ეკონომიკა ისევ საფრთხის წინაშე დგება: ეპიდემიოლოგები ისევ შეზღუდვებზე ალაპარაკდნენ

ეკონომიკა ისევ საფრთხის წინაშე დგება: ეპიდემიოლოგები ისევ შეზღუდვებზე ალაპარაკდნენ

ბოლო დღეებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მუდმივად იზრდება, მაგრამ ორშაბათის მონაცემები საგანგაშო აღმოჩნდა. თითქმის 1900 დაინფიცირებული და 5,3%-ანი დადებითობა შეზღუდვების დაბრუნების ეჭვს აჩენს. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა და ეკონომიკა მორიგ დიდი დარტყმას მიიღებს, ხოლო სტუმარმასპინძლობის ბიზნესი კატასტროფას ვერ ასცდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის აზრით, ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია და დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარსდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციების და შეზღუდვების სრულად დაცვას.

„დაწყებული მთავრობით და დამთავრებული საზოგადოებით, ჩვენი ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოება იყოს მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთ გამგები განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც ჩვენ, დიდი ალბათობით შეიძლება შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება.

კორონავირუსმა არ იცის არც პოზიცია, არც ოპოზიცია, ერთიანად აზიანებს ყველას და მიაქვს ძალიან ბევრი სიცოცხლე, სამწუხაროდ. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას მეტი სოლიდარობისკენ და მეტი ყურადღებისკენ, რომ როგორმე ერთად ყოფნით შევაკავოთ ინფექცია და სამშვიდობოზე გავიდეთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ასეთ ფონზე დაბრუნდება თუ არა შეზღუდვები ქვეყანაში? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჭიროა რამდენიმედღიანი დაკვირვება.

„რთული გასარკვევი არ არის, რამ შეუწყო ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას. ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ქმედითი შეზღუდვების გარეშე დავრჩით, მათ შორის ფაქტორია ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა და თავყრილობები, რომელიც იმართება, ასევე მიტინგები და ა.შ.

ბავშვთა ბანაკები იყო აქტიური ბოლო დროს, ასევე სემინარები და კონფერენციები, თუმცა დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 1500 შემთხვევა არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები.

უწყებათშორისი საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ვაქცინა, ნიღაბი და სოციალური დისტანცირება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შედარებით კატეგორიული იყო დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, მზარდი მაჩვენებლების გამო შეზღუდვების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება.

„თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი კიდევ გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საბჭოზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მაშინ, როცა ეკონომიკამ როგორც იქნა შეძლო უფსკრულიდან ამოსვლა, ასეთი კატეგორიული გაფრთხილება ცუდ მოლოდინს აჩენს და ახლო მომავალსაც კი ბუნდოვანს ხდის. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მომავალი 2 თვე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ტურისტული სეზონია, რაც ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიურად აისახება. თუ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ დაწესდება ახალი რეგულაციები, გამოდის, რომ ბიზნესი და ეკონომიკა ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდება და ამან შესაძლოა, უფრო ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს, ვიდრე აქამდე ვიყავით.

როგორც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ აღნიშნა, ახალ რეგულაციებს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს.

„რა თქმა უნდა, შეზღუდვების გამკაცრება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ბიზნესს. ერთადერთი შეიძლება, ვემხრობოდეთ მხოლოდ და მხოლოდ კომენდანტის საათს და ისიც - გონივრულ პერიოდში, სხვა დანარჩენი შეზღუდვა ფუჭია და შედეგს არ გამოიღებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი რეგულაციაა ნიღბის ტარება. თანაც, ამ ყველაფრის ფონზე, არ უნდა მოხდეს არც ერთი ობიექტის დახურვა, თორემ ამას საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს“, - აღნიშნა ჭელიძემ.

ახლა საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა - ბოლო ორი თვის მონაცემებით, მშპ-ის ზრდა ორნიშნაა. ეს დიდი იმედია და ასეთ ვითარებაში რეგულაციების ხელახლა დაწესება აშკარად შეცდომა იქნება.

ლაზი არავითარი რეგულაციები!
კმარა ლოლიაობა! ანტივაქსერების აკვიატებას ქვეყანას ვერ შევწირავთ.
“აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს,” – ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
ვაქცინის საკმარფისი რაოდენობა უკვე არსებობს. ჯანდაცვა, განათლება, ყველა სახის ვაჭრობა და დიტრიბუცია, საჯარო სექტორი უნდა აიცრას სავალდებულო წესით, როგორც სოცისლურად აქტიური კონტაქტების სფეროები. დანარჩენი სარეკომენდაციო სტატუსით, მაგრამ სექტემბრიდან აუცრელი პაციენტების მკურნალობა უფასო აღარ უნდა იყოს. ვინც არ აიცრის თავის თავს თითონ მიხედოს, გარდა იმ პირებისა ვისი ვაქცინაცია ჯანმრთელობის გამო შუძლებელია.
3 წლის უკან