"საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს გაგებით შეხვდეს იმ გაწელილ პროცესს, რასაც ჰქვია სამართლიანობის აღდგენა. ქუჩებში კვლავ თავისუფლად დაიარებიან მკვლელები და ჯალათები, უფრო მეტიც, ისინი ტელეეთერიდან აკეთებენ ცინიკურ და გამომწვევ განცხადებებს. გაუმართლებელია, რომ დღემდე არ ან ვერ ხერხდება წინა ხელისუფლების დამნაშავე მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა, ამით გაღიზიანებული საზოგადოება უკვე ალაპარაკდა პირად ანგარიშსწორებაზე. რაც შეეხება სასამართლოს და აღმკვეთი ღონისძიებების საკითხს, აქ მთლიანად საზოგადოების გულისწყრომის მთავარი სამიზნე და დამნაშავე არის სააკაშვილის ჯიბის სასამართლო, რომელიც კვლავ რჩება მისი გავლენის ქვეშ და მფარველობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებ", - აცხადებს უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვანო მერაბიშვილი ნელი მოქმედების ნაღმია როგორც ჯავახეთში, ისე მთელ ქვეყანაში".
"პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის გუნდთან ერთად წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს დაჰპირდა სამართლიანობის აღდგენას და ყველა დამნაშავის დასჯას, სხვათა შორის, მოსახლეობის დაკვეთაც ასეთი იყო. თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დღეს ვერ უზრუნველყოფს წინა ხელისუფლების ყველა დამნაშავე მაღალჩინოსნის კანონის შესაბამისად დასჯას, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ჩათვლით, ეს არა მარტო ახალი ხელისუფლების იმიჯს დასწევს, არამედ გააჩენს მრავალ კრიტიკულ კითხვას და უკმაყოფილებას საზოგადოებაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ლილუაშვილი.
"სასამართლო ხელისუფლება და მრავალი მოსამართლე რომ ჯერ კიდევ სააკაშვილის დიქტატის ქვეშაა, ეს კარგად ჩანს მძიმე ბრალდებებით დაკავებულ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში, რაც გამოიხატება აღმკვეთი ღონისძიების შერჩევისას, როცა მძიმე ბრალდებით დაპატიმრებულ პირთა მიმართ ხდება მხოლოდ მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების სახის, გირაოს შეფარდება. როცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი იქნება მიღებული, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესს ითვალისწინებს, ვფიქრობ, სასამართლო სისტემა განთავისუფლდება სააკაშვილის და კუბლაშვილის მარწუხებისგან. ისე, მინდა გითხრათ, რომ სასამართლო კორპუსში არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებიან იმ მკვლელებს და ჯალათებს, ვინც შეიწირა ასობით ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ, ასეთმა მოსამართლეებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მას აქტიურობა და ცალკეული ინიციატივები სჭირდება, ერთი მხრივ, დასავლეთის დასანახად, რათა დააფიქსიროს პოზიცია, რომ "ნაციონალების" ინიციატივით მიმდინარეობს კოჰაბიტაციის პროცესი და მეორე მხრივ, იგი ახალი ხელისუფლებისათვის აღქმული იყოს, როგორც საჭირო პოლიტიკური პერსონა და ამ მდგომარეობით მოახდინოს პოლიტიკური სპეკულირება. მერაბიშვილს ურჩევნია გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ამ მხრივ იაქტიუროს, მისცეს ჩვენებები საკუთარი და თავისი თანაგუნდელების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ვფიქრობ, ჩახალიანი კი არა, ვანო მერაბიშვილია ნელი მოქმედების ნაღმი როგორც ჯავახეთში, ისე მთელ ქვეყანაში. ტყუილად არ დაანონსა სწორედ ვანო მერაბიშვილმა 19 აპრილის მიტინგი. ვფიქრობ, ინტრიგებისა და პროვოკაციების "დიდოსტატი" მერაბიშვილისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ", - დასძენს დავით ლილუაშვილი.