კობა ხაბაზი:

კობა ხაბაზი: "ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა გარდაუვალია"

"ოპოზიციაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, ეს ცხრა წელი ჩემთვის ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე არჩევნების შემდგომი პერიოდია", - აცხადებს უმცირესობის წევრი კობა ხაბაზი ჩვენთან საუბარში. იმედოვნებს, რომ "რთული პერიოდი" ისევ დაუდგება, ამის თქმის საფუძველს კი დღევანდელი ხელისუფლების მუშაობა აძლევს. უმცირესობის წევრთან საუბარი ბოლო დროს აქტუალური თემებით დავიწყეთ...

- ბატონო კობა, ბოლო დროს სურსათის გაიაფება შესამჩნევია, თქვენ იგრძენით განსხვავება?
- დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი გაიაფებულა. ხელვაჩაურის ფორთოხალიც კი იგივე ფასი ღირს, რაც არჩევნებამდე ღირდა. ერთადერთი, თავის დროზე ბენზინის ფასი შემცირდა 5-10 თეთრით და ისევ მოიმატა... საზოგადოების ერთ ნაწილს თუ უნდა თავის მოტყუება, მიშა წავიდა და ყველაფერი კარგად არისო, კი ბატონო. თუ არადა, რეალურად არაფერი შეცვლილა. მაინტერესებს, რა პასუხი აქვთ იმაზე, რომ თურმე "ნაციონალები" ბენზინის წილში ისხდნენ და ყოველი გაყიდული ლიტრიდან ერთი ლარი მათ ჯიბეში მიდიოდა?.. ახლა რატომ ღირს იგივე ფასი, "ნაციონალების" გამდიდრება გრძელდება თუ სინამდვილეში არ ყოფილა ასე?!. მოისმინეთ მათგან ერთი დადასტურებული ბრალდება მაინც, რომელსაც ჩვენს გუნდს წლების განმავლობაში უყენებდნენ? სასაცილოდ გამოიყურებიან უკვე თავიანთი არგუმენტებით. თუ ივანიშვილმა თეთრზე თქვა - შავიაო, ბაიყუშივით იმეორებს ყველა, შავია, შავიო...

- გოგა ხაჩიძემ იუსტიციის მინისტრის დიპლომი განსჯის საგანი გახადა. რა დასკვნა გამოიტანეთ თეა წულუკიანის სატელევიზიო გამოსვლიდან?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შორიდან დავიწყებ, - მე ხუთებზე მაქვს სკოლა დამთავრებული და ასევე ხუთებზე ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მაშინ "გეპეიდ" იწოდებოდა, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, პრინციპულად არ ავიღე დიპლომი, რადგან მასზე საბჭოთა სიმბოლიკა იყო გამოსახული. ამას იმიტომ მოვყევი, რომ შემდეგ ჩემს პასუხზე ქილიკი არ დაიწყონ, თავად დიპლომი არ აქვს, სხვისას როგორ არჩევსო. სფერო, რომელსაც წულუკიანი ხელმძღვანელობს, კანონმდებლობით მოითხოვს ზუსტად იმ იურისტის დიპლომს. რადგან პროკურორს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს მიღებული, უფლება არ აქვს, ადამიანი დაკითხოს. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს უმაღლეს იურიდიულ განათლებას, ამას წყალი არ გაუვა, ისე როგორც იმას, რომ წულუკიანს იურიდიული განათლება არ აქვს. რა ცოდნასა და განათლებას იძლევა ფრანგული ENA, ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირადი ურთიერთობებით რომ წყდება ყველაფერი ამ ხელისუფლებაში, ეს ყველგან ჩანს, მათ შორის ამნისტიაშიც.

- რას გულისხმობთ?
- ნურავის ეწყინება, მაგრამ იმ ნაწილზე ვერ ვილაპარაკებ, ვინც პოლიტპატიმრების სიით გამოვიდა. შესაძლოა, ისინი მართლა უსამართლოდ იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ მთავარი რა არის, იცით? ამ ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, გაათავისუფლა და ამათ გადასაფარად გაუშვეს დანარჩენებიც. ჯაშუშობაში ბრალდებული ათი ადამიანიდან ერთი-ორი რომ გამოეშვათ, კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ უსამართლო განაჩენთან გვქონდა საქმე, მაგრამ ყველა გაუშვეს და რა გამოდის, ჯაშუში არავინ ყოფილა და ყველა უსამართლოდ იყო დაკავებული? ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არ დაუკავებიათ არავინ რუსეთში მიღებული დაკვეთის შესრულების ბრალდებით და ვინმეს სჯერა, რომ მას საქართველოში ჯაშუშები არ ჰყავს?.. იქნებ, რუსეთის ხელმძღვანელობის დაკვეთას ასრულებენ?.. პირადი დამოკიდებულების მიხედვითაც ბევრი ამნისტირებული ჩასვეს სიაში. მათ "პირადი პატიმრები" იმ ჯაშუშების გამოშვების გადასაფარად გაათავისუფლეს. ეკა ბესელიას სერიოზულ სახეს რომ ვუყურებ, მეცინება.ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები საქართველოში წამყვან პოლიტიკურ პოსტებს იკავებენ.
რბილად რომ ვთქვათ, მისი წარსული და ცხოვრება ვერავის მაგალითად ვერ გამოდგება.

