შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას და როგორ შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს? „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება პოლიტიკური დაპირისპირების და განცხადებების მიზეზი უკვე გახდა. ოპოზიცია ხელისუფლების გადადგომას და დროებით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნამდე ტექნიკური მთავრობის არჩევას ითხოვს. ისინი ოპერატორის გარდაცვალებას 5 ივლისს პრაიდის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიერ მის ცემას უკავშირებენ და ამაში ხელისუფლების კვალს ხედავენ. არაა გამორიცხული, რომ თუკი პოლიტიკური მოვლენები დაიძაბა, შარლ მიშელის შეთანხმება დაირღვეს და ქვეყანაში პროცესები ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდეს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკოსებმა არ უნდა იჩქარონ და იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვან, რასაც ამ წლების განმავლობაში უშვებდნენ. ოპოზიციამ მოქმედების საშუალება მედიას უნდა მისცეს, რადგან ამ ტრაგედიის როგორც კი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას დაიწყებენ, მათგან საზოგადოება დისტანცირებას მოახდენს. ამიტომ მთავრობის გადადგომაზე და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი საჭირო არაა, რადგან საზოგადოებაში ამის მოთხოვნა არ არის.
პარლამენტის შენობასთან მედიის წარმომადგენლების სოლიდარობის აქცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემა. მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობას მოთხოვნების შესასრულებლად დროს ხვალ შუადღემდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამთავრობო შენობების პიკეტირებას აანონსებენ. აქცია 12 ივლისს 6 საათზე განახლდება და ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები ახალ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებენ.
„ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ამობრწყინდეს ლექსოს მზე“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა.
„ძალიან დიდი მადლობა, რომ არსებობთ, იმიტომ, რომ მოხვედით. თავების მთვლელ ხელისუფლებას აჩვენებთ, რომ ბევრნი ვართ, საკმარისი იმისთვის, რომ ხვალ მთავრობა არ იყოს თავის ადგილზე. ეს ყველაფერი დაიგეგმა და არც დაგეგმილა სპონტანურად, ადამიანები სულ რაღაც 3-4 საათის განმავლობაში ინფორმირების პირობებში მოვიდნენ აქ. ეს არის სოლიდარობა მედიას და დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვეუბნებით: რომ საჭიროა, გვეუბნებით, რომ გიყვარვართ, გვეუბნებით, რომ მზად ვართ, მზად ხართ ჩვენს დასაცავად რაც არ უნდა ხდებოდეს. არავითარი არჩევანი. გადადგომის გარდა, მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და მისი ხელმძღვანელის სამარცხვინო, კაციჭამია ღარიბაშვილის და ასევე მთავრობის არაწევრის, სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილის. არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა ამ ქვეყანას არ გააჩნია.... მე ვფიქრობ და მოგიწოდებთ ყველას, ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე. ლექსოს ხსოვნისთვის, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება“, - ამბობს ნიკა გვარამია.
„მეგობრებო, ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს“, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცლებს, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ახლა, ან გაიღვიძებს საქართველო, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება.
ამასთან, ის მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ ქართული მედიის გვერდით დადგნენ.
„ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩემს, ჩვენს მომხრეს, დადგეთ ქართული მედიის და ქართული თავისუფლების ირგვლივ. იმიტომ, რომ ის რაც დაემართა ლექსოს, ეს შეიძლება დაგვემართოს თითოეულს. მეგობრებო ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში, ჩვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყანაში და ყველაზე მეტად წარმატებით რატომღაც საქართველოში იყენებს. ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო საჭიროებს გადარჩენას იმიტომ, რომ ადამიანიც აღარ იქნება მისი გადამრჩენელი, ან გაიქცევა ქვეყნიდან ან ყველას დახოცავენ. მეგობრებო ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები, არაფრად არ მიღირს სიცოცხლე, თუ საქართველო აღარ იარსებს და თუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ ადამიანებს, აბა თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს“, - აცხადებს სააკაშვილი.
