„ამ შეპყრობილებისთვის ქალი და კაცი ხომ დისკრიმინაციული ტერმინებია და ახლა, პაპუაშვილს ბრალს სდებენ, რომ ქალზე ხელის მოკიდება ყოფილა დისკრიმინაცია“

„ამ შეპყრობილებისთვის ქალი და კაცი ხომ დისკრიმინაციული ტერმინებია და ახლა, პაპუაშვილს ბრალს სდებენ, რომ ქალზე ხელის მოკიდება ყოფილა დისკრიმინაცია“

არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ რეაგირება მოახდინონ 18 ივლისს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა სპიკერის ადგილისკენ მიმავალი ოპოზიციონერი დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალით გაიყვანა.

მიმართვის ავტორები თვლიან, რომ უმრავლესობის წევრმა ბოკუჩავაზე იძალადა. უმცირესობის ამ განცხადებამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსია და ურთიერთბრალდებები გამოიწვია. თავად შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კი არ იძალადა, არამედ ქალი კოლეგისგან მომავალი აგრესია აღკვეთა, რისი მორალური ვალდებულება ჰქონდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა–შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა, რასაც ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში თინა ბოკუჩავამ მანდატურებზე იძალადა. როგორც დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მან ბოკუჩავასგან მომდინარე აგრესია აღკვეთა, რაც ნებისმიერი დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაცაა. მის ამ განცხადებას ბიუროს სხდომაზე ხატია დეკანოიძესა და პაპუაშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„რატომ ეჭიდავებოდა ორ მანდატურს ხომ ვერ ახსნით ამას? სწორედ ეს ხომ არ იყო ძალადობა და აგრესია? ქალზეც და კაცზეც ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ როდესაც აგრესია მოდიოდა ადამიანისგან და აგრესია მოდიოდა ამ შემთხვევაში ქალბატონი თინასგან, სწორედ ამიტომ აკავებდა მას მანდატური. რა უნდოდა იქ მანდატურს? თქვენ ხომ ყოფილი პოლიციელი ბრძანდებით? სწორედ მანდ არის პასუხი და თუ გულწრფელი იქნებით, გასცემთ თქვენ გულში ამას პასუხს, როდესაც აგრესია მოდის ადამიანისგან, იქ სქესს არ უნდა ამოეფაროს ადამიანი. ეს არის ყველაზე არასწორი გაგება ქალთა უფლებების, რომ სქესს ამოეფაროს და ქალობა არის ინდულგენცია. რომ არ ყოფილიყო აგრესია და საფრთხე იმისა, რომ ავიდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან...

ბევრი რამე გვაქვს თქვენგან ნანახი, საღებავების გადასხმა გვაქვს ნანახი, რაღაც ნივთიერებების დასხმა გვაქვს ნანახი პარლამენტში და ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ეს ძალადობა კი არ არის, ეს არის აგრესიის აღკვეთა. ჩემი მხრიდან ეს იყო არათუ ძალადობა, ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა. ორ მანდატურს ეჭიდავებოდა და მისი შეჩერება ეს იყო არათუ ჩემი უფლება, მორალური ვალდებულებაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა და პაპუაშვილს ჰკითხა: „ანუ თინას ვერ ერეოდა ორი მანდატური და თქვენ მოერიეთ?“ რაზეც პაპაუაშვილმა უპასუხა: „ზუსტად! ორი მანდატურის მიმართაც ავლენდა აგრესიას და იჭრებოდა სპიკერატში. ყველა დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაა, რომ როდესაც საფრთხე ემუქრება მეორე დეპუტატს, ჩაერიოს. ჩავერიე და გავარიდე იმ სიტუაციას!“, – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ერთი დეპუტატის მხრიდან მეორეზე ძალადობა, როდესაც მოძალადის მიმართ საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება არ აქვს, ქუჩაში ძალადობას ახალისებს.

„ვინაიდან ჩვენ არ ვესწრებით სხდომას, მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგმართოთ პარლამენტის თავმჯდომარევ. ჩვენ შევიტანეთ ეთიკის საბჭოში საჩივარი, იმ ეთიკის საბჭოში, რომლის შექმნასაც მე მხარი დავუჭირე. ბატონო კახა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ და უნდა იცოდეთ, რომ ქალზე შეხება და ასეთი ფორმით მასზე ძალადობა უბრალოდ წარმოუდგენელია და არ შეიძლება.

