მეილია მძიმეწონიანებთან უთანასწორო ბრძოლაში კიდევ ერთხელ ერთვება

მეილია მძიმეწონიანებთან უთანასწორო ბრძოლაში კიდევ ერთხელ ერთვება

„ქართული ოცნების“ ფალავანის კახა კალაძის ისევ მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ოპოზიცია მას სხვადასხვა ფრონტიდან დაუპირისპირდება. გადამწყვეტი არჩევნებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ოპოზიციის ნაწილი კარტებს საბოლოოდ გახსნის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას კატეგორიული უარის მიუხედავად, მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ ის დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლებს და ნათქვამ სიტყვას კიდევ ერთხელ უკან წაიღებს. ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდება. სავარაუდოდ, რაღაცა ადგილს „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძესაც გამოუძებნიან. ვიცე-მერობის კანდიდატურას „ევროპელები“ წარადგენენ. გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ცალკე ფრონტს გაუხსნიან. გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილის ოფიცილური პრეზენტაცია პარასკევ საღამოს გაიმართება. აქვე სრულიად ცალკე მოთამაშეა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და თუ ქალაქში გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, შესაძლოა, მან მერობის კანდიდატად აჩიკო არაველაძე დაასახელოს. ეს კი, რა თქმა უნდა, მერობის არჩევნებს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და პოლიტიკურ ველზე ძალთა ახალი გადანაცვლების მომსწრენიც გავხდეთ.

ანალიტიკსოები for.ge-სთან არ გამორიცხავენ, რომ გიორგი გახარიას მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ნიკა მელია დაამარცხოს. ხოლო მთავარი ბრძოლა „ოცნების“ და გახარიას კანდიდატებს შორის წარიმართოს. ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები გველის. საქმე იქით მიდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პირველი ოპოზიციური ძალა, ადგილს დაკარგავს. ეს კი საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი კონფიგურაციის მიზეზი გახდება. გახარიას პარტია „ნაციონალების“ ადგილს დაიკავებს და ნაციონალებს, როგორც პარტიას გაქრობის საფრთხე დაემუქრება.

„ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს, ეს კვირა არის საბოლოოდ კვირა, როცა ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, როგორც საპარლამენტო ძირითადი ოპოზიციური ძალები, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, რამდენიმე შინაარსობრივი ფორმულა დაგვრჩა მათთან გასავლელი, ამიტომ ვფიქრობთ, საღამოს უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია.

კითხვაზე - იქნება თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა „ევროპულ საქართველოს“? - ბოკერიამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს.

„აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და შეთანხმება ამ არჩევნებზე, როგორც თბილისში, ისე საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებზე. ჩვენი აზრით, დაგვიანდა ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, ან არასდროს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას შეცვლილი პოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს, ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მისი უფროსი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც რასაც ეტყვის იმას აკეთებს. ეს არაერთხელ დადასტურდა. მელიამ ამ ბოლო დროს მოსახლეობას რამდენჯერმე უკვე აჩვენა, რომ უპრინციპო პოლიტიკოსია, რომელსაც სააკაშვილი სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე გამოიყენებს. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება.

„მელია თავიდანვე ძალიან კარგად მიხვდა, რომ თუკი მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნებოდა მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამიტომაც უკან დახევა გადაწყვიტა და სწორი სვლაც იყო. თუმცა როგორც უკვე დიდი ხანია დავინახეთ, მელია დიდი პრინციპულობით არ გამოირჩევა. ამიტომ, მისი ნათქვამი ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. ამ გადაწყვეტილებას მას არაფორმალური ლიდერი სააკაშვილი აღებინებს. სააკაშვილის პოლიტიკური ლოგიკა კი ცალკე ფსიქიატრიულ გამოკვლევას საჭიროებს. ჩემთვის მისი ლოგიკა აბსოულუტურად გაუგებარია. ამ შემთხვევაშიც რით სარგებლობენ და თავში რა გადაწყვეტილებები მოუვიდა, ვერ ავხსნი. რეალურ კონკურენციას კალაძეს მელია ვერც ხოშტარიასთან ტანდემში და ვერც ჯაფარიძესთან ერთად ვერ გაუწევს. ამის ნათელი მაგალითი კი ბოლო დრო განვითარებული მოვლენებია. ვერც ერთი თითიდან გამოწოვილი ამბით ოპოზიციამ მოსახლეობა ვერ აიძულა, რომ ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსულიყო. ეს არ არის იმით გამოხატული, რომ მოსახლეობას გარეთ გამოსვლის ეშინია, არამედ ამის მიზეზი „ნაციოანლური მოძრაობის“ მიმართ არსებული ზიზღია. ამიტომ მელიას კანდიდატად დაყენება კალაძის უპირობო გამარჯვების ტოლფასია“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

გაუგებარია, რატომ გადმოაქვს ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივ არჩევნებში ბრძოლის მთავარი ცენტრი თბილისზე, მით უმეტეს უკვე წინასწარ იცის, რომ მაღალრეიტინგული კალაძე მათ ადვილად დაამარცხებს? პოლიტიკურ ლოგიკას თუ გავყვებით, ოპოზიციას, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება უნდა, რომ 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს, მაშინ მთელი აქცენტი რეგიონებზე უნდა გაეკეთებინა. ქართველიშვილი გვეუბნება, რომ სავარაუდოდ, „ნაციონალებმა“ ეს ტაქტიკა დატესტეს და მელია რეგიონებში შეხვედრებზე გაუშვეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის მათ ელექტორატშიც კი გავლენით არ სარგებლოს. ამიტომ მელიას ისევ თბილისის მერობის კანდიდატად დაყენება გადაწყდა.

