პურის გაძვირება დაიწყო და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს

პურის გაძვირება დაიწყო და ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს

პური 10-15 თეთრით გაძვირდა, რისი მიზეზიც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა. უკვე 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა ფასი შეცვალა. 10 თეთრით უშუალოდ მწარმოებლებმა გაზარდეს ფასი, ხოლო დამატებით 5 თეთრით კი პური მაღაზიების ნაწილმა თავად გააძვირა.

გაძვირება პირადპირ უკავშირდება ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასრულებას. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გრძელდებოდა რა დროსაც ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სარეალოზაციო ფასი მაქსიმუმ 53 ლარს შეადგენდა.

წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი ლადო ბიძინაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელიც დღეს რეალურად ბაზარზეა.

„პურის ქარხნები უკვე იღებენ ჩვეულებრივ საბაზრო ფასში პირველი ხარისხის ფქვილს და რეალურად ბაზარზე ერთი ტომარა 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი 62 ლარი ღირს. ეს მთელი 9 ლარით მეტია, ვიდრე სუბსიდირების დროს იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პური ფასი გადაიხედება. დაახლოებით 10-15 თეთრით მოუწევთ მწარმოებლებს გაძვირება.

დღეის მდგომარეობით 15-20 დოლარით არის ჯერჯერობით გაიაფებული ხორბალი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში 1-ლი ივნისიდან მოქმედებს მცურავი საექსპორტო გადასახადი, კონკრეტული ფასის განსაზღვრა ძნელია. მაგალითად, წინას კვირას 42 დოლარი იყო ბაჟი, შემდეგ კვირაში რამდენი იქნება არ ვიცით. გვაქვს მოლოდინი, რომ ფასი დაიკლებს, მაგრამ რამდენით, ამის პროგნოზი რთულია“, - განაცხადა წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორმა.

შედარებით იმედიანად არიან განწყობილნი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ირწმუნება, რომ პურზე დამატებით ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. უწყების ცნობით, მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ხორბლის ფასი 234 დოლარამდეა შემცირებული და კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება.

გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მოსავლის აღება საქართველოშიც. სპეციალისტების ვარაუდით, ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წელს 150 ათასი ტონაა. რაც შეეხება ქერს, ამ შემთხვევაში მოსავალი 70 ათას ტონას აღწევს.

„ქერის მოსავალი უკვე დაბინავებული გვაქვს. ვფიქრობთ, წელს ხორბლის მოსავლის რაოდენობაც მეტი იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მივიღებთ. ერთი რამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს ხორბლისა და ქერის მოსავალი იქნება გაცილებით მაღალი ხარისხის, ვიდრე ეს წინა წლებში იყო“, - აღნიშნა ხანიშვილმა.

რადგანაც პური უკვე გაძვირდა, მისი სამომავლოდ გაიაფება უკვე წარმოუდგენელია. ხორბლის ფასი კიდეც რომ დაუბრუნდეს პანდემიამდელ მაჩვენებელს, ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან წარმოებისთვის საჭირო ყველა საჭირო ატრიბუტი გაძვირებულია - დაწყებული ენერგომატარებლებით, მარილით და საფუარით დასურლებული. როგორც ჩანს, ახლა მთავრობისთვის მთავარია, პურის ღირებულება (მასობრივი წარმოების პროდუქტის) ფსიქოლოგიურ ზღვარს - 1 ლარს არ გადასცდეს.