“საჭიროა, მთავრობამ გამოხატოს თავისი თავისი პოლიტიკური ნება და განაცხადოს, ამ ვალს გაისტუმრებს თუ არა”

“საჭიროა, მთავრობამ გამოხატოს თავისი თავისი პოლიტიკური ნება და განაცხადოს, ამ ვალს გაისტუმრებს თუ არა”

საბჭოთა ანაბრების თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი გვესაუბრება. იგი 2001 წელს შექმნილი „ანაბრების გაუფასურების მიზეზთა დამდგენი სახელმწიფო კომისიის“ თავმჯდომარე გახლდათ.

ბატონო ელგუჯა ვისი ინიციატივით შეიქმნა ეს კომისია და რა დაადგინა მან?

კომისია ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით შეიქმნა, რასაც ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. ეს ის პერიოდია, როდესაც „მოქალაქეთა კავშირს“ შევარდნაძის გუნდსა და ე.წ. რეფორმატორთა გუნდს შორის დაპირისპირება გამწვავებული იყო და ანაბრების მითვისების თაობაზე ხშირად გაისმოდა ბრალდებები. შევარდნაძეს ობიექტური სურათის დახატვა აინტერესებდა. ამ საკითხზე, ფაქტობრივად, მარტომ ვიმუშავე, რადგან კომისიის წევრებმა ამაზე უარი თქვეს. ისინი მხოლოდ ფორმალურად დარჩნენ კომისიაში.

ვინ იყვნენ კომისიის წევრები?

როგორც მახსოვს -  ბატონები, დავით იაკობიძე, ნოდარ ჯავახიშვილი, მიხეილ ჯიბუტი, რომან გოცირიძე..... ერთი თვე ვიმუშავე ამ თემაზე, ეროვნულ ბანკსა და  სტატისტიკის დეპარტამენტში გავეცანი მასალებს, სხვადასხვა კომერციული ბანკის ხელმძღვანელებს შევხვდი და პრეზიდენტის სახელზე მოხსენებითი ბარათი გავაკეთე.

მე გამოვყავი საბჭოთა ანაბრების გაუფასურების მიზეზთა ორი ჯგუფი – ობიექტური და სუბიექტური. ობიექტური მიზეზები იყო ის სისტემური ტრანსფორმაცია, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ცენტრალიზებული ეკონომიკის დაშლას უკავშირდებოდა, ეს ყველაზე მეტად დაეტყო ფულად სფეროს, რადგან ფულის ემისია მოსკოვში ცენტრალური ბანკის მიერ ხდებოდა. შედეგად გაჩნდა დიდი პრობლემები ფულით მომარაგებასთან დაკავშირებით.

სუბიექტურ ფაქტორებს შორის მე ვასახელებდი იმ შეცდომებს, რომლებიც ეკონომიკური პოლტიკის განხორცილების პროცესში შეიმჩნეოდა. ასეთი  იყო, მაგალითად, გადაწყვეტილება ანაბართა გაორმაგების შესახებ.

ბანკში ფულის შეტანისაკენ თავად შევარდნაძემ მოუწოდა ხალხს. ეს შეცდომა იყო თუ გამიზნული დანაშაული?

- როგორც გითხარით, საქართველოში ფულის ნიშნები აღარ შემოდიოდა. ამდენად მწვავე დეფიციტი შეიქმნა, ფულის გარეშე ეკონომიკა არ იფუნქციონირებდა, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეკონომიკაში არის გარკვეული, უნდა სცოდნოდა რომ, ეს ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევდა.

სუბიექტურ ფაქტორებს შორის ასევე ვასახელებდი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, როცა მთავრობასთან დაახლოებულ პირებს შეეძლოთ, კრედიტის სახით უზარმაზარი თანხები გამოეტანათ და კაციშვილი არ კითხულობდა, ეს ფული სად მიდიოდა. ეს არ მოხდარა ბოროტი განზარახვით, ჩანაფიქრი იყო ის, რომ ფული გარეთ გამოსულიყო. დასაქონლებულიყო და საქართველოში მატერიალური დოვლათი შემოსულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ხალხმა ბანკიდან ფული გამოიტანა და დასაქონლების მაგივრად დოლარებზე გადაახურდავა. ყველაზე დიდი კრედიტი –  ასსამი მილიარი გამოტანილი ჰქონდა მწვანეთა მოძრაობის მიერ შექმნიილ ფირმა „თრიალეთს“.

ეთანხმებით მოსაზრებას რომ, იმ ადამიანთა გვარ–სახელები, ვინც საბჭოთა ანაბრები შეჭამა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის დემურ დვალიშვილის შავ სიაში ეწერა?

 – მე პროკურატურის გამომძიებელი არ ვყოფილვარ და არ შემიძლია პერსონიფიცირება, ვინ შეჭამა ფული. მე შემიძლია ვთქვა რომ განვითარდა რთული პროცესები, რამაც წარმოშვა ქაოსი და ანარქია. ამ პროცესში ბევრი ისეთი რამ გაკეთდა, რაც არ უნდა გაკეთებულიყო, არ მაქვს საფუძველი, რომ ვინმე კონკრეტული პირი დავადანაშაულო.

