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან?
- არ მგონია. კახა კალაძე, არშემდგარ, დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, შეეცდება დამოუკიდებელი პარტია და გაერთიანება შექმნას, რადგან მას უკვე ექნება მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ამასთან, მას გააჩნია საკმაოდ სერიოზული ფინანსური საშუალებები და თბილისის მერობა კიდევ აძლევს შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები ჰქონდეს, პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად.
კახა კალაძეს გააჩნია თავისი ქუდი, რომელიც ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებს, მაგრამ ის, როგორც გიორგი გახარიამ გამოიყენა, ასევე გამოიყენებს მას, ორგანიზაციული მენეჯმენტის კუთხით. ამიტომ, კალაძეს აქვს ყველა ის საშუალება, დამოუკიდებლი თამაში დაიწყოს. როგორც ჩანს, კალაძე ელოდება, რომ მიიღოს მაღალი ლეგიტიმაციის სტატუსი და შემდეგ ის წავა თავისუფალ ცურვაში.
თუმცა, გადაჭრით იმის თქმა არ შეგვიძლია, რომ კალაძე პირველ ტურში გაიმარჯვებს, რადგან ჯერ კიდევ მთავარია, ვის დაასახელებს გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება. თუ მათ წამოაყენეს არანაკლებ ეპოტაჟური კანდიდატურა რევაზ არველაძის სახით, შესაძლოა, თბილისის ელექტორატი საკმაოდ სერიოზულად შეარყიოს. „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში და რაიონებში შესაძლოა სერიოზული დანარაკარგი განიცადოს გიორგი გახარიას გუნდისაგან.
გიორგი გახარიას გაერთიანება მოქმედებს საკმაოდ ჭკვიანურად. როგორც ჩანს, მაღალი დონის პოლიტტექნოლოგები ჰყავთ. ისინი ჩუმად მუშაობენ და შედეგებს აღწევენ რაიონულ დონეზე. მან შეიძლება 20% აიღოს „ქართული ოცნების“ ელექტორატისაგან.
შესაძლოა გიორგი გახარია მესამე, ალტერნატიულ ძალად მივიჩნიოთ?
- შეიძლება მეორეც კი იყოს. „ქართული ოცნების“ ელექტორატი დაახლოებით 45%-ს შეადგენს, „ნაცმოძრაობის“ – 25%. თუ გახარიამ შეძლო და მიიღო 20% „ქართული ოცნებისგან,“ შესაძლოა გახდეს მეორე ძალა და მესამე ადგილას „ნაცმოძრაობა“ გადავიდეს.
როდესაც კახა კალაძის კანდიდატურის პრეზენტაცია იყო, კარგად გამოჩნდა სრული კოლაფსი. დეფიციტი უკვე ჩანდა, - იყვნენ ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემიჯნებოდნენ, თუმცა, კალაძეს უჭერდნენ მხარს.
„ქართულ ოცნებას“ უკვე ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. 9-წლიანი და სისხლიანი რეჟიმი უკვე აღარ მოქმედებს. დროთა განმავლობაში შესაძლოა, ის ელექტორატიც დაკარგონ, რომელიც თავის დროზე მხარს იმიტომ უჭერდა, რომ „ნაცები“ არ დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებაში. ამასთან, „პარტიოტთა ალიანსმა“ დაიწყო ახალი კამპანია და შესაძლოა მანაც წაართვას გარკვეული ხმები „ქართულ ოცნებას.“
ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული პრობლემა. კახა კალაძე რამდენად ლოიალურია „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს კიდევ მეორე საკითხია.