„5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ცალსახად და მკაფიოდ“, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებული ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. თქვენც ფიქრობთ, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, ხელისუფლება ზედოზირებაზე აპელირებით ისრების სხვა მიმართულებით გადატანას ცდილობს?
- ხელისუფლებისთვის არა სიმართლე, არა ოპერატორი, „მარში“, დემოკრატიაც კი არა, მათთვის მთავარია არჩევნებში გამარჯვება. „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს კონტროლი თავის თავზე, მხოლოდ არჩევნებზე ფიქრობს. მათ იმედი აქვთ, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის დამაჯერებელი იქნება, რომ მისი გარდაცვალების ცემასთან კავშირში არ არის.
მგონია, რომ საზოგადოებაში ეს ამორალური და უტიფარი მცდელობა პირიქით გამოიწვევს გულის აყრას „ქართული ოცნების“ მიმართ. შესაძლოა, ლაშქარავას ჰქონდა რაიმე ურთიერთობა ნარკოტიკებთან, მაგრამ ჩვენ არ გვესმის, რომ ნარკოტიკებით ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. სასტიკად ნაცემი რომ იყო და ამის შემდეგ დაიღუპა, ფაქტია. ეს არის ხელისფულების პანიკა და ისტერიკა, ვერ პოულობენ გამოსავალს ამ ჩიხიდან, რომელშიც თავისი თავი თვითონ შეიყვანეს.
რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტები?
- მოძალადეები, მკვლელები, დამნაშავეები ატარებენ ნიღბებს, რომ არ ჩანდეს მათი სახე, რომ არ მოხდეს მათი იდენტიფიცირება. როდესაც მსხვერპლი ცდილობს, მოძალადეს ნიღაბი ჩამოხსნას, ის უფრო სასტიკი ხდება, იმისთვის, რომ მოწმე გაანადგუროს, შესაძლოა, მოკლას კიდევაც ადამიანი. ძირითადად, მაინც ოპერატორებს დასდევდნენ, რადგან ისინი მათ სახეებს აჩვენებდნენ. ეს არის ჩვენი საზოგადოებისათვის ნიღბის ჩამოხსნის მცდელობა. მათ უნდოდათ ჟუნრალისტების სახით ჩვენთვის მოესპოთ სიმართლე, ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, ეს სადღაც დაიგეგმა.
კარგი იქნება თუ პროკურატურა იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მხოლოდ მოძალადეებს კი არ დასჯის, შესაძლოა, დაპატიმრებულებთან შევიდეს გარიგებაში და თანამშრომლობით გავარკვიოთ, ვინ იყო ამათი ცენტრი, საიდან მოდიოდა ეს ამორალური, აღვირახსნილი კონცეფცია, რომ ურტყან ოპერატორებს და ჟურნალისტებს, რათა საზოგადოებამ არ დაინახოს ეს სახეები. ამოცანა იყო, ჟურნალისტებს არ მოეწოდებინათ სრული ინფორმაცია ამ უმსგავსოებაზე, შავბნელ ძალებზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვთ ეკლესიასთან, რელიგიასთან.
რაც შეეხება საპატრიარქოს?
- პასუხისმგებლობა იკვეთება იმ დონეზე, რამდენადაც არ ჩანს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა, მთავარი პასუხისმგებელი ხელისუფალია. საპატრიარქომ რაც არ უნდა განცხადებები აკეთოს და ხალხი წააქეზოს, რაც აშკარად ჩანდა, მთავარი მაინც არის ის, რომ ხელისუფლებას ეს არ უნდა დაეშვა.
პირველი წამქეზებელი მაინც იყო სახელმწიფო, პრემიერ-მინისტრის სახით, 5 ივლისს დილით. ღარიბაშვილმა გაათანაბრა მოძალადეები მსხვერპლთან, კონსტიტუციის დამცველები კონსტიტუციის დამრღვევებთან. ეს იყო მთავარი წაქეზება და ამით ბოროტი ძალები გააქტიურდნენ.
პირდაპირ ეთერში ჩანს, სასულიერო პირი ძალადობისკენ როგორ მოუწოდებდა, რომელიც დღემდე არ არის დასჯილი. მან დაარღვია კანონი, ის დასასჯელია არა როგორც მღვდელი, არამედ როგორ მოქალაქე. ის ვალდებულია ციხეში წავიდეს. ძალიან ცუდად ჩანს ეკლესიის როლი ამ ყველაფერში. არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც საპატრიარქოზე უნდა გადატყდეს ჯოხი, როდესაც სახელმწიფო არის უუნარო, მაშინ ყველა ძალა აქტიურდება. ამიტომ, საპატრირქოს რაც არ უნდა პასუხი მოვთხოვოთ, მაინც მივდივართ ხელისუფლებასთან. თუ ხელისუფლება იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ვერც საპატრიარქო და ვერც სხვა ვინმე, ვერაფერს გახდება.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ თავიდან აირიდა სამოქალაქო დაპირისპირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მოძალადე ჯგუფები მართული იყვნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან...
