ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში, წინასაახალწლოდ რესტორნების მომსახურეობის ღირებულება მცირდება. თითქოსდა ქართველები მომლხენი და მონადიმე ხალხია, განსაკუთრებით დღესასწაულზე თავს არ დაზოგავენ შესაფერისი ატმოსფეროს შესაქმნელად, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.
პირველად მრავალი წლის შემდეგ, რესტორნებმა „ერთი კაცის ღირებულება“ შეამცირეს. მიზეზი ძნელი გასაგები არ არის, მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ ერთი დღის გულსთვის ასეულობით ლარის გაღებას არ აპირებს. თბილისელები ახალი წლის დღეებს ოჯახურ გარემოში შეხვდებიან - იაფად და შეუზღუდავად.
ამი საპირისპიროდ რესტორნებმა კლიენტების მოსაზიდად ფასების შემცირების მეთოდს მიმართეს. თუკი შარშან საახალწლოდ ერთი კაცის მომსახურება, დაახლოებით, 100 ლარი ჯდებოდა, ახლა რესტორნებში უმეტესად 50-ლარიანი პაკეტი მოქმედებს, თუმცა თავისებური ინტერპრეტაციით.
მაგალითად, რესტორან „თან წაიღე“-ში ამ ფასში შედის ტკბილი მაგიდა, ხილისა და ტკბილეულის ასორტით.
„ღამის 1-დან დილის 7 საათამდე მოეწყობა საახალწლო კარაოკე. მთელ საღამოს სტუმრები წამყვანთან ერთად გაატარებენ. მხიარული სანახაობა ელოდებათ. თითო ადამიანის მომსახურება 50 ლარიდან იწყება. ამ თანხაში მხოლოდ ტკბილი სუფრა შედის. დანარჩენი, რასაც შეუკვეთავს, შესაბამისად მოიმატებს მომსახურების ღირებულებაც. დაჯავშნა უკვე დაიწყო. გვყავს კლიენტი, რომელსაც მთლიანად უნდა რესტორნის დახურვა. თუმცა, ეს ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი. ვპირდებით მომხმარებლებს, რომ ელოდებათ ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი საღამო. ამისთვის ძალიან დიდი სამზადისია“, - ამბობს მენეჯერი ნატო ჯიშკარიანი.
50-ლარიანი მომსახურებაა „ძველ სახლშიც“. რესტორნის მენეჯერის განმარტებით, აქტიურობა შეინიშნება, თუმცა შარშან ამ დროს მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო. ამასთან, გასულ წელს უფრო ძვირი იყო რესტორნის მომსახურებაც.
„საახალწლოდ რესტორანს საკუთარი მომღერალი ეყოლება. არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და წელს მომსახურების ღირებულება შევამცირეთ. 50-ლარიან პაკეტში შედის მხოლოდ ტკბილეული და ღვინო. ადგილების უმეტესობა დაჯავშნულია. ვფიქრობთ, ახალ წელს „ძველი სახლი“ სტუმრებს არაჩვეულებრივ საღამოს შესთავაზებს. ამისთვის მომსახურების პირობებიც შევცვალეთ. წელს საახალწლო სუფრა მათ შედარებით ნაკლები დაუჯდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან ძვირია.
მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოწვეულები კარგად გაერთონ და ქართულადაც მოილხინონ. მესმის, ბევრს ფული არ აქვს და სუფრების მიმართ მოკრძალებულია, მაგრამ მაინც მისცემს თავს უფლებას, რომ თუნდაც ახალი წლის ღამით გაერთოს და ამისთვის წინასწარ აქვს დანაზოგიც დაგროვილი“, - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.
თითო ადამიანის მომსახურება 70 ლარია რესტორან „პროფილში“. ამ თანხაში შედის ტკბილი მაგიდა ტკბილეულითა და შამპანიურით. რაც შეეხება ადგილებს, დაჯავშნა დაიწყო და ახალი წლის ღამეს რესტორანი სრული დატვირთვით იმუშავებს.