რას წერს ბიძინა ივანიშვილზე ამერიკული დაზვერვა?

რას წერს ბიძინა ივანიშვილზე ამერიკული დაზვერვა?

გასულ კვირას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა სენატის დაზვერვის საკითხების კომიტეტს წარუდგინა ტრადიციული მოხსენება, რომელშიც მიმოხილული და შეფასებული იყო მსოფლიოში არსებული საფრთხეები; ამ დოკუმენტში, სხვა ქვეყნებთან ერთად, მოხსენიებულია საქართველოც, თანაც საკმაოდ საინტერესო კონტექსტში.

პირველად ჯეიმს კლაპერმა და მისმა ყოველწლიურმა მოხსენებამ ქართული საზოგადოების ყურადღება 2011 წლის დასაწყისში მიიპყრო. მაშინ სააკაშვილის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის კრიტიკისთვის ოპოზიციამ გამოიყენა მონაკვეთი ამ მოხსენებიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაძაბულობას რეგიონში ხელს უწყობს არა მხოლოდ «მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები მათთან და, ამასთან ერთად, საქართველოს უკმაყოფილება სტატუს კვოთი», არამედ საქართველოს საჯარო მცდელობებიც «კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან», რაც, მოხსენების თანახმად, «ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას».


სააკაშვილის ხელისუფლება მაშინ ფრიად გაღიზიანდა ამ წინადადების და ოპოზიციის კრიტიკის გამო და საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო «თავისუფლებისთვის» მიცემულ ინტერვიუში თქვა: «აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რას ამბობს კლაპერი». ამავე ინტერვიუში ვაშაძემ აგდებით მოიხსენია «ამერიკული პროგრესის ცენტრის» ექსპერტები სამუელ ჩარაპი და კორი ველტი («ენჯეოშნიკების» აზრი არ მაინტერესებს... მყავს ლიფტიორი, რომელიც არის «ენჯეოშნიკი»... და ა. შ.), რომლებიც მაშინ ასევე მიუთითებდნენ საფრთხეებზე, რომლებიც სააკაშვილის «ახალი კავკასიური პოლიტიკიდან» გამომდინარეობდა. ვაშაძეს ეს ინტერვიუ წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი გამაფრთხილებელ სიგნალებს გარე სამყაროდან ადეკვატურად ვერ აღიქვამდა და ელემენტარული ზრდილობის მწვავე დეფიციტს განიცდიდა. დღეს გრიგოლ ვაშაძეს, სააკაშვილის ხელისუფლების სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, აქვს სრული შესაძლებლობა, ჩაიხედოს სარკეში და ნახოს, რა ემართება ადამიანებს, რომლებსაც არ აინტერესებთ, რას ამბობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის შეფი (ექსპერტებზე, ლიფტიორებსა და ქართველ ხალხზე რომ არაფერი ვთქვათ).


მიუხედავად იმისა, თუ როგორ აფასებს თითოეული ჩვენგანი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ალბათ, ვერ უარვყოფთ, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყოველწლიური მოხსენება ანალიზისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დოკუმენტს წარმოადგენს. ის არ სცდება ადმინისტრაციის საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის კალაპოტს, მნიშვნელოვანწილად ორიენტირებულია გარე სამყაროზე და დატვირთულია სიგნალებით, რომელთა გაშიფრვა ძალზე საინტერესო და სასარგებლოა, როგორც აშშ-ის მოკავშირეებისთვის, ისე მოწინააღმდეგეებისთვის. საინტერესო მაგალითი, ორი, თითქმის იდენტური აბზაცი 2011 და 2012 წლების მოხსენებებიდან:


«საქართველოს ახალი კონსტიტუცია აძლიერებს პრემიერ-მინისტრს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიუთითებია მის სამომავლო გეგმებზე, მაგრამ მისთვის ხელმისაწვდომია შესაძლებლობა, ახალი კონსტიტუციის პირობებში პრემიერ-მინისტრად იმუშაოს» (ეს 2011 წლის მოხსენებაა). «საქართველოს ახალი კონსტიტუცია აძლიერებს პრემიერ-მინისტრს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რის გამოც ზოგი მოელის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება სცადოს ხელისუფლებაში დარჩენა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე» (ეს 2012 წლის ციტატაა; «დაძაბულობა» ნახსენებია მის წინა აბზაცში აღწერილი რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობების კონტექსტში).


