ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პირები ვერ დაამტკიცეს. ოპოზიცია როგორც თავმჯდომარის, ასევე ცესკოს წევრობის კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს. პარლამენტში საკითხი მეორედ ჩავარდა, საკითხი დღის წესრიგში კიდევ ორჯერ დადგება.
აღნიშნული კანდიდატურების შერჩევაში ამოქმედდება ე.წ. დაბლოკვის მექანიზმი, რომელიც კანდიდატების 76 ხმით არჩევას ითვალისწინებს. აღნიშნული მექანიზმის ჩადება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის შეთავაზებით მოხდა. დენიელსონმა, როგორც ჩანს, კარგად შეისწავლა „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნება და მოსალოდნელი ქმედებები გათვალა.
თუკი ოპოზიციას სამოქალაქო სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატები არ მოსწონს, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს ამის შემდეგ წარუდგინა, მაშინ ისმის კითხვა, საკუთარი კანდიდატურა რატომ არ წარადგინეს? ან მესამე სექტორმა რატომ არ შეარჩია, რომელიც როგორც „ოცნებისთვის“ ასევე ოპოზიციისთვის მისაღები იქნებოდა? ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას თვითმმართველობის არჩევნებისთვის მანიპულაციის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იტოვებს, რათა წაგების შემთხვევაში ისევ სალაპარაკო ჰქონდეს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ის რასაც ლაპარაკობს დასავლეთი, არის მგლის თავზე სახარების წაკითხვა. „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს უფრო მეტი დემოკრატია და საარჩევნო პროცესის უფრო მეტი ნდობა“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე. მისი თქმით, კანდიდატებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნებათ იმის გამო, რომ ისინი პრინციპულობის, კეთილსინდისიერებისა და ობიექტურობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა, რომ ამ არჩევნებისთვის ჰყავდეს თავისი 6-თვიანი კანდიდატურა. შესაბამისად, შედეგებზეც პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს.
„ცესკო-ს კანდიდატებს ნდობა ვერ ექნებათ, რადგან ისინი მოდიან რეპუტაციაშერყეული სისტემის შიგნიდან“, - განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, წარდგენილი პირები არიან ცესკო-ს მოქმედი თანამდებობის პირები, რაზეც შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ გამოცდილების თვალსაზრისით, ეს კარგია, თუმცა ისინი უკიდურესად დაზიანებული რეპუტაციის მქონე ინსტიტუტის წარმომადგენლები არიან.
„ცხადია, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელს, მაგრამ იმ სისტემაში მხოლოდ თამარ ჟვანია არ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. თანამდებობის პირები არიან ასევე პასუხისმგებელი და ცხადია, ამ ადამიანების მიმართ ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნდობა რომ ყოფილიყო მათ მიმართ, არც ეს კრიზისი იქნებოდა, არც ეს რეფორმა გახდებოდა საჭირო. ახლა ყველაფერი წავიდა იქით, რომ მხოლოდ მმართველი პარტიისთვის სანდო ადამიანი გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე. ჩვენ ამას მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედებები განპირობებულია იმით, რომ მათ წინასწარ იციან მარცხის შესახებ და არჩევნების ლეგიტიმურობაზე პრეტენზიას ნიადაგს უქმნიან:
„უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები, რას აპირებენ ჩვენი ოპონენტები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და ნიადაგს წინასწარ ამზადებენ, რომ ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ არჩევნები იდეალურადაც რომ ჩატარდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, კანდიდატურებთან ოპოზიციას რეალური პრეტენზიები არ აქვთ და დემაგოგიურად არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.