ამ სისტემატური დაკავებების ფონზე მაინტერესებს, რატომ არ გაუჩნდათ კითხვები, გთხოვთ, ეს სიტყვა ბრჭყალებში ჩაწერეთ, "ქალბატონი" ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის მიმართ, ის აქცია ხომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის, 26 მაისის ჩაშლას ემსახურებოდა. მე ვიცი, რა პროვოკაციას გეგმავდნენ ისინი მეორე დღეს. დღევანდელი ხელისუფლებიდან არავის შეუმოწმებია იმ ფირის სინამდვილე, სადაც ბურჯანაძის ვაჟი ტელეფონით ესაუბრება დედამისს, მთავარია, იქ მოხდეს არეულობა, რამდენიმე ადამიანი "ისაო", მერე კი პროცესებში "გრუს" დანაყოფი ჩაერთვებაო... ჩვენ მიერ გამოაშკარავებულ ყველა ფირზე ამბობდნენ, ფაბრიკაციააო და რატომ არავინ დაინტერესდა ამ საუბრის ნამდვილობით?.. იციან, რომ ნამდვილია და ამიტომ არ უნდათ შემოწმება. ახლანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ ჩვენ გვიპირისპირდებოდა, კარგად იცის, რომ სხვა გზა არ გვქონდა და ის აქცია თუნდაც მსხვერპლის ფასად უნდა დაგვეშალა. მეორე დღეს ამერიკის ელჩმა თავის გამოსვლაში თქვა, ვინც ასეთი დღის ჩაშლას შეეცდებოდა, ნებისმიერ ქვეყანაში ადეკვატურ პასუხს მიიღებდაო. ისიც თქვა, შესაძლოა, იყო ძალის გადაჭარბებაო, თუმცა აქციის აღკვეთა დადებითად შეაფასა. საელჩოებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა იგეგმებოდა 26 მაისს...

- ბოლო დროს, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს თითქმის ყოველდღე ტოვებენ. რით ახსნით ამას?
- ერთი-ორი და თუნდაც ათი ადამიანი შეიძლება გადაიბირო, მაგრამ ვპირდები ყველას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშლება. პარტიას ჰყავს ისეთი პრინციპული ადამიანები, როგორებიც არიან ვანო მერაბიშვილი, აკო მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, გიორგი კანდელაკი და სხვები, რომლებსაც ვერ გატეხენ. სამწუხაროა, რომ ვიღაცებმა ერთ დღეს "აღმოაჩინეს", რომ "ნაციონალური მოძრაობის" პრინციპები მათთვის მიუღებელია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა. ეს არ არის გამართლება, მაგრამ ადამიანს ია-ვარდით მოფენილი გზები ყოველთვის ვერ ექნება. ისე კი, იშლება ის ძალა, რომლის არსებობაზე საზოგადოებას მოთხოვნა არ აქვს. როდესაც აბაშიძე გაიქცა, "აღორძინების პარტიაზე" ნულოვანი მოთხოვნილება დარჩა და დაიშალა კიდეც. ასევე მოხდა შევარდნაძის დროსაც.

- "ნაციონალურ მოძრაობაზე" მოთხოვნა არის საზოგადოებაში?
- არათუ არის, ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ დაიშალოთ, ქართველი საზოგადოება ამას არ გაპატიებთო. ახლა არის შანსი, ქვეყანაში ორი ძლიერი პოლიტიკური ძალა იყოს, რათა ბალანსი არ დაირღვეს. ჩვენ შემდეგ თუ პოლიტიკური ძალა ვერ გაიაზრებს, რომ ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება, ბრიყვი უნდა იყოს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მართლაც ბევრი რამ გააკეთა, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. როდესაც ოპოზიციის ყოფილი წევრები ხელისუფლებაში ხვდებიან, უფრო მოზომილი უნდა იყვნენ ოპონენტთან კამათის დროს, "ნაგლის პოზიციიდან" არ უნდა ესაუბროს კოლეგას და არ უნდა დაავიწყდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდეს.