- ეს არის უსუსურობის გამოვლენა, სააკაშვილი რა შუაშია?! - ის გადამთიელია, უღირსი ადამიანი, სხვა ქვეყნის მოქალაქე უკრაინაში. სამარხვინოა, როდესაც „ქართული ოცნება“ ამას ამბობს, ამით ვითომდა ქმნის ილუზიას, რომ სააკაშვილი რაღაცას წარმოადგენს. სააკაშვილი რომ არ ჰყავდეს ხელისუფლებას, მოიგონებდნენ ვინმე სხვას. სააკაშვილი არის მტრის ხატის შექმნა გარეთ. „ქართული ოცნება“ რომ არ ბერავდეს მუდმივად ამ ლეგენდას „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ, ისინი ვერ იქნებოდნენ ასეთი პოპულარულები.
მიუხედავად იმისა, რომ მედიის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ, პრემიერ-მინისტრს 12 ივლისის სხდომაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამის შესახებ, თითქოს, არც კი სმენია ამ მოთხოვნაზე რაიმე...
- სრული ინგორირებაა და ამით, თითქოს სასაცილოდაც არ მიაჩნია, დაახლოებით ეს დამოკიდებულებაა. ამაში თავისი ტაქტიკური კონცეფცია არის, რომ არ უპასუხა, ეს იმაზე უარესია, ვიდრე უარის თქმა. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ საზოგადოებაში არაპოპულარულია ყოფილი ხელისუფალი, ახლა, როდესაც გვარამია გამოდის და საუბრობს მკვლელებზე, ეს ცინიკურიცაა, რადგან მის დროს, ბევრი დარბევა ხდებოდა. ოპოზიცია არ არის დამაჯერებელი, თუმცა ხელისუფლება ყოველთვის არის პასუხისმგებელი. საზოგადოება ოპოზიციაში რომ ვერ ხედავს გამოსავალს, ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“ და ხითხითებს ოპოზიციის მხრიდან, მისთვის შეუფერებელ მოთხოვნებზე - თვითონ ასეთები იყვნენ. ერთმანეთში კინკლაობენ და ქმნიან განცდას, რომ ამ ქვეყანაში არავითარი საშველი არ არის.
თქვენ პირადად, ელოდებით სამოქალაქო დაპირისპირებას?
- სამოქალაქო დაპირისპირების რესურსი არ არსებობს საზოგადოებაში. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს უინტერესოა. ორი მოძალადე და მკვლელი ძალა ერთმანეთს ებრძვის ხელისუფლებისთვის.
თქვენ რა შედეგის დადგომას ელოდებით, გადადგება ღარიბაშვილი?
- თბილისში ცხელა და ხალხი გადის ქალაქიდან. ამიტომ, მხოლოდ პარტიის აქტივისტებზე იქნება მთელი წნეხი და დაძაბულობა, ისინი არიან საზოგადოების მხოლოდ 10-15%. საზოგადოება არ ერევა მისთვის მიუღებელ ამ ორი პარტიის კინკლაობაში.
მგონია, რომ საზოგადოებაში ეს ამორალური და უტიფარი მცდელობა პირიქით გამოიწვევს გულის აყრას „ქართული ოცნების“ მიმართ. "
?
თუ პატივს დამდებს ბატონი პაატა და საზოგადოების ნაწილად მეც ჩამთვლის, მოვახსენებ, რომ ჩემთვის "გულის ყრას" სწორედ ასეთი ტენდენციური, უტიფარი და რეგვნული მსჯელობა იწვევს, როცა ვიდეოზე ხედავ: დილიდანვე რა ენერგიულად გადაადგილდება ცხონებული ფეხით, მერე სკურეტით - ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე (ორჯერ), ხედავ მის მთელ მარშრუტს და მოქმედებებს... დღის ბოლოსკნ გესმის მისი მეგობარი როგორ ითხოვს ექთნისგან ნარკანს, რომ გამოიყვანონ ზედოზირების მდგომარეობიდან... მერე როგორი ბრუნდება სახლში... და დილას ფიქსირდება, რომ ძილში გარდაცვლილა! -- და ამ ყველაფრის შემდეგ ისევ აწვები, რომ ნარკოტიკი არაფერ შუაშია, ცემისგან გარდაცვლილა თურმე!..
( ისიც გაიხსენეთ, ვინ გადადგა მაშინ ამის გამო, რომელი დიდი სახელმწიფო მოხელე, რომ უფრო შთამბეჭდავი იყოს დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნა!).
"იკვეთება აზრი, რომ სისულეელეებს ლაპარაკობს მაშინ, როცა სპეციალურ შეკვეთას აძლევენ შესაბამისი ანაზღაურების სამაგიეროდ."
მით უარესი მაგისთვის!..