“საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი. ამიტომ, ფეხზე დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა, დაიღუპოს, არაა პრობლემა.…სოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი, _ მეძავებად. ეს არაა ჩემი პრობლემა... მეჩაიობა და მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, რადგან ეს დარგები საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად “გაიბერა”. ჩვენ 700 ათასი გლეხური მეურნეობა გვაქვს. ყველას სესხი მივცეთ? რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნება,” _ ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა და მისი ავტორი _ არც მეტი, არც ნაკლები, _ “ვარდოსნული ეკონომიკის მამად” შერაცხული კახა ბენდუქიძეა. სწორედ ამ იდეოლოგიის გამო, ცხრა წლის განმავლობაში, ქართული სოფლის მეურნეობა, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, პრაქტიკულად, “გადაშენდა”, ნაყოფიერი ქართული მიწები კი, ჩინელებმა, ინდოელებმა და სხვა უცხოტომელებმა დაისაკუთრეს... ახალი ხელისუფლება ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობას მიიჩნევს და 2013 წელს, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროგრამაზე, 700 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. ამასთან, ფერმერებსა და გლეხებს ორი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათი დაურიგდებათ _ 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მესაკუთრეები 100-ლარიან ბარათს მიიღებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის შეძენას შეძლებენ, 0.25-დან 1.25 ჰექტრამდე მიწის მფლობელებს კი, 510-ლარიანი ბარათები დაურიგდებათ, რომლითაც, ნედლეულისა და ინვენტარის შეძენის გარდა, მიწის მოხვნა-გაფხვიერებაცაა შესაძლებელი. ასევე, 510-ლარიან ბარათს ის ფერმერებიც მიიღებენ, რომელთაც მრავალწლიანი მეურნეობა აქვთ. მათ კი, რომელთა მიწის ფართობი 1.25-დან 5 ჰექტრამდეა, 640-ლარიანი ბარათები დაურიგდებათ. ინფორმირებულია თუ არა სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ზემოხსენებულ სიახლეებზე, რითი განსხვავდება წინა ხელისუფლების ვაუჩერი დღევანდელი ბარათისგან, საიდან ფინანსდება ,,სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და რატომ აჩუქა კახა ბენდუქიძის ბაბუამ კომუნისტებს ქარხანა? _ ამ თემებზე ,,ქართული სიტყვა” სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, პროფესორ პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო პაატა, წინა ხელისუფლება ახალს კრიჭაში უდგას და, შესაბამისად, “ნაციონალები” ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტსაც” ალმაცერად უყურებენ, ასეთ პროექტებს ჩვენც ვანხორციელებდითო...
_ ,,ნაცმოძრაობა” ელექტროენერგიის დანახარჯის დასაფარად, საგაზაფხულო ხვნის ჩასატარებლად და აზოტის შესაძენად 20-30-ლარიან ვაუჩერებს არიგებდა, მაგრამ გლეხების უმეტესობა ამ ვაუჩერს ყიდდა, რადგან ფული უფრო სჭირდებოდა, თან ვაუჩერით შეძენილი საწვავი მოსავლის მოსაყვანად ნამდვილად არ ეყოფოდა. ამიტომ, ეს ვაუჩერები, პრაქტიკულად, “ნაციონალების” პიარკომპანიის ნაწილი და წყალში გადაყრილი ფული იყო. სხვათა შორის, სოფელში სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყველა არ აწარმოებს, რადგან, ზოგი პედაგოგია, ზოგიც _ ექიმი. მისთვის კი, ვინც ხნავს, თესავს თუ ძროხას უვლის, ეს 20-30-ლარიანი ვაუჩერი არაფრის მომტანი იყო. ამიტომ, სააკაშვილის პიარულ ხელისუფლებას ვთავაზობდი, რომ ეს ფული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნაზე დაგვეხარჯა.
