ბიზნესმენი ივა ჩიღვინაძე, რომელსაც ბრალი პატრულის დაუმორჩილებლობასა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანებაში ედებოდა (თითქოს, პატრულს ტანსაცმელი შემოახია) და რომელმაც გლდანის ციხე 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა, თავს კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიქტორ ყაჭეიშვილის პირად პატიმრად თვლის... რის აღიარებას სთხოვდა პროკურატურა და ესწრებოდა თუ არა ჩიღვინაძე ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრას? ვის ეკუთვნის კაზინო ,,აჭარა” და ვინ დგას რეალური მფლობელის უკან _ კეზერაშვილი, კოდუა თუ თემურ უგულავა? _ ,,ქართული სიტყვა” ივა ჩიღვინაძეს ესაუბრა, რომელიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დააპატიმრეს. სხვათა შორის, თავდაპირველად ითქვა, რომ ის თითქოს ბურჯანაძის მძღოლი იყო, მაგრამ ჩიღვინაძე ამას კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, გამოძიების ვერსიით, 26 მაისის ღამეს, ბურჯანაძის ესკორტის იმ ავტოს, რომელმაც პოლიციელს გადაუარა, სწორედ ჩიღვინაძე მართავდა:
_ თავიდან ცდილობდნენ, დაებრალებინათ, რომ ადამიანს გადავუარე და მოვკალი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბათუმის “25-ე არხმა” კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ არავისთვის გადამივლია, თქვეს, მოსახვევში სარკე თითქოს ადამიანს გავკარი, რომელიც წაიქცა და მეორე მანქანამ გადაუარა. მაშინ, როცა ჩემგან ამის აღიარება უნდოდათ, ჩემს დასანახად, ჩემს მეგობრებს _ კობა გოცირიძესა და რამაზ მეტრეველს აწამებდნენ. მერე, ტაქტიკა შეცვალეს, კომპიუტერში რაღაც მაჩვენეს და მითხრეს, თქვი, რომ ამ კაცს დაარტყი და ყველაფერს ამით მოვრჩებითო. 45 წლის ვარ და ასეთი რამ არასოდეს მინახავს: დიღომში, პოლიციის სამმართველოს კორიდორებში, მეხუთე და მეშვიდე სართულებზე იატაკზე, გასისხლიანებული ხალხი ეყარა... ნაწამებ პატიმრებს კაბინეტიდან კაბინეტში დაგვათრევდნენ... იმ ღამეს კოკისპირულად წვიმდა და სულ სველი ვიყავი... ოთახში შემიყვანეს, სადაც ელექტროგამათბობელი იდგა, მციოდა და მივეფიცხე, თუმცა მანამდე იქვე, პატრულის ფორმაში გამოწყობილი ქალისგან ნებართვა ვითხოვე. ქალმა თანხმობა მომცა, მერე, ქურთუკიც მომახურა. ეს თითქოს არაფერია, მაგრამ იქ ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებდა, რომ ეს ქალბატონი ღვითისმშობლად მომეჩვენა... საერთოდ, სპეცრაზმელები ისე იყვნენ მომიტინგეებზე გამწარებულნი, თითქოს მათი ოჯახები დავხოცეთ, ან გავაუპატიურეთ _ დაუნდობლად სცემდნენ ქალებს, ახალგაზრდებს. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მათ რაღაც ჰქონდათ დალეული, თორემ წარმოუდგენელია, ქართველმა ქართველს ამდენი სიბოროტე გაუკეთოს?!
_ რამდენიმე თვის წინ, დაჩი ცაგურიამ პატიმარ ლაშა გეწაძის ნაამბობი გაასაჯაროვა, რომელსაც, თურმე, თქვენს განადგურებას ავალებდნენ...
_ როგორც ვიცი, მოკვლას კი არ აიძულებდნენ, არამედ, ეუბნებოდნენ, ხერხემალი ისე დაუზიანე, რომ ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვოსო.
_ გეწაძის ხელით თქვენი მოკვლა, ან დაინვალიდება რატომ უნდოდათ?
_ ამას გამოძიება დაადგენს... რეალურად, კუდ-ის, კონკრეტულად, კუდ-ის დეპარტამენტის უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი, თუმცა დღემდე ვარ გავარკვიე, ჩემი გატეხვა უნდოდათ თუ ყველაფერი ეს ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა.
