სარეიტინგო კენჭისყრის ძალა

სარეიტინგო კენჭისყრის ძალა

პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ ისარგებლა საკუთარი უფლებით და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, საბოლოოდ სარეიტინგო კენჭისყრაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს 93 მომხრე აღმოაჩნდა. პირველი მოსმენით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომლებიც პერიზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას შეეხება, 135-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

21 მარტს პარლამენტის თითქმის 4-საათიანი პლენარული სხდომის უდიდესი ნაწილი იმის გარკვევას მიეძღვნა, გაიმართებოდა თუ არა წინასწარი ე.წ. სარეიტონგო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე. საპარლამენტო უმრავლესობა და მათი პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მით უფრო, რომ საპარლემენტო უმცირესობა, ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებათა შინაარსობრივ მხარეს ეთანხმებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას. მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს აპრილის თვეში ეძლევა საშუალება, ერთპიროვნულად დაითხოვოს პარლამენტი, შემდეგ კი მთავრობა და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის ფორმირება პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია. მასვე დაეკისრება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. კოალიცია ”ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილება მიზნად ისახავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ უფლების შეზღუდვას. თუმცა, როგორც ცნობილია, ამ უფლებამოსილების შეზღუდვა ოქტომბრის შემდეგ ისედაც იყო დაგეგმილი 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით. ის ცვლილებები კი რომლებსაც 21 მარტს უყარა პარალმენტმა კენჭი, მაისის თვიდან უნდა ამოქმედდეს და მას დროებითი ხასიათი ექნება, ეს განმარტა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ:

”ოქტომბრის შემდეგ ახლადარჩეულ პრეზიდენტს აღარ ექნება ერთპიროვნული უფლება გადააყენოს მთავრობა. ასევე არ ექნება უფლება, დანიშნოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამდენად, ეს არ ცვლის იმას, რაც უნდა ამოქმედდეს მომავალში, ეს ეხება ამ რამდენიმეთვიან პერიოდს, ამჟამად მოქმედი ნორმების ცვლილებას”.

მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტართა 100 ხმა იყო საჭირო. ამ რაოდენობის ხმების მოგროვება კი კოალიცია ”ქართულ ოცნებას” დამოუკიდებლად არ შეეძლო, რისთვისაც ნაციონალური მოძრაობის ხმებიც იყო აუცილებელი. ნაციონალური მოძრაობა გარანტიას იძლეოდა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, ოღონდ სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ, რათა გარკვეულიყო, რამდენი ხმა აკლდებოდა უმრავლესობას ცვლილებათა მხარდასაჭერად. როგორც უმცირესობის წარმომადგენელები განმარტვადნენ პლენარულ სხდომამდე და მისი მიმდინარეობისასაც, ამით დადასტურდებოდა, რომ მათი გუნდი ერთიანია და მათზე ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა გადაბირების და ზეწოლის პოლიტიკამ ვერ იმუშავა.

უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების გამოსვლები შინაარსით იდენტური იყო. უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დაშვებულ შეცდომებს უხსენებდა და საკუთარი თავის რეაბილიტაციისთვის ცვლილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ უმცირესობას მოუწოდა, გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილს და მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის საჭირო კანონპროექტს:

”სააკაშვილი არის დროებითი მოვლენა, საქართველო არის მარადიული მოვლენა და სამშობლო მარადიული მოვლენა არის... მისცემთ ხმას და კარგს იზამთ და არ მისცემთ ხმას და ამასაც კარგს იზამთ, გარკვეული იქნება ყველაფერი, ძალიან მარტივად არის საქმე, არავინ არ გეხვეწებათ არაფერს რა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვენები რას, როგორ და რანაირად აპირებთ და ნუ გაყვებით კიდევ იმას საფლავში, პოლიტიკურში”.

მიუხედევად იმისა, რომ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნებოდა, ის ცვლილებებს და არ აპირებდა ხელი შეეშალა შეეშალათ უმრავლესობისთვის მის მიღებაში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ წარმოდგენელი ცვლილებები ფარატინა ქაღალდია, რადგან ის ამოქმედდება ახლა თუ ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრიდან, როგორც ამას 2010 წლის კონსტიტუცია ადგენს, არ არის მნიშვნელოვანი. მით უფრო, რომ პრეზიდენტი მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებას და კრიზისის შექმნას არ აპირებს. თუმცა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განმარტა, სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება იქნება უმრავლესობის მხრიდან უმცირესობის მიმართ პატივისცემის გამოვლენის ნიშანი, საქმე ხომ უმცირეს დათმობას ეხება. თუმცა ეს არის ორ პოლიტიკურ ძალას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების ნიშანიო, განაცხადა დავით ბაქრაძემ:

”მთავარი და ყველაზე ცუდი, რაც ამ პროცესში არის ჩემთვის, გახლავთ ის , რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა, მაშინაც კი, როცა ვთანხმდებით შინაარსზე და მაშინაც კი, როცა ვხვდებით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ორივე მხარეს სჭირდება. აი ეს არის ამ პროცესში ყველაზე ცუდი და ის პატარა კორიდორი რომელიც ამ დარბაზში ყოფს უმრავლესობას და ოპოზიციას ერთმანეთისგან, ასევე გვყოფს ცხოვრებაშიც. ერთი ნაბიჯი არის ჩვენს შორის იმისათვის, რომ პოზიციებზე შევჯერდეთ და ამ დოკუმენტს მივცეთ ხმა, ერთი პატარა ნაბიჯი და ამ ერთი პატარა ნაბიჯის სახელია ერთი კონკრეტული კენჭისყრა”.

სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ იმისთვის, რათა საპარალამენტო უმცირესობამ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში და დასრულდეს ის პრაქტიკა, როცა ძალაუფლებადაკარგული მმართველი პარტია ქრება პოლიტიკური ასპარეზიდან და რათა საზოგადოებას შეექმნას სტაბილურობის განცდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო:

”მე ვიღებ ჩემთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ რატომ უნდა ჩატარდეს ამ პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მაგრამ ჩვენ კაპრიზზე კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ და ახირებაზე ახირებით და მზად ვარ, ჩავატარო საერიტინგო კენჭისყრა”.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე შეთანხმება პარლამენტის კონსტრუქციული თანამშომლობის შედეგია. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ იყო მცდელობა, შუღლი დაეთესათ ნაციონალურ მოძრაობასა და პრეზიდენტს შორის, მაგრამ ეს არ გამოვიდა.

”მათ უნდოდათ, რომ გაეფორმებინათ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მოსპობა. დღეს დაიბადა ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე და ყველას დაუმტკიცა, რომ უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე”.

ამრიგად პარლამენტმა პირველი მოსმენით 135 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტის და მთავრობის დათხოვნის უფლებას უზღუდავს. პირველი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა სარეიტონგო კენჭისყრის ჩარტარებით, რასაც დაჟინებით მოითხოვდა საპარლამენტო უმცირესობა. კონსტიტუციაში შესატან ვცლილებებს მეორე მოსმენით კენჭი 22 მარტს ეყრება.