„პარადიგმა „ქართული ოცნება“ – „ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით მთავრდება“

„პარადიგმა „ქართული ოცნება“ – „ნაციონალური მოძრაობა“ მუდამ „ქართული ოცნების“ გამარჯვებით მთავრდება“

კარგა ხანია, გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა მესამე პოლიტიკური ძალის შექმნაა, თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ამ დაკვეთის შესრულებას. თითქმის ყველა მათგანი ცდილობს, მესამე ძალის მანტია მოირგოს, მაგრამ მოსახლეობა არ ტყუვდება და უკვე არსებული პოლიტიკოსებიდან მესამე ძალად არავის აღიქვამს.

როდის შეძლებენ პოლიტიკურად მომწიფებული ელექტორატის დაკვეთის შესრულებას დროში ჩამორჩენილი ჩვენი პოლიტიკოსები?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე for.ge-სთან კომენტირებისას აცხადებს, რომ მესამე ძალაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, რადგან არსებობს ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი დიდი პარტია არ უნდა, არც მეორე, ანუ არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“. მართალია, ამ დიდ პარტიებს ჰყავთ თავიანთი მყარი ამომრჩეველი, მაგრამ ამომრჩევლის დიდი რაოდენობა, სხვადასხვა კვლევით, 30-35%, არც ერთს არ აძლევს ხმას, ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან ერთის შიშით მეორეს აძლევს ხმას.

„აქედან გამომდინარე, ზუსტად აქედან გაჩნდა გიორგი ვაშაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ იდეა, რომ საჭიროა მესამე მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომ, ერთი მხრივ, ასეთი ამომრჩევლების ხმები არ დაიკარგოს და, მეორე, „ქართული ოცნება“ შეიცვალოს. უკვე რვა წელია, ეს პარადიგმა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით მთავრდება. ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ხვალ ვინმე გამოაცხადებს მესამე ძალას და უცებ გარდატეხა მოხდება? სინამდვილეში, ეს პროცესია, ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ და ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. ამომრჩეველთა ნაწილი შეიძლება დაიბნეს, შეიძლება ვერ გაიგოს, რა არის ეს მესამე ძალა, მაგრამ ჩვენი ქმედებებით, ჩვენი სწორი პოლიტიკით, ზუსტი გზავნილებით უნდა დავარწმუნოთ, რომ მესამე ძალა ჩვენ ვართ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია მესამე ძალაზე, ნელ-ნელა უნდა შევქმნათ ეს მიზიდულობის ცენტრი“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე და აკონკრეტებს, რომ მესამე ძალა შეიძლება იყოს ერთი პარტია, ან ამ იდეის გარშემო გაერთიანებული რამდენიმე პარტია, სხვადასხვა კონფიგურაციით.

მისივე თქმით, ამ იდეისკენ სვლა ოპოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი იღებს პასუხისმგებლობას, ამ საქმის ლოკომოტივი იყოს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მომავალზე, სწორედ მომავალი დაგვანახებს, რამდენად წარმატებულად გაართვეს თავი ამ მისიას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი for.ge-სთან საუბრისას იზიარებს პოზიციას, რომ ქართული ელექტორატი გაცილებით გაიზარდა, ვიდრე თავად პოლიტიკოსები, რომლებიც აშკარად ჩამორჩებიან ჩვენს ელექტორატს. ამაზე მეტყველებს პოლიტიკურ შატალოზე ოპოზიციის ყოფნა 7 თვის განმავლობაში. წარუმატებელი შატალოს შემდეგ ოპოზიცია, მართალია, შევიდა პარლამენტში, მაგრამ ვეღარ ეწევიან პროცესს.

„ის, რომ ქართული საზოგადოება პოლიტიკურად გაიზარდა, გამოჩნდა იანვარ-თებერვალშიც, როდესაც ქართველმა პოლიტიკოსებმა კანონზე მაღლა დადგომა მოინდომეს, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფის მიყენება განიზრახეს. საზოგადოებამ ასეთ პოლიტიკოსებს უთხრა უარი ყოველგვარ აქციებსა და გამოსვლებზე, რადგან ხალხმა დაინახა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს სახელმწიფო ქვეყანაში. საზოგადოება გაცილებით გაზრდილია პოლიტიკურად, ვიდრე თავად პოლიტიკოსები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი ინტერესდება, რომელ მესამე ძალაზე საუბარი, როდესაც ჩვენ გვყავს მხოლოდ ერთი ძალა და ეს არის სოდომისტური ძალა, რომელიც ფულის, იდეის, ან მედროვეობის გამო მხარს უჭერს ლგბტ-ეებს. მისივე თქმით, თვით მეორე ძალაც კი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

„მეორე ძალა შეიძლება იყოს ლევან ვასაძე, ან მსგავსი ძალა, რომელიც არის ეროვნული, რომელიც იტყვის, რომ, თუ ჩვენს კონსტიტუციაში რომელიმე კანონი ათ მცნებას ეწინააღმდეგება, მაშინ ასეთი კონსტიტუცია არ გვჭირდება. ეკლესიის ხმა და მრევლის ხმა მნიშვნელოვანია, ზნეობაზე მეტი ძალა არ არსებობს. ეროვნული არც ერთი ძალა არ არის, არის მხოლოდ დასავლეთის კოლონიალური მმართველობა და მათი იდეოლოგია. საქართველოში ყველა ძალა ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო მეტად პროამერიკელია. პოლიტიკოსები უყურებენ მხოლოდ დირექტივებს, რამდენად დატუქსავს ამერიკელი. რეალურად, ერის ხმა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ამიტომ ისეთი ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ერზე იზრუნებს“, - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი ჩვენთან საუბრისას.

 

trampi ნაცები რომ არა, ამ დებილ ოცნებას კაცი არ დაუჭერდა მხარს
უძაღლო ქვეყანაზე კატებს აყეფებდნენო .........ისეა ამათი საქმე....
აბა ისე ამ უტრაკო ოცნებას ვინ დაუჭერდა მხარს?
3 წლის უკან