- რას გულისხმობთ?
- 2006 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო დებატებში ერთმანეთს მე და კობა დავითაშვილი შევხვდით. დავითაშვილი აგრესიული იყო, ცუდი სიტყვებით მომმართა, შემდეგ კი, პირდაპირ მუქარაზე გადავიდა, ერთი-ერთზე დავილაპარაკოთო. გამეღიმა. ეტყობა, კობა დავითაშვილს წონა ხშირად ატყუებს-მეთქი და მშვიდად ვუთხარი, როცა გინდა და სადაც გინდა, იქ შევხვდეთ-მეთქი. მისი ერთ-ერთი მეგობარი კარგად მიცნობს და ეტყობა, უთხრა, არ გირჩევო. მას შემდეგ მუდმივად ვგძნობდი, რომ კობა მემალებოდა... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ თუ სადმე პირისპირ შემხვდებოდა, ცუდ დღეში ჩავარდებოდა. საკმაოდ თავდაჯერებული ვარ და შემიძლია, ახლაც დავუმტკიცო. ეტყობა, მას ის კადრები ახსოვს, აჭარაში 100-მა კაცმა რომ მცემა და იფიქრა, ამის გალახვა ადვილი ყოფილაო. საერთოდ, როდესაც ადამიანი ბაქიბუქობს, ამას სილაჩრის გადასაფარად აკეთებს. კობა ხაბაზის ჩხუბი არავის გაუკვირდება, რადგან ეროვნული მოძრაობის დროიდან მოყოლებული არაერთხელ ვუცემივართ, მაგრამ სერგო რატიანს სხვა შეხედულებები აქვს ადამიანურ ურთიერთობებზე, ლექციებს კითხულობს, მაგრამ კობამ ისიც გამოიყვანა მოთმინებიდან.

- რომელ სასწავლებელში კითხულობს ლექციებს სერგო რატიანი?
- ილიას უნივერსიტეტში ასწავლიდა და პოლიტიკური ცვლილების შემდეგ თუ წამოვიდა, არ ვიცი... ეტყობა, ვიღაცამ ურჩია კობას, ასე თუ ილაპარაკებ, ვაჟკაცად ჩაგთვლიანო. არადა, ეს ის "პოლიტიკოსია", სამშობლოს "ასეტრინა ნავერტილესა" და 20 ათას დოლარში რომ ცვლიდა. სამწუხაროა, რომ სხვა შეცდომებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა დავითაშვილის სახით ისეთი ადამიანები გააცოცხლა, რომელთაც პოლიტიკაში საერთოდ არ მიესვლებოდათ. ჯადოსნური ჯოხი სხვა სფეროებსაც შეახო და ბარემ "რეინკარნაციის სამინისტროც" გახსნას...

- სხვა სფეროდან ვის გულისხმობთ?
- ჟურნალისტი, რომელიც რესპონდენტს ქრთამს გამოსძალავს, ჟურნალისტურმა სამყარომ უნდა მოიკვეთოს. რა მნიშვნელობა აქვს, რა ჩანაფიქრი ჰქონდა, ვითომ შემდეგ მის წინააღმდეგ უნდა გამომეყენებინაო, მაგრამ ყველამ ნახა, რომ ჟურნალისტმა ქრთამი აიღო, ამაზე სასჯელიც მოიხადა და ისევ ჟურნალისტურ საქმიანობას მიუბრუნდა. უნდა არსებობდეს ეთიკა, რომელიც ასეთი საქმის ჩამდენ ადამიანს ამ სფეროში ლიდერად გახდომის უფლებას არ მისცემს და ეს დაუწერელი კანონი უნდა იყოს. ივანიშვილმა ასეთ ადამიანებს რეაბილიტაციის საშუალება მისცა.

- ბატონო კობა, "ქართული ოცნების" წევრებზე თქვით, ერთ დღეს ისევ ოპოზიციაში მოუწევთ გადასვლაო, ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდებით?
- კი არ ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. ამაში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ვადებს, არჩევნების შემდეგ ვთქვი, ღმერთმა არ ქნას, ამათ ქვეყანა ისე მართონ, რომ ვადამდე ადრე მოგვიწიოს დაბრუნება-მეთქი, მაგრამ ამის ნიშნები უკვე აშკარაა. როდესაც ხედავ, რომ ადამიანმა გზას გადაუხვია და შენ ელოდები, რას იზამს, ნიშნავს, რომ იმ უბედურების თანამონაწილე ხარ. ამ შემთხვევაში "აცალე" სწორი არ არის. მათ რომ ქვეყანა არასწორად მიჰყავთ, ეს არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც საქართველოში "ნატოს" სამიტი ჩაშალეს. რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი "ნატოსთან" დაკავშირებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რას გააკეთებს. ჯერჯერობით კი ისინი პროდასავლური კურსის გატარებას არ აპირებენ და ისეთი საქმეები ჩაიდინეს, რაც უდავოდ დანაშაულია. ბაჩო ახალაია დააკავეს, კაცი, რომელიც კრიმინალურ სამყაროს მართლაც მუხლჩაუხრელად ებრძოდა. ამათ კი, ე.წ. ავტორიტეტებს მემორიალები გაუხსნეს. დიახ, ახალაიას გაცდომები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. პოლიტიკა ისეთი რამეა, ძალიანაც რომ არ გინდოდეს, ზოგჯერ მაინც გიწევს იმის გაკეთება, რაც არ გინდა.