კონსტიტუციონალისტი ვლადიმერ ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის ქცევა იძლევა ლოგიკური ეჭვის საფუძველს, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავს სცენარს ამზადებენ. როცა შარლ მიშელის დოკუმენტით და შემდეგ უკვე კანონმდებლობით გაიწერა, რომ დამოუკიდებლად უმრავლესობას ცესკოს ადმინისტრაციის თავმჯდომარე აღარ აერჩია, თამარ ჟვანიას გადადგომის დღიდანვე ოპოზიციასაც და სამოქალაქო სექტორსაც შეეძლოთ, რომ სასურველი კანდიდატურა წარედგინათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. პირიქით, საუბარი იმაზე დაიწყეს, რომ ხელისუფლება მის ცესკოს თავმდჯომარედ დაყენებას აპირებდა. ამიტომაც ბოჟაძე ამბობს, რომ მან განაცხადი მიზანმიმართულად არ შეიტანა, რათა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი არ გამხდარიყო.
„მალევე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ არ მინდოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განხეთქილების ვაშლი გავმხდარიყავი. სამოქალაქო სექტორის იგივე ნაწილი, რომელმაც თამარ ჟვანია წლების წინ ცესკოს თავმჯდომარედ წარადგინა, ისევ კომისიაში შედის. შერჩეული კანდიდატებიდან პრეზიდენტს მოქმედი ცესკოს თანამშრომლები თავად წარუდგინეს. ეს ორი ადამიანი ხომ კომისიამ შეარჩია და არა პრეზიდენტმა. თუმცა ჟვანიას გადადგომის შემდეგ, იგივე სამოქალაქო სექტორს ხომ შეეძლო თავისსავე წიაღიდან კანდიდატურა წარედგინა?
ხელისუფლება კი იძულებული იქნებოდა, ოპოზიციის კანდიდატისთვის მხარი დაეჭირა. ამის ნაცვლად ოპოზიციამ არჩია გზაა, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიეღო და ის კანდიდატურები, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენდა, ჩაეგდოთ. ხელისუფლება იძულებული გახდეს, რომ ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით 76 ხმით აირჩიოს. მათ უნდათ ისევ სალაპარაკო თემა ჰქონდეთ. როცა ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლება 43%-ის აღებას შეძლებს, მაშინ ისევ გამოვლენ და იტყვიან, რომ ცესკოს თავმჯდომარე ჟვანიასთან მუშაობდა და იგივე გამყალბებელია“, - ამბობს ბოჟაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ქვეყანას 6-თვიანი ცესკოს თავმჯდომარე ეყოლება და ოპოზიცია ისევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსი სცენარის დადგმას შეეცდება. ბოჟაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმ არჩევნებს აღიარებს, სადაც თავად გაიმარჯვებენ. თუმცა ასეთი არჩევნები არასდროს არ იქნება, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ მოახერხებს. ამას კი არა ცესკოს თავმჯდომარე, არამედ ქართველი ხალხი წყვეტს.
ვიღაც გაქანებული კომუნისტი , კომუნისტურ სტილში (ყველაფერი რომ წინასწარ იცოდნენ) სხვებს რომ ეკითხება ----- ხვალინდელი გაზეთი წაიკითხეთოო? ის ხვალინდელი გაზეთი თვითონ უკვე წინასწარ წაკითხული ჰქონდა , ანუ წინასწარ იცოდა იქ რაც ეწერებოდა ...კომუნისტებმა ხომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ
ზუსტად ესე არიან ნაცებიც........ ამათ უკვე იციან რომ წაააგებენ და უკვე მიტინგებისთვის ემზადებიან ...... ვინ საიდან უნდა გამოვარდეს, ვინ სად უნდა შევარდეს ........მოკლედ ამათ უკვე ყველაფერი გაიასნებული აქვთ........ მარტო არჩევნებს ელოდებიან (მანამდეც გამოცვივდებოდნენ ყვირილით--- არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ მასე იავნადაც დაწვა არ უნდათ)........... ხოოდა არჩევნებს ელოდებიან და დაიწყებენ ისევ მიტინგებს
ამერიკის ელჩმა კი არა, მაგათ ვინც გინდათ, რაც უნდა უთხრან, მაინც მიტინგებს და არეულობებს მოაწყობენ