ბატონო კახა, მათ შორის თქვენი მიღებული კანონები რაც დისკრიმინაციას შეეხებოდა, ყველაფერი წყალში იყრება. საერთოდ, რა აზრი აქვს მათ თუ თქვენთან მოსაახლოებლად და დასალაპარაკებლად დეპუტატს შეუძლია იღლიებში ხელი ამოსდოს ქალს და ფიზიკურად გაათრიოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, აქ არიან ეთიკის საბჭოს წევრებიც, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ მარტო ეთიკის საბჭოზე გაჩერებას, რადგან მე არ მაქვს მათი დიდი იმედი. ქალებზე ძალადობა არ შეიძლება, უთხარით და ასწავლეთ თქვენი უმრავლესობის წევრებს ბატონო კახა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე კითხვით მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა – „ნაციონალური მოძრაობის“ კაცები რომ ამ ქალებს წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია? – ყელში ამომივიდა!“, – მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა დეკანოიძეს და ბიუროს სხდომა დატოვა.

თავად, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, შალვა პაპუაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია. მისი თქმით, განცხადებები და მოქმედებები, რომლებითაც შალვა პაპუაშვილი გამოირჩევა ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს.

„რომ არ ვღელავდე იმაზე, რომ ამგვარი მოქმედებები და განცხადებები პირდაპირ ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, რაც უდიდესი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი იქნებოდა მოძალადე პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მან განაცხადა, რომ თურმე ორი მანდატური მამაკაცი ვერ მაჩერებდა და ამიტომ მისი ჩარევა გახდა საჭირო.

ეს იქნებოდა ღიმილის მომგვრელი, რომ არა ის გარემოება, რომ ამგვარი უპასუხისმგებლობა დაუსჯელობა მოძალადეების მიმართ, ახალისებს სხვა პოტენციურ მოძალადეებს. იმ ვითარებაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ისედაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

18 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულად მიაჩნია ანალიტიკოს სოსო მანჯავიძეს, რომლის განცხადებით, გიჟების და ავადმყოფების მოქმედების სერიოზული იურიდიული ტერმინოლოგიით შეფასება შესაძლებლად არ მიაჩნია.

„პასუხისმგებლობა არის იმაზე, ვინც ეს ზოოპარკი, ეს არანორმალურები, ეს სექტა შეათრია პარლამენტში. ვინც ხელს უწყობდა და დემოკრატიის გამარჯვებად აცხადებდა ამას და ახლაც იგივეს აკეთებს, აი, მათზეა პასუხისმგებლობა. ისინი საერთოდ არ ასრულებენ პარლამენტარის მოვალეობას და არც ჰქონიათ განზრახვა, რომ საკანონმდებლო საქმიანობით დაკავებულიყვნენ, არც ქართულ ამომრჩეველს არ წარმოადგენენ. მათი სიგიჟის გამო ქართველ ხალს არ ეძლევა საშუალება, რომ ხელისუფლებაზე რეალური კონტროლი განახორციელოს, იმიტომ, რომ მუდმივად ამყოფებენ ასეთ რეჟიმში, სიგიჟის კომენტირების რეჟიმში და ამასობაში ეს „ქართულ ოცნება“ სრულიად უკონტროლო გახდა ქართული საზოგადოების მხრიდან“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

რაც შეეხება პაპუაშვილისა და ბოკუჩავას ინციდენტს, როგორც მანჯავიძე ამბობს, დეპუტატი ბოკუჩავა მუდმივად ცდილობს სადღაც შეხტეს და ამჯერად გადაწყვიტა, შეხტომოდა პარლამენტის ტრიბუნას.

„ერთი–ორჯერ პოლიციელების კორდონს გადაახტა საკრებულოსთან, შედეგ კედლებზე დახტის, ყველაფერს ახტება და რა ვქნათ?! ეს მდგომარეობაა. გარდა ამისა, ამ შეპყრობილებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ლგბტ+ მხარდაჭერის აქტს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში სრულიად არადეკვატური ტერმინებით საუბრობენ. ქალი და კაცი, ეს ხომ დისკრიმინაციული ტერმინებია, მათ ახალი ქართული ენა უნდა შექმნან, ამას უჭერენ მხარს და ახლა უცებ თქვეს, რომ ქალზე ხელის მოკიდება ყოფილა დისკრიმინაცია და ამაში სდებენ ბრალს პაპუაშვილს, რომ ქალს მოკიდა ხელი“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.

 

Aburjga Tasmanieli ვისაც პაპუაშვილმა ხელი მოჰკიდა ის განა ქალია?! - ის ხომ ხორცშესხმული ეშმაკია!
3 წლის უკან