საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს 21 მარტის პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე კვლავ უცნობია, შეძლებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილების მისაღებად საჭირო 100 ხმის მოგროვებას. უმცირესობაში აცხადებენ, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, თუმცა, წინაპირობის სახით, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. რატომ ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას და რას უპასუხებს მას უმრავლესობა?
საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმიანა. უმცირესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს ცვლილებას, თუმცა სურს აჩვენოს, რომ ცალკეულ დეპუტატებზე ხელისუფლების ზეწოლამ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ერთიან პოლიტიკურ გუნდს, ვერაფერი დააკლო, რაც, მისი თქმით, სარეიტინგო კენჭისყრის დროს ნათლად გამოჩნდება:
„საქართველოში არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ იყიდება. ფულზე ყველაფერი არ იყიდება. მე მგონი, ძალიან ნათელი შეთავაზებაა, რომ დაფიქსირდეს ტაბლოზე იმდენი ხმა, რამდენიც აქვთ. ესე იგი, გამოჩნდეს, რომ ვერ გატეხეს და მოისყიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი... ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ შეუვსებს იმდენ ხმას, რამდენიც მათ აკლიათ. ჩემი ვარაუდით, მათ აკლიათ 6 თუ 7 ხმა“.
იმ გარემოებას, რომ საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის შესაცვლელად ხმები აკლია, აღიარებს პარლამენტის თავმჯდომარეც. დავით უსუფაშვილის თქმით, უმრავლესობა 94 მანდატს აკონტროლებს, უმცირესობა - 53-ს, გადაწყვეტილების მისაღებად კი 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო:
„შესაბამისად, სრულიად გარკვეულია საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში ვერ გავა. მეორე საკითხი: რამდენი ხმა არის საჭირო? განვმარტავ: უმრავლესობა არ ითხოვს მხარდაჭერას. უმრავლესობა უმცირესობას სთავაზობს თანამონაწილეობას ამ საკითხში, რათა პარლამენტმა დაიბრუნოს კუთვნილი ძალაუფლება მთავრობასთან დაკავშირებით. ამიტომ კითხვაზე, რამდენი ხმა არის საჭირო უმცირესობიდან, პასუხი შემდეგია: 53!“
დავით უსუფაშვილის თქმით, გაურკვეველია, რა საჭიროა ასეთ ვითარებაში სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება, რის პასუხადაც, უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის მსვლელობისას განაცხადა, რომ მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა არ ავიწყდება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დამოკიდებულება:
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში უმრავლესობის გამოსვლების ტონალობა, შინაარსი და სიგნალი ყოველთივს იყო, რომ ჩვენით ან ჩვენ გარეშე ეს ცვლილებები იქნება მიღებული, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მხარს დაუჭერენ კონსტიტუციას. ყოველივე ამან დავით ბაქრაძე ჩვენ
გვაიძულა და დაგვიტოვა მხოლოდ ერთი გამოსავალი, რომ საკითხი გარკვეულიყო ძალიან მარტივად და ეს გარკვევის გზა არის სარეიტინგო კენჭისყრა! კი ბატონო, ჩვენ ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ არა იმ პირობებში, როცა საუბარია, რომ ჩვენს ხმებს, ჩვენს განწყობასა და დამოკიდებულებას არანაირი აზრი არ აქვს“.
პასუხად უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება არც პარლამენტის ინტერესებშია და არც მთლიანად საზოგადოებისა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის თქმით, ერთადერთი, ვინც ამგვარი რამით არის დაინტერესებული, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელსაც სურს აჩვენოს ყველას, რომ პარტიის შიგნით არანაირი პრობლემა არ აქვს.
უმრავლესობის წევრთა ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საერიტინგო კენჭისყრის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ალტერნატიული კანონპროექტების განხილვის შემთხვევაში, თუმცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ კანონი არჩევანს სხდომის თავმჯდომარეს უტოვებს. იმერლიშვილის თქმით, ეს არის სხდომის თავმჯდომარის უფლება და არა ვალდებულება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 138-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სარეიტინგო გამოკითხვა ჩაატაროს. უმცირესობის წევრები ამტკიცებენ, რომ სახეზეა სარეიტინგო კენჭისყრის საჭიროება, რომლის გამართვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად განიმუხტება პოლიტიკურ პროცესში არსებული კონფრონტაცია და დაძაბულობა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა.