გავლენიანი რუსი ბიზნესმენი, ბორის ბერეზოვსკი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გამოცემა "ფორბსის" კორესპონდენტს შეხვდა და მასთან საკუთარი უკანასკნელი ინტერვიუ ჩაწერა.
შეხვედრა სასტუმრო Four Seasons-ის რესტორანში შედგა. კორესპონდენტი იხსენებს, რომ ყოფილი ბიზნესმენი მასთან შეხვედრისას ცუდად გამოიყურებოდა. "ნაჩქარევად შემოხვეული შარფი, გაცვეთილი შავი სვიტერი და პიჯაკი ეცვა. მოითხოვა, რომ ყველა ჩამწერი გამომერთო, რათა ჩვენს შორის საუბარი შემდგარიყო და არა ინტერვიუ. ვცდილობდი მასთან ბიზნესზე მესაუბრა, თუმცა მალევე მივხვდი - ბიზნესი ბერეზოვსკის ინტერესთა სფეროს დიდი ხანია აღარ ეკუთვნოდა.
- ბიზნესს არ ვუძღვები. როცა ОРТ-დან და ციმბირის ნავთობკომპანიიდან თანხა მივიღე, ბადრი პატარკაციშვილს გადავეცი. ჩემი ფინანსების მართვა მთლიანად მას მივანდე. მხოლოდ პოლიტიკური პროექტებისთვის ვიღებდი იმდენს, რამდენიც მჭირდებოდა. დანარჩენს ის განაგებდა.
- ანუ ბადრიმ პრაქტიკულად გაგაცურათ?
- ყოველთვის ცუდად ვერკვეოდი ადამიანებში და მათ ადამიანურ ღირსებებში. ყოველთვის ჭკუას და გამბედაობას ვაფასებდი, თუმცა ბადრის შემთხვევაშიც შევცდი.
- მაგრამ ის ხომ თქვენი უახლოესი მეგობარი იყო?
- დღესაც მეგობრად მივიჩნევ, მაგრამ არც მასთან და არც რომან აბრამოვიჩთან თავის დროზე ოფიციალური შეთანხმებების გაფორმებაზე არ ვიზრუნე.
- აბა როგორ განახორციელეთ ბიზნესის გაყოფის პროცედურა ჯერ კიდევ პატარკაციაშვილის სიცოცხლეში?
- მას შემდეგ, რაც პოლიტიკური რისკები გაიზარდა, მე და ბადრიმ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ბიზნესის გაყოფას ვაპირებდით. ამით ჩვენს აქტივებზე განხორციელებული დარტყმების მოგერიება ვცადეთ. რეალურად კი არავითარი გაყოფა არ მომხდარა. ჩემი მისდამი ურთიერთობა პარტნიორული არც არასდროს ყოფილა. პარტნიორებმა ექსტრემალურ ვითარებებზეც უნდა იზრუნონ... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბადრი ჩემზე ადრე მოკვდებოდა.
- რუსეთი გენატრებათ?
- არაფერი მსურს ისე ძლიერ, როგორც რუსეთში დაბრუნება. მაშინაც კი, როცა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რუსეთში დაბრუნება მინდოდა, მხოლოდ ელენ ბონერის ჩევით დავრჩი. სათანადოდ ვერ შევაფასე, რამდენად ძვირფასი ყოფილა ჩემთვის რუსეთი და რომ ემიგრანტობა არ შემძლებია.
მრავალი რამის მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, მათ შორის საკუთარი თავის მიმართ. ეს შეეხო ასევე რუსეთსა და დასავლეთს. სრულიად იდეალისტურად მქონდა წარმოდგენილი დემოკრატიული რუსეთის მშენებლობა. ასევე იდეალისტურად წარმომედგინა ევროპული დემოკრატია. სათანადოდ ვერ შევაფასე რუსეთის ინერტულობა და მეტისმედაც დიდი წარმოდგენა მქონდა დასავლეთზე. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გავაცნობიერე. შევიცვალე წარმოდგენა რუსეთის გზაზეც... არ უნდა წავსულიყავი რუსეთიდან...
- რუსეთში რომ დარჩენილიყავით, ციხეში იქნებოდით. ეს გსურთ?
- ახლა, როდესაც ვუფიქრდები, როგორ ვიცხოვრე ლონდონში ეს წლები...
ბერეზოვსკიმ ამ დროს წინ გაიხედა, შემდეგ გულზე ხელი დაიდო, რომელიც უკანკალებდა. შემომხედა და დიდხანს მიყურებდა თვალებში. ბოლოს კი თქვა:
- ამჟამად ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს... ხოდორკოვსკიმ საკუთარი თავი შეინარჩუნა...
ამ დროს ძირს დაიხედა, შემდეგ კვლავ შემომხედა და სწრაფად დაიწყო საუბარი, თითქოს თავს იმართლებდა:
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი დავკარგე. თუმცა მე გაცილებით მეტი იმედგაცრუება გადავიტანე.
ხოდორკოვსკიმ კი ნაკლები. მე აზრი დავკარგე...
- ცხოვრების?
- ცხოვრების აზრი. ახლა პოლიტიკისგან მინდა შორს ვიყო.
- რისი კეთება გსურთ?
- არ ვიცი. 67 წლის ვარ და არ ვიცი, მომავალში რა ვაკეთო.
მომზადებულია forbes.ru-ს მიხედვით.