„მელიამ კიევიდან დაბრუნების შემდეგ გნაცხადა, რომ საქართველოს მთელს რეგიონებს მოივლიდა, თუმცა ეს გეგმა ჩაუვარდათ. მელია რამდენიმე ქალაქს მართლაც ესტუმრა და დაინახეს, რომ ის საკუთარ ელექტორატშიც კი ავტორიტეტს არ წარმოადგენს. ნურავინ ნუ მოტყუვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ერთგვაროვანი მასაა. კი ბატონო, არის ერთგვაროვანი სექტანტური ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ფანატიკოსები არიან, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც აზრს იცვლიან. მელიას და პარტიის ბოლოდროინდელმა არასწორმა და დესტრქუციულმა ქმედებებმა ეს ადამიანები დააფრთხო. ამიტომაც ახლა ნაციონალები იძულებულები არიან, როგორც პარტია არ გაქრნენ და ადგილობრივ არჩევნებზე მელიას გაწირვა გადაწყვიტეს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას, თუ ვის დააყენებს ის მერობის კანდიდატად და რა სახის ზეგავლენა შეიძლება ამან პოლიტიკურ მოვლენებზე იქონიოს, ქართველიშვილი ამბობს, რომ გახარია თუკი მერობის კანდიდატად აჩიკო არველაძეს დააყენებს, ეს მელიასთვის და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთი დიდი კრახის მიზეზი გახდება. დიდი ალბათობით, მელია არველაძესთან დამარცხდება და მისი პოლიტიკური მომავალი საერთოდ კითხვის ქვეშ დადგება.

7-თვიანი მოვლენების შემდეგ, როგორც ნიკა მელიამ, ასევე „ნაციოანლურმა მოძრაობამ“ პოზიციები რადიკალურად შეცვალეს და მელია უარის მიუხედავად, გირაოთი მაინც გამოვიდა, პარტია კი პარლამენტში შევიდა. რთული მისახვედრი არაა, რომ მას რეიტინგულად ბევრად ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება გაუჭირდება. მით უმეტეს ის არ არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი და მისი ფიგურაც, როგორც უპრინციპო პოლიტიკოსის, დაზიანდა. მაშინ რა არის მიზეზი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი კანდიდატურის დასახელება გადაწყვიტა?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამ კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ენმ-ს სხვა უკეთესი კანდიდატურაც არ ჰყავს და ალბათ, მთავარი მიზეზიც ეს არის.

„არ მგონია, რომ ეს იქნება ოპოზიციისთვის მომგებიანი სვლა. თუმცა ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც, რომ შევხედოთ, თუ არა ნიკა მელია, მაშინ პარტიაში ვინ ჰყავთ სხვა მასზე უკეთესი? მათ ჰქონდათ იდეა, რომ მოდი, უპარტიო კანდიდატურა დავასახელოთო. საუბარი იყო თემურ ჭყონიაზეც, რომელმაც ცივი უარი უთხრა. ეს პარტია და ძალა იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათთან აფილირება არავის უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ს ამომრჩეველი მაინც ჰყავს, მას ყველა ერიდება. ეს კი ცალკე პარადოქსია. როგორც ჩანს, მელიას და ხოშტარიას კანდიდატურას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიებიც არ დაუჭერენ. აქედან გამომდინარე, ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე საუბრი არაა. ამიტომ ეს ადამიანები, ვგულისხმობ ხოშტარიას და ჯაფარიძეს, საზოგადოების თვალში მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებად ჩაითვლებიან. აქედან გამომდინარე, ხმების რაღაცა პროცენტს აიღებენ, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

თუკი გიორგი გახარია აჩიკო არველაძეს მერობის კანდიდატად დააყენებს, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ის მელიას დაამარცხებს. ეს კი იმის ნიშანი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსს დაკარგავს. ბიძინა ივანიშვილის სურვილი და პროგნოზი გამართლდება და ქართულ პოლიტიკაში კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა გაიმარჯვებს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ძალიან კარგი ტრამპლინი იქნება იმისთვის, რათა მომავალში საპარლამენტო არჩევნებში ენმ დამარცხდეს.

trampi მიშა ამას ტუალეტის ქაღალდივით ხმარობს..........მანამ ბოლომდე არ მიაჩმორებენ
3 წლის უკან