ერთი შეხედვით, პირველი ციტატა თითქმის უწყინარია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საგაზეთო სტატია კი არა, საფრთხეების ჩამონათვალია და ამა თუ იმ ფაქტის (ამ შემთხვევაში, სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერების) მოხვედრა მასში დაფიქრებისთვის და, ზოგჯერ, ტაქტიკის კორექტირებისთვის საკმარის საბაბს წარმოადგენს. მაგრამ სააკაშვილმა არ შეისმინა გზავნილები ვაშინგტონიდან, რომელთაც, ცხადია, არა მხოლოდ ეს დოკუმენტი, არამედ არაერთი სხვა ანგარიშგასაწევი პუბლიკაცია შეიცავდა, მოქმედებდა ისე, როგორც მოეხასიათებოდა და შედეგად მიიღო ის, რომ მომდევნო, 2012 წლის მოხსენებაში ის და მისი სამომავლო გეგმები უკვე ღიად წარმოჩენილი იყო, როგორც პრობლემური ფაქტორი, ხოლო თეთრი სახლი სხვადასხვა ფორმით მიუთითებდა, რომ დარჩენა ხელისუფლებაში კარგს არაფერს მოუტანს. რეჟიმი მაინც «თავისას უბერავდა» და, რომ იტყვიან, მიიღო ის, რაც მიიღო.

წლევანდელ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა სენატის პროფილურ კომიტეტს წარუდგინა, ჩვენს ქვეყანაზე შემდეგი რამ წერია: «ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პარტია «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დაძაბულობის შერბილების ახალ იმედს გვთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოხატა დაინტერესება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით და ცდილობს, მოსკოვთან დიალოგის ტონი გააუმჯობესოს. მაგრამ, პრეზიდენტ სააკაშვილის «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ, საქართველო გარდამავალი პოლიტიკური პერიოდის გამოწვევებისა და შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის გაზრდილი რისკის წინაშე დგას».

სააკაშვილის ლობისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, ამერიკული დაზვერვის დოკუმენტები ჩაასწორონ და, ალბათ, ამიტომ მოხსენებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ახალი მმართველის წარმოსახვით «ავტორიტარიზმზე» ან «პრორუსულობაზე». საჭიროების შემთხვევაში, მსგავს შეფასებებს არ ერიდებიან, მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩზე ამ მოხსენებაში წერია, რომ ის ავტორიტარიზმისკენ მიდის, ხოლო ცენტრალური აზიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებს საერთოდ მიწასთან ასწორებენ. მაგრამ ერთია ფაქტების ინტერპრეტაცია მაშინ, როდესაც დასკვნის გამოტანისთვის თუნდაც მინიმალური საფუძველი არსებობს და სულ სხვაა აღვიარხსნილი ტყუილი, რომელიც ფაქტებით არ დასტურდება. დაზვერვამ, იდეაში, შეიძლება მოახდინოს ფაქტების ინტერპრეტაცია, პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე (ეს ძლიერ არასასურველია, მაგრამ ხდება ხოლმე; შეგვიძლია გავიხსენოთ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ეპოპეა), თუმცა მას არ შეუძლია პირდაპირ, ცინიკურად მოატყუოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება. კლაპერი ვერ წარმოაჩენს ივანიშვილის მთავრობას ფაქტორად, რომელიც რეგიონში საფრთხეებს ამრავლებს და აშშ-ის პოზიციებს ძირს უთხრის, როდესაც ის მსგავსს არაფერს აკეთებს და, პირიქით, ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას, რაც მოხსენებაში აღნიშნულია კიდეც.

2008 წლის ომის შემდეგ, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ყველა მოხსენებაში რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციული ურთიერთობა აღიწერებოდა საკმაოდ დრამატულად, როგორც დიდი საფრთხის შემცველი რამ, წელს კი ის მხოლოდ გაკვრითაა ნახსენები, ისიც ივანიშვილის სამშვიდობო ძალისხმევის კონტექსტში; ეს არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე რეალურად არ შემცირდებოდა.

საქართველოს ახალი ომი რუსეთთან, ძალიან დიდი ალბათობით, მკვეთრად დაასუსტებს აშშ-ის პოზიციებს რეგიონში, მითუმეტეს, რომ რუსეთის არმიამ რეფორმის შემდეგ, ამავე მოხსენების თანახმად, «მიიღო შესაძლებლობა, უფრო სწრაფად დაამარცხოს მისი პატარა მეზობლები და პოსტსაბჭოთა სივრცეში დომინანტურ სამხედრო ძალად დარჩეს». იმის არდაშვება, რომ მოვლენები 2008 წლის სცენარით განვითარდეს (და, სავარაუდოდ, უარესი შედეგით დასრულდეს) ობამას ადმინისტრაციისთვის რეგიონში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭებას, ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს.

რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის გამოწვევებს, ეს ობიექტური რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ავტორიტარული რეჟიმის სრული დემონტაჟი რთული, დროში გაწელილი პროცესია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. «შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის გაზრდილი რისკი», ალბათ, უფრო საყურადღებო ფორმულირებაა; საფრთხე მონიშნულია, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები იდენტიფიცირებული არ არის.

დროებით გვერდზე გადავდოთ კლაპერის მოხსენება და შევეცადოთ, საინტერესო კითხვას ვუპასუხოთ: რა აღელვებს დასავლელ პარტნიორებს უფრო მეტად _ დანაშაული, რომელიც სააკაშვილის ჩინოვნიკებმა წარსულში ჩაიდინეს, თუ დესტაბილიზაცია, რომელიც მათმა ამბიციებმა შეიძლება მომავალში გამოიწვიონ? ქართველების უმრავლესობისთვის დღეს მთავარია «დანაშაულისა და სასჯელის პრობლემა» და სამართლიანობის აღდგენა, ანუ ის, რაც უახლოეს წარსულს უკავშირდება. არაერთი ადამიანი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ გასაგებად აუხსნის დასავლეთს, რას სჩადიოდა სააკაშვილის ჯგუფი, ამერიკა და ევროპა შეშფოთდება, აღშფოთდება და მართლმსაჯულების აღსრულებას გაგებით მოეკიდება. რა თქმა უნდა, წარსულის კოშმარული ფაქტების გამომზეურება არაერთი დასავლელი უფლებადამცველის, ჟურნალისტისა და, უბრალოდ, პატიოსანი ადამიანის ემოციებსა და დამოკიდებულებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ პრაგმატულ და გარკვეულწილად ცინიკურ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც აწმყოსა და მომავალს გაცილებით დიდი ფასი აქვს, ვიდრე წარსულს.

პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებს დასავლეთში დიდად არ სიამოვნებთ, როდესაც ქართველები სააკაშვილის ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ესაუბრებიან, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მისი პარტნიორები იყვნენ და, საერთოდ, ეს პრობლემატიკა მათთვის ნაკლებად აქტუალურია. სამართლიანობის აღდგენა საქართველოში მათთვის არანაირ ხელშესახებ ამონაგებს არ უკავშირდება, პირიქით, შეიძლება გარკვეული საიმიჯო დანაკარგები მოუტანოს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მთავარი აქცენტი გაკეთდება სააკაშვილის ჯგუფის დამაჯერებელ წარმოჩენაზე ისეთ ფაქტორად, რომელმაც შეიძლება მომავალში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც დასავლელი პარტნიორების პოზიციებს საქართველოში დიდ პრობლემებს შეუქმნის, ისინი ამ საფრთხის ნეიტრალიზაციას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ და ხელსაც შეუწყობენ. ამ კონტექსტში, დასჯა წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის ახალი პრობლემების პრევენციის საშუალებად გადაიქცევა (ხმამაღლა ამას არავინ იტყვის, თუმცა რეალურად საქმე სწორედ ამასთან გვექნება). წარსულის მომავალზე მიბმის სტრატეგია შეიძლება საკმაოდ ეფექტური გამოდგეს, უბრალოდ, მას კარგი რეალიზაცია სჭირდება.

თეორიულად, თუნდაც ირიბი მინიშნება იმაზე, რომ სააკაშვილის ჯგუფი ძალადობრივ აქციებს გეგმავს, ალბათ, გაცილებით უკეთ «იმუშავებს» დასავლეთში, ვიდრე ათასობით დოკუმენტი 2004-12 წლებში ჩადენილი დანაშაულის აღწერით. ცხადია, ტყუილი «ნაცების» სამომავლო გეგმებზე დაუშვებელია, თუმცა, ალბათ, არსებობს არაერთი ფაქტი, რომელიც მსგავსი ინტერპრეტაციისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის შესაძლებობას იძლევა.

ისე, საინტერესო კია, რას დაწერს ამერიკული დაზვერვა საქართველოზე 2014-ში...