„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იმდენად ღრმაა, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპა ტენდენციებს ვერ შეცვლის“

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იმდენად ღრმაა, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპა ტენდენციებს ვერ შეცვლის“

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმმა თბილისში საქართველოსთვის ევროპის დახმარების გეგმა ჩამოიტანა. გეგმა საკმაოდ საინტერესო და ძვირადღირებულია, რომელიც ბევრ სფეროს მოიცავს. ასეთი სრულფასოვანი და მასშტაბური გეგმები იმაზე მიუთითებს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმის ვიზიტი არანაირად არ უკავშირდებოდა თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ბრიუსელის მყისიერად რეაგირებას. ხოლო ევროკავშირი ჩვენს არც მიტოვებას და არც დასჯას არ აპირებს. პირიქით, მათ სურთ, რომ საქართველო კიდეევ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. საქართველო კი 2024 წლისთვის ევროკავშირში შესასვლელად განაცხადის გაკეთებას აპირებს.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპიდან დახმარების გეგმაზე და საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას.

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში შევლას, ევროკომისარი ამბობს, რომ როცა ქვეყანა ცდილობს, ამხელა განაცხადი გააკეთოს, მან არგუმენტირებულად უნდა გაამყაროს საკუთარი პოზიცია. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია, დაძლიოს ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პირობა შეასრულოს, რაც არსებობს წევრობისთვის.

მისი თქმით, იცის, რომ საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერის მიხედვით, ქვესყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირში წევრობაა. სწორედ ამიტომ, მსგავსი დათქმა არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებაში, რომ საქართველო კისრულობს ვალდებულებას ამ გზაზე შეასრულოს ყველა ვალდებულება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის და ევროკავშირს დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 3.9 მლრდ ევროს დახმარების პაკეტი, რომელიც შედგება 1 მილიარდ 175 მილიონი ევრო გრანტის და დანარჩენი სესხისგან, ეს არის კონკრეტული ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ქვეყანამ და ხალხმა.

„ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვამაყობ რომ გასულ წელს დაგეხმარეთ, ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას 400 ათასი სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. მხარი დავუჭირეთ 78 ათას ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დაგეხმარეთ. იმედი მაქვს ესეც გუშინდელი დღეა და შეგვიძლია ახალ ეტაპზე მუშაობა დავიწყოთ.

თქვენთან საუბრისას, ბატონო პრემიერო, დავადგინეთ, რომ მთავარი დაბრკოლება, მთავარი სისუსტე ეკონომიკაში და საზოგადოებაში არის დაკავშირებადობის ცნების არქონა. იქნება ეს გზები და რკინიგზა, იქნება ეს გამოუყენებელი პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს, თუ იქნება ეს დაკავშირებადობა მთავარ ელექტრო და ინტერენეტ-ქსელებთან, ყველა ეს ასპექტი დიდი პოტენციალის მქონეა და შეუძლია საქართველოს ეკონომიკა წინ წაიყვანოს და ახალ განზომილებაში გარდაქმნას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლითაც დაკმაყოფილდება ეს გამოწვევა.

დაკავშირებადობა შეიქმნება ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელ ქვეყანაში და ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას და ჩვენს მეგობრებს. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის აზრიანი, დიდი პაკეტი დახმარებისა, თუმცაღა ეს არის უშველებელი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ესაა შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ. ბატონ პრემიერთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ სტრუქტურებზე, რომელიც გვჭირდება საქართველოში, ამ პროგრამის განხორციელებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები შეძლებენ ცვლილების განხორციელებას ადგილზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დღეიდან, მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რეალობა ქვეყანაში შეიცვლება იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ვაჭრობა, საქმის წარმოება, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების მიღება, ყველაფერი ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დღევანდელი დღისგან, ძალიან მსგავსი იმისა, რაც ჩვენ ევროკავშირში გაგვაჩნია“, - აღნიშნა ვარჰეიმ.

რონდელის ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები არ არის წუთიერი და წამიერი.

„საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა ათწლეულებს ითვლის. ხოლო ყოველწლიურად ეს თანამშრომლობა მზარდია. მათი მხრიდან დახმარება მუდმივად იზრდება და თანამშრომლობაც უფრო ღრმავდება. ამიტომ ეს არ არის წუთიერი და ღაცაზე გაბრაზების გამო, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენთან ურთიერთობაზე უარს არ იტყვიან. ამიტომ ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები. ახლა ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იმდენად ღრმაა, რომ რუსთაველზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპა ამ ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებს ვერ შეცვლის. ვითარების დრამატიზირებას არ ვაპირებ, მაგრამ რაც მოხდა, არის ძალიან დასანანი ფაქტი. თუმცა ამის გამო ევროკავშირი მიგვატოვებს, მცდარი წარმოდგენა და არაკომპეტენტური განცხადებაა“, - ამბობს გოგოლაშვილი for.ge-სთან.

მისივე თმით, სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 5-6 ივლისის მოვლენებმა ქვეყანაში არსებული რეალური სურათი გამოაჩინა. ქვეყანაში არსებობენ ძალიან აგრესიულად განწყობილი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. ფაქტია, რომ ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომლებიც ამ იდეებით სულდგმულობენ. გოგოლაშვილი ამბობს, რომ მათი უმრავლესობა უნებლიეთ თუ განზრახ რუსული ანტიდასავლური იდეოლოგიის გამტარები არიან. მისი აზრით, არც ისაა გამორიცხული, რომ უმრავლესობა მათგანი ამას ვერ ხვდება. ამიტომ იმედს იტოვებს, - ბევრი მათგანი მიხვდება, რომ რუსეთში შექმნილი ანტიდასავლური იდეოლოგიისა და გეგმის ნაწილები არიან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ დღეს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოთხოვნას რომ აკეთებდეს, 5-6 ივლისის მოვლენები გარკვეულ გავლენას მოახდენდა, მაგრამ 2024 წლამდე რა მოხდება და როგორ შეიცვლება ჩვენი ქვეყნის პოლიტკური ვითარება, არავინ იცის. ამიტომაც ევროკავშირი ამის გამო არა თუ თავს გაგვანებებს, არამედ პირიქით, უფრო მეტ დახმარებას გამოგვიყოფს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ დაინახეს საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს. ამ დაპირისპირებას რაც საქართველოში ამ დღეებში მოხდა, დემოკრატიულ პროცესებად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ამ გზაზე კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო.

„2024 წლამდე იმხელა დროა, ევოკავშირში ფიქრობენ, რომ საქართველო სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს. ხოლო თუ აქამდეც ვერაფერი ვერ შეძლეს და ის მოთხოვნები არ შესრულდა, რაც ევროკავშირში მისაღებად არის საჭირო, მაშინ უკვე დაგვცინებენ და არ მგონია ჩვენი განაცხადი სერიოზულად აღიქვან. თუმცა ისინი ხედავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი ევროპული კურსია და 5-6 ივლისის მოვლენებით ასე ხელაღებით რაიმე დასკვნებს არ გამოიტანენ. პირიქით, ჩვენს დახმარებას კიდევ უფრო გააორმაგებენ. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ დემოკრატიისთვის ქვეყანაში ბრძოლა მიდის. ხედავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ისაა, კონსტიტუცია მუშაობს თუ არა. ასეთი შეხედულების ხალხი ყველგან არის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკაშიც კი არიან. კონგრესში მსგავსი შეხედულებების ადამიანები შევარდნენ და ლამის სახელწმიფო გადატრიალება მოხდა. ამიტომ ევროპელები უყურებენ არა ხალხის საქციელს, არამედ იმას სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმუშავეს თუ არა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ევროკავშირი ჩვენ არ მიგვატოვებს და უფრო მეტს გააკეთებს. ხოლო ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ პრაიდის ჩამტარებელი ხალხი უფრო საშიშები არ არიან, როგორც ის ჯგუფები, რომლებიც ხალხს და მედიას ქუჩაში უსწორდებოდნენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოღება და დაწვა მხოლოდ რუსეთს არ უნდა დავუკავშიროთ, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ევროპა მიუღებელია. ამით კი რუსეთი სარგებლობს. ყველაფერში მხოლოდ კრემლის ხელი არაა გარეული. ამის საშუალებას თავად ქართველები ვაძლევთ. ამას კი ევროპაც ხედავს და კიდევ უფრო მეტს იმუშავებენ იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატია გაძლიერდეს.