ირაკლი ბათიაშვილი -

ირაკლი ბათიაშვილი - "19 აპრილს დიდი ავანტიურა იგეგმება"

"საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა და აქტუალობა განაპირობა იმ ვითარებამ, რომ უმრავლესობისთვის ცნობილი გახდა იმის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილს შეიძლება გამოეყენებინა კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება, მთავრობის დათხოვნისა, რასაც შემდგომ მოჰყვებოდა მის მიერ ახალი მთავრობის დანიშვნა. ცვლილების შეტანა განაპირობა იმან, რომ სააკაშვილის საახლობო წრეში მიდიოდა, თავად სააკაშვილის მხრიდან მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, რომ ხელსაყრელი სიტუაციის შემთხვევაში ხომ არ გამოეყენებინა მას კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება. "ნაცმოძრაობის" ელიტაში მიდიოდა მსჯელობები, დისკუსიები, ამ მზაკვრული გეგმის თაობაზე, მაგრამ მათ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც გახმაურდა ინფორმაცია მათი გეგმის თაობაზე, თავად "ნაცმოძრაობის" ელიტაში და თავად სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში მიხვდნენ, რომ ახლა ამის განხორციელება იქნებოდა დიდი ავანტიურა და ეს გამოიწვევდა საშინელ რეაქციას მთელ საზოგადოებაში", - აცხადებს "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "19 აპრილს დიდი ავანტიურა იგეგმება".

"მე დღეისათვის კონკრეტული ინფორმაციები არ მაქვს, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ისინი უკვე ნაკლებად ფიქრობენ ასეთ ავანტიურისტულ გეგმაზე, თუმცა ყველანაირად ცდილობენ, რომ დაუმტკიცონ საზოგადოებას სისუსტე არსებული საპარლამენტო უმრავლესობისა. დემონსტრირება მოახდინონ იმისა, რომ მათ არ ძალუძთ ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება "ნაცმოძრაობის" გარეშე. უნდათ, რომ ისე დააყენონ საკითხი, რომ უმრავლესობა დაავალდებულონ. "ნაცმოძრაობას" უნდა, რომ "ქართული ოცნება" იყოს ვალში მათთან. ამიტომ ასე აყენებენ საკითხს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ბათიაშვილი.

"19 აპრილის აქცია თავისთავად არის მორიგი ავანტიურა "ნაცმოძრაობის" მხრიდან. მე მგონი, არავის არ სჯერა დღეს ჩვენს საზოგადოებაში, რომ მათ შეიძლება დიდი რაოდენობის მხარდამჭერები მოაგროვონ. ასეთი რამე არც არსებობს, მათ არანაირი მხარდაჭერა მოსახლეობაში არა აქვთ. ისინი მხოლოდ საკუთარი აქტივისტების მობილიზებას თუ შეძლებენ სრულად, რისთვისაც მე მინდა გითხრათ, რომ არ იშურებენ არც ენერგიეს და არც ფულს. მე არ გამოვრიცხავ, რომ სულაც 19 აპრილმა ჩაიაროს ყოველგვარი სერიოზული გართულებების გარეშე და ჩვეულებრივი აქცია ჩატარდეს, სადაც ისინი უბრალოდ შეეცდებიან კიდევ ერთხელ "უჩვენონ მსოფლიოს", რომ მათ სურთ, დასავლეთისაკენ სიარული. ეს რაღაც მორიგი პიარაქცია იქნება "ნაცმოძრაობის" მხრიდან. მე მგონია, რომ თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" ელიტა არ არის ჩამოყალიბებული საბოლოოდ თუ რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს 19 აპრილის აქციას. დღეს ისინი კარგად ხედავენ, რომ 19 აპრილის აქციით ვერავის ვერ შეაშინებენ, ეს აშკარად დაინახეს მათ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნაციონალების" სტრატეგია გულისხმობს, რომ ძირი გამოუთხარონ, დისკრედიტაცია მოახდინონ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისა საზღვარგარეთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ჩრდილოეთის მიმართულებით. ხელი შეუშალონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან გაატაროს წარმატებული პოლიტიკა დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით. ხელი შეუშალოს ბატონ ბიძინას, რომ მან ყინული დაძრას რუსეთთან მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ ისინი ამას ახერხებენ. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ვითარებას, მათ მოახერხეს სწორედ ის, რომ თვითონ მთავარი პროცესი, რომელიც იყო ჩვენი მოსახლეობის ყურადღების ცენტრში, რომელსაც ყველაზე მეტად უკავშირდებოდა ჩვენი მოსახლეობის მოლოდინი, კერძოდ კი სამართლიანობის აღდგენის პროცესი, გაებითურებინათ. ეს იყო მათი მიზანი და ჯერჯერობით ნაწილობრივ მოახერხეს. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ მიდის წინ", - დასძენს ირაკლი ბათიაშვილი.