„წინაპირობების გარეშე, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„წინაპირობების გარეშე, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა პოლიტიკურ კრიზისში შესვლის გზაა. არაფორმალური მმართველობის დროს, როდესაც უცნობია ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს ღარიბაშვილის ნაცვლად, კობახიძის დანიშვნა არაფერს არ შეცვლის.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ კაპიტულაციის მოთხოვნით ულტიმატუმად შეაფასებს. ეს ისევ არის გზა პოლარიზაციას და დაპირისპირებისკენ. წინაპირობა არის იმის ცოდნა, თუ რა მოხდა 5 ივნისს - გამოსაძიებელია. ამიტომ რადგან სამართალდამცავ სისტემას არ ვენდობით, რჩება ოპოზიციის საპარლამენტო კომისია. სხვა მშვიდობიანი გზა არ არის. მერე შეიძლება გადავწყვიტოთ, თუ რა იქნება ადეკვატური პოლიტიკური მოთხოვნა“, - აცხადებს მეგრელიშვილი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აბობს, რომ სამწუხაროა, როცა ასეთ ტრაგიკულ ამბავს ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ამის ნათელი მაგალითი კი მესამე პრეზიენტის მიხეილ სააკაშვილის და „ლელოს“ განცხადებებია, რომლებიც ხელისუფლებას პირდაპირ კაპიტულაციისკენ მოუწოდებენ. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ თუკი ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა, უწყვეტ აქციებში გადაზარდონ და სიტუაციის მიხედვით ხელისუფლების რევოლუციური სცენარით დამხობისკენ წავიდნენ. ეს კი მორიგე ხავერდოვანი რევოლუციისკენ მიმართული გზაა.
„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ამ ძალადობას გამართლება არა აქვს. თუმცა გამართლება არც იმას ქვს, რომ ამ უბედურებაზე ვიღაცებს უკვე საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება უნდათ. მოწოდება იმაზე, რომ ხელისუფლება გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ძალიან ცუდ ნიშანს იძლევა. ალბათ, ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ იმის მიხედვით იმოქმედებს, რამდენი ხალხი გამოვა გარეთ და ეს აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს თუ არა.
ახლა ხელისუფლების პოზიციაც ხისტი არ უნდა იყოს და ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რელურად, როცა 53 ჟურნალისტი შავდება, ეს ძალიან დიდი ციფრია. რაც არ უნდა იმაზე ვილაპარაკოთ, რომ პოლიცია სხვადასხვა ადგილებში იყო და სხვა მეტი რესურსი არ არსებობდა, არ გამოვა. ყველაფერი ხომ შედეგის მიხედვით უნდა შეფასდეს. თუ ყურადღება მიაქციეთ ელჩების განცხადებებს, ისინი პასუხისმგებლობას სახელმწიფო სტრუქტურებს აკისრებენ. როცა ხედავ, რომ ასეთი მძიმე ვითარება შეიქმნა, 3 000 პოლიციელი კი არა 23 000 უნდა გამოიყვანო“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, როცა უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ხედავდა, რომ დინამიკაში სიტუაცია იძაბებოდა და უკონტროლო ხდებოდა, მაშინვე დიდი რაოდენობით სამართალდამცველების მობილიზება უნდა მომხდარიყო. ანჯაფარიძე ამბობს, რომ როდესაც პროვოკაციის და დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა, მაშინვე სწრაფი რეაგირება უნდა მომხდარიყო. რეალურად მოგებული ახლა ოპოზიცია დარჩა, რომელსაც ახლა ამ ტრაგიკული თემით მანიპულირება შეუძლია.
„ოპოზიციამ ხელში ძალიან კარგი კოზირი მიიღო. მათ ახლა ხელახალი საპროტესტო მუხლის აგორება და ხელისუფლებბის გადაყენება უნდათ. თუ ეს პროტესტი გაგრძელდება და ბევრი ხალხი გამოვა, არავინ იცის ამ მუხტს ვინ როგორ გამოიყენებს. საერთოდ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოხდება. ოპოზიცია ითხოვს, რომ მთავრობა გადავაყენოთ და ტექნიკური მთავრობის დაყენება მოხდეს. ფაქტობრივად, მთელი ეს პოლიტიკური პროცესი თავდაყირა დგება. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ისევ საწყის პოზიციაზე ბრუნდება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ძალიან რთულ სიტუაციაშია და მათგან ასეთი პასიურობა ძალიან მიკვირს. თითქმის მთელი მედია სივრცე ოპოზიციას დაუთმეს და არავითარი განცხადება არ კეთდება. ეს დუმილი არ არის კარგი და რაღაცა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში ისევ მრავალსერიან გაუთავებელ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უნდა ვუყუროთ. ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ამ გზაზე ისინი სხვადასხვა მოტივს გამოიყენებენ. მართალია ოპერატორის გარდაცვალება ქვეყნის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყველაზე დიდი ამორალურობაა.