დღევანდელი, ანუ ახალი ხელისუფლების სასოფლო-სამეურნეო ბარათის არეალი კი, გაცილებით დიდი _ 510 ლარი გლეხისთვის სერიოზული თანხაა. სხვა საკითხია, ეს პროგრამა ეფექტური იქნება თუ არა, მაგრამ ბარათების დარიგება, ჩემი აზრით, პოლიტიკურადაც სწორი ნაბიჯია _ საჭიროა, გლეხობამ დაიჯეროს, რომ ხელისუფლება მისი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობს. ახალმა ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ თუ სოფელს არ მივხედეთ, ქალაქს კარგი დღე არ დაადგება. ისე, სოფლის დახმარებისა და აღორძინების მეორე ეტაპი სხვაგვარი უნდა იყოს.
_ რას გულისხმობთ?
_ თუკი დღეს ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ხარკი ყველა გლეხისთვის გაიღო, შემდგომში ასეთი დახმარებები მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სოფლის მეურნეობის მუშაკებისთვის უნდა გამოიყოს. ყველაფერ ამას კი, წინ სოფლის მეურნის, ანუ ფერმერის სტატუსის კანონის მიღება უნდა უძღოდეს. მოკლედ, მომავალში დახმარებები მხოლოდ ფერმერებზე უნდა გაიცეს და არა მათზეც, ვისაც მოსავალი მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად მოჰყავს...
_ ზოგი ამბობს, გლეხებს ბარათების ათვისება უჭირს. მეტიც, “ნაციონალთა” მტკიცებით, ბევრი გლეხი დახმარების გარეშე დარჩა...
_ ბარათები 640 ათას ადამიანზე გაიცემა. შეიძლება, ხარვეზები არის, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს, პროექტი დაიხვეწება და გამოჩნდება, თუ რა არის საჭირო მის გასაუმჯობესებლად...
_ ბატონო პაატა, მოსახლეობა ამ ბარათების შესახებ ინფორმირებულია?
_ მეტ-ნაკლებად. უმჯობესია, ხელისუფლებამ ყველაფერი ეს უფრო კარგად შეფუთოს და მოსახლეობას ისე მიაწოდოს. ნაკლებინფორმირებულობა კი იმის ბრალია, რომ ქართული სოფელი დაკარგულია _ არ ჰყავს რეალური თვითმმართველობა, გნებავთ, მამასახლისი, რომელიც ხალხს დაელაპარაკება.
_ სოფლებს, როგორც ვიცი, რწმუნებულები ჰყავს...
_ კი ბატონო, მაგრამ ვიღაც რწმუნებულის მიერ ჩატანილი ფურცლები და ნაჩქარევი ახსნა-განმარტება საკმარისი არაა. ამიტომ, გლეხს ჰგონია, ბარათს, ვაუჩერის მსგავსად გაყიდის და სხვა რაიმეს შეიძენს. საერთოდ, კარგი იქნება, თუკი სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას სოფლის მეურნეობის კონცეფციაზე და საჯაროდ განაცხადებს, თუ რა ამოცანა დგას სოფლის მეურნეობის, გლეხის წინაშე და სახელმწიფოს რა ვალდებულებები აქვს. ყველაფერ ამისთვის კი, პროფესიონალები და საქმის ნამდვილი სპეციალისტები არიან საჭირო...
_ ,,სოფლის მეურნეობის განვითარების ერთმილიარდიან ფონდზე” რა ინფორმაცია გაქვთ?
_ ამ ფონდისთვის 7 000 მილიონი ლარია, ასე ვთქვათ, გაწერილი, მაგრამ ამ თანხის წარმომავლობა არავინ იცის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა თქვას, ეს თანხა საიდან მოვიდა და მის გამოყენებას როგორ აპირებს. როგორც ვიცი, ამ ფონდის მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარება და იაფი კრედიტების გაცემაა. შეღავათიან საპროცენტო განაკვეთებზეც საუბრობენ. პროექტების დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა კომერციულ ბანკებზეა გადანაწილებული, რომლებიც ამ 7 000 მილიონის გარდა, თავიანთ რესურსებსაც გამოიყენებენ. სხვათა შორის, ბანკების დღევანდელი დაბალპროცენტიანი სამომხმარებლო სესხი გლეხისთვის მიუღებელია. თუკი სამომხმარებლო სესხი, სახელმწიფოსა და ბანკების თანამონაწილეობით, 14 %-იანი იქნება და აქედან 9%-ს სახელმწიფო გადაიხდის, დანარჩენს კი, _ გლეხი, ეს სოფლის მეურნეობას ნამდვილად დაეხმარება.