თუმცა, ამ წლების მანძილზე ანაბრების მიმთვისებლად ვანო ჩხარტიშვილი სახელდებოდა...

– მე ვარ აბსოლიტურად ნეიტრალური პიროვნება, მეჩვენებოდა და ახლაც მეჩვენება, რომ ანაბრების საქმეში კონკრეტული პიროვნებების დადანაშაულება ყოველთვის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად იყო გამოყენებული. რაც  შეეხება ვანო ჩხარტიშვილს,  ამ პროცესში საერთოდ არ ყოფილა ჩართული,  როცა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ხელმძღვანელი გახდა, მან გადაიბარა საბჭოთა შემნახველი ბანკის მემკვიდრეობა, თუმცა, რა იყო ეს მემკვიდრეობა? ქაღალდზე ფიქტიურად არსებული ანგარიშები.

თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ამ საკითხის ხელახლა შესწავლა, თუ თვლით რომ ყველაფერი გამოკვლეულია?

– ეს საკმაოდ რთული თემაა. ერთ–ერთი გამოკვლევა მე მაქვს ჩატარებული , როგორც ვიცი, სხვა კვლევაც არსებობს, შეიძლება , ისევ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მაგრამ მოდით, დავსვათ შეკითხვა – ეს გამოკვლევა რისთვის გვჭირდება ჩვენ?

თუ ანაბრების თემა ხალხს ემსახურება და არა პოლიტიკურ დაპირისპირებას,  მაშინ მთავარია, რომ აღდგეს სამართლიანობა და ხალხს დაუბრუნდეს ის რაც მას ეკუთვნოდა.

არ არის საჭირო ამდენი განცხადების გაკეთება და ვიღაცეების დადანაშაულება ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფომ, მთავრობამ გამოხატოს თავისი პოლიტიკური ნება და განაცახდოს, ამ ვალს გაისტუმრებს თუ არ გაისტუმრებს. ეს ფული შევარდნაძის მთავრობას შიდა ვალში აქვს აღებული. მაგალითად, ლატვიამ და ესტონეთმა უარი თქვეს მის გადახდაზე და გამოაცხადეს, რომ ეს იყო მათ მიერ გაღებული ხარკი დამოუკიდებლობისთვის. ასე რომ, ორივე პოზიციის დასაბუთება შეიძლება.

შევარდნაძის მთავრობა 1996 წელს ხუთასორი მილიონი ლარი აღიარა შიდა ვალად, თქვენი აზრით რა თანხას შადგენს ანაბრებზე დარიცხული ფული?

– სხვადასხვა გაანგარიშებებია, ჩემი გაანგარიშებით, რომელზეც სტატისტიკოსებთან ერთად ვიმუშავე, ანაბრებზე რიცხული ფული დღეს დაახლოებით ოთხასი მილიონი დოლარია, ეს არ არის იმხელა თანხა, რომლის გასტუმრებაც არ შეიძლება, უბრალოდ, ამ ვალის გასასტუმრებლად საჭიროა პოლიტიკური ნება.

სააკაშვილის ხელსუფლება ანაბრების გასტუმრებას გვპირდებოდა, თუმცა, არ შეასრულა. ახალ ხელისუფლებას ეს დაპირება არ ჰქონია...

 სააკაშვილის ხელისუფლება ამ დანაპირების შესრულებას არც არასდროს აპირებდა. 1997 წელს შევარდნაძის მთავრობამ პირველი ჯგუფის ინვალიდებზე გარკვეული თანხა გასცა. თუ მაშინ იყო ეს შესაძლებელი, საკაშვილის დროს 10–ჯერ გაიზარდა ბიუჯეტი და თავისუფლად შეეძლოთ ამ პროცესის დაწყება. ასევე,  შეიძლებოდა, ფასიანი ქაღალდები გამოეშვათ და ყოფილი საბჭოთა მეანაბრეები პრივატიზაციის პროცესში ჩაებათ, ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნებოდა– ჩვენი წინაპრების მიერ შქმნილ ქონებას უცხოელები კი არა, ჩვენივე თანამოქალაქეები დაეპატრონებოდნენ. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ ბენდუქიძის დამკვიდრებული ლიბერტალიანური ეკონომიკური იდეოლოგია სოციალური ვალდებულებების გასტუმრებასა და სახალხო საკუთრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

რაც შეხება ახალ ხელისუფლებას, როგორც თავად აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. ეს საკითხი სწორედ სამართლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული. გასაგებია, რომ ამ პროცესში ახალ ხელისუფლებას არავითარი ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს ვალი არსებობს. ამიტომ, ურთიერთბრალდებები კი არ არის საჭირო, მთავრობამ და კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეკრიბოს პროფესიონალები, რომლებიც ანაბრების გასტუმრების მექანიზმებზე დაიწყებენ მუშაობას. ეს ხალხისთვისაც კარგი იქნება და ხელისუფლებისთვისაც. მაშინ გამოჩნდება, რომ  ხელისუფლებამ სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული ძალაა.