„ნაციონალების“ მთავარი მიზანია, რომ როგორმე ნებისმიერი საბაბით ქვეყანაში არეულობა და დაუმორჩილებლობა დაიწყოს. ეს იქნება ალტრანატიული პარლამენტი თუ ტექნიკური მთავრობა. ამას როგორც წესი, მათი ბელადის მიხეილ სააკაშვილის ჩართვა და გამხნევება ერთვის ხოლმე. ძალიან ცუდია, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ამიტომ ყველა გამოძიებას და ექსპერტიზის პასუხს უნდა დაველოდოთ. ადრეც დავწერე და დღესაც ვამბობდი, რომ ის პასიურობა, რაც 4 ივლისს ლისის ტბაზე დავინახე, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ქცევის ნორმების დარღვევა მოხდა. როგორც მინიმუმ, ეს ყველაფერი ადმინისტრაციულ რეაგირებას მოითხოვდა. არადა იქ მიმდინარე აღვირახსნილობის გადაღებამ და გავრცელებამ ხელი 5 ივლისის აგრესიის გამოვლენას შეუწყო. კითხვები არსებობს და ამაზე ხელისუფლებამაც პასუხი უნდა გასცეს. რატომ ვერ მოხდა 53 ჟურნალისტის დაცვა? იქ ყველა პროვოკატორი ჟურნალისტი როგორ იყო? რა თქმა უნდა, შსს-ს მიმართ უკმაყოფილების გრძნობა გამაჩნია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ქვეყანაში მოვლენები სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებამ ოპოზიციას ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის წარმოების საშუალება მისცა. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გაუგებარია ხელისუფლების გადადგომის შემთხვევაში მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს. თუ ქვეყანაში პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, ქვეყანა კრიზისში შევა და ეს არავის უნდა.
„როდესაც ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების გადადგომის მოწოდება უკვე გაისმა, ცოტა გაუებარია, რას გულისხმობენ. სავარაუდოდ, იმას, რომ მთავრობა გადადგეს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. აბა, მაშინ მთავრობის გადადგომის შემთხვევაში ხელისუფლებას ისევ „ოცნება“ დააკომპლექტებს. ანუ რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ და ეს თავად ოპოზიციას რაში აწყობს, ესეც გაუგებარია. მათი რეიტინგი როგორ და რა სიტუაციაშიც არის, ყველამ კარგად ვიცით. მესამე ვარიანტია, როცა ქუჩაში ბევრი ხალხი გამოდის და რევოლუციური სცენარი ვითარდება, მელიას ოცნება ხდება და საბოლოოდ ხალხი პარლამენტში შესვლას და მის დაკავებას ახერხებს.
ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, გამოძიება საბოლოოდ რას იტყვის და როგორი იქნება ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები. მე პირადად ახსნა არ მაქვს, ეს ხელისუფლება აუტკივარ თავს უკვე მერამდენედ რატომ იტკიებს. ხომ კარგად იციან, რომ მის ყველა შეცდომას რევოლუციას მოწყურებული „ნაციონალები“ გამოიყენებენ. რატომ არ მოხდა 5 ივლისს მედიაზე მასობრივი თავდასხმის არიდება? ამით ყველაზე მეტად ხელი ოპოზიციამ მოითბო. ამიტომ არ მაქვს ახსნა მმართველი გუნდის ქმედების, რას ეძებენ. ამ შემთხვევაში, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების საკითხი უნდა დადგეს. მთავრობის გადაყენება და ეს რევოლუციური სცენარები ისევ ქვეყნის დაღუპვამდე მიგვიყვანს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ადრე ფეხმძიმე ქალზე იყო შეკვეთა, მაგრამ არ გამოვიდა.
მერე ბევრი მიზეზის გამო ცნობად ჟურნალისტზე დაიდო ფსონი... მაგრამ უშიშრობამ ჩაშალა ეს კომბინაცია.
ახლა კი პირდაპირ ტუზი დაეცათ: ბრბოს მიერ ნაცემი ჟურნალისტი გარდაიცვალა (აცხონოს ღმერთმა!).
რა მნიშვნელობა აქვს, რითი მოკვდა, მთავარია, რომ მოკვდა და ეს გვამი ღარიბაშვილს უნდა ავკიდოთო!..
ისე გულმოდგინედ ირჯებიან, არ გამიკვირდება, ვიღაცა მიხმარებოდა კიდეს მაგ ბიჭს საიქიოსკენ გზის გაგნებაში...
ყოველ შემთხვევაში, მთელი დღე ძალიან ყოჩაღად მოძრაობდა დედაქალაქის მთელ პერიმეტრზე - სკუტერითაც და ფეხითაც. დღის ბოლოს კი ისეთი დაბრუნდა სახლში, ფეხზე ვეღარ იდგა.
რა მიიღო ნავთლუღსა თუ ორთაჭალაში - დადგინდება.
და თუ აღმოჩნდა, რომ ლაშქარავა ცემის შედეგად არ გარდაცვლილა... მაგათ ოდნავადაც არ შერცხვებათ. პირიქით, ხელისუფლებას აქეთ დაადებენ ვალს:
- ეგრეც ვიცოდითო!..
- აბა, ქოცების მიერ მოსყიდულ ექსპერტებს რა დაეჯერებათო!..