ახალი ფიჭური ტარიფების შემოღება 12 იანვრისთვის გადაიდო

ახალი ფიჭური ტარიფების შემოღება 12 იანვრისთვის გადაიდო

მობილურით საუბრებზე ახალ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა 2 იანვრისთვის გადაიდო. მიზეზი არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ოპერატორმა კომპანიებმა ყველა საჭირო დოკუმენტაცია არ მიაწოდეს. სხვათა შორის არსებობს ეჭვი, რომ კომპანიები კომისიისთვის დოკუმენტების დროულად მიწოდებას სპეციალურად აყოვნებენ.

 

ასე რომ, იანვრის ბოლოს, შესაძლოა, მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი გაიზარდოს. ამ საკითხის გარდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საცალო ტარიფის გაზრდის საკითხსაც განიხილავს. მოიბლური ოპერატორები ტარიფების მოთხოვნის მიზეზად აქციზის გადასახადის დაწესებას ასახელებენ. სპეციალისტების განცხადებით კი, აქციზის გადასახადი ურთიერთჩართვის ტარიფთან არაფერ შუაშია, ოპერატორებს ამ გადაწყვეტილების მიღებით მაღალი ტარიფების დაკანონება სურთ.

 

მობილური ოპერატორები აცხადებენ, რომ აქციზმა მათი შემოსავლების კლება გამოიწვია. კომისია ახალ ტარიფებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 23 დეკემბერს მიიღებს. „მაგთიმ“ და „ჯეოსელმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყეს. პორტაბელობის გადავადების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო განაწყენებულმა ოპერატორებმა, ამჯერად, კომისიისგან საცალო ტრიფისა და ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდა მოითხოვეს.

 

ურთიერთჩართვის ტარიფი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 14,8 თეთრიდან 8 თეთრამდე 1-ლი აგვისტოდან შეამცირა. ამ გადაწყვეტილებას საცალო ტარიფის შემცირება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ აქციზის გაზრდის შემდეგ ოპერატორები, პირიქით, ტარიფის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომიისიის პრესსამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის განცხადებით, კომპანიამ ოპერატორებისგან ინფორმაცია გამოითხოვა. შეისწავალა კომპანიების ხარჯები, ასევე მიიღო ინფორმაცია მოგების მარჟის შესახებ და ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო.

 

ყურაშვილის თქმით, 3 სექტემბრიდან კომისიამ კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე საცალო ტარიფის კვლევა დაიწყო. მოგვიანებით, ოპერატორებმა ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდაც მოითხოვეს. ყურაშვილის ინფორმაციით, 13 დეკემბერს კომისიაში მოსმენა შედგება, ხოლო ოპერატორების მოთხოვნებთან დაკავშირებით 23 დეკემბერს კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, აქციზის დაწესება ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით არაფერ შუაშია. მისი თქმით, ოპერტორებს ამ გადაწყვეტილების მოთხოვნით მაღალი ტარიფების დაკანონება სურთ.

 

„ჩემამდე არ დადის რა შუაშია ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდა აქციზთან, უბრალოდ, კომპანიებს სურთ ტარიფის შეუმცირებლობა დაიკანონონ. აქციზის კომპანიების გადასახდელიც რომ იყოს და არა მომხმარებლის, მათ ზარალი მაინც არ მიადგებოდათ. თუმცა, ერთ-ერთმა კომპანიამ ტარიფი უკვე გააძვირა, როდესაც ზარის წამოყებაზე 10 თეთრი დააწესა.

 

თუ კომპანიებისთვის აქციზით დაბეგვრა დამღუპველი იყო, მათ ეს გადაწყვეტილება მაშინ უნდა გაეპროტესტებინათ მწვავედ, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი განიხილებოდა. თუ ეს ტარიფი კიდევ გაძვირდა კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

 

რაც შეეხება პორტაბელურობის სისტემის დანერგვას. 1-ლი ნოემბრიდან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლა ოპერატორის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, პორტაბელურობის სისტემის ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ქსელში ამოქმედდა, ანუ მობილური ოპერატორების აბონენტებს შეუძლიათ ინდექსის ნომრები ამავე კომპანიების სხვა სატარიფო შეთავაზებებზე გადაიტანონ.

 

2011 წლის 16 თებერვლიდან კი, ნომრების პორტაბელურობის სისტემა სრულად ამოქმედდება და აბონენტებს უკვე ნომრის გამოცვლის გარეშე მობილური კომპანიის შეცვლაც შეეძლებათ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამ ცვლილების შედეგად ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ტარიფების შემცირებას ელოდება.

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს არ ექნებათ უფლება, შეზღუდონ მომხმარებელი, შეცვალოს ოპერატორი ან აღნიშნული მომსახურებისთვის გარკვეული ანაზღაურება მოითხოვონ. ნომრის შენარჩუნებაზე აბონენტს იმ შემთხვევაში ეტყვიან უარს თუ მას კომპანიის 30-დღიანი დავალიანება აქვს.

 

პორტაბელურობის აღნიშნული სისტემის დანერგვას კომპანიებში სკეპტიკურად შეხვდნენ. „მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, შესაბამისად, გათვლების გაკეთებაც ნაადრევი და რთულია.

 

კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ეს ცვლილება ბაზარზე კონკურენციას გაზრდის. „მაგთიკომში“ კი აცხადებენ, რომ ისინი ჯანსაღი კონკურენციის მომხრენი არიან.

ანალოგიური პოზიცია აქვთ „ჯეოსელში“ –კომპანიაში აცხადებენ, რომ პორტაბელურ ნომრებზე გადასვლა რთული პროცესია. ამიტომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე მოსალოდნელ შედეგებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ. თუმცა, ბილაინში მიიჩნევენ, რომ ეს ბაზარზე კონკურენციის გასაზრდელად აუცილებელი და მომხმარებლისთვის მომგებიანია.

 

ასე რომ, მობილურით საუბრის ტარიფის შემცირებაზე მხოლოდ დაპირებები და ვარაუდებია, მობილური ოპერატორები ცდილობენ მაღალი შემოსავლები რაც შეიძლება მეტად გაიხანგრძლივონ.