ისე, არავინ იცის, თუ რა გარანტიებს მოითხოვენ კერძო ბანკები. სოფელში მცხოვრებ ადამიანს თბილისში ბინა, შეიძლება, არ ჰქონდეს, გირაოში რომ ჩადოს. ბანკი კი, სოფლის მეურნეობის მოსავლით, ან სოფელში მდებარე ნაგებობით, თუნდაც საცხოვრებელი სახლით, შეიძლება, არც დაინტერესდეს...
ერთ მწარე გამოცდილებასაც გავიხსენებ, როცა 2000 წელს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ,,აგრობიზნესბანკის” ექსპერტად მოწვეულმა აფერისტმა პიტერ შოუმ ყველაფერი თავზე დაგვამხო, 30 მილიონი სადღაც გაქრა და ვითომ გატაცებული პიტერ შოუ ხაბურძანიამ და სხვა მაშინდელმა ძალოვანებმა ქვეყნიდან მშვიდობიანად გააცილეს. ბანკი კი, პატარკაციშვილმა შეიძინა, მერე მას ჩამოართვეს და დღეს ,,კორსტანდარტ ბანკის” სახელწოდებით ფუნქციონირებს. მასში სახელმწიფომ თავის დროზე 6,9 მილიონი საწესდებო კაპიტალი ჩადო, შემდეგ კი, ეს ბანკი კომერციულად გადაკეთდა. ამ მაქინაციაზე თავის დროზე მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვყვიროდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
...მოკლედ, უნდა ვიცოდეთ, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ქართველი ფერმერი. ჩემი აზრით, გლეხთა გაერთიანებები, კოპერატივები დიდი ძალაა, რომელთაც მატერიულ-ტექნიკური ბაზა, აგროტექმომსახურება და კრედიტებზე ხელმისაწვდომობა ექნებათ. წარმატებას ბაზრის მოთხოვნილებისა და განვითარების ტენდენციის შესწავლაც განაპირობებს. ამასთან, საჭიროა, რომ სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემა შეიქმნას, რომელიც კომერციული ბანკების კანონს არ დაექვემდებარება, რადგან პასუხისმგებელი ერთი გლეხი კი არა, გლეხთა გაერთიანება იქნება და ბანკთან ურთიერთობას სწორედ ეს გაერთიანება, ანუ კოოპერატივი მოაგვარებს. ისე, ზემოხსენებულ ახლადდაარსებულ ფონდს შეუძლია, ერთი ბანკი შეიძინოს, რომლის საწესდებო კაპიტალში ფულს სახელმწიფოც ჩადებს. ყველაფერ ამის მედროშე კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა გახდეს და პრემიერს კარგად გათვლილი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს.
_ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება ერთობ აქტუალურია. მართალია, საქართველოში გენადი ონიშენკოს ემისრებიც ჩამოვიდნენ და, როგორც ოფიციალური თბილისი ამბობს, ქართული პროდუქცია რუსეთში მალე გამოჩნდება, მაგრამ სკეპტიკოსები ამასაც ეჭვის თვალით უყურებენ...
_ ილია ჭავჭავაძემ 130 წლის წინ თქვა, რომ ჩვენთვის ეს ბაზარი სასარგებლო და პრესტიჟულია.
_ კეთილი, მაგრამ, ბატონო პაატა, ჯერ ერთი, მას შემდეგ 130 წელი გავიდა, მეორეც, რუსეთი ოკუპანტია _ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დაპყრობილი აქვს...
