„5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა მხარეს. იმისათვის, რომ მივიღოთ ზუსტი და ამომწურავი პასუხი, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ვინ გაართვა თავი და ვინ ვერა, საჭიროა შეიქმნას საპარლამენტო, საგამოძიებო კომისია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-ს განუცხადა.
18 ივლისს, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების ერთგვარი პერფორმანსის შემდეგ, მოსმენა ჩაიშალა.
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციას აქვს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ დაიბაროს ამ კომისიაზე ყველა მხარე, მინისტრიდან დაწყებული და დაუსვას კითხვები. სწორედ ამის მერე გაკეთებულიყო ის დასკვნები, საჭიროა თუ არა საკადრო გადაადგილებები, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება და აუცილებელია თუ არა ამ თუ იმ პირის გადადგომა. ამის სამაგიეროდ, ჩვენ ვიხილეთ ის, რაც 18 ივლისს ვიხილეთ, რაც არის ძალიან სამარცხვინო მოვლენა და საქართველოს და ჩვენს პოლიტელიტას არ წარმოაჩენს ისეთად, რომელსაც ადგილი უნდა ჰქონდეს ევროკავშირში.
თუკი არსებობდა, თუნდაც ოდნავი საფრთხე, რომ რადიკალური ჯგუფები ასეთ ხისტ ქმედებებზე წავიდოდნენ, 5 ივლისს უნდა ყოფილიყო დამატებითი ზომები მიღებული.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები წინასწარ მიღებული? არ ჰქონდა ხელისუფლებას ინფორმაცია?
- ხელისუფლების წარმომადგენლმა თქვა, რომ ვერ წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი მასობრივი თავდასხმა იქნებოდა ჟურნალისტებზე, აქციების დროს ასეთი რამ, არასდროს მომხდარა. მოლოდინი, რომ სწორედ ჟურნალისტებისკენ იქნებოდა მიმართული აგრესია, არ ჰქონდათ, თუმცა, ეს მთლად დამაჯერებელი გამართლება არ არის. ცუდ სცენარს უნდა ელოდო, როდესაც ასეთი ვითარებაა.
რადგან პოლიცია ელოდებოდა, რომ ძირითადი მოვლენა განვითარდებოდა 5 საათზე, როდესაც დანიშნული იყო „პრაიდი“ და ასევე მისი მოწინააღმდეგეების შეკრება, როგორც ჩანს, არ მიაქციეს ყურადღება, რომ დღის პირველ ნახევარში მოხდებოდა ის, რაც მოხდა.
აქ ჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტები? ეს წინასწარ დაგეგმილი იყო?
- აბსოლუტურად, გამოვრიცხავ ვერსიას, რომლის კულტივირებაც აქტიურად ხდება ამ ოთხი ტელევიზიისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან, თითქოს ხელისუფლებამ დაგეგმა მედიაზე ანგარიშსწორება. ხელისუფლებაში ვიღაცა ჭკუანაკლული უნდა ყოფილიყო, რომ მას დაეგეშა ვიღაცა, მედიაზე ანგარიშწორება მოეხდინა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, ძალადობის მაპროვოცირებელ განცხადებად შეფასდა...
- ღარიბაშვილის განცხადებებს ყველა უყურებს საკუთარი სამრეკლოდან. იქიდან გამომდინარე, რომ ფალავანდიშვილი, „ალტ-ინფო“ და სხვა ჯგუფები არ აპირებდნენ გაჩერებას, შესაბამისად, ძალიან მაღალი იყო ალბათობა, რომც გამოჩენილიყო „პრაიდის მარში“ რუსთაველზე, აუცილებლად მოხდებოდა შეხლა-შემოხლა და ღარიბაშვილმა თავი დაიზღვია და გააკეთა განცხადება, რომ კარგი იქნებოდა, ეს „პრაიდი“ არა რუსთაველზე, არამედ სხვაგან ჩატარებულიყო.
ღარიბაშვილი ცდილობდა, როგორც პრემიერ-მინისტრი, მოეწოდებინა „პრაიდის“ აქტივისტებისთვის, რომ თავი აერიდებინათ პირდაპირი შეხლა-შემოხლისგან მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებთან. პირდაპირი მოწოდება ძალადობისკენ და ანგარიშწორებისკენ ვერ დავინახე მის გამოსვლაში.
როგორ ფიქრობთ, მიმდინარე აქციები გამოიღებს თუ არა შედეგს და ვიხილავთ თუ არა, ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას?
- მხოლოდ პირველ დღეს, როდესაც ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, მაშინ ხალხმა, ემოციურ მუხტზე, გამოხატა სოლიდური მხარდაჭერა ამ აქციის მიმართ, მათ შორის იმით, რომ საკმარისი რაოდენობის ადამიანი მივიდა აქციაზე, მაგრამ შემდეგ უკვე, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მოიქცნენ აქციის ლიდერები და ორგანიზატორები, აშკარად გამოჩნდა, რომ ამ აქციის უკან იმალებოდნენ პოლიტიკოსები და მცდელობაა, რომ ეს აქცია გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. იქ ჟღერდება ისეთი მოწოდებები, რომლებიც პირდაპირ თავს ესხმის ეკლესიას, პატრიარქს, საქართველოს საზოგადოებისთვის ასეთი განცხადებები მიუღებელია. იქ არიან ფიგურები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას არ იწვევენ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის, თუ რატომ იკლო აქციაზე დამსწრეთა რაოდენობამ.
ღარიბაშვილი ამ აქციის შედეგად არ გადადგება, ის თუ გადადგება, ეს მოხდება ისევ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლითა და მოთხოვნით.
და იქნება დასავლეთის მხრიდან ეს ზეწოლა და მოთხოვნა, როგორ ფიქრობთ?
- ბოლო დროს, ისეთი განცხადებები კეთდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მაფიქრებს იმაზე, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, ზოგადად.
უნდა ელოდოს საქართველო სანქციებს აშშ-დან?
- ეს სანქციები ისევ ოპოზიციის მიერ არის კულტივირებული. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა თქვა, სანქციები არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის. ამის მეტი არაფერი არ თქმულა. გამგები, ალბათ, გაიგებს.
?
თუ საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ნაბიჯი დასავლეთმა უნდა გვიკარნახოს და გაგვიკონტროლოს, თუ ნებისმიერ "გადახვევაზე" ყურები უნდა აგვიწიონ და სანქციების სახრე მოგვიღერონ, თუ "ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლითა და მოთხოვნით" უნდა გადადგეს ქვეყნის პირველი პირი... მაშინ მოსახლეობაში უნდა ჩატარდეს პლებისციტი, ერთადერთი შეკითხვით:
-- როდის ოფრო მაღალი იყო საქართველოს სუვერენიტეტის ხარისხი, როცა ის სსრკ-ს შემადგენლობაში ერთ-ერთ რეპუბლიკას წარმოადგენდა, თუ ახლა, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქვია?
პასუხს ადეკვატური რეაგირებაც უნდა მოჰყვეს!