სულელურ რაღაცებს მთავაზობდნენ, უნდოდათ, მეღიარებინა, რომ თითქოს ვესწრებოდი შეხვედრას, სადაც ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პრეზიდენტმა რაღაცა თანხა მისცა. ასეთი შეხვედრა, მართლაც რომ ყოფილიყო, იქ ივა ჩიღვინაძეს რა უნდოდა?!.. ჩემთან, საკანში, ადმინისტრაციის მიერ გადაბირებული პატიმრები ისხდნენ, წარამარა ჩხუბი გვქონდა ხან _ რაზე, ხან _ რაზე. პირველი რვა თვე ვცდილობდი, “კარცერში” მოვხვედრილიყავი _ გლდანის ციხეში იქ თავის ამოყოფა ძალიან ადვილია და მეც ყველა დარღვევაზე “მივდიოდი”, ჩხუბში ვერეოდი, მაგრამ “კარცერში” მაინც არ ჩამიყვანეს. საკანში, აგენტებთან ყოფნას, “კარცერში” ყოფნა მერჩივნა...
ჩემი დევნა 2009 წლიდან დაიწყო, როცა “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი გავხდი _ ნელ-ნელა წამართვეს სუპერმარკეტების ქსელი, სათამაშო ბიზნესი. ოჯახის წევრებს რაღაც წვრილმანი შემოსავალი ჰქონდა და ისიც გაახსენდათ...
_ დიდი ხანია, სათამაშო ბიზნესში ხართ. საერთოდ, ამ ბიზნესს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს...
_ ახლა ლაპარაკობენ, სათამაშო სახლები _ ტოტალიზატორები, კაზინოები და კლუბები უნდა დაიკეტოს თუ არა, მაგრამ აზარტული ადამიანები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. ამიტომ, თუ ამ ბიზნესს ავკრძალავთ, ეს ხალხი იატაკქვეშეთში გადავა, რითიც შეიძლება, უმართავი პროცესები დაიწყოს. ჩემი აზრით, სახელწიფომ კონცეფცია უნდა ჩამოაყალიბოს და ამ ბიზნესზე მონოპოლია და ზედამხედველობა აიღოს. ჩვენთან, კაზინოში 21 წლამდე ახალგაზრდას არ ვუშვებდით. შეიძლება, ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდეც აიწიოს. ისე, კაზინოზე სახიფათო ინტერნეტთამაშებია, რომლებზეც ხელი ნებისმიერი ასაკის ადამიანს მიუწვდება და რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება.
_ ამბობენ, რომ სათამაშო ბიზნესი დღესაც მთლიანად ,,ნაცმოძრაობის” ხელშია...
_ მე ვიყავი ბოლო, ვისაც “ნაციონალებმა” ეს ბიზნესი წაართვეს! 15 წელია, ამ საქმეში ვარ _ 1996 წელს პირველი კაზინოები _ ,,ფლამინგო”, ,,ივერია”, ,,ბერიკონი” და ,,ასტორია გავხსენი, თუმცა 2009 წლამდე ხელისუფლებასთან შეხება არ მქონია.
_ ეს ბიზნესი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული...
_ დიახ, მხოლოდ ლოცენზიას ყოველწლიურად 5 მილიონი ლარი სჭირდება... შეძლებული ბიზნესმენი ვიყავი, კომპრომისზე არ წავედი, ამიტომ, ყველაფერი ნელ-ნელა წამართვეს და, ბოლოს, ჩამსვეს კიდეც.
_ ოპოზიციაში რომ არ წასულიყავით, არ წაგართმევდნენ?
_ მემუქრებოდნენ, მაფრთხილებდნენ, მაგრამ უსამართლობის განცდა მქონდა და მინდოდა, სიტუაცია შეცვლილიყო...
_ ივა, ამბობთ, რომ საქმეში, რომელიც თქვენს წართმეულ ბიზნესს ეხება, რუსეთში მოღვაწე მილიონერი დავით იაკობაშვილიც ფიგურირებს...
_ ციხიდან გამოსვლის მერე, კაზინო ,,აჭარას” კონტრაქტის შესრულება მოვითხოვე და რეალურად, ანუ იურიდიულად მფლობელი დავით იაკობაშვილი დამხვდა. არადა, თავის დროზე ხელშეკრულება კაზინოს იმჟამინდელ მფლობელ თემურ უგულავასთან გავაფორმე. მაშინ ვიცოდი, რომ კაზინო ,,აჭარის” რეალური მფლობელი კეზერაშვილი იყო... ისე, რეალურად, დღეს ციხეში მხოლოდ ბაჩო ახალაია ზის და ქონებაწართმეული, დაყაჩაღებული, დამტვრეულ-დაავადმყოფებული ადამიანები და მათი განადგურებული ოჯახები კი, ისევ სამართლიანობის მოლოდინში არიან. თუ ასე გაგრძელდა, ახალი კოდუები, კეზერაშვილები გაჩნდებიან და ყველაფერი თავიდან დაიწყება!