_ ასეა, მაგრამ მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა გვაქვს. მაგალითად, შიდა ქართლში პრიორიტეტული მეხილეობაა, დასავლეთში _ ციტრუსოვანი კულტურები. ამდენ ხილს ვერ ვითვისებთ. ვთქვათ, საზამთროზე თბილისის მოთხოვნა სულ 10 ათასი ტონაა. არადა, საქართველოში გაცილებით მეტი საზამთრო მოდის. ქართული ხილის გასაღების ბაზარი ყოველთვის რუსეთი იყო. ისევ ილიას გავიხსენებ, რომელიც ამბობდა, ყალბ ქართულ ღვინოს გვერდში მაღალხარისხოვანი პროდუქცია უნდა დავუყენოთ და მოგებასაც მივიღებთო. ისე, ღვინის წარმოებაში არცთუ დიდი რესურსი გვაქვს _ თავის დროზე სულ 100 მილიონ დეკალიტრს ვაწარმოებდით, აქედან, 45-ს ჩვენ ვსვამდით, 55 მილიონი დეკალიტრი კი, რუსეთში გაგვქონდა. ასეთი სავაჭრო ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რაზეც უარს ვერ ვიტყვით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაცია არასტაბილური და არასანდო მეზობელია. ამიტომ, ახალი ბაზრებიც უნდა მოვნახოთ.
_ ახალი ბაზრების მოძებნას სააკაშვილის ხელისუფლებაც ცდილობდა, მაგრამ ეს “ძებნა” არცთუ წარმატებული აღმოჩნდა...
_ სააკაშვილს არაფერი უძებნია. მისი პოლიტიკა გლეხკაცის მიწიდან აყრა და სოფლის არგადარჩენა იყო. “ნაციონალები” უცხოელების ჩამოსახლებას, ანუ თავიანთთვის სასურველი ამომრჩევლის შემოყვანას ცდილობდნენ, რის შემდეგაც ქართველი საკუთარ ქვეყანაში ზედმეტი გახდებოდა!
_ ბატონო პაატა, რა ამის პასუხია და, აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებს როგორ აფასებთ?
_ აგრარული უნივერსიტეტი საქართველოს სოფლის მეურნეობას მთელი საუკუნე კადრებით ამარაგებდა. დღეს კი, იქაურობას ეშმაკები დაეპატრონენ. ნახეთ, იქ თავი რა ხალხმა მოიყარა?! ისინი თავიანთი პრივილეგიების დასაბრუნებლად თვალებს დაგვჭამენ. უნიკალური შენობა, რომლის აშენება-დაპროექტების გამოც მესხიშვილმა და მორეტიმ სახელწიფო პრემიები მიიღეს, ბენდუქიძეს ხელში, ალბათ, ერთ ლარად ჩაუგდეს და ის, რაც აგრარულ უნივერსიტეტში ხდება, “ნაციონალებისა” და ბენდუქიძის პროვოკაციების შედეგია. სწორედ ბენდუქიძემ უნდა დაუბრუნოს პატრონს უნივერსიტეტი. სხვათა შორის, თავის დროზე ბაბუამის დომენტის ბოლშევიკებმა უთხრეს, ან ციმბირი, ან ქარხანა ჩაგვაბარეო. დომენტიმ, რასაკვირველია, ქარხანა ჩააბარა, სადაც ტექნიკურ დირექტორად დაიწყო მუშაობა. კახა ბენდუქიძემ კულინარიული აკადემია შეინარჩუნოს და მზარეულები მოამზადოს. აგროქიმიკოსები, ნიადაგმცოდნეები, მეტყევეები, აგროეკონომისტები, აგროქიმიის სპეციალისტები, მევენახე-მეეხილეები, მებოსტნეები, სათბურების სპეციალისტები გვჭირდება, მაგრამ ყველა ეს დარგი აგრარულ უნივერსიტეტში გაუქმებულია და მხოლოდ ზოგადი აგრონომიაა დარჩენილი. თუკი განათლების სამინისტროს ლოიალური მიდგომა შედეგს არ გამოიღებს, ბოლოს და ბოლოს, ქონების ისეთი ნაციონალიზაცია მოვახდინოთ, როგორიც “ნაციონალებმა” 2004 და შემდეგ წლებში განახორციელეს!